ECDSA

განახლებული Aug 20, 2026

რა არის ECDSA?

ECDSA, ანუ ელიფსური მრუდის ციფრული ხელმოწერის ალგორითმი, არის საჯარო გასაღებზე დაფუძნებული ციფრული ხელმოწერის სქემა, რომელიც გამოიყენება ციფრული აქტივის მფლობელობის ვერიფიკაციისთვის პირადი გასაღების გამჟღავნების გარეშე. 
ის არის კრიპტოგრაფიის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება Bitcoin-ისა და Ethereum-ის ტრანზაქციების ვერიფიკაციისთვის: როდესაც თქვენ აგზავნით კრიპტოს, ECDSA ქმნის ხელმოწერას, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ განახორციელეთ გადარიცხვის ვერიფიკაცია. ქსელში ნებისმიერს შეუძლია ამ ხელმოწერის შემოწმება თქვენი პირადი გასაღების გარეშე.

ECDSA ეფუძნება ელიფსური მრუდის კრიპტოგრაფიას, რომელიც გვთავაზობს უსაფრთხოების იმავე დონეს, რასაც უფრო ძველი სისტემები, როგორიცაა RSA, თუმცა ის იყენებს გაცილებით მცირე ზომის გასაღებებს. მსგავსი ეფექტურობის გამო ის წარმატებით გამოიყენება ბლოკჩეინებში, სადაც თითოეული ტრანზაქციის ვერიფიკაციას ათასობით ნოდი ახორციელებს.

როგორ მუშაობს ECDSA

ECDSA სამი საფეხურისგან შედგება. პირველია გასაღების გენერირება: სისტემა ქმნის პირად გასაღებს, რომელიც წარმოადგენს შემთხვევით შერჩეულ რიცხვს, შემდეგ კი ელიფსურ მრუდზე გამრავლების ფუნქციის მეშვეობით ქმნის საჯარო გასაღებს. პირადი გასაღები საიდუმლოდ უნდა შეინახოთ.

საჯარო გასაღები შეგიძლიათ თავისუფლად გაუზიაროთ სხვებს. მათ შორის მათემატიკური კავშირი ერთმიმართულებიანია: პირადი გასაღებიდან საჯარო გასაღების გამოთვლა მარტივია, ხოლო საჯარო გასაღებიდან პირადი გასაღების აღდგენა შეუძლებელია.

მეორე, ხელმოწერა: ტრანზაქციის ავტორიზაციისთვის ხელმოწერის შესაქმნელად ხელმომწერი იყენებს საკუთარ პირად გასაღებს და შემთხვევით მნიშვნელობას, რომელსაც ეწოდება nonce. ხელმოწერა შედგება ორი რიცხვისგან, რომლებსაც, როგორც წესი, r და s ეწოდება. nonce თითოეული ხელმოწერისთვის უნიკალური უნდა იყოს და არასდროს უნდა გამოიყენებოდეს განმეორებით.

მესამე, ვერიფიკაცია: ნებისმიერს, ვისაც აქვს საჯარო გასაღები, შეტყობინება და ხელმოწერა, შეუძლია შეამოწმოს, რომ ხელმოწერა შესაბამისი პირადი გასაღებით არის შექმნილი. ვერიფიკაციის პროცესის დროს არ ხდება პირადი გასაღების გამჟღავნება. სწორედ ამიტომ არის ECDSA შესაფერისი საჯარო ბლოკჩეინებისთვის, სადაც თითოეული ნოდი ტრანზაქციების ვერიფიკაციას დამოუკიდებლად ახორციელებს.

როგორ გამოიყენება ECDSA კრიპტოში

Bitcoin-ის და Ethereum-ის ქსელებში ECDSA-ისთვის გამოიყენება კონკრეტული ტიპის ელიფსური მრუდი, რომელსაც secp256k1 ეწოდება. როდესაც თქვენ ქმნით კრიპტო საფულეს, საფულე ახდენს პირადი გასაღების გენერირებას ECDSA-ის გამოყენებით. თითოეული ტრანზაქცია, რომელსაც თქვენ აგზავნით, შეიცავს ECDSA ხელმოწერას, რომელიც გადარიცხვის ავტორიზაციას უზრუნველყოფს. ტრანზაქციის ბლოკში დამატებამდე ქსელი ამოწმებს ხელმოწერას.

გადახდების გარდა ECDSA ასევე გამოიყენება კრიპტო ინდუსტრიის სხვა კონტექსტშიც, მათ შორის ავტორიზაციის შეტყობინებების ხელმოწერისთვის და multi-signature სქემებში, სადაც ტრანზაქციის ავტორიზაციისთვის რამდენიმე მხარის მიერ ხელმოწერაა საჭირო.

უსაფრთხოების საკითხები

სწორად განხორციელების შემთხვევაში, ECDSA-ის გამოყენება უსაფრთხოა, თუმცა მისი უსაფრთხოება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული nonce-ის ხარისხზე. თუ ორი სხვადასხვა შეტყობინების ხელმოსაწერად ერთი და იგივე nonce გამოიყენება, შესაძლებელი ხდება ამ ორი ხელმოწერის მეშვეობით პირადი გასაღების მათემატიკურად აღდგენა.

ეს არ არის მხოლოდ თეორიული რისკი: 2013 წელს Android-ის შემთხვევითი რიცხვების გენერატორში არსებულმა ხარვეზმა ზოგიერთ Bitcoin-ის საფულეში დუბლირებული nonce-ების შექმნა გამოიწვია, რის შედეგადაც თავდამსხმელებმა შეძლეს პირადი გასაღებების აღდგენა და თანხების მოპარვა.

nonce-ის არასათანადოდ გენერირება მისი განმეორებით გამოყენების გარეშეც კი შეიძლება გახდეს პირადი გასაღებების გამჟღავნების მიზეზი. თანამედროვე საფულეებში გამოიყენება დეტერმინისტული nonce-ის გენერირება (RFC 6979), რომელიც nonce-ის შექმნისთვის იყენებს პირად გასაღებს და შეტყობინებას, რაც გამორიცხავს შემთხვევით ხელმეორედ გამოყენების რისკს.

მომავალში ECDSA შესაძლოა საბოლოოდ ჩაანაცვლოს პოსტ-კვანტური ხელმოწერის სქემებმა, რადგან კვანტურ კომპიუტერს თეორიულად შეუძლია ელიფსური მრუდის დისკრეტული ლოგარითმული თავსატეხის გატეხვა. ამ ეტაპზე ECDSA რჩება Bitcoin-ისა და Ethereum-ის ტრანზაქციების ავტორიზაციის სტანდარტად.