რა არის მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (PPP)?
მთავარი
სტატიები
რა არის მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (PPP)?

რა არის მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (PPP)?

განახლებული Sep 11, 2024
7m

მთავარი დეტალები

  • PPP-ის მეშვეობით ხდება ვალუტების შედარება პროდუქტების სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ფასებზე დაკვირვების გზით, რაც ამარტივებს იმის განსაზღვრას, თუ რომელ ვალუტას აქვს უფრო მეტი მსყიდველობითი უნარი.

  • PPP მშპ-ის რეგულირების და ფულის მიმოქცევის მასშტაბების განსაზღვრის საშუალებას წარმოადგენს, რომელიც გვეხმარება მსოფლიოში არსებული ცხოვრების სტანდარტების და ეკონომიკური მდგომარეობის უკეთ აღქმაში.

  • PPP შესაძლოა არაპირდაპირი გზით იყოს დაკავშირებული კრიპტოვალუტების სამყაროსთან. ის გვთავაზობს შედარებით არამყარი ვალუტების მქონე ქვეყნების მოქალაქეების მიერ კრიპტოვალუტების და სტეიბლკოინების საკუთარი მსყიდველობითი უნარების შენარჩუნების მიზნით გამოყენების პროცესების ანალიზის შესაძლებლობას.

შესავალი

ოდესმე გიფიქრიათ, რატომ ღირს ერთი და იგივე პროდუქტი 10 დოლარი აშშ-ში და ბევრად უფრო ნაკლები რომელიმე სხვა ქვეყანაში? სწორედ ასეთ შემთხვევებში გამოიყენება მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) კონცეფცია. PPP არის ტერმინი, რომელსაც ეკონომისტები იყენებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ვალუტის მსყიდველობითი უნარის შესადარებლად.

მარტივად რომ ვთქვათ, PPP-ის მეშვეობით შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რა რაოდენობის პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი ერთი და იმავე თანხით, სხვადასხვა ადგილას. იქნება ეს ფინჯანი ყავა ბრაზილიაში თუ ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი გერმანიაში, PPP გვაძლევს ამ ფასების სხვა ქვეყნის ფასებთან შედარების ეფექტური მეთოდით სარგებლობის საშუალებას.

მოდით დეტალურად განვიხილოთ ამ კონცეფციის მუშაობის პრინციპი და მისი მნიშვნელობა საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობის აღქმის საკითხში.

როგორ მუშაობს PPP?

მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მეთოდს საფუძვლად უდევს იდეა, რომელსაც ერთი ფასის კანონს უწოდებენ. ამ კანონის თანახმად, ხელისშემშლელი ბარიერების არარსებობის შემთხვევაში, ერთი და იმავე პროდუქტის ფასი უნდა იყოს ერთი და იგივე ნებისმიერ ადგილას, ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით. 

წარმოიდგინეთ, რომ ახალ ტელეფონს ყიდულობთ. თუ ტელეფონის ერთი და იგივე მოდელი ღირს 500 დოლარი აშშ-ში და 55 000 იენა იაპონიაში, მაშინ PPP-ის მიხედვით ვალუტის გაცვლითი კურსი იყოს 110 იენა ერთ აშშ დოლარზე. მარტივია, არა?

რა თქმა უნდა ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. არსებობს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გადასახადები, ტრანსპორტირების ხარჯები და ადგილობრივი მოთხოვნა, რის გამოც პროდუქტი უფრო ძვირად ფასობს ერთ ქვეყანაში და უფრო იაფია მეორე ქვეყანაში. შესაბამისად, ნაცვლად ერთი კონკრეტული პროდუქტის ფასზე დაკვირვებისა, ეკონომისტები იყენებენ სამომხმარებლო კალათას–- რამდენიმე სხვადასხვა პროდუქტის ნაკრებს, როგორიცაა საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ელექტროენერგია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები შეიძენენ. სამომხმარებლო კალათების ფასების შედარებით, ისინი ადგენენ სხვადასხვა ვალუტის შედარებით მსყიდველობით უნარს.

რატომ არის PPP მნიშვნელოვანი?

PPP მხოლოდ ეკონომიკის სფეროში არ გამოიყენება. ის საკმაოდ მნიშვნელოვანია რეალურ სამყაროშიც, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და ცხოვრების ღირებულების განსაზღვრა. როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ), ანუ ქვეყნის მიერ წარმოებული პროდუქტების და შემოთავაზებული სერვისების ჯამურ ოდენობაზე, ჩვენ ხშირად ვიყენებთ PPP-ს სხვადასხვა ქვეყანაში ფასებს შორის სხვაობის კორექტირების მიზნით. ამ გზით, ჩვენ გვეძლევა საშუალება უკეთ აღვიქვათ მოსახლეობის შემოსავლის და ხარჯების რეალური ოდენობა.

მაგალითისთვის განვიხილოთ ინდოეთი. ამ ქვეყნის ოფიციალურ დოკუმენტაციაში მოცემული მშპ ერთ მოსახლეზე შესაძლოა დაბალი მოგვეჩვენოს, თუ სტანდარტული გაცვლითი კურსებით ვიხელმძღვანელებთ. თუმცა, PPP-ის მეშვეობით კორექტირების შემდეგ, სადაც ხდება ცხოვრების შედარებით დაბალი ღირებულების გათვალისწინებაც, საერთო სურათი მკვეთრად იცვლება. საშუალო შემოსავალი ბევრად უფრო მაღალი გვეჩვენება სხვა ქვეყნებთან შედარებით და უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ ცხოვრების ზოგად სტანდარტთან დაკავშირებით.

ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და მსოფლიო ბანკი, იყენებენ PPP-ის მეშვეობით გათანაბრებულ GDP-ს, სიმდიდრის გლობალური განაწილების უფრო მკაფიო სურათის წარმოჩენის მიზნით.

ცხოვრების სტანდარტების შედარება

PPP-ის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო თვისებაა ის, რომ ის გვეხმარება ცხოვრების სტანდარტების შედარებაში. ადგილობრივ ფასებთან გათანაბრების გზით შეძლებთ აღიქვათ, თუ რამდენად საკმარისი იქნება თქვენი შემოსავალი სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებისთვის. 50 000 აშშ დოლარის ოდენობის წლიური შემოსავლით თავისუფლად იცხოვრებთ ერთ ქვეყანაში, თუმცა მეორე ქვეყანაში ძალიან გაგიჭირდებათ.

გაცვლითი კურსის გრძელვადიანი პროგნოზები

ვალუტის გაცვლითი კურსები შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო — ეს შეიძლება იყოს პოლიტიკა, საფონდო ბირჟები და ა.შ. თუმცა დროთა განმავლობაში, ისინი უახლოვდებიან PPP-ით შემოთავაზებულ მაჩვენებელს. ეკონომისტები მას ვალუტის კურსებთან დაკავშირებით გრძელვადიანი პროგნოზების გასაკეთებლად იყენებენ.

ეკონომიკური მაქინაციების გამჟღავნება

ზოგიერთ შემთხვევაში მთავრობები თავად ცვლიან ოფიციალურ გაცვლით კურსებს მათი ვალუტის რეალურზე მეტად გამყარების მიზნით. PPP მეტად სასარგებლო ინსტრუმენტია მსგავს სიტუაციებში, რომელიც გვეხმარება ისეთი შემთხვევების დაფიქსირებაში, სადაც ვალუტის ღირებულება ხელოვნურადაა გაზრდილი ქვეყნის მთავრობის მიერ.

PPP-ების რეალურ სამყაროში გამოყენების მაგალითები: Big Mac-ები და iPad-ები

შეიძლება გსმენიათ Big Mac-ის ინდექსის შესახებ. ეს The Economist-ის მიერ შექმნილი PPP-ის აღქმის სახალისო და მარტივი მეთოდია. მას მარტივი იდეა უდევს საფუძვლად: McDonald's-ის Big Mac-ების ფასი ერთი და იგივეა თითქმის ყველა ქვეყანაში, ამ პროდუქტის სხვადასხვა ქვეყნის ფასის შედარება გვეხმარება თითოეული ქვეყნის მსყიდველობითი უნარის მარტივად განსაზღვრაში. თუ Big Mac 5 დოლარი ღირს აშშ-ში და 3 დოლარი ინდოეთში, ეს უკვე გვაწვდის საკმარის ინფორმაციას თითოეული ქვეყნის ვალუტის ღირებულებასთან დაკავშირებით.

დროთა განმავლობაში გაჩნდა არაერთი მსგავსი შედარება, მაგალითად iPad-ის ინდექსი და KFC-ის ინდექსი. ეს ინსტრუმენტები იყენებს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს PPP-ის როლის მარტივად განსაზღვრისთვის რეალურ ცხოვრებაში.

PPP-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები

მიუხედავად იმისა, რომ PPP მეტად სასარგებლო ინსტრუმენტია, ის ნამდვილად არ არის იდეალური. პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირად იჩენს თავს, დაკავშირებულია პროდუქტების ხარისხთან. მაგალითად, კონკრეტული პროდუქტი ერთ ქვეყანაში შესაძლოა უფრო ძვირად შეფასდეს მისი მაღალი ხარისხის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ამ და სხვა ქვეყანაში შემოთავაზებულ ამავე პროდუქტს შორის არავითარი ვიზუალური სხვაობა არ არსებობს. შესაბამისად, მხოლოდ ფასების შედარება არ გახლავთ მეთოდი, რომელიც შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ნებისმიერ სიტუაციაში.

კიდევ ერთი პრობლემა დაკავშირებულია არასავაჭრო პროდუქტებთან. ზოგიერთი პროდუქტით, მაგალითად უძრავი ქონებით ან ადგილობრივი სერვისებით (მაგალითად სადალაქო სერვისი, ან ელექტროენერგია) ვაჭრობა არ ხორციელდება მსოფლიო მასშტაბით. ამ პროდუქტების ფასები შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს სხვადასხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე.

პრობლემად შესაძლოა მოგვევლინოს ინფლაციის და დროთა განმავლობაში ცვალებადობის საკითხებიც. PPP-ის გამოყენებისას თვლიან, რომ ფასები ინარჩუნებს სტაბილურობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ამ სტაბილურობას შესაძლოა ინფლაციამ ძირი ძალიან მარტივად გამოუთხაროს. ფასების შედარების შედეგები შესაძლოა აქტუალური იყოს მიმდინარე პერიოდისთვის, თუმცა ალოგიკური მოგვეჩვენოს რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ.

PPP და კრიპტოვალუტები

მიუხედავად იმისა, რომ მსყიდველობითი უნარის პარიტეტი და კრიპტოვალუტების ბაზრები არ არის პირდაპირ კავშირში ერთმანეთთან, PPP გვთავაზობს კრიპტოვალუტების სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენის და გამოყენების პროცესების ანალიზის საშუალებას.

Bitcoin და სხვა კრიპტოვალუტები საერთაშორისო აქტივებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ არის მიბმული რომელიმე ერთ ქვეყანაზე. მიუხედავად ამისა, შედარებით სუსტი ვალუტის (PPP-ის მიხედვით) მქონე ქვეყნების მოსახლეობას კრიპტოვალუტების შესაძენად უფრო მეტი თანხის გადახდა უწევთ, რაც მას ვალუტის გაუფასურებისგან დაცვის პოტენციურ საშუალებად აქცევს. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ისეთ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირდა ჰიპერინფლაცია.

შედარებით სუსტი ვალუტების ან ინფლაციის მაღალი დონის მქონე ქვეყნებში, მომხმარებლებს შეუძლიათ სტეიბლკოინების გამოყენება მსყიდველობითი უნარის შენარჩუნების მიზნით. სწორედ ამიტომ, კონკრეტულ რეგიონებში ეს ვალუტები პრაქტიკულ ფინანსურ ინსტრუმენტად მიიჩნევა. მიუხედავად სტეიბლკოინებთან დაკავშირებული გარკვეული რისკებისა, PPP-ის მეშვეობთ შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად მიზანშეწონილია მსგავს შემთხვევებში ადგილობრივი კრიპტოვალუტის სტეიბლკოინებზე გადაცვლა.

შეჯამება

მოკლედ რომ ვთქვათ, მსყიდველობითი უნარის პარიტეტი ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც გვეხმარება საერთაშორისო ფასების, შემოსავლის და ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში. მიუხედავად მისი ნაკლოვანებებისა, ამ მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია „სათამაშო ველზე“ არსებული პირობების გათანაბრება სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის შედარებისას.

არ აქვს მნიშვნელობა ეკონომისტი ხართ, რომელსაც ვალუტის კურსებთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება სურს, კომპანია, რომელიც ცდილობს ფასების განსაზღვრის სტრატეგიის შედგენას თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე მოგზაური, რომელსაც აკვირვებს პროდუქტების სიიაფე (ან სიძვირე) სხვა ქვეყნებში, PPP ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებათ.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.