მთავარი
ლექსიკონი
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)

რა არის მშპ?

მშპ, ან მთლიანი შიდა პროდუქტი გახლავთ საზომი, რომლითაც განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ეს გარკვეული ანგარიშია, რომელშიც მითითებულია ქვეყნის მიერ მიღებული შემოსავლის ოდენობა, მის საზღვრებში წარმოებული საქონლისა და სერვისების გაყიდვით.

როგორ ხდება მშპ-ის გამოთვლა?

მშპ-ის გამოსათვლელად, უნდა დავაჯამოთ ქვეყანაში დროის კონკრეტული პერიოდის, მაგალითად წელიწადის ან კვარტლის, განმავლობაში წარმოებული საქონლის და გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება. ეს მოიცავს ყველაფერს, ავტომობილების წარმოებიდან, დალაქის მომსახურებამდე და ჯანდაცვის სფერომდე. მარტივად რომ ვთქვათ, მშპ-ის ნაწილად ითვლება პირის მიერ ნებისმიერი საქონლის შესაძენად/მომსახურების მისაღებად გადახდილი საფასური.

არსებობს მშპ-ის გამოთვლის სამი ძირითადი გზა:

1. წარმოების მიხედვით: ამ მეთოდით გამოთვლისას ხდება სხვადასხვა ინდუსტრიის მიერ წარმოებული საქონლის და გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულების გათვალისწინება.
2. შემოსავლის მიხედვით: ამ მეთოდით გამოთვლისას ხდება ქვეყნის ფარგლებში მოქმედი ინდივიდუალური პირებისა თუ კომპანიების შემოსავლის, მაგალითად ხელფასების, მოგების, გადასახადების შეკრება.
3. დანახარჯების მიხედვით: ამ მეთოდით გამოთვლისას ხდება საქონელზე და მომსახურებაზე გახარჯული თანხის მთლიანი ოდენობის გამოთვლა, რაც მოიცავს მომხმარებლების, კომპანიების და მთავრობის მიერ განხორციელებულ შენაძენებს, ექსპორტთან ერთად და იმპორტის გარეშე.

რატომ არის მშპ მნიშვნელოვანი?

მშპ შესაძლოა შევადაროთ ეკონომიკის თერმომეტრს. ის გვეხმარება იმის გაგებაში, როგორ იცვლება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა - იზრდება, მცირდება თუ რჩება უცვლელი. მთავრობები, კომპანიები და ინვესტორები მშპ-ს იყენებენ სხვადასხვა გადაწყვეტილების მისაღებად. მაგალითად, მზარდი მშპ ეკონომიკური სიძლიერის მანიშნებელია და ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა კომპანიამ შესაძლოა ამ მაჩვენებლის საფუძველზე გადაწყვიტოს მეტი ინვესტიციის განხორციელება, განვითარების მიზნით. თუმცა მშპ-ის კლება შესაძლოა სხვადასხვა პრობლემის გამომწვევი მიზეზი გახდეს, როგორიცაა მაგალითად სამუშაო ძალის შემცირება, ან რეცესია.

გავლენა ფინანსურ ბაზრებზე

მშპ დიდ ზეგავლენას ახდენს ფინანსურ ბაზრებზე. მშპ-ის ზრდა ძირითადად ნიშნავს იმას, რომ კომპანიები უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებენ, ხოლო ადამიანები - ხარჯავენ. ამან შესაძლოა ინვესტორებს თავდაჯერებულობა შემატოს და უბიძგოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისკენ, როგორიცაა მეტი თანხის ინვესტირება აქციებში, ობლიგაციებსა და კრიპტოვალუტებში. მშპ-ის კლების პერიოდებში კი ინვესტორების განწყობა უარყოფითისკენ იცვლება. ისინი შესაძლოა შეშინდნენ და გადაწყვიტონ საკუთარი ინვესტიციების გაყიდვა, რაც თავის მხრივ გამოიწვევს კრიპტოვალუტებისა და აქციების ფასების შემცირებას.

დასკვნა

მშპ მნიშვნელოვანი საზომია, რომელიც გვეხმარება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის განსაზღვრაში. ქვეყნის მიერ წარმოებული და გაყიდული საქონლისა თუ სერვისების ჯამური ღირებულების გამოთვლით მიღებული მშპ-ის მაჩვენებელი, შეიძლება ითქვას, ეკონომიკური მდგომარეობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ის ზეგავლენას ახდენს მმართველი ორგანოების, კომპანიების და ინვესტორების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებზე, ტრადიციულ, ფინანსურ და ჯერ კიდევ განვითარებად კრიპტოვალუტების ბაზრებზე. მშპ-ის მნიშვნელობის გაგება დაგვეხმარება ეკონომიკის და ფინანსური ბაზრების სფეროში ეფექტურად მოქმედებაში.