რა არის პრე-მარკეტები?
მთავარი
სტატიები
რა არის პრე-მარკეტები?

რა არის პრე-მარკეტები?

გამოქვეყნებული May 3, 2024განახლებული Jul 8, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • ტრადიციულ ბაზარზე პრე-მარკეტები წარმოადგენს სავაჭრო აქტივობებს, რომლებიც ხორციელდება სავაჭრო ბირჟების ოფიციალური სამუშაო საათების მიღმა.

  • კრიპტო ბაზრის კონტექსტში პრე-მარკეტები აღნიშნავს იმ ტოკენებით ვაჭრობას, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის შეტანილი ბირჟების ოფიციალურ სიებში.

  • პრე-მარკეტების უპირატესობები მოიცავს ფასის ადრეულ ეტაპზე განსაზღვრის და სავაჭრო სტრატეგიების ბაზრის სამუშაო საათების დაწყებამდე კორექტირების შესაძლებლობებს.

შესავალი

ზოგადად, ტრადიციულ ბაზრებზე აქტივების ყიდვის და გაყიდვის პროცესი ხორციელდება ვაჭრობისთვის განსაზღვრულ საათებში, თუმცა ასევე შესაძლებელია ვაჭრობის პროცესი წარიმართოს არასამუშაო საათებშიც. ამ სტატიაში გავეცნობით, თუ რა არის პრე-მარკეტები, როგორ მუშაობს ისინი და განვიხილავთ მათთან დაკავშირებულ სარგებელს და რისკებს.

რა არის პრე-მარკეტები?

პრე-მარკეტები გულისხმობს ოფიციალური ვაჭრობის პერიოდამდე განხორციელებულ სავაჭრო აქტივობებს. ამგვარ ვაჭრობას ჩვეულებრივ ადგილი აქვს დილის საათებში, ისეთი საფონდო ბირჟების ოფიციალური სამუშაო დროის დაწყებამდე, როგორიცაა New York Stock Exchange (NYSE) და NASDAQ. უნდა აღინიშნოს, რომ პრე-მარკეტები შესაძლოა ყოველთვის არ იყოს ხელმისაწვდომი სიაში არსებული ყველა ტიპის აქციისთვის.

პრე-მარკეტზე ვაჭრობის მეშვეობით შესაძლებელია მივიღოთ ინფორმაცია ბაზრის განწყობის და ფასის პოტენციური მოძრაობების შესახებ, რაც ეფუძნება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა საშემოსავლო ანგარიშები და მაკროეკონომიკური მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წინა დღის სამუშაო საათების შემდეგ.

რა არის კრიპტო პრე-მარკეტები?

რადგან კრიპტო ბაზრები 24/7 რეჟიმში მუშაობს, კრიპტოვალუტების კონტექსტში ამ ტერმინს განსხვავებული მნიშვნელობა ენიჭება. კრიპტო პრე-მარკეტები გახლავთ სავაჭრო პლატფორმები, სადაც ინვესტორებს შეუძლიათ ივაჭრონ ტოკენებით ფართო საზოგადოებისთვის მათი ოფიციალურად წარდგენამდე ან გამოშვებამდე.

ჩვეულებრივ, ტრეიდერები კრიპტო პრე-მარკეტებს იყენებენ ტოკენების ღირებულებით სპეკულაციისთვის, რა დროსაც ისინი ყიდულობენ და ყიდიან ტოკენებს პროგნოზირებულ გამოშვების შემდგომ ფასზე დაყრდნობით. თუმცა კრიპტო პრე-მარკეტები მხოლოდ ტოკენებით ვაჭრობით არ შემოიფარგლება. ზოგ შემთხვევაში, მათი მეშვეობით შესაძლებელია „პროტოკოლის ქულებით“ ვაჭრობა, რაც შესაძლოა სამომავლო airdrop-ების კრიტერიუმებად იქნეს გამოყენებული.

როგორ მუშაობს პრე-მარკეტები?

ტრადიციული ბაზრების შემთხვევაში, პრე-მარკეტებზე ვაჭრობა ხორციელდება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების (ECN-ების) მეშვეობით, რომლითაც ხდება პოტენციური მყიდველების და გამყიდველების ერთმანეთთან დაკავშირება. მსგავსი ვაჭრობების განხორციელება ხდება სხვადასხვა წესების მიხედვით, რომლებიც განსხვავდება სტანდარტული სავაჭრო საათებისთვის განსაზღვრული წესებისგან. ასევე განსხვავებულია ისეთი ასპექტები, როგორებიცაა ხელმისაწვდომი ლიკვიდურობა და ფასის მერყეობა. პრე-მარკეტების დროს განსაზღვრულმა ფასებმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს აქციების საწყის ფასზე, რაც ხშირად წარმოადგენს მიმდინარე დღის ვაჭრობის მიმართულების ინდიკატორს.

მაგალითად, წარმოვიდგინოთ კომპანია, რომელიც აპირებს წარმოადგინოს შემოსავლების შესახებ კვარტალური ანგარიში ბაზრის დახურვის შემდეგ. მის მიერ წარმოდგენილი შემოსავლების მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალია, რაც ინვესტორებს აძლევს საფუძველს ივარაუდონ, რომ საფონდო ბირჟაზე ამ განცხადებას პოზიტიური რეაქცია მოჰყვება. ინვესტორებს შეუძლიათ დაიწყონ კომპანიის აქციების ყიდვა პრე-მარკეტის პერიოდში, მომდევნო დღეს ბაზრის ოფიციალურად გახსნამდე. შედეგად კომპანიის აქციებზე მოთხოვნა იზრდება, რაც პოტენციურად გაზრდის აქციების ფასს სტრანდარტული სავაჭრო საათების დაწყებამდე.

როგორ მუშაობს კრიპტო პრე-მარკეტები?

კრიპტო პრე-მარკეტების მუშაობის პრინციპი peer-to-peer (P2P) სავაჭრო პლატფორმების მუშაობის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ ეს ვაჭრობები ფოკუსირებულია ტოკენებზე, რომლებიც ჯერ არ არის გამოშვებული. კრიპტო პრე-მარკეტები ინვესტორებს სთავაზობს ტოკენებით ვაჭრობის შესაძლებლობას გამოშვების შესახებ განცხადების გაკეთებას, ტოკენის გამოშვებასა და სავაჭრო პლატფორმების სიაში ოფიციალურად შეტანას შორის ინტერვალებში. 

მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ახალი კრიპტოვალუტის პროექტის მიერ გაკეთდა განცხადება პირველადი საბირჟო შეთავაზების (IEO) მეშვეობით ტოკენის გამოშვებასთან დაკავშირებით. ტოკენის ოფიციალურად გამოშვებამდე და სავაჭრო ბირჟის სიაში შეტანამდე, პროექტი აცხადებს პრე-მარკეტის ფაზის დაწყების შესახებ დეცენტრალიზებულ პლატფორმაზე, სადაც ინვესტორებს შეუძლიათ დაიწყონ ვაჭრობა ტოკენებით, რომლებიც ჯერ არ არის გამოშვებული. მსგავსი სავაჭრო აქტივობა უზრუნველყოფს ფასის და ლიკვიდურობის წინასწარ განსაზღვრას, რაც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს შეაფასონ ბაზრის განწყობა და დაადგინონ პროექტის ტოკენის სავარაუდო ღირებულება. კრიპტო პრე-მარკეტების შემოთავაზება ასევე შეუძლიათ ცენტრალიზებულ ბირჟებს (CEX-ებს), სადაც ისინი უზრუნველყოფენ კასტოდიალურ მომსახურებას ტრანზაქციების განხორციელების დროს.

პრე-მარკეტების უპირატესობები

ფასის განსაზღვრა ადრეულ ეტაპზე

პრე-მარკეტებს შეუძლია ხელი შეუწყოს ფასების ადრეულ ეტაპზე განსაზღვრას, რაც ინვესტორებს საშუალებას მისცემს შეაფასონ გარე ფაქტორების ზეგავლენა ბაზარზე. ეს ბაზრის მონაწილეებს საშუალებას აძლევს მოახდინონ ფასის მერყეობის ინტერპრეტაცია არასავაჭრო საათებში და მიიღონ ინფორმაცია ბაზრის პოტენციური ტენდენციების და ბაზრის იმპულსების შესახებ ოფიციალური სავაჭრო საათების დაწყებამდე.

სტრატეგიის კორექტირება

პრე-მარკეტები ინვესტორებს საშუალებას აძლევს მოახდინონ საკუთარი სავაჭრო სტრატეგიების ეფექტური კორექტირება, რისი წყალობითაც ისინი შეძლებენ რეაგირება მოახდინონ არასავაჭრო საათებში დაფიქსირებულ მოვლენებზე. კორექტირებების განხორციელება ბაზარზე ვაჭრობის დაწყებამდე, ტრეიდერებს საშუალებას აძლევს შეამცირონ ბაზრის მერყეობასთან დაკავშირებული რისკები.

ხელმისაწვდომობა

პრე-მარკეტები უზრუნველყოფს ვაჭრობის პერიოდის გახანგრძლივებას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ბაზრის იმ მონაწილეებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარი გრაფიკი მოარგონ ოფიციალურ სავაჭრო საათებს. პრე-მარკეტების წყალობით, ბაზრის მონაწილეებს შეუძლიათ ივაჭრონ მათთვის სასურველ დროს.

პრე-მარკეტებთან დაკავშირებული რისკები

შემცირებული ლიკვიდურობა

ჩვეულებრივ, პრე-მარკეტებზე ვაჭრობა დაკავშირებულია ბაზრის სტანდარტულ სამუშაო საათებთან შედარებით დაბალ ლიკვიდურობასთან. ამან შეიძლება გამოიწვიოს შეთავაზება-მოთხოვნის სპრედის გაზრდა და ინვესტორებს შესაძლოა გაუჭირდეთ დიდი ზომის ვაჭრობების აღსრულება საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე.

ბაზრის მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობა

ზოგადად, პრე-მარკეტის საათებში მხოლოდ მცირე რაოდენობის ტრეიდერი და ორგანიზაციაა აქტიური. ამის გამო შესაძლოა დაფიქსირდეს ფასის მოძრაობები, რომლებიც ზუსტად არ ასახავს ზოგადად ბაზრის პირობებს და ნაწილობრივ შეცდომაში შეიყვანოს ადრეულ ეტაპზე მოვაჭრე ტრეიდერები. გარდა ამისა, პრე-მარკეტის დროს დაფიქსირებული ტენდენციები შეიძლება შემობრუნდეს სტანდარტული სავაჭრო საათების დაწყების შემდეგ, როდესაც ბაზრის მონაწილეთა რიცხვი გაიზრდება.

შეჯამება

ტრადიციული პრე-მარკეტები წარმოადგენს სავაჭრო აქტივობებს, რომლებიც ხორციელდება საფონდო ბირჟების ოფიციალური სამუშაო საათების დაწყებამდე. კრიპტო პრე-მარკეტები გახლავთ პლატფორმები, სადაც ინვესტორებს შეუძლიათ ივაჭრონ ტოკენებით, რომლებიც ჯერ არ არის ოფიციალურად გამოშვებული. პრე-მარკეტების დადებითი მხარეებია ფასების ადრეულ ეტაპზე განსაზღვრა, მეტი ხელმისაწვდომობა და ვაჭრობის სტრატეგიების კორექტირების შესაძლებლობა სტანდარტული სავაჭრო საათების დაწყებამდე.

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.