რა არის საიდჩეინი?
მთავარი
სტატიები
რა არის საიდჩეინი?

რა არის საიდჩეინი?

გამოქვეყნებული Dec 11, 2023განახლებული Mar 19, 2024
5m

TL;DR

  • საიდჩეინები დამოუკიდებელი ბლოკჩეინებია, რომლებიც დაკავშირებულია ძირითად ბლოკჩეინთან ორმხრივი ხიდით, რაც მათ შორის აქტივების გადატანის საშუალებას იძლევა.

  • მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად იმუშაონ უნიკალური კონსენსუსის მექანიზმებითა და ბლოკის პარამეტრებით, რაც ტრანზაქციების ეფექტურ დამუშავებას და მათ კონკრეტულ მიზნებზე მორგებას უწყობს ხელს.

  • საიდჩეინები გთავაზობთ მასშტაბირებადობას, მოქნილობასა და EVM-თან თავსებადობას, თუმცა გააჩნია უარყოფითი მხარეებიც, მათ შორის პოტენციურ დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევები და მკაცრი უსაფრთხოების ზომების საჭიროება.

შესავალი

ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სამყაროში, მასშტაბირებადობისა და ეფექტურობის საჭიროების ზრდამ ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნას შეუწყო ხელი, რომელთა შორის ერთ-ერთი კონცეფცია სწორედ საიდჩეინებია. 

საიდჩეინის იდეა პირველად 2014 წლის ოქტომბერს გამოქვეყნებულ აკადემიურ ნაშრომში გამოჩნდა, რომლის სახელწოდებაა „მიბმულ საიდჩეინებთან დაკავშირებული ბლოკჩეინის ინოვაციების რეალიზაცია”. აღნიშნული აკადემიური ნაშრომი გამოქვეყნდა ადამ ბექის მიერ და მომზადებულ იქნა სხვა კრიპტოგრაფებთან და ბიტკოინის დეველოპერებთან თანამშრომლობით, რომელთა შორის არიან მეტ კორალო, ლუკ დაშჯრი, ენდრიუ პოელსტრა და პიტერ უილი.

თუმცა კონკრეტულად რას ნიშნავს საიდჩეინი და რა წვლილი მიუძღვის მას ბლოკჩეინის ეკოსისტემების განვითარებაში?

საიდჩეინების განმარტება

არსებითად, საიდჩეინი არის პარალელური ბლოკჩეინი, რომელიც ძირითადი ბლოკჩეინისგან (მთავარი ჯაჭვისგან) დამოუკიდებლად მუშაობს. ჩვეულებრივ, ეს კავშირი ორმხრივი ხიდის საშუალებით მყარდება, რაც ხელს უწყობს ციფრული აქტივების ან ტოკენების უხარვეზო მიმოცვლას ძირითად ბლოკჩეინსა და საიდჩენებს შორის.

როგორ მუშაობს საიდჩეინი?

საიდჩეინების უნიკალურობა მათ ავტონომიურობასთანაა დაკავშირებული. ძირითადი ბლოკჩეინისგან განსხვავებით, საიდჩეინებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კონკრეტულ მიზნებზე მორგებული უნიკალური კონსესუსის ალგორითმები და ბლოკის პარამეტრები. მსგავსი თავისუფლება მას ტრანზაქციების ეფექტურად დამუშავების საშუალებას აძლევს და ისეთი უპირატესობებით სარგებლობაა შესაძლებელი, როგორიცაა ტრანზაქციების სწრაფი დადასტურება და დაბალი საკომისიო.

საიდჩეინებზე შეიძლება სხვადასხვა კონსენსუსის ალგორითმები იყოს გამოყენებული, მაგალითად Proof-of-Authority ან Delegated Proof-of-Stake. საიდჩეინის ქსელის ვალიდატორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტრანზაქციების დადასტურებაში, ბლოკების შექმნასა და ბლოკჩეინის ზოგადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

გარდა ამისა, საიდჩეინები ხშირად განსხვავდება ძირითადი ბლოკჩეინისგან ბლოკის პარამეტრების მხრივ. ძირითად ბლოკჩეინში ბლოკის შექმნის დროები და ზომები შეზღუდულია, საიდჩეინებისთვის კი შესაძლებელია ამ პარამეტრების კორექტირება გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით. მას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია, რადგან ბლოკის პარამეტრების კონფიგურაციის შესაძლებლობა დეცენტრალიზაციის დონის შემცირებას იწვევს, რადგან მათი უსაფრთხოება დამოკიდებული ხდება მცირე რაოდენობის მძლავრ ნოდებზე.

EVM-თან თავსებადობა

ზოგიერთი საიდჩეინის გამორჩეული მახასიათებელი Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერთან (EVM) თავსებადობაა. ამგვარი თავსებადობა საიდჩეინებს სმარტ კონტრაქტების აღსრულების საშუალებას აძლევს, რომლებიც დაწერილია ისეთ ენაზე, როგორიცაა Solidity, რაც დეველოპერებისთვის ნაცნობი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. არსებითად, თუ საიდჩეინი EVM-თან თავსებადია, მას შეუძლია უხარვეზოდ მართოს დეცენტრალიზებული აპლიკაციები (DApp-ები) და აღასრულოს Ethereum-ის ბლოკჩეინის სმარტ კონტრაქტები.

საიდჩეინების დადებითი და უარყოფითი მხარეები

როგორც ყველა ტექნოლოგიურ ინოვაციას, საიდჩეინებს თავისი უპირატესობები და შეზღუდვები გააჩნია. მოდი გავეცნოთ საიდჩეინების რამდენიმე დადებით და უარყოფით მხარეს.

დადებითი მხარეები

  • მასშტაბირებადობა: საიდჩეინები წარმოადგენს მასშტაბირებადობის პრობლემის გადაჭრის მცდელობებს ზოგიერთი ტრანზაქციის დამუშავების პროცესის ძირითადი ბლოკჩეინიდან გადმოტანის გზით, რაც ხელს უწყობს გადატვირთვის შემცირებასა და სიჩქარის ზრდას.

  • მოქნილობა: საიდჩეინების ავტონომიურობა სხვადასხვა კონსენსუსის მექანიზმებითა და პარამეტრებით ექსპერიმენტაციის საშუალებას იძლევა და ხელს უწყობს ინოვაციებს და პერსონალიზებას.

  • EVM-თან თავსებადობა: EVM-თან თავსებადი საიდჩეინები დეველოპერებს Ethereum-ზე არსებული სმარტ კონტრაქტების საიდჩეინზე გადმოტანის შესაძლებლობას აძლევს.

უარყოფითი მხარეები

  • დეცენტრალიზაციის დონის შემცირება: საიდჩეინებზე გამტარუნარიანობის ზრდა ხშირად დეცენტრალიზაციის ხარისხის შემცირების ხარჯზე მიიღწევა. შედეგად, კონტროლი შეიძლება გადავიდეს რამდენიმე ვალიდატორი ნოდის ხელში, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ბლოკჩეინის უსაფრთხოებაზე.

  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები: საიდჩეინები საკუთარ უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ საიდჩეინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპრომისი პირდაპირი გზით არ ახდენს გავლენას ძირითად ბლოკჩეინზე, მსგავსი სახის დამოუკიდებლობა შესაძლოა წარმოაჩენდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დამატებით რისკებს.

  • კომპლექსურობა: საიდჩეინების შექმნა და შენარჩუნება მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და რესურსებს. პირველადი გაშვების სირთულემ და უწყვეტი მომსახურების საჭიროებამ შეიძლება გაართულოს მისი დანერგვა.

საიდჩეინის პროექტების მაგალითები

საიდჩეინების კონცეფცია რამდენიმე პროექტში იქნა გამოყენებული, რომელთაგან თითოეული გვთავაზობს უნიკალურ მახასიათებლებს და გათვლილია ბლოკჩეინის ეკოსისტემის კონკრეტული საჭიროებებს დაკმაყოფილებაზე. ქვემოთ მოცემულია საიდჩეინის პროექტების მაგალითები:

1. Polygon: Ethereum-ის მასშტაბირებადობის გაუმჯობესების მიზნით, Polygon იყენებს Plasma-ს სტრუქტურაზე დაფუძნებულ საიდჩეინების კომბინაციას. მისი მიზანია ტრანზაქციების დამუშავების სწრაფი და იაფი მეთოდის შემოთავაზება დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის (DApp-ებისთვის).

2. SKALE: SKALE იყენებს მოქნილ საიდჩეინებს, რათა დეველოპერებს შესთავაზოს პლატფორმა მაღალი სიჩქარისა და მასშტაბირებადობის მქონე დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად. ის ორიენტირებულია დეველოპერებისთვის მოსახერხებელი გარემოს შექმნაზე.

3. Gnosis: Gnosis Chain იყენებს xDai საიდჩეინს სწრაფი და სტაბილური ტრანზაქციების ხელშეწყობის მიზნით. ის ფოკუსირებულია პრაქტიკულობაზე და ხშირად გამოიყენება აპლიკაციებისთვის, რომლებიც საჭიროებს ტრანზაქციების სწრაფად და იაფად დამუშავებას.

4. Loom Network: Loom Network ბლოკჩეინი სპეციალიზებულია მასშტაბირებად თამაშებსა და სოციალურ აპლიკაციებზე. ის გამტარუნარიანობის ზრდის მიღწევის მიზნითის იყენებს DPoS (Delegated Proof-of-Stake) კონსენსუსის მექანიზმს.

შეჯამება

ბლოკჩეინის ტექნოლოგიის უწყვეტი განვითარების პირობებში, საიდჩეინები მასშტაბირებადობასთან დაკავშირებული გამოწვევების პერსპექტიულ გადაწყვეტილებად აღიქმება. დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და სხვადასხვა მახასიათებლები, როგორიცაა EVM-თან თავსებადობა და ხიდები, მათი სხვადასხვა სფეროში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

თუმცა, მომხმარებლები და დეველოპერები ყურადღებით უნდა გაეცნონ დეცენტრალიზაციასთან, უსაფრთხოებასთან და დანერგვის სირთულეებთან დაკავშირებულ საკითხებს. ბლოკჩეინის სივრცის ზრდის პარალელურად, სავარაუდოდ გაიზრდება საიდჩეინების როლი მასშტაბირებადი და მრავალფეროვანი ეკოსისტემის ჩამოყალიბების პროცესში.

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენსგამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.