დივერსიფიკაცია

განახლებული Aug 18, 2026

რა არის დივერსიფიკაცია?

დივერსიფიკაცია წარმოადგენს საინვესტიციო სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც, პორტფოლიოსთან დაკავშირებული ზოგადი რისკების შემცირების მიზნით ხდება კაპიტალის სხვადასხვა აქტივზე ან აქტივების ჯგუფზე განაწილება.

აღნიშნული სტრატეგიის ძირითად მიზანს წარმოადგენს იმ ზოგადი რისკების შემცირება, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მხოლოდ ერთი ჯგუფის აქტივების, მაგალითად, აქციების, ობლიგაციების, საქონელის ან კრიპტოვალუტების ფლობის შედეგად. დივერსიფიცირებული პორტფოლიო უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს სტაბილურ გრძელვადიან სარგებელს, ვიდრე ცალკეული აქტივები, რადგან მომგებიანი აქტივების მეშვეობით შესაძლებელი ხდება არაეფექტური აქტივებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დაბალანსება.

როგორ მუშაობს დივერსიფიკაცია

დივერსიფიკაციის განხორციელება შესაძლებელია როგორც ერთი ჯგუფის, ისე სხვადასხვა ჯგუფის აქტივებს შორის. მაგალითად, კრიპტოაქტივების ერთი ჯგუფის ფარგლებში ინვესტორი შესაძლოა ფლობდეს სხვადასხვა ტიპის დანიშნულების მონეტებსა და ტოკენებს, იქნება ეს ციფრული ვალუტები, სმარტ კონტრაქტების პლატფორმები თუ ბლოკჩეინ ქსელები.
ეფექტური დივერსიფიკაციის უმთავრეს ფაქტორს კორელაცია წარმოადგენს. კორელაციის მეშვეობით ხდება იმის განსაზღვრა, თუ რამდენად სინქრონულად იცვლება აქტივების ფასები ერთმანეთთან მიმართებაში. უარყოფითი კორელაციის მქონე აქტივები, როგორც წესი, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, რაც დივერსიფიკაციისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ერთი და იმავე მიმართულებით მოძრავი აქტივები. თუ პორტფოლიო მაღალი კორელაციის მქონე აქტივებისგან შედგება, ის საბაზრო ცვლილებებზე შესაძლოა ისევე რეაგირებდეს, როგორც ცალკეული, ერთი აქტივისგან შემდგარი პოზიცია. კორელაციის გათვალისწინება ასევე მნიშვნელოვანია აქტივების განაწილების სტრატეგიის განსაზღვრისას.

დივერსიფიკაციის სხვა ტიპები

დივერსიფიკაციის სტრატეგიების ფარგლებში შესაძლოა მოხდეს სხვა, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებაც, როგორიცაა გეოგრაფიული მდებარეობა, ინდუსტრიული სექტორი და კომპანიის მასშტაბები. მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნის კომპანიების აქციების ფლობამ შესაძლოა დივერსიფიკაციის უფრო მაღალი ხარისხი უზრუნველყოს, ვიდრე მხოლოდ ერთი ქვეყნის ფარგლებში არსებული სხვადასხვა აქციის ფლობამ.

გარდა ამისა, ინვესტორების მიერ შესაძლოა განხორციელდეს ინსტრუმენტების დივერსიფიკაციაც, რომელიც უფრო სპეციფიკური და მიზანმიმართულია, ვიდრე აქტივების ჯგუფების მიხედვით დივერსიფიკაცია და მოიცავს ინდექს ფონდების ან საბირჟო-საინვესტიციო ფონდების (ETF-ების) გამოყენებას ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ფასიანი ქაღალდის კალათში ინვესტირების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ დივერსიფიკაცია ამცირებს მნიშვნელოვანი ზარალის ალბათობას, მან შესაძლოა შეზღუდოს მაქსიმალური მოგების პოტენციალიც, რადგან ცალკე აღებული ერთი აქტივი, შესაძლოა უფრო მაღალი შემოსავლის გენერირების შესაძლებლობას უზრუნველყოფდეს.