მთავარი
ლექსიკონი
დეცენტრალიზებული ინდექსები

დეცენტრალიზებული ინდექსები

დეცენტრალიზებული ინდექსები, რომლებიც ასევე ცნობილია დეცენტრალიზებული ბირჟის (DEX) ინდექსების სახელწოდებით, წარმოადგენს ფინანსურ პროდუქტებს, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება დეცენტრალიზებულ ბირჟებზე ვაჭრობისთვის გამოყენებული რამდენიმე კრიპტოვალუტის ან ციფრული აქტივის მონიტორინგი. ეს ინდექსები შექმნილია იმისთვის, რომ ინვესტორებმა შეძლონ თვალის დევნება კრიპტოვალუტების ფართო ბაზარზე მიმდინარე პროცესებისთვის, კონკრეტულ კრიპტოვალუტაში ინვესტირებასთან დაკავშირებული რისკების შემცირების პარალელურად.

რით განსხვავდება დეცენტრალიზებული ინდექსები საბირჟო საინვესტიციო ფონდებისგან (ETF)?

საბირჟო საინვესტიციო ფონდებისგან (ETF-ები) განსხვავებით, რომლებსაც ცენტრალიზებული რგოლი, მაგალითად ბანკი ან რომელიმე ფინანსური დაწესებულება მართავს, დეცენტრალიზებული ინდექსები იმართება ბლოკჩეინის ქსელის სმარტ კონტრაქტების მეშვეობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდექსები არის დეცენტრალიზებული და მათ არ აკონტროლებს რომელიმე კონკრეტული სუბიექტი, რაც აუმჯობესებს გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების დონეს და მინიმუმამდე ამცირებს მანიპულაციის რისკებს.
დეცენტრალიზებული ინდექსები ETF-ებისგან განსხვავდება იმით, რომ ისინი შედგება კრიპტოვალუტებისა და ციფრული აქტივების კალათებისგან, ნაცვლად ETF-ების შემადგენლობაში არსებული კომპანიის აქტივებისა. დეცენტრალიზებული ინდექსების აქტივების შერჩევა ხდება კონკრეტული კრიტერიუმების, მაგალითად საბაზრო კაპიტალიზაციის, ლიკვიდურობის და ვაჭრობის მოცულობის საფუძველზე. ინდექსის ეფექტურობის მაჩვენებელი განისაზღვრება კალათში არსებული აქტივების შეწონილი საშუალო ფასების საფუძველზე.

ინვესტორებს შეუძლიათ დეცენტრალიზებული ინდექსების ყიდვა და გაყიდვა ისევე, როგორც ეს ტრადიციული ინდექსის ფონდის შემთხვევაში ხდება. თუმცა, დეცენტრალიზებული ინდექსების წილებით ვაჭრობა ხორციელდება დეცენტრალიზებულ ბირჟებზე, ნაცვლად ცენტრალიზებული ერთეულის მიერ წარმოებული პროცესებისა.

დეცენტრალიზებული ინდექსების უპირატესობები

დეცენტრალიზებული ინდექსების ძირითად უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ისინი უზრუნველყოფს წვდომას კრიპტოვალუტების ან ციფრული აქტივების დივერსიფიცირებულ პორტფოლიოზე ინვესტორებისთვის. ეს ხელს უწყობს კონკრეტულ აქტივში ინვესტირების რისკების შემცირებას, რადგან ერთი აქტივის გამოყენების შედეგად გამოწვეული ზარალის კომპენსირება შესაძლებელია სხვა აქტივების გამოყენებით მიღებული მოგების მეშვეობით. გარდა ამისა, დეცენტრალიზებული ინდექსების მეშვეობით შესაძლებელია წვდომის მოპოვება იმ აქტივებზე, რომელთა ინდივიდუალურად შეძენა ან ვაჭრობა გარკვეულ სირთულეებთანაა ასოცირებული.

დეცენტრალიზებული ინდექსების კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ისინი უზრუნველყოფენ გამჭვირვალობის და უსაფრთხოების გაუმჯობესებულ დონეს ტრადიციულ ინდექსებთან შედარებით. რადგან დეცენტრალიზებული ინდექსები იმართება ბლოკჩეინ ქსელზე არსებული სმარტ კონტრაქტების მეშვეობით, ხდება ყველა ტრანზაქციის ჩაწერა საჯარო ლეჯერზე, მათი ვერიფიკაციის განხორციელება კი ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი. ეს ინვესტორებს ანიჭებს მეტ თავდაჯერებულებას ინდექსის ეფექტურობასთან და მართვასთან დაკავშირებით.

დეცენტრალიზებული ინდექსების შეზღუდვები

დეცენტრალიზებული ინდექსები ჯერ კიდევ ახალი და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კონცეფციაა. აუცილებელია მათთან დაკავშირებული გამოწვევებისა და რისკების გათვალისწინება. ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს რეგულაციების შემუშავებისა და ზედამხედველობის აუცილებლობა, რადგან გაურკვევლობა შესაძლოა გახდეს კონკრეტული დეცენტრალიზებული ინდექსის სანდოობისა და ეფექტურობის განსაზღვრის გართულების მიზეზი. გარდა ამისა, კრიპტოვალუტების ბაზრებისთვის დამახასიათებელი მერყეობა შესაძლოა საფუძვლად დაედოს ინდექსის ღირებულების ცვლილებას, რაც ზეგავლენას იქონიებს ინვესტორის მიერ მიღებულ მოგებაზე.

პოსტების გაზიარება
შესაბამისი ტერმინები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.