TL;DR
PancakeSwap გახლავთ დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX), რომელიც ხელმისაწვდომია მრავალ სხვადასხვა ბლოკჩეინ ქსელზე.
ის იყენებს ავტომატური მარკეტ-მეიკერის (AMM) მოდელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობა ხორციელდება ლიკვიდურობის პულების და არა ტრადიციული შეკვეთების წიგნების მეშვეობით.
PancakeSwap მომხმარებლებს სთავაზობს მრავალ სხვადასხვა ფუნქციასა და პროდუქტს, როგორიცაა მაგალითად ტოკენების სვოპი, ლიკვიდურობის პულები, შემოსავლის ფარმინგი, ლიმიტ-შეკვეთები, NFT-ები, Web3 თამაშები და სხვა.
შესავალი
დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) რადიკალურმა ცვლილებამ შეცვალა ვაჭრობისა და ინვესტირების მეთოდები. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით, DeFi პლატფორმები მომხმარებელს სთავაზობს გამჭირვალობის გაუმჯობესებულ დონეს, ავტონომიას და წვდომას ფინანსურ სერვისებზე.
DeFi პროტოკოლების განვითარების საწყის ეტაპზე შეიქმნა მრავალი სხვადასხვა პლატფორმა და დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX). თავდაპირველად ისინი განთავსებული იყო Ethereum-ის ბლოკჩეინზე, მისი სმარტ კონტრაქტის შესაძლებლობების გამო. თუმცა, დღესდღეობით არსებობს სხვადასხვა ქსელებზე გაშვებული რამდენიმე DeFi პლატფორმა, მათ შორის BNB Chain, Polygon, Solana და მრავალი სხვა.
ამ ქსელებს, როგორც სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერის მქონე ბლოკჩეინებს, გააჩნია მომხმარებლების და დეველოპერების მზარდი ბაზა და შესაბამისი ინსტრუმენტები ეფექტური დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად (DApps). ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ PancakeSwap-ს, მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერის მქონე დეცენტრალიზებულ ბირჟას.
რა არის PancakeSwap?
PancakeSwap გახლავთ 2020 წელს გაშვებული დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX). საწყის ეტაპზე, ის ძირითადად გამოიყენებოდა BEP-20 ტოკენების სვოპისთვის BNB Smart Chain-ზე (BSC), თუმცა მოგვიანებით ის გავრცელდა სხვა ბლოკჩეინებზეც.
დღესდღეობით PancakeSwap-ს ასევე გააჩნია ERC-20-ის და სხვა ტოკენის სტანდარტების მხარდაჭერაც. BSC-ის გარდა, PancakeSwap-ის გამოყენება შესაძლებელია სხვა ბლოკჩეინებზეც, როგორიცაა მაგალითად Ethereum, Polygon, Arbitrum და სხვა.
PancakeSwap ბირჟა
PancakeSwap ბირჟა იყენებს ავტომატური მარკეტ-მეიკერის (AMM) მოდელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პლატფორმაზე შესაძლებელია ციფრული აქტივებით ვაჭრობა, ცენტრალიზებული ბირჟის საჭიროების გარეშე. აქ არ არსებობს შეკვეთების წიგნი, რომელიც გამოიყენება თანმხვედრი შეკვეთების მოძიებისთვის. ამის ნაცვლად, ვაჭრობა ხორციელდება ლიკვიდურობის პულთან მიმართებაში.
ეს პულები ივსება სხვა მომხმარებლების აქტივებით. პულში აქტივების განთავსების სანაცვლოდ, ისინი იღებენ ლიკვიდურობის პროვაიდერის (LP) ტოკენებს. ამ ტოკენებით მათ შეუძლიათ საკუთარი წილის დაბრუნება და ამასთანავე, ვაჭრობის საკომისიოს ნაწილის მიღება. მოკლედ რომ ვთქვათ, შესაძლებელია ტოკენებით ვაჭრობა ან ლიკვიდურობის დამატება და სანაცვლოდ ჯილდოების მიღება.
PancakeSwap V3
აღსანიშნავია, რომ PancakeSwap V3 გაშვებულ იქნა 2023 წლის აპრილში. მას დაემატა ახალი ფუნქციები და პროდუქტის განახლებები, მათ შორის არაჩანაცვლებადი ლიკვიდურობის პოზიციები, ფასების რეგულირებადი დიაპაზონი, გაუმჯობესებული ლიკვიდურობის და ვაჭრობის ეფექტურობის დონე.
განვიხილოთ PancakeSwap-ის ბირჟის ძირითადი მახასიათებლები.
PancakeSwap-ის ძირითადი მახასიათებლები
ლიკვიდურობის პულები
PancakeSwap-ის ლიკვიდურობის პულები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტოკენების სვოპის პროცესის ხელშეწყობაში. მომხმარებლებს შეუძლიათ ამ პულებში ლიკვიდურობის დამატება და სანაცვლოდ LP ტოკენების მიღება, რაც არამხოლოდ შეესაბამება ლიკვიდურობის პულის მათ კუთვნილ წილს, არამედ ანიჭებს მომხმარებლებს ვაჭრობის საკომისიოს სახით დამატებითი ჯილდოების მიღების შესაძლებლობას.
შემოსავლის ფარმინგის მეშვეობით, ლიკვიდურობის პროვაიდერებს შეუძლიათ დამატებითი ჯილდოების მიღება, მაგალითად, LP ტოკენების სმარტ კონტრაქტებში განთავსებით, მათ შეუძლიათ CAKE ტოკენების მიღება. ფარმინგის პირველადი შემოთავაზება (IFOs), მომხმარებლებს აძლევს ღონისძიების პერიოდში ახალი ტოკენების შეძენის საშუალებას.
ტოკენების სვოპი და Smart Router
PancakeSwap-ზე ტოკენების სვოპის პროცესის მიმდინარეობის გასამარტივებლად გამოიყენება Smart Router (ჭკვიანი მარშრუტიზატორი), რომელიც ახორციელებს ვაჭრობების გადამისამართებას და მათ დაკავშირებას სხვადასხვა ლიკვიდურობის წყაროებთან, როგორებიცაა PancakeSwap V3, V2, StableSwap, და მარკეტ-მეიკერებთან როგორც BNB Smart Chain-ზე, ასევე Ethereum-ზე.
მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარუ ვაჭრობების პერსონალიზება, ლიკვიდურობის წყაროების შერჩევა და მარშრუტიზაციის პრეფერენციების შეცვლა. სხვადასხვა პულში საუკეთესო ფასის მოძიებით, Smart Router უზრუნველყოფს ვაჭრობის ოპტიმალურ აღსრულებას.
ლიმიტ-შეკვეთები სასურველი ფასის მისაღებად
PancakeSwap-ის მიერ ლიმიტ-შეკვეთების ფუნქციის დანერგვა მომხმარებლებს საკუთარ ვაჭრობების უფრო მეტად კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. მომხმარებლებს შეუძლიათ მიუთითონ ტოკენის ყიდვის ან გაყიდვის სასურველი ფასი, ამის შემდეგ შეკვეთა აღსრულდება, როდესაც საბაზრო ფასი მიაღწევს კონკრეტულ ლიმიტ-ფასს ან უკეთეს ფასს.
მარკეტ-მეიკერის ინტეგრაცია
PancakeSwap-ის და მარკეტ-მეიკერების ინტეგრაცია Ethereum-ზე და BNB Smart Chain-ზე აუმჯობესებს ვაჭრობის ეფექტურობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ხდება ვაჭრობების ავტომატური გადამისამართება და მარკეტ-მეიკერებთან დაკავშირება, რაც მომხმარებლებს სთავაზობს აღსრულების უკეთეს ფასებს AMM-სთან შედარებით. მსგავსი ინტეგრაციის მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს უფრო ეკონომიური სავაჭრო ვარიანტები და გაუმჯობესებული ლიკვიდურობა.
Zap ფუნქცია
როგორც წესი, მომხმარებლებმა, რომელთაც სურთ ლიკვიდურობის მიწოდება DeFi პლატფორმებისთვის, ლიკვიდურობის პულში უნდა განათავსონ ტოკენების წყვილი. PancakeSwap-ის Zap ფუნქცია ამარტივებს ლიკვიდურობის მიწოდებას და მომხმარებლებს ანიჭებს ერთი ტოკენით და ერთი დაწკაპუნებით ლიკვიდურობის დამატების ან ამოღების შესაძლებლობას.
მომხმარებლებს ლიკვიდურობის დამატება შეუძლიათ დაუბალანსებელი ტოკენების წყვილებით, Zap კი ავტომატურად დააბალანსებს მათ 50/50 პროპორციამდე. ლიკვიდურობის ამოღების დროს, Zap მომხმარებლებს აძლევს სავაჭრო წყვილის მხოლოდ ერთი ტოკენის მიღების საშუალებას, რაც ამარტივებს პროცესის მიმდინარეობას.
PancakeSwap-თან დაკავშირება
PancakeSwap პლატფორმაზე შესვლის დროს, თქვენ შეამჩნევთ, რომ მისი ბევრი ფუნქცია არ იქნება ხელმისაწვდომი საფულის დაკავშირებამდე. ღილაკზე „საფულის დაკავშირება“ დაწკაპუნების შემდეგ, თქვენ იხილავთ სხვადასხვა ვარიანტს: MetaMask, Trust Wallet, WalletConnect, Binance Chain Wallet და სხვა.
თუ არ იცით, თუ როგორ უნდა დაუკავშიროთ თქვენი MetaMask საფულე BSC-ის ქსელს, იხილეთ შემდეგი გზამკვლევი: MetaMask-ის დაკავშირება BNB Smart Chain-თან.
თუ დაკავშირება წარმატებით განხორციელდა, გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება თქვენი საფულის ID.
ლიკვიდურობის დამატება
თუ ადრე იყენებდით რომელიმე AMM-ს, მაშინ გეცოდინებათ, თუ რა უნდა გააკეთოთ. CAKE-ის ფარმინგისთვის, პირველ რიგში საჭიროა ბირჟაზე ლიკვიდურობის დამატება.
1. გადადით ჩანართზე „ვაჭრობა“, დააწკაპუნეთ ღილაკზე „ლიკვიდურობა“, შემდეგ კი დააწკაპუნეთ ღილაკზე „ლიკვიდურობის დამატება“.
2. აირჩიეთ ტოკენების წყვილი, რომლის შეტანაც გსურთ (მაგ., BNB და CAKE). პულში ლიკვიდურობის დამატებამდე დარწმუნდით, რომ აცნობიერებთ დროებით ზარალთან დაკავშირებულ რისკებს.
3. პლატფორმა ავტომატურად შეარჩევს ყველაზე პოპულარულ საკომისიოს დონეს.
4. შეარჩიეთ ლიკვიდურობის მიწოდების ფასის დიაპაზონი. მიწოდებული ლიკვიდურობის ოდენობა არ გაცდება მითითებულ დიაპაზონს, შესაბამისად მცირე დიაპაზონის დაყენება მიიჩნევა უფრო უსაფრთხოდ.
5. როცა მზად იქნებით, მიუთითეთ დეპოზიტის თანხა და დააწკაპუნეთ ღილაკზე „ლიკვიდურობის დამატება“.
6. იმისათვის, რომ პლატფორმას მისცეთ თქვენი ტოკენების გამოყენების შესაძლებლობა და საბოლოო ეტაპზე მოხდეს პულში ლიკვიდურობის დამატება, თქვენს საფულეში უნდა დაადასტუროთ რამდენიმე ტრანზაქცია.
ლიკვიდურობის დამატების და ამოღების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ PancakeSwap-ის დოკუმენტაცია.
ფარმინგი
ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ LP ტოკენების სტეიკინგი CAKE ან სხვა აქტივების მისაღებად. ამისათვის, უნდა გადახვიდეთ ჩანართზე „ფერმები“ და აირჩიოთ თქვენი LP ტოკენების შესაბამისი ვარიანტი.
თქვენ უნდა დაადასტუროთ ტოკენების გადატანა, რაც კონტრაქტს ამ ტოკენების თქვენი სახელით გატანის საშუალებას მისცემს. ღილაკზე „კონტრაქტის დადასტურება“ დაწკაპუნების შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება კონტექსტური ფანჯარა, სადაც იხილავთ ტრანზაქციის დადასტურების მოთხოვნას და საკომისიოს ოდენობას.
ტრანზაქციის დადასტურების შემდეგ, უბრალოდ აირჩიეთ სტეიკინგის თანხა და დაადასტურეთ. თქვენ შეგიძლიათ დახუროთ ეს გვერდი და მოგვიანებით ნებისმიერ დროს დაუბრუნდეთ მას თქვენ მიერ გამომუშავებული CAKE-ის ოდენობის შესამოწმებლად – თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიიღოთ გამომუშავებული ჯილდო, რისთვისაც უნდა დააწკაპუნოთ ღილაკზე „Harvest“ და დაადასტუროთ ტრანზაქცია.
ლატარია
თქვენი CAKE-ის გამოყენების კიდევ ერთი გზაა მისი საშუალებით PancakeSwap ლატარიაში მონაწილეობა, რომელიც სმარტ კონტრაქტების მეშვეობით კონტროლდება.
თითოეული ლატარიის ბილეთის ღირებულებაა 5 აშშ დოლარი CAKE ტოკენებში, რისი გადახდის შემდეგაც თქვენ იღებთ შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ექვსი ციფრისგან შემდგარ კომბინაციას (მაგ, 9-1-3-9-6-2). ჯეკპოტის მისაღებად, თქვენი ბილეთის ციფრები უნდა დაემთხვეს მომგებიანი ბილეთის ციფრების პოზიციებს.
რა მოხდება, თუ ყველა ციფრი არ დაემთხვა? ნუ იდარდებთ. ჯილდოების მიღებას შეძლებთ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი ერთი ან რამდენიმე ციფრის პოზიცია დაემთხვა მომგებიანი ბილეთის ციფრების პოზიციებს.
ლატარიის პრიზების ოდენობა დამოკიდებულია თქვენ მიერ ბილეთების შესაძენად გამოყენებული CAKE-ის რაოდენობაზე და ასევე იმ CAKE-ის რაოდენობაზე, რომელიც არ გაგიტანიათ ლატარიის წინა გათამაშებების შემდეგ. გარდა ამისა, პერიოდულად მოხდება CAKE ტოკენების გაცემა PancakeSwap-ის ხაზინიდან.
არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFT)
PancakeSwap-ს ასევე აქვს არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) სავაჭრო ბირჟა, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ, გაყიდოთ და შეაგროვოთ BNB Smart Chain-ზე არსებული უნიკალური აქტივები.
თამაშების სავაჭრო პლატფორმა
გარდა ამისა, PancakeSwap-ს აქვს Web3 თამაშების სავაჭრო პლატფორმა, სადაც ხდება PancakeSwap-ის პარტნიორი დეველოპერების მიერ შექმნილი თამაშების გამოქვეყნება. მაგალითად, თამაში, სახელწოდებით Pancake Protector, გამოქვეყნებულია Mobox გუნდის მიერ.
პლატფორმა ხელმისაწვდომია თამაშების დეველოპერებისთვის, რომლებიც ეძებენ საკუთარი თამაშების გამოქვეყნების გზებს, თუმცა თამაშების შერჩევა გარკვეულ კრიტერიუმებზეა დაფუძნებული და ამ დროს ხდება გარკვეული საკითხების გათვალისწინება, როგორიცაა დეველოპერების გამოცდილება, PancakeSwap-ის ელემენტებთან თავსებადობა, თამაშის შემუშავების გეგმა და ტექნიკური და საზოგადოების მხარდაჭერა.
არის თუ არა PancakeSwap უსაფრთხო?
PancakeSwap-ის აუდიტი განხორციელდა CertiK-ის მიერ და ის წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას DeFi სივრცეში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მისი გამოყენება სრულიად უსაფრთხოა? ყოველთვის არა. აქტივების სმარტ კონტრაქტებში განთავსებას ყოველთვის თან ახლავს ხარვეზებთან დაკავშირებული გარკვეული რისკები მაშინაც კი, თუ პროექტი მაღალი რეპუტაციით სარგებლობს და გავლილი აქვს აუდიტი. ასევე არსებობს ფინანსური ზარალის განცდის რისკი ვაჭრობის ან ლიკვიდურობის მიწოდების დროს. დეპოზიტი განახორციელეთ მხოლოდ იმდენი თანხით, რამდენის დაკარგვაც შეგიძლიათ.
შეჯამება
DeFi პირველად Ethereum-ზე იქნა გაშვებული, თუმცა ისეთი ინიციატივების წყალობით, როგორიცაა PancakeSwap, ინოვაციების ეს ტალღა სხვა ბლოკჩეინებზეც გავრცელდა.
PancakeSwap ჩამოყალიბდა მრავალფეროვან, საზოგადოების მიერ მართულ პლატფორმად და დეცენტრალიზებული ფინანსების ეკოსისტემის წამყვან მოთამაშედ.
PancakeSwap გთავაზობთ მრავალფეროვან და მომხმარებელზე მორგებულ DeFi სერვისებს, რაც მოიცავს AMM-ს, ლიკვიდურობის პულებს, შემოსავლის ფარმინგს, მარკეტ-მეიკერის ინტეგრაციას Zap ფუნქციას და ლიმიტ-შეკვეთებს.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ რაიმე ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..