მთავარი
ლექსიკონი
ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC)

ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC)

SEC არის აბრევიატურა, რომელიც იშიფრება როგორც აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია. ეს დამოუკიდებელი სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა 1934 წლის 6 ივნისს. SEC პასუხისმგებელია ფინანსური ბაზრების რეგულირებაზე და მონიტორინგზე და ძირითადად ორიენტირებულია ამერიკული ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე (მაგ., აქციები და ბონდები).

ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, SEC-ის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ბაზრის ზედამხედველობა და მანიპულაციებისა და თაღლითობის პრევენცია:

SEC-ის მიზანს წარმოადგენს ინვესტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბაზრის სამართლიანობის, წესრიგის და ეფექტურობის უზრუნველყოფა; და კაპიტალის ფორმირების ხელშეწყობა.

SEC-ის შექმნის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმის უზრუნველყოფა, რომ ფინანსური ინსტრუმენტების შეძენამდე ან მათი მეშვეობით ვაჭრობამდე ინვესტორებსა და ტრეიდერებს ჰქონოდათ თანაბარი წვდომა შესაბამის ინფორმაციაზე. შესაბამისად, SEC უზრუნველყოფს, რომ ბროკერების, ბირჟების და დილერების ურთიერთობა ინვესტორებთან ეფუძნებოდეს სამართლიანობასა და გულწრფელობას.

გარდა ამისა, SEC-მა შეიმუშავა კანონები, რომლებიც საჯარო კომპანიებს აკისრებს ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური მონაცემის საზოგადოებისთვის გასაჯაროების ვალდებულებას. შედეგად, ნებისმიერი ტიპის ინვესტორს შეეძლება მოიპოვოს წვდომა ერთსა და იმავე ინფორმაციაზე საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე.

SEC-ის მიერ ხდება საგანმანათლებლო კონტენტისა და პერიოდული ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება. გარდა ამისა, ინვესტორებს შეუძლიათ მოიძიონ საჯარო და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი კომპანიების მიერ წარდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშები, SEC-ის ონლაინ მონაცემთა ბაზაში, სახელწოდებით EDGAR (ელექტრონული მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და მოპოვების სისტემა).
როგორც SEC-ის, ისე სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის (CFTC) საქმიანობის მიზანია ფინანსურ ბაზრებზე უკანონო საქმიანობის აღკვეთა, როგორიცაა პონცის და პირამიდის სქემები. თუმცა, CFTC-ის ძირითად საქმიანობას დერივატივების ბაზრების რეგულირება წარმოადგენს, რაც მოიცავს ოფციონებს და ფიუჩერსების კონტრაქტებს. SEC-ის მიერ გამოვლენილი დარღვევების უმეტესობა ეხება ინსაიდერულ ვაჭრობას, ისევე როგორც დეზინფორმაციის გავრცელებასა და ფინანსურ თაღლითობას.
SEC-ის და CFTC-ის უფლებამოსილება გაიზარდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაამტკიცა დოდ-ფრენკის უოლ სტრიტის რეფორმისა და მომხმარებელთა დაცვის აქტი.

2024 წლის მონაცემებით, SEC დაყოფილია ექვს ძირითად ოპერაციულ განყოფილებად:

  • კორპორაციული ფინანსების განყოფილება

  • ვაჭრობისა და ბაზრების განყოფილება

  • ინვესტიციების მართვის განყოფილება

  • აღსრულების განყოფილება

  • ეკონომიკური და რისკის ანალიზის განყოფილება

  • შემოწმების განყოფილება.

პოსტების გაზიარება
შესაბამისი ტერმინები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.