მთავარი
ლექსიკონი
მარტივი მოძრავი საშუალო (SMA)

მარტივი მოძრავი საშუალო (SMA)

რა არის SMA?

მარტივი მოძრავი საშუალო (SMA) წარმოადგენს ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტს, რომელიც ამარტივებს ფასის მოძრაობის მონაცემების წაკითხვას და ეხმარება ტრეიდერებს ტენდენციების იდენტიფიკაციაში. ის გამოითვლება დროის კონკრეტულ პერიოდში აქტივის პოზიციების დახურვის ფასების საშუალო მაჩვენებლის განსაზღვრით. შედეგად მიიღება ხაზოვანი დიაგრამა, რაც ამარტივებს ფასის მოძრაობის ვიზუალიზაციას და ინტერპრეტაციას.

როგორ მუშაობს SMA-ები?

SMA-ები ეფუძნება აქტივის საშუალო ფასის დაანგარიშებას დროის კონკრეტული პერიოდისთვის, მაგალითად 10, 20 ან 50 დღიანი პერიოდებისთვის. SMA-ს გამოთვლის ფორმულა მარტივია: შეკრიბეთ თქვენ მიერ არჩეული პერიოდების დახურვის ფასები და გაყავით პერიოდების რაოდენობაზე.

მაგალითისთვის გამოვთვალოთ 5-დღიანი SMA. თუ ბოლო ხუთ დღეში დახურვის ფასები იყო $10, $11, $12, $13 და $14, SMA უნდა გამოვთვალოთ შემდეგნაირად: SMA = (10 + 11 + 12 + 13 + 14) / 5 = 60 / 5 = 12. ეს ნიშნავს, რომ 5-დღიანი SMA არის $12. ახალი დახურვის ფასების დამატებისას ხდება ძველი ფასების წაშლა და გამოთვლებიდან ამოღება, შედეგად იქმნება მოძრავი საშუალო რომელიც ასახავს ფასის მოძრაობის უახლეს მონაცემებს.

SMA-ებში არ ჩანს ფასის მოკლევადიანი რყევები და წარმოადგენს გრძელვადიან ტენდენციებს. შედარებით მოკლე პერიოდის SMA, მაგალითად 10-დღიანი SMA, უკეთ გამოკვეთს ფასის უახლეს ცვლილებებს, ხოლო გრძელი პერიოდის SMA, მაგალითად 200-დღიანი SMA, ასახავს გრძელვადიან ტენდენციას.

SMA-ები კრიპტოთი ვაჭრობაში

კრიპტოთი ვაჭრობის დროს SMA-ები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტენდენციების და ყიდვის და გაყიდვის პოტენციური სიგნალების იდენტიფიკაციისთვის. მაგალითად, თუ Bitcoin-ის ფასი ასცდება 50-დღიან SMA-ს, ეს შეიძლება წარმოადგენდეს აღმავალი ტენდენციის დაწყების ან გაგრძელების ინდიკატორს და შეგვიძლია მივიჩნიოთ ყიდვის სიგნალად. ხოლო თუ ფასი ჩამოსცდება 50-დღიან SMA-ს, ეს შეიძლება იყოს დაღმავალი ტენდენციის დაწყების ან გაგრძელების ინდიკატორი და შეგვიძლია მივიჩნიოთ გაყიდვის შესაძლებლობად.

SMA-ები ასევე გამოიყენება სხვადასხვა სავაჭრო სტრატეგიებში. მაგალითად, ორი სხვადასხვა სიგრძის SMA შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაკვეთის წერტილების იდენტიფიკაციისთვის. ტრეიდერები ხშირად იყენებენ 50-დღიან SMA-ს და 200-დღიან SMA-ს. როდესაც მოკლე SMA (50-დღიანი) ქვემოდან კვეთს გრძელ SMA-ს (200-დღიანს), ეს მიიჩნევა bullish სიგნალად, რომელსაც ასევე უწოდებენ ოქროს კვეთას. ხოლო როდესაც მოკლე SMA ზემოდან კვეთს გრძელ SMA-ს, ეს მიიჩნევა bearish სიგნალად. მას ასევე უწოდებენ სიკვდილის კვეთას.

დასკვნა

მარტივი მოძრავი საშუალო (SMA) წარმოადგენს ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტს, რომელიც ამარტივებს დროის კონკრეტულ პერიოდში ფასის მოძრაობის მონაცემების წაკითხვას და ეხმარება ტრეიდერებს ტენდენციების იდენტიფიკაციაში. კრიპტოთი ვაჭრობის დროს SMA-ები ხშირად გამოიყენება ტენდენციების და ყიდვის და გაყიდვის პოტენციური სიგნალების იდენტიფიკაციისთვის. ისინი ასევე შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა სავაჭრო სტრატეგიებში.