TL;DR
არაჩანაცვლებადი ტოკენებით დაინტერესების მაღალმა დონემ გამოიწვია ბუმი კრიპტო-საკოლექციო ნივთებსა და NFT ხელოვნებაში. ზემოხსნებული გახლავთ DeFi ეკოსისტემის გამოყენების ორი ყველაზე გავრცელებული, თუმცა არა ერთადერთი შემთხვევები. მათი იშვიათობა და უნიკალურობა არაჩანაცვლებად ტოკენებს იდეალურად შეუსაბამებს რეალური სამყაროს აქტივებს, ლოჯისტიკას, მუსიკალურ ჰონორარებსა და ბევრ სხვა ასპექტს. NFT-ების განვითარების პარალელურად, მოსალოდნელია მათი დანერგვა გამოყენების უფრო მეტად ექსპერიმენტულ შემთხვევებში.
შესავალი
არაჩანაცვლებადი ტოკენების გამოჩენამდე, აქტივების ციფრული იშვიათობის ფენომენის შექმნა წარმოუდგენლად რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საავტორო უფლებების დაცვის ასპექტი, მომხმარებლებისთვის მეტ-ნაკლებად მარტივია ციფრული ხელოვნების ნიმუშების კოპირება, ან გაყალბება.
NFT-ების განვითარებამ, თავის მხრივ, ხელი შეუწყო კრიპტო ხელოვნებისა და ციფრული საკოლექციო ნივთების განვითარებას, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. უძრავი ქონებიდან-ლოგისტიკამდე, NFT-ების გამოყენება შეგიძლიათ უამრავი უნიკალური და საკოლექციო საქონლის ავთენტურობის დასამტკიცებლად.
მიუხედავად იმისა, რომ NFT ეკოსისტემა ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, ის მოიცავს ბევრ საინტერესო პროექტს და ზოგიერთი მათგანი უკვე წარმოადგენს დიდ ღირებულებას კრეატორებისა და მომხმარებლებისთვის.
ხელოვნების NFT-ები
არაჩანაცვლებადმა ტოკენებმა ხელი შეუწყო ციფრული ხელოვნების სფეროში იშვიათობის საკმაოდ დიდი ხნის პრობლემის გადაჭრას. როგორ უნდა შეუნარჩუნო ვირტუალურ ხელოვნების ნიმუშებს საკუთარი იშვიათობა, როცა მათი ციფრული კოპირება სრულიად შესაძლებელია? მიუხედავად იმისა, რომ ყალბი ხელოვნების ნიმუშები რეალურ სამყაროშიც არსებობს, ჩვენ ჩვეულებრივ გვაქვს მათი ამოცნობის შესაძლებლობა.
კრიპტო ხელოვნებას ღირებულებას სძენს ძირითადად მისი ავთენტურობისა და საკუთრებაში ყოფნის ციფრულ რეჟიმში შემოწმების შესაძლებლობა. რადგან ნებისმიერს აქვს წვდომა Ethereum-ის ბლოკჩეინზე არსებულ CryptoPunk-ზე და შეუძლია გამოსახულების ჩამოტვირთვა ან შენახვა, ჩვენ არ გვაქვს იმის დამტკიცების შესაძლებლობა, რომ ორიგინალი ვერსია ჩვენ გვეკუთვნის.
მაგალითად, ციფრულ სივრცეში მოღვაწე ხელოვანი პაკი (Pak) ქმნის NFT-ების სერიას, რომლის შემადგენელი ელემენტები გახლავთ ერთმანეთის იდენტური ყველა მახასიათებლით, გარდა სახელისა. თითოეულ ნამუშევარს პაკი არქმევს ისეთ სახელებს, როგორიცაა „იაფი“, „ძვირი“ და „გაუყიდავი“ და სახელის შესაბამისად ანიჭებს სხვადასხვა ღირებულებას. კოლექცია დაგვაფიქრებს იმაზე, თუ რა ანიჭებს ღირებულებას ხელოვნების ნიმუშს.
NFT-ების შემთხვევაში, ღირებულება სულაც არ განისაზღვრება მიმაგრებული ხელოვნების ნიმუშის საფუძველზე. ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული აქტივის მფლობელობის დამტკიცება. სწორედ ეს ასპექტი აქცევს კრიპტო ხელოვნებას NFT-ის გამოყენების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემთხვევად.
საკოლექციო NFT-ები
არ აქვს მნიშვნელობა PancakeSwap ბაჭიაა ეს თუ Binance-ის საიუბილეო NFT, ციფრულ საკოლექციო ნივთებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. გამოყენების ეს შემთხვევა მეინსტრიმშიც კი მოხვდა NBA-ის NFT საკოლექციო სავაჭრო ბარათებით NBA Top Shot.
ციფრულ NFT ხელოვნებასთან ერთად, ეს არაჩანაცვლებადი ტოკენები შეადგენენ ისეთ სავაჭრო ბირჟებზე განხორციელებული გაყიდვების ძირითად ნაწილს, როგორიცაა Opensea, BakerySwap დაTreasureland. კრიპტო ხელოვნების სფეროში არსებობს ბევრი გადაკვეთის წერტილი, ზოგჯერ NFT შეიძლება ერთდროულად იყოს საკოლექციო ნივთიც და ხელოვნების ნიმუშიც. გამოყენების ეს ორი შემთხვევა ჩვენს ხელთ არსებულ შემთხვევებს შორის ყველაზე მეტად განვითარებულია.
ჯეკ დორსის პირველი tweet-ი გახლავთ NFT საკოლექციო ნივთის შესანიშნავი მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ CryptoPunk-ი გახლავთ საკოლექციო ნივთი და ამავდროულად ატარებს მხატვრულ მახასიათებლებს, დორსის NFT-ს ღირებულებას მხოლოდ ის სძენს, რომ საკოლექციო ნივთია.
დორსიმ NFT გაყიდა Valuables-ის გამოყენებით, პლატფორმის, რომელიც ახდენს tweet-ების ტოკენიზაციას. შეთავაზების განთავსება შეგიძლიათ ნებისმიერ tweet-ზე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გააკეთოს კონტრ-შემოთავაზება და მოგიგოთ. ამის შემდეგ, მხოლოდ tweet-ის ავტორზეა დამოკიდებული, მიიღებს შემოთავაზებას თუ არა. მიღების შემთხვევაში, tweet-ი დამზადდება ბლოკჩეინზე მისი მეშვეობით შეიქმნება უნიკალური NFT მათი ავტოგრაფით.
თითოეული NFT ხელმოწერილია მათი ვერიფიცირებული შემქმნელის Twitter-ის მომხმარებლის სახელით (@handle), რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ორიგინალ კრეატორს შეუძლია საკუთარი tweet-ის NFT-ად გარდაქმნა. ამ პროცესის მეშვეობით იქმნება ციფრული, იშვიათი საკოლექციო ნივთი, ვაჭრობისთვის, ან შესანახად. tweet-ის გაყიდვის კონცეფცია შესაძლოა ასე თუ ისე რთულად გასაგები იყოს, თუმცა ის შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ქმნის NFT-ები საკოლექციო ნივთების ფენომენს. არსებითად, ის ხელმოწერილი ავტოგრაფის ციფრული ვერსიაა.
საფინანსო NFT-ები
მარტივია იმის დავიწყება, რომ ყველა NFT არ იღებს საკუთარ ღირებულებას რაიმე სიმღერიდან, სურათიდან, ან საკოლექციო ნივთიდან. დეცენტრალიზებულ ფინანსებში (DeFi), NFT-ები ასევე უზრუნველყოფენ უნიკალურ ფინანსურ სარგებელს. უმეტესობა მოიცავს სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებსაც, თუმცა მათი ღირებულება ძირითადად მათი სარგებლიანობიდან მოდის.
მაგალითად, JustLiquidity გვთავაზობს NFT-ის სტეიკინგის მოდელს. მომხმარებელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუძლია განახორციელოს ტოკენების წყვილის სტეიკინგი პულში და მიიღოს NFT, შემდეგ პულზე წვდომის მოსაპოვებლად. NFT მოქმედებს, როგორც საშვი და ნადგურდება თქვენ მიერ ახალ პულში მონაწილეობის მიღებისთანავე. ეს მოდელი ქმნის მეორეულ ბაზარს ამ NFT-ებისთვის, მათ მიერ უზრუნველყოფილი წვდომის საფუძველზე.
კიდევ ერთი მაგალითი გახლავთ BakerySwap-ის NFT საკვების კომბინაციები, რომლის მეშვეობითაც მფლობელები იღებენ სტეიკინგის უფრო დიდ ჯილდოებს. BAKE-ში მონაწილეობის მიღებით, თქვენ მიღებთ NFT კომბინაციას, რომლის მეშვეობითაც იქმნება სტეიკინგის სიმძლავრის ცვლადი ოდენობა. მომხმარებლები აწარმოებენ სპეკულაციებს ამ კომბინაციებზე, ყიდიან მათ მეორად ბაზრებზე, ან იყენებენ სტეიკინგისთვის. NFT-ების ეს კომბინაცია გეიმიფიკაციისა და DeFi-ის მეშვეობით ქმნის არაჩანაცვლებადი ტოკენების გამოყენების კიდევ ერთ საინტერესო შემთხვევას.
გეიმინგის NFT-ები
გეიმინგის სფეროში დიდია მოთხოვნა ისეთ უნიკალურ ნივთებზე, რომელთა შეძენაც და რომლით ვაჭრობაც შესაძლებელია. მათი იშვიათობა პირდაპირ ზემოქმედებს მათ ფასზე, გარდა ამისა, გეიმერები უკვე იცნობენ ღირებულების მქონე ციფრული ნივთების იდეას. მიკრო ტრანზაქციებისა და თამაშის შიდა შეძენის ოპერაციების მეშვეობით შეიქმნა მილიარდობით დოლარის ღირებულების გეიმინგ ინდუსტრია, რომელსაც აქვს NFT-ებისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობა.
გარდა ამისა, ის გასაოცარი სივრცეა იმ თვალსაზრისით, თუ რას წარმოადგენს თავად NFT. ვიდეო თამაშებისთვის განკუთვნილი ტოკენები აერთიანებენ ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ხელოვნება, კოლექციები და სარგებელი მოთამაშეებისთვის. თუმცა, როდესაც საქმე ეხება მაღალბიუჯეტურ ვიდეო თამაშებს, NFT-ის ამ თვალსაზრისით გამოყენებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.
ამავდროულად, სხვა პროექტებმა აქტიურად დანერგეს ბლოკჩეინის ტექნოლოგია საკუთარ თამაშებში. Axie Infinity და Battle Pets გახლავთ Pokémon-ის სტილის თამაშები, სადაც შესაძლებელია ცხოველებითა და ნივთებით ვაჭრობა. გარდა ამისა, შესაძლებელია ამ ტოკენების გარე სავაჭრო ბირჟებზე გაყიდვა (peer-to-peer გაყიდვა).
გეიმინგის NFT-ები შესაძლოა იყოს დეკორატიული, მაგრამ ბევრ მათგანს სარგებლის მოტანაც შეუძლია. თითოეულ Axie ცხოველს აქვს ბრძოლის უნარების სხვადასხვა ნაკრები. ეს შესაძლებლობები ასევე მოქმედებს ცხოველის ღირებულებაზე მისით ვაჭრობის დროს. CryptoKitty შეიძლება უკიდურესად ღირებული იყოს მხოლოდ მისი გამრავლების სასურველი მახასიათებლების გამო. თითოეული ცხოველის ღირებულება განისაზღვრება იშვიათი ვიზუალური იერსახის, თვისებებისა და სარგებლიანობის საფუძველზე. ქვემოთ მოცემულ მაგალითში წარმოდგენილია არა მხოლოდ ერთი სასურველი, იშვიათი ასპექტი არამედ რამდენიმე.
მუსიკალური NFT-ები
სურათის ფაილის, ან ვიდეოს მსგავსად, საკოლექციო მუსიკალური ნიმუშის შესაქმნელად ასევე შესაძლებელია NFT-სთან აუდიოჩანაწერის დაკავშირებაც. იფიქრეთ მასზე, როგორც ჩანაწერის ციფრულ „პირველ გამოცემაზე“. NFT-სთან სიმღერის დაკავშირება გავს ზემოთ მოცემულ ხელოვნების NFT-ების მაგალითს, თუმცა განსხვავებულია გამოყენების შემთხვევები.
მუსიკოსებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს ჰონორარის სამართლიანი წილის მიღების საკითხი. თუმცა, არსებობს თანაბარი შედეგის მიღწევის სულ მცირე ორი გზა: ბლოკჩეინზე დაფუძნებული სტრიმინგის პლატფორმები და ჰონორარზე თვალის დევნება ბლოკჩეინის მეშვეობით. ბლოკჩეინის მცირე პროექტებისთვის რთულია ისეთი სტრიმინგ სერვისებისთვის კონკურენციის გაწევა, როგორიცაა Amazon Music ან Youtube. 2017 წელს ისეთი უზარმაზარი პლატფორმის მიერ, როგორიცაა Spotify, ბლოკჩეინის ჰონორარების ტექნოლოგიის, სახელად MediaChain-ის შეძენაც კი არ აღმოჩნდა სარგებლის მომტანი არტისტებისთვის.
ამავდროულად, უფრო მცირე პროექტებმა დაიწყეს ძირითადად დამოუკიდებელ არტისტებთან მუშაობა. BNBinance Smart Chain-ზე (BSC) არსებული Rocki დამოუკიდებელ არტისტებს უზრუნველყოფს პლატფორმით, რომელზეც შესაძლებელია საკუთარი ჰონორარის გაყიდვა და მუსიკის სტრიმინგი. პლატფორმაზე მათი ჰონორარის NFT-ის გაყიდვის პირველმა ოპერაციამ მოიზიდა 40 ETH ჰონორარების 50%-ისთვის, ERC721 ტოკენის სტანდარტის გამოყენებით.
გახდება თუ არა ეს მოდელი უფრო პოპულარული, დამოკიდებულია იმაზე, მიიღებს თუ არა მას სტრიმინგის შედარებით უფრო ფართომასშტაბიანი სერვისები. მუსიკისა და NFT-ების კომბინაცია არი გამოყენების შესანიშნავი იდეა გახლავთ, თუმცა მას შეიძლება გაუჭირდეს წარმატების მიღწევა მუსიკალური ლეიბლების მხარდაჭერის გარეშე.
რეალური სამყაროს აქტივების NFT-ები
რეალური სამყაროს აქტივების NFT-ებთან დაკავშირებამ შესაძლოა ციფრულ რეჟიმში გადაიტანოს ჩვენ მიერ საკუთრების დამტკიცების პროცესები. მაგალითად, უძრავი ქონების ინდუსტრიაში, ჩვენ ჩვეულებრივ ვაწარმოებთ საქმეს საკუთრების აქტების მატერიალური ვერსიებით. ამ დოკუმენტების ტოკენიზებული ციფრული აქტივების შექმნამ შესაძლოა იმოქმედოს ბლოკჩეინზე არსებულ ლიკვიდურობის ძალიან დაბალი დონის მქონე ელემენტებზე (როგორიცაა სახლი, ან მიწა). ჯერ არ გვქონია შეხება ისეთ მარეგულირებლებთან, რომლებიც ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფდნენ რაიმე სახის მხარდაჭერას. ის ჯერ კიდევ ღრმად იმყოფება დამუშავების პროცესში, თუმცა აუცილებლად უნდა გვქონდეს მისი მოლოდინი სამომავლოდ.
2021 წლის აპრილში შეინ დულჯეროფმა (Shane Dulgeroff) შექმნა NFT, რომელიც წარმოადგენდა გასაყიდ უძრავ ქონებას კალიფორნიაში. გარდა ამისა, ამ ტოკენთან დაკავშირებული იყო კრიპტო ხელოვნების ნიმუშიც. ის, ვინც გაიმარჯვებდა აუქციონზე, მიიღებდა NFT-ს და სახლის მფლობელობის უფლებას. თუმცა, გაყიდვის პროცესის იურიდიული ასპექტი და მყიდველის, ან გამყიდველის უფლებები, ამ შემთხვევაში გაურკვეველია.
როდესაც საქმე შედარებით მცირე ზომის ნივთებს ეხება, როგორიცაა სამკაულები, NFT ხელს უწყობს ლეგიტიმური საკუთრების დამტკიცების პროცესის წარმართვას გადაყიდვის დროს. მაგალითად, ნამდვილ, ქარხნულ ბრილიანტს ჩვეულებრივ მოყვება ავთენტურობის მოწმობა. ეს მოწმობა გარდა ამისა, გახლავთ თქვენს ხელთ არსებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი საშუალება. ნებისმიერი პირი, ვინც ეცდება ნივთის გადაყიდვას მოწმობის გარეშე, ვერ დაადასტურებს მის ავთენტურობას და შეექმნება პრობლემები მყიდველებისთვის იმის დამტკიცებაში, რომ ისინი არიან ამ ნივთის კანონიერი მფლობელები.
ეს კონცეფცია ვრცელდება NFT-ებზეც. რაიმე ნივთთან დაკავშირებული NFT-ის ფლობით, NFT-ის საკუთრებაში ქონა ხდება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც აქტივის ფლობა. თქვენ ნივთში NFT-ის „ჩაშენების“ შესაძლებლობაც კი გაქვთ შენახვის ცივი ფიზიკური საფულის გამოყენებით. როგორც ვხედავთ, ფიზიკური ობიექტების ინტერნეტი ვითარდება, შესაბამისად, არის შანსი, ვიხილოთ რეალური სამყაროს აქტივების NFT-ების მეშვეობით წარმოდგენის უფრო და უფრო მეტი შემთხვევაც.
ლოჯისტიკის NFT-ები
სხვა ყველაფერთან ერთად, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია ლოჯისტიკის ინდუსტრიაშიც, განსაკუთრებით მისი ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა შეუცვლელობა და გამჭირვალობა. ეს ასპექტები უზრუნველყოფენ იმას, რომ მიწოდების ჯაჭვის მონაცემები ინარჩუნებს ავთენტურობას და სანდოობას. საკვების, ფართო მოხმარების საგნებისა და სხვა მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ სად ინახებოდნენ ისინი და რამდენი ხნის განმავლობაში.
გარდა ამისა, NFT-ის გააჩნია უნიკალური ნივთების წარმოდგენის დამატებითი უპირატესობაც. NFT-ის გამოყენება შესაძლებელია ისეთი პროდუქტის მოსაძებნად, რომელიც მოიცავს მეტამონაცემებს მისი წარმოშობის, გამოვლილი გზისა და საწყობის მდებარეობის შესახებ. მაგალითად:
მაღალი კლასის ძვირადღირებული ფეხსაცმელი იტალიაში მდებარე ქარხანაში იქმნება. მას დაუკავშირდება NFT, რომელიც შეგიძლიათ მარტივად დაასკანიროთ მის შეფუთვაზე.
დროის ნიშნულის მქონე მეტამონაცემები მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად და როდის შეიქმნა ეს ფეხსაცმელები.
მას შემდეგ, რაც პროდუქტი გადაინაცვლებს მიწოდების ჯაჭვში, მოხდება NFT-ის დასკანირება და დაემატება ახალი დროის ნიშნულის მქონე მეტამონაცემები. ეს მონაცემები შესაძლოა მოიცავდეს ინფორმაციას საწყობის ადგილმდებარეობის, ჩამოსვლის, ან წამოსვლის დროის შესახებ.
როგორც კი ფეხსაცმელი მივა საბოლოო დანიშნულების წერტილში, მაღაზიას შეეძლება მათი დასკანირება და მიღებულად მონიშვნა. ხელმისაწვდომია დეტალური ისტორიის ნახვა და მათი მეშვეობით შესაძლებელია ფეხსაცმელების ავთენტურობისა და ლოჯისტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადასტურება.
მიწოდების ჯაჭვში NFT-ების დანერგვის უამრავი ჰიპოთეტური გზა არსებობს. თუმცა, თითოეული მათგანი მოითხოვს, რომ ჯაჭვის თითოეულ ეტაპზე გამოყენებული იყოს ერთიდაიმავე ინფრასტრუქტურა. მსოფლიოს მასშტაბით ჩართული მოთამაშეებისა და დაინტერესებული მხარეების მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ჯგუფების გამო, საკმაოდ რთულია ამგვარი სისტემის დანერგვა რეალურ ცხოვრებაში. ეს ფაქტორი გახლავთ რეალურ ცხოვრებაში გამოყენების შემთხვევების მცირე რაოდენობის მიზეზი.
დღესდღეობით, MAERSK-ის TradeLens სისტემა და IBM-ის Foot Trust-ი გახლავთ ფართომასშტაბიანი ბლოკჩეინ ლოჯისტიკის ტექნოლოგიების ორი მაგალითი. ორივე მათგანი იყენებს Hyperledger Fabric-ს, IBM ბლოკჩეინს, რომელსაც გააჩნია NFT-ების გამოყენების მხარდაჭერა. თუმცა, გაურკვეველია რა როლს თამაშობენ NFT-ები აქ განხორციელებულ ოპერაციებში.
შეჯამება
NFT-ების მზარდ პოპულარულობასთან ერთად, დიდია შანსი იმისა, რომ მომავალში ვიხილოთ ამ საკითხთან დაკავშირებული კიდევ უფრო მეტი იდეა და გამოყენების მეტი შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, NFT-ების ყველა აპლიკაციას არ ჰქონია შესაძლებლობა, გამხდარიყო უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ იდეა, ან მცირე პროექტი. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა აღმოჩნდეს არც ისე პრაქტიკული, ან ვერ მოიპოვოს საკმარისი პოპულარობა. თუმცა, უფრო მეტად ფუნდამენტურ და შედარებით მარტივ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა, ხელოვნების ნიმუშებისა და საკოლექციო ნივთების სიმცირე, NFT რა თქმა უნდა შეინარჩუნებს თავის ღირებულებას.