EigenLayer

განახლებული Sep 4, 2026

რა არის EigenLayer?

EigenLayer არის Ethereum-ზე გაშვებული განმეორებითი სტეიკინგის პროტოკოლი, რომელიც გვთავაზობს ETH-ის გამოყენების შესაძლებლობას საბაზისო ქსელის გარეთ არსებული დამატებითი სერვისებისა და მოდულების მხარდასაჭერად.

ის შედგება სმარტ კონტრაქტების ნაკრებისგან, რომლებიც გაშვებულია Ethereum-ის ბლოკჩეინზე და სტეიკერებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ახალი პროგრამული მოდულების ვალიდაციის პროცესში. სტეიკინგზე განთავსებული ETH-ის უსაფრთხოების მექანიზმის დამატებითი სერვისებისთვის გამოყენების მეშვეობით, EigenLayer ქმნის დეცენტრალიზებული ნდობის პლატფორმას, რომლის წყალობითაც თითოეულ ახალ პროტოკოლს არ სჭირდება ვალიდატორების საკუთარი ქსელის ნულიდან შექმნა.

როგორ მუშაობს EigenLayer?

EigenLayer გვთავაზობს კონცეფციას, რომელსაც ეწოდება განმეორებითი სტეიკინგი. Ethereum-ის სტეიკერებს, რომელთაც უკვე დაბლოკილი აქვთ საკუთარი ETH ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეუძლიათ განახორციელონ საკუთარი აქტივების განმეორებითი სტეიკინგი EigenLayer-ის მეშვეობით. ეს EigenLayer-ის კონტრაქტებს აძლევს შესაძლებლობას, დააწესონ დამატებითი პირობები სტეიკინგზე არსებული ETH-ისთვის, რისი წყალობითაც მისი უსაფრთხოების გარანტიები სხვა მოდულებზეც ვრცელდება.

სტეიკერებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ორი გზით:

  • სოლო სტეიკინგი: სტეიკერები მართავენ საკუთარ ნოდებს, აქტიურად ახორციელებენ მოდულების ვალიდაციას და სრულად აკონტროლებენ საკუთარ ინფრასტრუქტურას.

  • დელეგირება: სტეიკერები ახორციელებენ ტექნიკური სამუშაოს დელეგირებას EigenLayer-ის ოპერატორებზე, რაც უფრო მარტივ არჩევანს სთავაზობს მათ, ვისაც არ სურს ნოდების თავად მართვა.

მოდულები, რომელთა უსაფრთხოებასაც სტეიკერები უზრუნველყოფენ, ცნობილია აქტიური ვალიდაციის სერვისების (AVS-ები) სახელწოდებით. ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც მონაცემთა ხელმისაწვდომობის ფენებს, ასევე Oracle ქსელებსა და გამოთვლით პლატფორმებს. თითოეული AVS თავად განსაზღვრავს მონაწილეობის მოთხოვნებს, ხოლო სტეიკერებს შეუძლიათ აირჩიონ, თუ რომელ სერვისებს დაუჭირონ მხარი შესაბამისი რისკისა და ჯილდოების გათვალისწინებით.
თუ სტეიკერი ან ოპერატორი არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ის შეიძლება დაექვემდებაროს სლეშინგს, რაც გულისხმობს მათ მიერ სტეიკინგზე განთავსებული ETH-ის ნაწილის დაკარგვას. მსგავსი ჯარიმების მექანიზმი ხელს უწყობს ქსელის მონაწილეთა შორის ანგარიშვალდებულების და მოტივაციის შენარჩუნებას.

რატომ არის EigenLayer მნიშვნელოვანი?

EigenLayer ახდენს ETH-ის უსაფრთხოების აგრეგაციას და ანაწილებს მას სხვადასხვა მოდულებზე, რაც ნიშნავს, რომ დეცენტრალიზებული აპლიკაციები სარგებლობენ განმეორებითი სტეიკინგის აქტივების გაერთიანებული ეკონომიკით, ნაცვლად იმისა, რომ დაეყრდნონ ვალიდატორების მცირე ჯგუფს. ეს ამცირებს ახალი პროტოკოლების შექმნის ბარიერებს, რადგან ინოვატორებს აღარ სჭირდებათ ნდობის საკუთარი ქსელის ნულიდან გაშვება.

2025 წელს EigenLayer-ის გუნდმა გაუშვა პლატფორმა, სახელწოდებით EigenCloud, რომელიც დეველოპერებს სთავაზობს off-chain აპლიკაციებისა და სერვისების შექმნის შესაძლებლობას. 2026 წლის რებრენდინგის შემდეგ მთელ პროექტს ეწოდა EigenCloud, თუმცა EigenLayer რჩება საბაზისო პროტოკოლად, რომელზეც ხორციელდება განმეორებითი სტეიკინგი, ხოლო EigenCloud წარმოადგენს ზოგადად პლატფორმის სახელწოდებას.

EigenLayer ასევე წარმოადგენს Ethereum-ის ინოვაციების გამოსაცდელ გარემოს. Ethereum-ის ძირითად ქსელში ინტეგრაციამდე, ექსპერიმენტული იდეების რეალიზაცია შეიძლება მოხდეს AVS-ების გაშვებით, რომელთა ვალიდაცია ხორციელდება განმეორებითი სტეიკინგის ETH-ით. ეს ეტაპობრივი მიდგომა ამცირებს რისკს და ეკოსისტემას აძლევს უფრო სწრაფად განვითარების საშუალებას.

გაიგეთ მეტი: რა არის EigenCloud (EIGEN)?