ფორექსი (FX)

განახლებული Aug 18, 2026

რა არის ფორექსი (FX)?

ფორექსი (FX), რომელიც წარმოადგენს უცხოური ვალუტით სავაჭრო ბირჟის აბრევიატურას, გახლავთ ეროვნული ვალუტებით ვაჭრობის საერთაშორისო ბაზარი.

ფორექსი , როგორც მასშტაბისა და ლიკვიდურობის მიხედვით ყველაზე დიდი ფინანსური ბაზარი მსოფლიოში, დღიურად ტრილიონობით აშშ დოლარის ოდენობის ვაჭრობის მოცულობას აფიქსირებს. ბაზრის მონაწილეებს შორის არიან როგორც ინდივიდუალური საცალო ტრეიდერები, ისე კომერციული ბანკები, რომელთა ერთობლივი ჩართულობითაც განისაზღვრება ვალუტის საერტაშორისო გაცვლითი კურსები.

როგორ მუშაობს ფორექს-ბაზარი

ფორექს-ბაზარზე ვალუტების კოტირება და ვაჭრობა წყვილებში ხორციელდება (მაგ., EUR/USD, GBP/JPY, ან AUD/NZD. სავაჭრო წყვილით ვაჭრობისას, თქვენ ფაქტობრივად ყიდულობთ ერთ ვალუტას და ამავდროულად ყიდით მეორეს. ბაზარზე მიმდინარე სავაჭრო პროცესების ფარგლებში მხოლოდ ფიატ ვალუტები გამოიყენება, როგორიცაა მაგალითად, ბრიტანული ფუნტი, კანადური დოლარი ან იაპონური იენი.

ფორექსი დეცენტრალიზებულია, რაც ნიშნავს, რომ ტრანზაქციები არ ხორციელდება ერთი ცენტრალიზებული ბირჟის მეშვეობით, როგორებიცაა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (NYSE) ან NASDAQ. ამის ნაცვლად, ოპერაციები გლობალურად, ბანკებისა და ელექტრონული საბროკერო სისტემების ჩართულობით მიმდინარეობს, ერთიანი მარეგულირებელი ორგანოს ზედამხედველობის გარეშე. სამუშაო კვირის განმავლობაში ბაზარი ღიაა 24 საათის განმავლობაში, ხოლო შაბათ-კვირას იხურება.

ფორექსი დღესდღეობით შედარებით ახლებური ფორმითაა წარმოდგენილი, რომლის ჩამოყალიბებაზეც დიდი ზეგავლენა მოახდინა 1971 წელს დასრულებულმა ბრეტონ-ვუდსის სისტემამ. აღნიშნული მოვლენა საფუძვლად დაედო აშშ დოლარის ოქროსგან გამოყოფას და მოთხოვნასა და მიწოდებაზე დაფუძნებული მცურავი საპროცენტო განაკვეთების დანერგვას.
ფორექსთან დაკავშირებული აქტივობების ძირითადი ნაწილი სპოტ ბაზარზე მიმდინარეობს, სადაც ვალუტების მიმოცვლა რეალურ დროში ხდება. სავაჭრო პროცესი, როგორც წესი, მოიცავს ისეთ კონცეფციებსა და ინსტრუმენტებს, როგორიცაა ტექნიკური ანალიზი, ლევერიჯი და მოკლევადიანი სტრატეგიები, რომლებიც გამოიყენება ბაზრის შედარებით ვიწრო მარჟებთან მიმართებაში. გარდა ამისა, პოპულარული ალტერნატივების სახით გვხვდება ისეთი დერივატივები, როგორიცაა ფიუჩერსების და ფორვარდული კონტრაქტები, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობს ვალუტის სამომავლო ცვლილებების შესაბამისად ჰეჯირების პროცესებთან მიმართებაში.

ფორექსი და კრიპტოვალუტების ბაზრები

ფორექს-ბაზარსა და კრიპტოვალუტების ბაზრებს რამდენიმე საერთო აქვს. ორივე მათგანი გამოირჩევა მაღალი ლიკვიდურობით, ორივე დეცენტრალიზებულია იმ გაგებით, რომ არ არის მიბმული ერთ კონკრეტულ სუბიექტზე, და ორივე მოიცავს აქტივების წყვილებით ვაჭრობას.

თუმცა, მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. ფორექსი იყენებს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ფიატ ვალუტებს და ვაჭრობა მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში, სამუშაო დღეებში, ხოლო კრიპტოვალუტის ბაზრები მოიცავს ციფრულ აქტივებს და, როგორც წესი, ფუნქციონირებს უწყვეტ რეჟიმში, შაბათ-კვირის ჩათვლით. ფორექსის ფუნქციონირების პრინციპის შესწავლამ შესაძლოა გაგიადვილოთ იმის აღქმა, თუ როგორ მუშაობს კრიპტოვალუტებით ვაჭრობის პროცესი, ვინაიდან მრავალი ძირითადი კონცეფცია ერთმანეთს ემთხვევა.