მთავარი
ლექსიკონი
რაოდენობრივი შემსუბუქება (QE)

რაოდენობრივი შემსუბუქება (QE)

რა არის რაოდენობრივი შემსუბუქება (QE)?

რაოდენობრივი შემსუბუქება (QE) გახლავთ ინსტრუმენტი, რომელსაც ცენტრალური ბანკები იყენებენ არასათანადო ეკონომიკურ პირობებში, ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ეს დაახლოებით ეკონომიკისთვის ბიძგის მიცემას ჰგავს, მისი კვლავ გააქტიურების მიზნით. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ რა არის QE და როგორ მუშაობს ის.

რაოდენობრივი შემსუბუქება ხდება მაშინ, როდესაც ცენტრალური ბანკი, მაგალითად აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, ან ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) შეიძენს კონკრეტულ აქტივებს ბანკებისგან და ფინანსური დაწესებულებებისგან. ეს აქტივები შეიძლება წარმოადგენდეს სახელმწიფო ობლიგაციებს ან იპოთეკით უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებს.

როგორ მუშაობს QE?

როდესაც ცენტრალური ბანკი გადაწყვეტს QE-ს განხორციელებას, ის პირველ რიგში შეიძენს აქტივებს ბანკებისგან და სხვა ფინანსური დაწესებულებებისგან. ამის სანაცვლოდ, ბანკები იღებენ ნაღდ ფულს ცენტრალური ბანკისგან. ეს ზრდის ეკონომიკის სივრცეში მბრუნავი თანხის ოდენობას. მას შემდეგ, რაც ხელმისაწვდომი გახდება უფრო დიდი ოდენობის თანხა, ბანკებს ექნებათ კომპანიებისთვის და ინდივიდებისთვის სესხების უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთებით გაცემის შესაძლებლობა.

რატომ იყენებენ ცენტრალური ბანკები QE-ს?

ცენტრალური ბანკები QE-ს ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებენ. წარმოვიდგინოთ ეკონომიკა როგორც ავტომობილი, რომელსაც უჭირს აღმართზე ასვლა. QE არის ავტომობილის ბიძგივით, რომელიც მას ამ აღმართზე ასვლაში ეხმარება. მისი მეშვეობით შესაძლებელია გახარჯვის, ინვესტიციების და სესხების წახალისება, რომელთაგან თითოეული დადებით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე.

რა რისკებთან არის დაკავშირებული QE?

მიუხედავად იმისა, რომ QE-ს მეშვეობით შესაძლებელია ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ის გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული. ერთ-ერთ რისკს წარმოადგენს ინფლაცია. ისეთმა სიტუაციებმა, სადაც ადგილი აქვს მეტისმეტად დიდი ოდენობით ფულის ბრუნვას, შესაძლოა გამოიწვიოს ფასების სწრაფი ზრდის დაწყება, რაც გაზრდის ნებისმიერი პროდუქტისა თუ მომსახურების ფასს ყველასთვის. კიდევ ერთი რისკი მდგომარეობს იმაში, რომ QE-მ შესაძლოა მოლოდინები ვერ გაამართლოს და მეტიც, შესაძლოა ხელი შეუწყოს გარკვეული ბაბლების შექმნას კონკრეტული აქტივების ბაზრებზე, როგორიცაა მაგალითად აქციები, ან უძრავი ქონება.

QE-ს გავლენა ფინანსურ ბაზრებზე

ზოგადად, რაოდენობრივი შემსუბუქება (QE) მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ფინანსურ ბაზრებზე. როდესაც ცენტრალური ბანკები ახორციელებენ QE-ს, ისინი ფინანსურ ბაზრებს უზრუნველყოფენ დიდი მოცულობის ლიკვიდურობით, რისთვისაც ისინი შეიძენენ ისეთ აქტივებს, როგორიცაა სახელმწიფო ობლიგაციები. ლიკვიდურობის გაზრდით მცირდება საპროცენტო განაკვეთები, რითიც კომპანიებისა და ინდივიდებს ეძლევათ იაფი სესხის აღების შესაძლებლობა. საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს აქციების ფასების გაზრდა, ვინაიდან კომპანიებს შეეძლებათ ინვესტიციების განხორციელებისთვის საჭირო თანხის უფრო მარტივად და იაფად სესხება. გარდა ამისა, QE შესაძლოა გახდეს ამა თუ იმ ვალუტის გაუფასურების მიზეზი. ეს გამოწვეულია ფულის ჭარბი რაოდენობით, რაც შესაძლოა სარგებლის მომტანი იყოს ექსპორტისთვის, თუმცა ამან შეიძლება გაზარდოს ინფლაციური წნეხი. საერთო ჯამში, QE მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსური დინამიკის განსაზღვრაში, ზეგავლენას ახდენს აქტივების ფასებზე, თანხის სესხებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე და გაცვლით კურსებზე.

QE-ს გავლენა კრიპტოვალუტის ბაზრებზე

QE-ს ზეგავლენა კრიპტოვალუტების ბაზრებზე საკმაოდ სადავო საკითხია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ QE შესაძლოა გახდეს ისეთი კრიპტოვალუტების ღირებულების გაზრდის მიზეზი, როგორიცაა Bitcoin, რადგან ის იწვევს ტრადიციული ვალუტების მიწოდების ზრდას, რაც Bitcoin-ის მსგავს ალტერნატივებს უფრო მიმზიდველს ხდის. სხვები ამტკიცებენ, რომ QE არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას კრიპტოვალუტების ფასებზე, რადგან ისინი მოქმედებენ ტრადიციული მონეტარული პოლიტიკისგან სრულიად დამოუკიდებლად.

QE და COVID-19-თან დაკავშირებული კრიზისი

2020 წლის COVID-19 პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური შედეგების საპასუხოდ, მსოფლიოს არაერთმა ცენტრალურმა ბანკმა მიიღო მკაცრი რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) ზომები. ბიზნესების შეჩერების, უმუშევრობის ზრდის და ეკონომიკური აქტივობების შეჩერების ფონზე, ცენტრალური ბანკები ცდილობდნენ დიდი რაოდენობით ლიკვიდურობის უზრუნველყოფას ფინანსური ბაზრებისთვის და არც თუ ისე სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების ხელშეწყობას. 

მაგალითად, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გამოაცხადა შეუზღუდავი QE, რაც მიუთითებდა მის გადაწყვეტილებაზე აქტივების შეძენასთან დაკავშირებით, ბაზრების სტაბილიზაციის და ფინანსური სისტემის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. ანალოგიური ქმედებები განხორციელეს სხვა ცენტრალურმა ბანკებმაც. QE-მ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ინვესტორების შიშების გაქრობის, თანხის სესხებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების და კომპანიებისა და ოჯახებისთვის საჭირო დახმარების გაწევის პროცესებში, უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს.

დასკვნა

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაოდენობრივი შემსუბუქება გახლავთ ინსტრუმენტი, რომელსაც ცენტრალური ბანკები იყენებენ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რისთვისაც ისინი შეიძენენ აქტივებს ბანკებისგან და შემოაქვთ ნაღდი ფული სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტრუმენტის მეშვეობით შესაძლებელია ეკონომიკური აქტიურობის ხელშეწყობა, მასთან დაკავშირებულია არაერთი რისკიც, როგორიცაა მაგალითად ინფლაცია და აქტივების ბაბლები. მისი ზეგავლენა კრიპტოვალუტების ბაზრებზე დღემდე განხილვის საგანს წარმოადგენს ეკონომისტებსა და ინვესტორებს შორის.