მოგება ინვესტიციიდან (ROI)

განახლებული Jun 2, 2026

მთავარი დეტალები

  • ROI (მოგება ინვესტიციიდან) არის მაჩვენებელი, რომელიც ზომავს, თუ რამდენად მომგებიანია ინვესტიცია ან ვაჭრობა მისი საერთო ხარჯების გათვალისწინებით, რომელიც გამოისახება თანაფარდობის ან პროცენტული მაჩვენებლის სახით.

  • ROI-ს გამოსათვლელი საბაზისო ფორმულა: (მიმდინარე ღირებულება - მთლიანი ხარჯი) / მთლიანი ხარჯი. დადებითი მაჩვენებელი აღნიშნავს, რომ ინვესტიცია მომგებიანია, ხოლო უარყოფითი მაჩვენებელი აღნიშნავს ზარალს.

  • ROI არ ითვალისწინებს მოგების გენერირებისთვის დახარჯულ დროს. პერიოდის გათვალისწინების შემთხვევაში, ROI-ს ერთი და იმავე მაჩვენებლის მქონე ორი ინვესტიციის ეფექტურობა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

  • კრიპტო სივრცეში ROI გამოიყენება სპოტ ვაჭრობის, სტეიკინგის და სარგებლის ფარმინგის, ასევე DeFi სტრატეგიების დროს. თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელია განსხვავებული რისკები და დროის პროფილი.

მოგება ინვესტიციიდან ანუ ROI წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საზომს, რომელიც გამოიყენება როგორც ტრადიციულ ფინანსებში, ასევე კრიპტოვალუტის ბაზრებზე. ის ზომავს ინვესტიციით მიღებულ მოგებას ან ზარალს საწყისი ხარჯების გათვალისწინებით. ის წარმოადგენს ვაჭრობების, აქტივების ან სტრატეგიების ეფექტურობის ერთმანეთთან შედარების მარტივ მეთოდს.

როგორ გამოითვლება ROI?

ROI-ს გამოსათვლელად ინვესტიციიდან მიღებული სუფთა მოგება უნდა გავყოთ მასთან დაკავშირებულ მთლიან ხარჯზე. შედეგები გამოისახება ათწილადების ან პროცენტების სახით (თუ 100-ზე გავამრავლებთ):

ROI = (მიმდინარე ღირებულება - მთლიანი ხარჯი) / მთლიანი ხარჯი

ან: ROI = წმინდა მოგება / წმინდა ხარჯი

განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ ელისი ყიდულობს 100 BNB-ს, თითოეულს 10 აშშ დოლარად, ჯამში ის ხარჯავს 1000 აშშ დოლარს. თუ მოგვიანებით BNB-ის ფასი გაიზრდება 10 აშშ დოლარამდე, მისი ჰოლდინგების ღირებულება გახდება 1900 აშშ დოლარი. შესაბამისად, მისი ROI იქნება:

($1900 - $1000) / $1000 = 0,90, ანუ 90%

ROI-ს დადებითი მაჩვენებელი მიანიშნებს ინვესტიციის მომგებიანობაზე, ხოლო უარყოფითი ROI კი იმას ნიშნავს, რომ შეძენის ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტიცია წამგებიანია. ROI-ს დაანგარიშების პროცესი, მათ შორის საკომისიოების და მრავლობითი ვაჭრობის სცენარები დეტალურად წარმოდგენილია სტატიაში როგორ გამოვთვალოთ მოგება ინვესტიციიდან (ROI).

ROI-ს შეზღუდვები

მიუხედავად იმისა, რომ ROI სასარგებლო ინსტრუმენტია, აუცილებელია გავითვალისწინოთ მასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიპტო ბაზრებზე ვაჭრობისას.

  • ის არ ითვალისწინებს დროს. 12-თვიან პერიოდზე დაანგარიშებული 90%-იანი ROI ნაკლებ ეფექტურობაზე მიანიშნებს, ვიდრე 3-თვიან პერიოდზე დაანგარიშებული 70%-იანი ROI. მსგავსი ტიპის ინვესტიციების შედარებისას ანალიტიკოსები იყენებენ მოგების წლიურ მაჩვენებელს, ანუ რთულ პროცენტს, რომელშიც გათვალისწინებულია ინვესტიციის ხანგრძლივობა.
  • ის არ ითვალისწინებს რისკს. ორ სტრატეგიას შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ROI, თუმცა ერთ-ერთ მათგანთა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მერყეობის ან ზარალის უფრო მაღალი რისკი. რისკის და ჯილდოს თანაფარდობა წარმოადგენს პოპულარულ მაჩვენებელს, რომელიც გვეხმარება იმის შეფასებაში, არის თუ არა გამართლებული რისკზე წასვლა.
  • ის არ ასახავს ალტერნატიულ ხარჯებს. მთელი კაპიტალის ერთ საინვესტიციო პროდუქტში ხანგრძლივი პერიოდით დაბანდების შემთხვევაში შესაძლოა ხელიდან გაუშვათ პოტენციურად უფრო მაღალი შემოსავლის მიღების შანსი. ROI-ს მაჩვენებელი ამის განსაზღვრის საშუალებას არ გვაძლევს.

ROI კრიპტო ბაზრებში

ROI გამოიყენება უამრავი სხვადასხვა ტიპის კრიპტო აქტივობაში, თუმცა მისი დაანგარიშების და ინტერპრეტაციის მეთოდები დამოკიდებულია კონტექსტზე.

  • სპოტ ვაჭრობა: ძალიან მარტივია ROI-ს გამოთვლა სოტ ვაჭრობისთვის, სადაც ცნობილია აქტივის ყიდვის და გაყიდვის ფასი. მოგების სწორად განსაზღვრისთვის საჭიროა საკომისიოების გათვალისწინება.
  • სტეიკინგი და სარგებლის ფარმინგი: სტეიკინგის და სარგებლის ფარმინგის სტრატეგიების შეფასების დროს, ROI ხშირად გამოისახება წლიური საპროცენტო სარგებლის (APY) ან წლიური საპროცენტო განაკვეთის (APR) სახით. მათი მეშვეობით უფრო მარტივია პროტოკოლების და აქტივების დროზე დაფუძნებული მოგების მაჩვენებლების ერთმანეთთან შედარება.
  • DeFi სტრატეგიები: დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში ROI-ს გამოთვლა გაცილებით რთულია. მაგალითად, ლიკვიდურობის პროვაიდერებმა უნდა გაითვალისწინონ დროებითი ზარალი, რამაც შესაძლოა შეამციროს რეალური მოგება მაშინაც კი, როდესაც პოზიცია ნომინალურად მომგებიანია. როდესაც ROI-ს იყენებთ DeFi-ს მომგებიანობის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და რისკი.
ინვესტიციის ზოგადი ეფექტურობის შეფასებისას, სასურველია ROI გამოყენებულ იქნეს, როგორც კომპლექსური ანალიტიკური სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი, რაც მოიცავს ტექნიკურ ანალიზს, რისკის შეფასებას და დროზე დაფუძნებულ მოგების მაჩვენებლებს.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის კარგი ROI კრიპტოსთვის?

კრიპტო სფეროში არ არსებობს „კარგი“ ROI-ს განსაზღვრის კრიტერიუმი, რადგან მომგებიანობა დამოკიდებულია ბაზრის პირობებზე, აქტივის კლასზე და დროის ინტერვალზე. აბსოლუტურ ციფრებზე უფრო მნიშვნელოვანია მოგების მაჩვენებლების შედარება რისკებთან და ინვესტირების დროებთან. სამ თვეზე დაანგარიშებული 30%-იანი ROI შესაძლებელია უფრო მაღალი ეფექტურობის მაჩვენებელი იყოს, ვიდრე ორ წელზე დაანგარიშებული 100%-იანი ROI.

რა განსხვავებაა ROI-სა და APY-ს შორის?

ROI ზომავს ინვესტიციის პერიოდის განმავლობაში მიღებულ მთლიან მოგებას. APY (წლიური საპროცენტო სარგებელი) არის დროის მიხედვით სტადარტიზებული მაჩვენებელი, რომელიც გვაჩვენებს ეფექტურ წლიურ მოგებას, რაც მოიცავს რთული პროცენტით მიღებულ შემოსავალს. როგორც წესი, APY გამოიყენება სხვადასხვა პროტოკოლების სტეიკინგის ჯილდოების და სარგებლის ფარმინგის განაკვეთების შედარებისთვის.

ითვალისწინებს თუ არა ROI საკომისიოებს?

დიახ. ROI-ს სწორად დაანგარიშებისთვის საჭიროა ვაჭრობის საკომისიოების, გაზის გადასახადების და ნებისმიერი სხვა ხარჯის გათვალისწინება. საკომისიოების უგულებელყოფის შემთხვევაში, გამოთვლილი მაჩვენებელი რეალურ შემოსავალზე მაღალი იქნება, რაც განსაკუთრებით მნივნელოვანია მაღალი სიხშირით მოვაჭრე ტრეიდერებისთვის ან DeFi-ს მომხმარებლებისთვის, სადაც გაზის ხარჯები საკმაოდ მაღალია.

რით განსხვავდება ROI რისკის და ჯილდოს თანაფარდობისგან?

ROI ზომავს დასრულებული ვაჭრობის ან ინვესტიციის შედეგებს. რისკის და ჯილდოს თანაფარდობის მაჩვენებელი გამოითვლება ვაჭრობის დაწყებამდე, რაც გვაძლევს პოტენციური მოგების და ზარალის ერთმანეთთან შედარების შესაძლებლობას. ორივე მათგანი სასარგებლო ინსტრუმენტს წარმოადგენს, თუმცა ისინი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება: ROI აფასებს წარსულში დაფიქსირებულ ეფექტურობას, ხოლო რისკის და ჯილდოს თანაფარდობა გვეხმარება სამომავლო ვაჭრობების დაგეგმვაში.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.
პოსტების გაზიარება
შესაბამისი ტერმინები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.