მთავარი დეტალები
BscScan არის ბლოკჩეინ-ექსპლორერი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად მიიღონ ინფორმაცია ტრანზაქციების, საფულის ბალანსების და სმარტ-კონტრაქტების შესახებ BNB Smart Chain-ზე (BSC).
გარდა ამისა, ის მომხმარებლებს სთავაზობს ფუნქციების მრავალფეროვან ასორტიმენტს, რაც მოიცავს გაზის საკომისიოების მონიტორინგს, BEP-20 ტოკენების ტრეკინგს და უნიკალური მისამართების რაოდენობის შემოწმებას.
ეს მონაცემები ეხმარება მომხმარებლებს ქსელის აქტივობის დონის შეფასებაში, მაღალი დატვირთვის პერიოდების ამოცნობაში, ტოკენების დინამიკის შეფასებაში, რაც მეტად სასარგებლოა ინვესტორებისთვის, ტრეიდერებისთვის და ბლოკჩეინის დეველოპერებისთვის.
შესავალი
ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ საჯარო ბლოკჩეინებზე წვდომისთვის არ არის საჭირო რაიმე სახის ნებართვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გამოყენება შეუძლია მისამართის მფლობელ ნებისმიერ პირს. თუმცა, იცით თუ არა, რომ ნებართვა არც ბლოკჩეინზე რაიმე სახის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისთვის არის საჭირო? შესაბამისი გამოცდილების და ცოდნის მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია საკუთარი DApp-ის გაშვება ბლოკჩეინზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
სწორედ ეს უწყობს ხელს პროგრამული სიახლეების სწრაფად დანერგვას დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სივრცეში. BNB Smart Chain (BSC) ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ბლოკჩეინია, თუმცა მისი განვითარება და გაუმჯობესება საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, მაინც რამდენად სწრაფია ეს ტემპი? ამის გასაგებად არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი უამრავი on-chain მონაცემი, რომელთა მეშვეობითაც ტრეიდერებს და ინვესტორებს შეუძლიათ ქსელის აქტივობის დონის შემოწმება.
BscScan ბლოკჩეინ-ექსპლორერი დაგეხმარებათ ამ და სხვა, თქვენთვის სასურველ მონაცემებზე წვდომის სწრაფად და მარტივად მოპოვებაში.
რა არის BscScan?
BscScan არის ბლოკჩეინ-ექსპლორერი, რომელიც შექმნილია იმავე გუნდის მიერ, რომელმაც შექმნა Etherscan. ეს გახლავთ BNB Smart Chain-ის მონაცემთა ანალიზის პლატფორმა, რომელიც კიდევ სხვა მრავალი ფუნქციით და მახასიათებლითაა აღჭურვილი. ეს ინფორმაციის საკმაოდ ეფექტურ წყაროს წარმოადგენს მათთვის, ვისაც სურს BSC-ზე გაშვებული DeFi პროექტებისთვის თვალის დევნება.
ამ ყველაფერთან ერთად, BSC-ის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი მიზნებითაც:
1. ტრანზაქციების მოძიება და მათი სტატუსის შემოწმება.
2. ბლოკჩეინზე დამატებული უახლესი ბლოკების ნახვა.
3. საფულეების ბალანსის და მათი მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქციის შემოწმება.
4. ბლოკჩეინზე გაშვებული სმარტ-კონტრაქტების მოძიება, წაკითხვა და გამოყენება.
5. ტოკენების და სხვა კრიპტოვალუტების მარაგთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება.
ამ ინფორმაციის მოპოვება სრულიად უფასოდ, ავტორიზაციის გავლის გარეშეა შესაძლებელი. ბლოკჩეინ-ექსპლორერის მარტივი ინტერფეისის მეშვეობით სასურველ მონაცემებს სწრაფად და მარტივად მოიპოვებთ.
BscScan-ის გამოყენების უპირატესობები
BscScan შექმნილია სანდო რეპუტაციის მქონე დეველოპერთა გუნდის მიერ, რომლებმაც ასევე შექმნეს EtherScan, რომელიც წარმოადგენს Ethereum-ის საკმაოდ პოპულარულ ბლოკ-ექსპლორერს. გარდა სანდო რეპუტაციისა, BscScan გამოირჩევა იმით, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია ბლოკჩეინ სივრცეში სასურველი ინფორმაციის სწრაფად და მარტივად მოპოვება. ექსპლორერის გამოსაყენებლად, მისი მეშვეობით საბაზისო პრობლემების გადასაჭრელად და შეკითხვებზე პასუხების მისაღებად, მხოლოდ მის გამოყენებასთან დაკავშირებით საბაზისო ცოდნის ფლობაა საჭირო.
მაგალითად იმის ცოდნა, თუ როგორ ხდება BscScan-ის მეშვეობით სმარტ კონტრაქტის მოძიება, სასარგებლო უნარია DApp-ების მომხმარებლებისთვის. ამ ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია იმის შემოწმება, არის თუ არა კონკრეტული სმარტ კონტრაქტი ვერიფიცირებული და ასევე შესაძლებელია მათი BscScan-ის მეშვეობით გამოყენებაც (რაც საკმაოდ მოსახერხებელია, როდესაც DApp-ის API არ მუშაობს). თუმცა, გარდა სმარტ კონტრაქტების და სტანდარტული ტრანზაქციების შემოწმებისა, არსებობს კიდევ უამრავი სხვა საჭირო on-chain ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა.
მაგალითად, შეგიძლიათ დააყენოთ „ვეშაპის“ აქტივობის შესახებ შეტყობინებები დიდი მოცულობის ტრანზაქციებზე მონიტორინგის მიზნით. ზოგიერთ შემთხვევაში, დიდი ოდენობის კრიპტოვალუტის ბირჟაზე გატანა შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ მალე გაყიდვები დაიწყება. გარდა ამისა, შეგიძლიათ იხილოთ DeFi პროტოკოლის დამფუძნებლების საფულეებიც და თვალი ადევნოთ მათი ტოკენების მოძრაობას. განვიხილოთ BscScan-ის ყველაზე ხშირად გამოყენებული ფუნქციები და მისი მეშვეობით ყველაზე ხშირად მოპოვებული მონაცემების ტიპები.
როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია BNB Smart Chain-ის გაზის საშუალო ფასის შესახებ?
პირველ რიგში, გადადით ჩანართზე [რესურსები], დააწკაპუნეთ ღილაკზე [დიაგრამები და სტატისტიკა], შემდეგ კი დააწკაპუნეთ ღილაკზე [გაზის საშუალო ფასის სტატისტიკა].
ეკრანზე გამოჩნდება დიაგრამა, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია გაზის საშუალო ფასის შესახებ, რომელიც გამოიყენება მომხმარებლების მიერ BSC ტრანზაქციების განხორციელებისას გადასახდელი გაზის საკომისიოების გამოსათვლელად.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, BSC-ს საკომისიოები შედარებით დაბალია. BSC-ის შემთხვევაში, 1 gwei უდრის 0,000000001 BNB-ს. და თუ გაზის საშუალო ფასი არის 3,5 gwei, მაშინ 100 BNB-ის გაგზავნის შემთხვევაში გადასახდელი საკომისიოს ოდენობა ათ ცენტზე ნაკლები იქნება. რეალურად, ამ ოდენობაზე ათჯერ ან ასჯერ მეტი ერთეულის გაგზავნის შემთხვევაშიც გადასახდელი თანხის ოდენობაც კი 30 ცენტზე ნაკლები იქნება.
ტრანზაქციების ისტორია გვიჩვენებს, რომ არსებობს შემთხვევები, სადაც მომხმარებლები ჩვეულებრივზე მაღალ საკომისიოებს იხდიდნენ. ზოგიერთ მომხმარებელს ძველი ჩვევები Etherum-ის ან სხვა ბლოკჩეინების გამოყენების პერიოდიდან გამოჰყვა. თუმცა, რეალურად ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს. BNB Smart Chain-ზე დატვირთვის დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია, შესაბამისად, ქსელზე არსებული სტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში, 3,5 gwei-ს ოდენობის საკომისიოს გადახდა ნებისმიერი მარტივი ტრანზაქციისთვის სრულიად საკმარისი უნდა იყოს.
როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია BNB Smart Chain-ის უნიკალური მისამართების რაოდენობის შესახებ?
BscScan-ის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია უნიკალური მისამართების რაოდენობასთან დაკავშირებით შესანიშნავი საშუალებაა იმის განსაზღვრისთვის, თუ დაახლოებით რამდენი მომხმარებელი ჰყავს ქსელს. უნიკალური მისამართების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, უნდა გადახვიდეთ ჩანართზე [რესურსები] და დააწკაპუნოთ ღილაკზე [დიაგრამები და სტატისტიკა]. ამის შემდეგ კი უნდა დააწკაპუნოთ ღილაკზე [უნიკალური მისამართების დიაგრამა].
გამოდის, რომ თუ ბლოკჩეინს აქვს 100 უნიკალური მისამართი, მას 100 უნიკალური მომხმარებელი ჰყავს? არავითარ შემთხვევაში! ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია რამდენიმე მისამართის შექმნა. თუმცა კრიპტოგრაფიის მაგიის მეშვეობით, ასეთ შემთხვევებშიც კი მისამართების რაოდენობა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ამოიწურება. გარდა ამისა, საკმაოდ რთულია იმის გარკვევა, ეკუთვნის თუ არა ეს მისამართები ერთსა და იმავე სუბიექტს.
ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია რამდენიმე მისამართის შექმნა და ეს მაჩვენებელი ვერ გვაწვდის ზუსტ ინფორმაციას მომხმარებლების რაოდენობასთან დაკავშირებით. თუმცა უნიკალური მისამართების რაოდენობის დადგენით შეგვიძლია დაახლოებით განვსაზღვროთ რამდენად დიდი ან პატარაა ქსელის მომხმარებელთა ბაზა.
როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია BNB Smart Chain-ზე ყოველდღიურად განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის შესახებ?
ეს დიაგრამა გვიჩვენებს BNB Smart Chain-ზე კონკრეტული დრის განმავლობაში განხორციელებული ტრანზაქციების ჯამურ რაოდენობას. სხვა მონაცემებთან ერთად, ეს დიაგრამაც ხელმისაწვდომია განყოფილებაში [დიაგრამები და სტატისტიკა].
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სმარტ კონტრაქტის შემთხვევაში საჭიროა სხვებთან შედარებით უფრო მეტი ტრანზაქციის განხორციელება, ეს დიაგრამა გვიქმნის წარმოდგენას ქსელის აქტივობის და შესაძლო გადატვირთულობის დონის შესახებ. გარდა ამისა, ის გვეხმარება იმის დადგენაში, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ქსელი.
რომელია ტოპ BEP-20 ტოკენები?
Token Tracker გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ თვალი ადევნოთ BEP-20 ტოკენებს, მათი საბაზრო კაპიტალიზაციას და ტრანზაქციების დღიური მოცულობის მაჩვენებლებს. ეს შეგიქმნით ზოგად წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რომელ ტოკენებს აქვს ყველაზე მაღალი ჯამური ღირებულება და ვაჭრობის მოცულობა BSC ბლოკჩეინზე.
ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ტოკენის მონაცემების ფაქტორი. ტოკენის/კონტრაქტის მფლობელებმა შესაძლოა განაახლონ ტოკენის მონაცემები BscScan-ზე, მომხმარებლებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება BscScan-ის მიერ ტოკენის კონტრაქტის მისამართის დადასტურება, ის ვერ მიიჩნევა სანდოდ.
ამ გვერდზე მრავლად შეხვდებით შეფუთულ ტოკენებს. ისინი გახლავთ მონეტის ან ტოკენის ტოკენიზებული ვერსიები, რომლებიც ეკუთვნის სხვა ბლოკჩეინს. ამის ერთ-ერთ მაგალითს Binance-Peg ETH წარმოადგენს.
ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ, გაყიდოთ ETH-ის BSC ვერსია და ივაჭროთ მისი მეშვეობით თქვენი BSC ფინანსების Ethereum ბლოკჩეინზე გადატანის საჭიროების გარეშე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, BSC-ზე განთავსებული შეფუთული ETH გახლავთ ორიგინალი ETH-ის ტოკენიზებული ვერსია, რომელიც ეკუთვნის Ethereum ბლოკჩეინს.
არის თუ არა BscScan თავსებადი NFT-ებთან?
BSC-ზე არსებული ნებისმიერი სხვა ციფრული აქტივის მსგავსად, აქ შესაძლებელია სასურველი NFT-ების და მათი სმარტ კონტრაქტების მოძიება. BEP-721 და BEP-1155 ტოკენები BSC-ის NFT-ების ყველაზე გავრცელებული სტანდარტებია. განვიხილოთ ისინი მაგალითების სახით. ქვემოთ მოცემულია PancakeSwap NFT Pancake Squad კოლექციიდან:
მისი კონტრაქტის მისამართის (0x0a8901b0E25DEb55A87524f0cC164E9644020EBA) დაკოპირების და BscScan-ის საძიებო ველში ჩასმის შემთხვევაში მივიღებთ ინფორმაციას კონტრაქტის შემქმნელის და ტოკენის ტრეკერის შესახებ.
Token Tracker-ის ბმულზე დაწკაპუნების შემთხვევაში მივიღებთ ინფორმაციას საერთო მარაგის, მფლობელების რაოდენობის და ჯამური გადარიცხვების შესახებ. გარდა ამისა, თითოეული მონაცემის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ჩანართებზე, სადაც ასევე შეძლებთ ისეთი ინფორმაციის მოწოდებას, როგორიცაა ინვენტარიზაციის ნომერი და კონტრაქტის საწყისი კოდი.
როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია BNB Smart Chain-ის ვალიდატორების შესახებ?
მარტივად რომ ვთქვათ, ვალიდატორები არიან პირები, რომელთა პასუხისმგებლობასაც BSC-ის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. BNB-ის სტეიკინგის მეშვეობით ისინი ამუშავებენ ტრანზაქციებს და ადასტურებენ ახალ ბლოკებს ბლოკჩეინზე. სანაცვლოდ ისინი იღებენ ქსელის აქტივობის შედეგად გენერირებულ ტრანზაქციის საკომისიოებს.
BNB Smart Chain იყენებს კონსენსუსის მექანიზმს, რომელსაც Proof of Staked Authority (PoSA) ეწოდება. კონსენსუსის ამ მოდელის მეშვეობით ხდება ბლოკების დადასტურების დროის და ტრანზაქციების საკომისიოების ოდენობის შემცირება. BNB Smart Chain-ის ტოპ ვალიდატორების შესამოწმებლად უნდა გადახვიდეთ ჩანართზე [ვალიდატორები] და იხილოთ ვალიდატორების სარეიტინგო დაფა.
ვის შეუძლია გახდეს ვალიდატორი? რეალურად, ვალიდატორი შეიძლება ნებისმიერი მსურველი გახდეს, თუმცა საჭიროა საკმაოდ მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ეს იმიტომაა საჭირო რომ, ეს პროცესები უშუალო ზეგავლენას ახდენს ქსელის უსაფრთხოებაზე. თუ გსურთ მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გახდეთ ვალიდატორი BNB Smart Chain-ზე, იხილეთ BNB Chain-ის ოფიციალური დოკუმენტაცია.
როგორ ხორციელდება სმარტ კონტრაქტების ვერიფიკაცია BscScan-ზე?
BscScan-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი კონტრაქტის მისამართის ვერიფიკაციის განხორციელება და იმის შემოწმება, ემთხვევა თუ არა შეყვანილი კოდი ბლოკჩეინზე მომუშავე კონტრაქტის კოდს. ამის ამოცნობა მარტივია - კონტრაქტის გვერდით, ინსტრუმენტების პანელზე მოცემული იქნება მწვანე ნიშანი და შეტყობინება [კონტრაქტის საწყისი კოდი ვერიფიცირებულია].
მომხმარებლებისთვის კოდის ვერიფიკაციის და აუდიტის დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობის მინიჭება საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ის ხელს უწყობს BNB Smart Chain-ის გამჭვირვალობის საერთო დონის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მომხმარებლებს გააჩნიათ სმარტ კონტაქტებთან პირდაპირი ურთიერთქმედების შესაძლებლობა, რისთვისაც საჭიროა ისეთი კრიპტო საფულის დაკავშირება, როგორიცაა MetaMask.
შეჯამება
არ აქვს მნიშვნელობა DeFi ვეტერანი ხართ თუ BSC ქსელის ახალბედა მომხმარებელი, BscScan-ის გამოყენების პრინციპების შესწავლა დაგეხმარებათ ბლოკჩეინის სივრცის ეფექტურად გამოყენებაში. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ კრიპტოვალუტების ბაზრებისთვის დამახასიათებელია არაპროგნოზირებადობა და აქ ხშირია მკვეთრი მერყეობის პერიოდებიც. სავაჭრო სივრცეში წარმატების მისაღწევად აუცილებელია საკუთარი მოკვლევის წარმოება. ეს შესაძლოა გულისხმობდეს იმის შემოწმებას, არის თუ არა ტოკენი ვერიფიცირებული BscScan-ის გუნდის მიერ, აქვს თუ არა მას ღია კოდი და არის თუ არა განხორციელებული აუდიტი მასთან დაკავშირებით. ასევე საჭიროა პროექტის ბლოგის და სოციალური ქსელების მონახულება უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით. გარდა ამისა, ნებისმიერ პროცესში ჩართვამდე აუცილებელია DeFi პროექტებში მონაწილეობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოპოვება.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.