TL;DR
ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სამომავლო გამოყენების შესაძლებლობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ციფრული ვინაობის მართვა და ვერიფიკაცია. მხოლოდ 2018 წელს მთელ მსოფლიოში პირადი მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები მილიარდობით ადამიანს შეექმნა. საჭიროა სენსიტიური ინფორმაციის შენახვის, გადაცემისა და ვერიფიკაციის უფრო უსაფრთხო მეთოდების შექმნა. ბლოკჩეინ სისტემებს ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზების წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად არაერთი გადაწყვეტის შემოთავაზება შეუძლიათ.
როგორ არის შესაძლებელი ბლოკჩეინის გამოყენება ციფრული ვინაობის სისტემებისთვის?
როდესაც ფაილი ბლოკჩეინ სისტემაში ინახება, მისი ინფორმაციის ავთენტურობას ქსელის შენარჩუნებაში ჩართული მრავალი ნოდი ადასტურებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩაწერილი მონაცემების ვალიდურობას ბევრი მომხმარებლის „მოთხოვნების პაკეტი“ განაპირობებს.
ასეთ შემთხვევაში ქსელის ნოდების გაკონტროლება შეუძლიათ ავტორიზებულ სააგენტოებს ან სამთავრობო ინსტიტუტებს, რომლებიც ციფრული ჩანაწერების ვერიფიკაციაზეა პასუხისმგებელი. თითოეული ნოდი „აფიქსირებს თავის ხმას“ მონაცემთა ავთენტურობასთან დაკავშირებით, რათა ფაილები გამოყენებულ იქნას როგორც ოფიციალური დოკუმენტები, თუმცა უსაფრთხოების გაზრდილი დონით.
კრიპტოგრაფიის როლი
აუცილებელია გვესმოდეს, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ვინაობის სისტემას არ სჭირდება სენსიტიური ინფორმაციის პირდაპირი ან ცალსახა გამჟღავნება. ამის ნაცვლად, ციფრული მონაცემების გაზიარება და ავთენტიფიკაცია ხდება კრიპტოგრაფიული ტექნიკების გამოყენებით, როგორიცაა ჰეშირების ფუნქციები, ციფრული ხელმოწერა და ნულოვანი ინფორმაციით დამტკიცება.
ჰეშირების ალგორითმების გამოყენებით შესაძლებელია ნებისმიერი დოკუმენტის ჰეშად, ანუ ასოებისა და ციფრების გრძელ სტრიქონად ქცევა. ამ შემთხვევაში ჰეში მის შესაქმნელად გამოყენებულ მთელ ინფორმაციას წარმოადგენს და ციფრული თითის ანაბეჭდის ფუნქციას ასრულებს. ამას გარდა სამთავრობო ინსტიტუტებს ან სხვა სანდო სუბიექტებს დოკუმენტის ოფიციალური ვალიდურობის დასამტკიცებლად ციფრული ხელმოწერის გამოყენება შეუძლიათ.
მაგალითად, მოქალაქეს შეუძლია ავტორიზებულ სააგენტოს მიაწოდოს დოკუმენტი, რათა მათ უნიკალური ჰეშის (ციფრული თითის ანაბეჭდის) გენერირება შეძლონ. სააგენტო შექმნის ციფრულ ხელმოწერას, რომელიც ჰეშის ვალიდურობას დაადასტურებს, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ოფიციალური დოკუმენტის სახით შეიძლება.
ამას გარდა, ნულოვანი ინფორმაციით დამტკიცება იძლევა რეკვიზიტებისა და ვინაობების გაზიარებისა და ავთენტიფიკაციის საშუალებას ისე, რომ მათ შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნდეს. ეს ნიშნავს, რომ დაშიფრული მონაცემების შემთხვევაშიც შესაძლებელია მისი ავთენტურობის ვერიფიკაცია. სხვა სიტყვებით, ZK მტკიცებულებით შეგიძლიათ დაადასტუროთ რომ საკმარისად დიდი ხართ მანქანის სატარებლად ან კლუბში შესასვლელად ისე, რომ დაბადების ზუსტი თარიღი არ გაამჟღავნოთ.
თვით-სუვერენული ვინაობა
თვით-სუვერენული ვინაობის ცნება აღნიშნავს მოდელს, რომელშიც თითოეული ინდივიდუალური მომხმარებელი ფლობს კონტროლს საკუთარ მონაცემებზე, რომელთა შენახვა შესაძლებელია პირად საფულეში (კრიპტო საფულის მსგავსად). ამ კონტექსტში მომხმარებელს შეუძლია გადაწყვიტოს როდის და როგორ გააზიარებს საკუთარ ინფორმაციას. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია საკრედიტო ბარათის რეკვიზიტების პირად საფულეში შენახვა და პირადი გასაღების გამოყენებით ინფორმაციის გასაგზავნ ტრანზაქციაზე ხელის მოწერა. ამგვარად ის დაამტკიცებს, რომ საკრედიტო ბარათის მფლობელი ნამდვილად თავადაა.
მართალია ბლოკჩეინ ტექნოლოგია ძირითადად კრიპტოვალუტის შენახვისა და გაცვლისთვის გამოიყენება, თუმცა შესაძლოა ის გამოგვადგეს პირადი დოკუმენტებისა და ხელმოწერების ვალიდაციისთვისაც. მაგალითად, შესაძლოა მოქალაქეს სურდეს სამთავრობო სააგენტოს დაადასტურებინოს აკრედიტებული ინვესტორის სტატუსი, შემდეგ კი ამ ფაქტის მტკიცებულება საბროკერო ფირმას ZK მტკიცებულების პროტოკოლით გაუგზავნოს. შედეგად საბროკერო ფირმა დარწმუნდება, რომ ინვესტორი ნამდვილად აკრედიტებულია, იმის მიუხედავად, რომ მისი ქონების ან შემოსავლის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ექნება.
პოტენციური უპირატესობები
ციფრული ვინაობის სფეროში კრიპტოგრაფიისა და ბლოკჩეინის დანერგვა სულ მცირე ორ დიდ უპირატესობას მოიტანს. პირველი არის ის, რომ მომხმარებლები უკეთ გააკონტროლებენ როგორ და როდის გამოიყენება მათი პირადი ინფორმაცია. ეს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზებში სენსიტიური ინფორმაციის შენახვის თანმდევ საფრთხეებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამას გარდა ბლოკჩეინ ქსელები, კრიპტოგრაფიული სისტემების გამოყენებით მომხმარებლებს კონფიდენციალურობის უფრო მაღალ დონეს სთავაზობენ. როგორც აღვნიშნეთ, ნულოვანი ინფორმაციით დამტკიცების პროტოკოლები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაამტკიცონ საკუთარი დოკუმენტების ვალიდურობა მათი დეტალების გამჟღავნების გარეშე.
მეორე უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ID სისტემები შესაძლოა ტრადიციულებზე უფრო საიმედო იყოს. მაგალითად, ციფრული ხელმოწერის გამოყენებით მომხმარებლის განაცხადის წყაროს დადასტურება უფრო მარტივია. ამას გარდა ბლოკჩეინ სისტემებს შეუძლიათ გაართულონ ინფორმაციის გაყალბება და სხვადასხვა მონაცემები თაღლითობისგან დაიცვას.
პოტენციური შეზღუდვები
ისევე როგორც ბლოკჩეინის სხვა არაერთი გამოყენების საშუალების შემთხვევაში, ციფრული იდენტიფიკაციის სისტემად გამოყენებასაც არაერთი გამოწვევა ახლავს. ალბათ ყველაზე სერიოზული პრობლემა ისაა, რომ ეს სისტემები ჯერაც დაუცველია სინთეტიკური ვინაობის ქურდობის სახელწოდებით ცნობილი დანაშაულის წინააღმდეგ.
სინთეტიკური ვინაობა სხვადასხვა ინდივიდების ვალიდური ინფორმაციის გაერთიანებით ახალი ვინაობის შექმნას გულისხმობს. რადგანაც სინთეტიკური ვინაობის შესაქმნელად გამოყენებული ინფორმაციის ყოველი დეტალი ზუსტია, ბევრი სისტემა ტყუვდება და ყალბ ვინაობას ავთენტურად მიიჩნევს. კრიმინალები ამ ტიპის თავდასხმებს საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობებისთვის იყენებენ.
თუმცა პრობლემის შემსუბუქება შესაძლებელია ციფრული ხელმოწერის გამოყენებით, რათა დოკუმენტების გამოგონილი კომბინაცია ბლოკჩეინზე ჩანაწერად არ შეინახოს. მაგალითად, სამთავრობო ინსტიტუტს შეუძლია ციფრული ხელმოწერის გაცემა ყოველი დოკუმენტისთვის, ასევე ერთი ინდივიდის მიერ რეგისტრირებული დოკუმენტებისთვის ერთი და იგივე ციფრული ხელმოწერის გამოყენება.
კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი არის 51 პროცენტით თავდასხმის შესაძლებლობა, რის შანსიც მცირე ზომის ბლოკჩეინ ქსელებისთვის უფრო მაღალია. 51 პროცენტით თავდასხმას შეუძლია შეცვალოს ბლოკჩეინის ორგანიზების სტრუქტურა, რითაც მისი ჩანაწერები შეიცვლება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო ბლოკჩეინებისთვის, სადაც ბლოკების ვერიფიკაციისა და ვალიდაციის პროცესში მონაწილეობა ყველას შეუძლია. საბედნიეროდ, კერძო ბლოკჩეინებს მსგავსი თავდასხმების შანსი მცირეა, რადგან ვალიდაციის პროცესში მხოლოდ სანდო სუბიექტები მონაწილეობენ. თუმცა ეს უფრო ცენტრალიზებულ და ნაკლებად დემოკრატიულ მოდელს წარმოადგენს.
შეჯამება
დაბრკოლებებისა და შეზღუდვების მიუხედავად, ბლოკჩეინ ტექნოლოგიას შეუძლია შეცვალოს ციფრული მონაცემების ვერიფიკაციის, შენახვისა და გაზიარების პროცესი. ბევრი კომპანია და სტარტაპი შესაძლებლობებს იკვლევს, თუმცა გასაკეთებელი ჯერაც ბევრია. მომდევნო წლებში ციფრული ID მართვის სფეროში არაერთი სერვისის გამოჩენას უნდა ველოდოთ. სავარაუდოა, რომ ბლოკჩეინი ამ პროცესის ცენტრალური ნაწილი იქნება.