მთავარი
ლექსიკონი
პარალელიზაცია

პარალელიზაცია


რა არის პარალელიზაცია?

პარალელიზაცია (ტრანზაქციების პარალელური აღსრულება) გახლავთ რამდენიმე დავალების ერთდროულად დამუშავების მეთოდი. პარალელიზაცია ეფუძნება პარალელიზმის იდეას. ეს გახლავთ კომპიუტერული მეცნიერებების კონცეფცია, რომელიც აღნიშნავს რამდენიმე პროცესის ერთდროულად აღსრულების შესაძლებლობას. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის კონტექსტში, ეს მიდგომა ზრდის წამში განხორციელებული ტრანზაქციების (TPS) რაოდენობას და აუმჯობესებს ქსელის ზოგად გამტარუნარიანობას.

როგორ მუშაობს პარალელიზაცია

პარალელიზაცია ახდენს ქსელის სტრუქტურირებას ისე, რომ შესაძლებელი გახდეს რამდენიმე ტრანზაქციის ერთდროულად ვალიდაცია, თანმიმდევრობით (სათითაოდ) დამუშავების ნაცვლად. ის იყენებს ხელმისაწვდომ ქსელის რესურსებს და ტრანზაქციების აღსრულების პროცესს ანაწილებს რამდენიმე ნოდზე

პარალელიზაციის დროს ხდება ქსელის რამდენიმე პოტენციური მდგომარეობის ერთდროულად შემოწმება, რომელთაგან თითოეული გამოსახავს ტრანზაქციების კონკრეტული ჯგუფის ვალიდაციის სავარაუდო შედეგს. ამ მდგომარეობების შესწავლით, ქსელი განსაზღვრავს, თუ რა ზემოქმედებას მოახდენს თითოეული ტრანზაქცია ლეჯერზე მისი ვალიდაციის შემთხვევაში. შემოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, ქსელი აღწევს საერთო მდგომარეობას, რომელიც ასახავს პარალელური ვალიდაციის შედეგებს.

პარალელიზაციის მოდელები 

არსებობს პარალელიზაციის ორი მოდელი: ოპტიმისტური პარალელიზაცია და ქსელის მდგომარეობის შესაბამისი პარალელიზაცია.

1. ოპტიმისტური პარალელიზაცია. ოპტიმისტური პარალელური აღსრულების მოდელის ფარგლებში ქსელი არ გაივლის დახარისხების ეტაპს და გადადის პირდაპირ ტრანზაქციების ერთდროულად დამუშავების ეტაპზე. ეს მოდელი მუშაობს იმ ვარაუდის საფუძველზე, რომ რიგში არსებული ტრანზაქციები სრულიად დამოუკიდებელია ერთმანეთისგან. მის ფარგლებში ხდება ტრანზაქციების განმეორებითი შემოწმება ნებისმიერი არასწორი აღსრულების აღმოჩენის მიზნით. ტრანზაქციების ერთმანეთზე დამოკიდებულების აღმოჩენის შემთხვევაში, ქსელი ხელახლა აღასრულებს ტრანზაქციას უფრო ზუსტი მონაცემებით.
2. ქსელის მდგომარეობის შესაბამისი პარალელიზაცია. ქსელის მდგომარეობის შესაბამისი პარალელური აღსრულების მოდელის გამოყენების დროს, საწყის ეტაპზე ხდება ტრანზაქციების დამუშავება ქსელის მდგომარეობაზე მათი ზეგავლენის მიხედვით, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ინტერაქცია კონკრეტულ სმარტ კონტრაქტებთან ან ანგარიშებთან. ამის შემდეგ ხდება დახარისხებული ტრანზაქციების გადატანა კონსენსუსის სისტემაში და მათი დაყოფა დაკავშირებულ და არა-დაკავშირებულ ტრანზაქციებად. არა-დაკავშირებული ტრანზაქციების აღსრულება ხდება ერთდროულად, ეფექტურობის ოპტიმიზაციის მიზნით, ხოლო დაკავშირებული ტრანზაქციების შემთხვევაში, დამუშავებამდე ხდება მათი კოორდინაცია, სადაც პრიორიტეტის მინიჭება ხდება გაზის საკომისიოების საფუძველზე, დამუშავების სისწრაფის გაზრდის მიზნით.

პარალელიზაციის უპირატესობები

ტრანზაქციების დამუშავების მაღალი სიჩქარე

დავალებების რამდენიმე ნოდზე განაწილება მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანზაქციების აღსრულებისთვის საჭირო დროს, რაც შესაბამისად ზრდის ტრანზაქციების დამუშავების სიჩქარეს. როგორც წესი, ის ქსელი, რომელიც იყენებს პარალელიზაციის მეთოდს, უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე ის ქსელი, რომელიც თანმიმდევრობით დამუშავების მოდელებს იყენებს.

მასშტაბირებადობა

პარალელიზაციით ხდება ბლოკჩეინის მასშტაბირებადობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, ტრანზაქციების ვალიდაციის პროცესის ქსელის ნოდებზე განაწილების გზით. ეს ზრდის პროცესების განხორციელების სიჩქარეს და იძლევა ჰორიზონტალური მასშტაბირების შესაძლებლობას. ჰორიზონტალური მასშტაბირება გახლავთ ქსელის შესაძლებლობა, გაზარდოს რესურსები ნოდების ისეთ პერიოდებში დამატებით, როდესაც მოთხოვნა იზრდება და შეამციროს მასშტაბი მოთხოვნის კლებისას.

შემცირებული გაზის საკომისიოები

პარალელიზაცია მინიმუმამდე ამცირებს საკომისიოებს ტრანზაქციების ნოდების ქვე-ჯგუფებზე განაწილების გზით. შესაბამისად მცირდება ხარჯებიც თანმიმდევრული დამუშავების მოდელთან შედარებით, სადაც თითოეული ტრანზაქციის ვალიდაცია ხდება თითოეული ნოდის მიერ. გარდა ამისა, ტრანზაქციების გაზრდილი სიჩქარე ამცირებს ვალიდაციასთან დაკავშირებულ კონკურენციას, რაც ასევე ამცირებს თითოეული ტრანზაქციის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკომისიოს. 

დასკვნა

პარალელიზაცია გახლავთ მიდგომა ტრანზაქციების დამუშავების პროცესის მიმართ, რომელიც ქმნის ბლოკჩეინის მასშტაბირებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას. ტრანზაქციების ერთდროულად აღსრულებით და მათი ვალიდაციის პროცესის რამდენიმე ნოდზე განაწილებით, ქსელებს ეძლევა მეტი ტრანზაქციის დამუშავების, გაზის საკომისიოების შემცირების და დამუშავების სიჩქარის გაზრდის შესაძლებლობა.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.