რა არის ატომური სვოპები?
ატომური სვოპები შედგება ტექნიკისგან, რომელიც სხვადასხვა ბლოკჩეინ ქსელებზე არსებული ორი განსხვავებული კრიპტოვალუტის სწრაფად გაცვლის საშუალებას იძლევა. ეს პროცესი (ასევე ცნობილი როგორც ატომური კროს-ჩეინ ვაჭრობა) დაფუძნებულია სმარტ კონტრაქტებზე და მომხმარებელს საშუალებას აძლევს მონეტებით პირდაპირ საკუთარი კრიპტო საფულიდან ივაჭრონ. ატომური სვოპი, თავისი არსით, სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის P2P ვაჭრობის პროცესია.
ტექნიკა ინოვაციურია, თუმცა კროს-ჩეინ ვაჭრობის იდეა უკვე წლებია განიხილება. ალბათ ტიერ ნოლანი იყო პირველი, ვინც 2013 წელს ატომური სვოპის სრული პროტოკოლი აღწერა. თუმცა ნდობის საჭიროების არმქონე ბირჟის პროტოკოლი, სახელწოდებით P2PTradeX დანიელ ლარიმერმა 2012 წელს წარმოადგინა; ბევრი ამას ატომური სვოპის პროტოტიპად მიიჩნევს.
მომდევნო წლების განმავლობაში ატომური სვოპების პროტოკოლებით ექსპერიმენტები არაერთმა დეველოპერმა ჩაატარა. მტკიცებულება გვიჩვენებს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს Bitcoin-ის, Litecoin-ის, Komodo-ის და Decred-ის საზოგადოებებმა.
როგორც ჩანს, პირველი P2P ატომური სვოპი 2014 წელს განხორციელდა. თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ტექნიკა მხოლოდ 2017 წელს გახდა პოპულარული - დიდწილად LTC/BTC და DCR/LTC შორის წარმატებული სვოპების დამსახურებით.
როგორ მუშაობს ატომური სვოპები?
ატომური სვოპების პროტოკოლი ისეა შექმნილი, რომ ჩართულ მხარეებს თაღლითობაში ხელი შეუშალოს. მათი მუშაობის პრინციპის უკეთ გასაგებად წარმოვიდგინოთ, რომ ელისს სურს თავისი Litecoin-ები (LTC) გაცვალოს Bitcoin-ებზე (BTC).
პირველ რიგში ელისი თავის LTC-ს გადაიტანს კონტრაქტის მისამართზე, რომელიც სეიფის ფუნქციას ასრულებს. სეიფის შექმნის შემდეგ ელისი მისთვის გასაღებს აგენერირებს. ამის შემდეგ ის ბობს კრიპტოგრაფიულ ჰეშს გაუზიარებს. გაითვალისწინეთ, რომ ბობს LTC-ზე წვდომა არ აქვს, რადგან მის მფლობელობაშია მხოლოდ გასაღების ჰეში და არა თავად გასაღები.
შემდეგ, ელისის მიერ მოწოდებული ჰეშით ბობი ქმნის ახალ, უსაფრთხო კონტრაქტის მისამართს, რომელზეც BTC-ს გადარიცხავს. BTC-ს მისაღებად ელისმა იგივე გასაღები უნდა გამოიყენოს, რომელსაც ბობსაც გაუზიარებს (ამისთვის გამოიყენება ფუნქცია სახელწოდებით hashlock). ეს ნიშნავს, რომ როგორც კი ელისი BTC-ს მოითხოვს, ბობს შეეძლება მოითხოვოს LTC და სვოპიც დასრულდება.
ტერმინი „ატომური“ აღნიშნავს, რომ ტრანზაქციები ან სრულად ხორციელდება, ან საერთოდ არა. თუკი რომელიმე მხარე გადაიფიქრებს ან მოვალეობას ვერ შეასრულებს, კონტრაქტი გაუქმდება და თანხები მფლობელებს ავტომატურად დაუბრუნდებათ.
ატომური სვოპი შესაძლოა განხორციელდეს ორი გზით: on-chain და off-chain. on-chain ატომური სვოპები ხორციელდება რომელიმე ვალუტის ქსელზე (ამ შემთხვევაში Bitcoin-ის ან Litecoin-ის ბლოკჩეინზე). off-chain ატომური სვოპები კი მეორეულ დონეზე ხორციელდება. ასეთი ატომური სვოპები ეყრდნობა ორმიმართულებიან გადახდის არხებს, როგორებიც Lightning Network-ში გამოიყენება.
ტექნიკური თვალსაზრისით ნდობის საჭიროების არმქონე სისტემები ეფუძნება სმარტ კონტრაქტებს, რომლებიც იყენებს რამდენიმე ხელმოწერას და Hash Timelock კონტრაქტებს (HTLC).
Hash Timelock კონტრაქტები (HTLC)
Hash Timelock კონტრაქტები (HTLC) Bitcoin-ის (Lightning Network-ის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ისინი ატომური სვოპების ძირითად კომპონენტსაც წარმოადგენს. როგორც სახელი მიგვანიშნებს, ისინი ეფუძნება ორ მთავარ ფუნქციას: Hashlock და Timelock.
Hashlock პასუხისმგებელია იმაზე, რომ თანხა არ დაიხარჯოს ინფორმაციის ნაწილის მიღებამდე (მაგალითიდან გაიხსენეთ ელისის გასაღები). Timelock არის ფუნქცია, რომლის დახმარებითაც კონტრაქტი მხოლოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ხორციელდება. შესაბამისად, HTLC-ების გამოყენება აქრობს ნდობის საჭიროებას, რადგან იქმნება წესების კონკრეტული ჩარჩო, რომელიც განაპირობებს იმას რომ ატომური სვოპები ნაწილობრივ არ განხორციელდება.
უპირატესობები
ატომური სვოპის უდიდესი უპირატესობა მათ დეცენტრალიზებულ ბუნებას უკავშირდება. ცენტრალიზებული ბირჟის, ან სხვა მედიატორის საჭიროების მოშორებით შესაძლებელია კროს-ჩეინ სვოპების განხორციელება ორ (ან მეტ) მხარეს შორის ისე, რომ მათ ერთმანეთის ნდობა არ დასჭირდებათ. ამას ემატება უსაფრთხოების გაზრდილი დონე, რადგან მომხმარებლებს აღარ სჭირდებათ თანხის ცენტრალიზებული ბირჟის ან მესამე მხარისთვის მიწოდება. ამის ნაცვლად ვაჭრობა უშუალოდ მომხმარებლების პირადი საფულეებიდან ხორციელდება.
ამას გარდა, P2P ვაჭრობის ამ ტიპს გაცილებით მცირე ოპერაციული ხარჯი სჭირდება, რადგან ვაჭრობის საკომისიო არ არსებობს, ან მიზერულია. დაბოლოს, ატომური სვოპებით შესაძლებელია ვაჭრობის ძალიან სწრაფად, ურთიერთთავსებადობის უფრო მაღალი დონით განხორციელება. სხვა სიტყვებით, ალტკოინების გაცვლა შესაძლებელია შუამავალ მონეტად Bitcoin-ის ან Ethereum-ის გამოყენების გარეშე.
შეზღუდვები
ატომური სვოპის განსახორციელებლად საჭიროა რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება, რაც შესაძლოა მისი მასობრივი გავრცელების გზაზე დაბრკოლება აღმოჩნდეს. მაგალითად, ატომური სვოპისთვის საჭიროა ორი კრიპტოვალუტა, რომელთა საბაზისო ბლოკჩეინებს ერთი და იგივე ჰეშ ალგორითმი აქვს (მაგ. SHA-256 Bitcoin-ის შემთხვევაში). ასევე, ისინი უნდა შეესაბამებოდნენ HTLC-ს და სხვა პროგრამირებად ფუნქციებს.
ამას გარდა, ატომურ სვოპებს ახლავს მომხმარებლების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ეჭვები. ამის განაპირობებს ის ფაქტი, რომ ბლოკჩეინ ექსპლორერით on-chain სვოპებისა და ტრანზაქციების მოძიება და მისამართებთან დაკავშირება მარტივია. პრობლემის მოკლევადიანი მოგვარების გზა არის გამჟღავნების შესამცირებლად კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტების გამოყენება. თუმცა ბევრი დეველოპერი უფრო სანდო გადაწყვეტის ძიების პროცესში ატომურ სვოპებში ციფრული ხელმოწერებით ექსპერიმენტებს ატარებს.
რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი?
ატომურ სვოპები ფართო მასშტაბით ჯერაც არ დატესტილა, თუმცა მათ კრიპტოვალუტის სამყაროს გაუმჯობესება შეუძლია. კროს-ჩეინ ვაჭრობას ცენტრალიზებული ბირჟების თანმდევი მრავალი პრობლემის მოგვარება შეუძლია. კრიპტოვალუტის სისტემები დღევანდელ დღემდე ამ ბირჟების დახმარებით მოვიდა, თუმცა მათთან დაკავშირებით ეჭვები მაინც არსებობს. ამ პრობლემებს შორისაა:
სისუსტეები: ბევრი ძვირფასი რესურსის ერთ ადგილას თავმოყრა მათ დაუცველს ხდის ჰაკერების წინააღმდეგ, ცენტრალიზებული ბირჟები კი ციფრული თავდასხმების მთავარი სამიზნეა.
თანხის არასათანადოდ მართვა და ადამიანური შეცდომები: ცენტრალიზებული ბირჟები ხალხის მიერ იმართება. თუ მნიშვნელოვანი ადამიანები შეცდომებს დაუშვებენ, ან ლიდერები ბირჟის ოპერაციასთან დაკავშირებით არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მომხმარებელთა თანხა დაკარგვის რისკის ქვეშ დადგება.
დიდი ოპერაციული დანახარჯები: ცენტრალიზებულ ბირჟებზე გამოტანისა და ვაჭრობის საკომისიო მაღალია
დიდი მოთხოვნის შემთხვევაში არაეფექტიანობა: ხშირად, ბაზრის აქტივობის ზრდის დროს, ცენტრალიზებული ბირჟები ვერ ახერხებენ გაზრდილ მოთხოვნასთან გამკლავებას, რის გამოც სისტემა ნელა მუშაობს, ან ოფლაინ რეჟიმზე გადადის.
რეგულაციები: ქვეყნების უმრავლესობაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეგულაციები იდეალურისგან ძალიან შორსაა. სახელისუფლებო თანხმობისა და მართვის თვალსაზრისით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს.
შეჯამება
მართალია ატომური სვოპები შედარებით ახალი ტექნიკაა და შეზღუდვებიც ახლავს, თუმცა ის უკვე ემსახურება ბლოკჩეინის ურთიერთთავსებადობისა და კროს-ჩეინ ვაჭრობის შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ამიტომაც ამ ტექნიკას კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ზრდაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია დეცენტრალიზებისა და P2P მონეტარული გადარიცხვების მიმართულებით. არსებობს შანსი, რომ ახლო მომავალში ატომური სვოპები უფრო და უფრო ხშირად იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით დეცენტრალიზებული ბირჟებისთვის.