zk-STARK-ები

არსებობს ორი პოპულარული ტიპის ნულოვანი ინფორმაციით (zk) მტკიცებულება, რომელთაც ზოგჯერ zk პროტოკოლებს უწოდებენ – SNARK-ები და STARK-ები. მტკიცებულება ნულოვანი ინფორმაციით წარმოადგენს კრიპტოგრაფიული ვერიფიკაციის მეთოდს, რომლის საშუალებითაც ერთ მხარეს (დამმტკიცებელს) შეუძლია დაუმტკიცოს მეორე მხარეს (შემმოწმებელს) წარმოდგენილი განაცხადის ჭეშმარიტება ისე, რომ არ მიაწოდოს რაიმე სხვა დამატებითი ინფორმაცია, გარდა იმ ფაქტისა, რომ ეს განაცხადი ნამდვილად ჭეშმარიტია.
zk-STARK ნიშნავს “zero-knowledge scalable transparent argument of knowledge” (ნულოვანი ინფორმაციის მასშტაბირებადი გამჭვირვალე არგუმენტი). zk-STARK შემოთავაზებული იქნა „ტექნიონის“ - ისრაელის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის, ილაი-ბენ სასონის მიერ. zk-SNARK-ებისგან განსხვავებით, რომლებიც საჭიროებს დამმტკიცებელსა და შემმოწმებელს შორის წინასწარი ნდობის გარემოს ჩამოყალიბებას, zk-STARK-ებს არ სჭირდება საწყისი ნდობის გარემო, რადგან ის დამოკიდებულია უფრო მარტივ კრიპტოგრაფიაზე, რომელიც იყენებს კოლიზიის მიმართ რეზისტენტულ ჰეშ ფუნქციებს. ეს მიდგომა ასევე გამორიცხავს zk-SNARK-ებთან დაკავშირებული რიცხვთა თეორიის ჰიპოთეზების საჭიროებას, რაც დიდ გამომთვლელ რესურსებს მოითხოვს და თეორიულად უფრო დაუცველია კვანტური კომპიუტერებით განხორციელებული შეტევების მიმართ.
მარტივად რომ ვთქვათ, zk-STARK მტკიცებულებებს უფრო მარტივი სტრუქტურა გააჩნია კრიპტოგრაფიული ჰიპოთეზების თვალსაზრისით. თუმცა მას აქვს არსებითი ნაკლიც: მტკიცებულება დიდი ზომისაა, ჩვეულებრივ მისი ზომის ზომა 10 - 100-ჯერ დიდია zk-SNARK-ებთან შედარებით. მონაცემების ზომებს შორის ასეთი განსხვავების გამო ის უფრო ძვირადღირებულია და კრიპტოვალუტების გადარიცხვისთვის ან სხვა დანიშნულებით გამოყენების დროს, ეს ტექნოლოგია შეიძლება გარკვეულ შეზღუდვებთან იყოს დაკავშირებული.

მტკიცებულებები ნულოვანი ინფორმაციით უფრო ხშირად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამის მაგალითია ვინაობის ავთენტიფიკაცია. ზოგიერთი ონლაინ სერვისის გამოსაყენებლად და მის პლატფორმაზე წვდომის უფლების მისაღებად, საჭიროა თქვენი ვინაობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა. ამ დროს ხშირად საჭიროა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება, როგორიცაა სახელი და გვარი, ელ. ფოსტა, დაბადების თარიღი და ა.შ.

მტკიცებულებებს ნულოვანი ინფორმაციით შეუძლიათ გაამარტივონ ავთენტიფიკაციის პროცესი როგორც მომხმარებლისთვის, ასევე პლატფორმისთვის. zk-მტკიცებულების გენერირება ხდება საჯარო ინფორმაციის (მომხმარებლის პლატფორმაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი მონაცემების) და პირადი ინფორმაციის (მომხმარებლის მონაცემების) გამოყენებით, რის შემდეგაც, როდესაც მომხმარებელს დასჭირდება ამ სერვისთან წვდომა, ის უბრალოდ წარადგენს ამ მტკიცებულებას. ეს მეთოდი გააუმჯობესებს მომხმარებლების გამოცდილებას, ორგანიზაციებს კი აღარ დასჭირდებათ უზარმაზარი მოცულობის პერსონალური ინფორმაციის შენახვაზე ზრუნვა.