ბლოკის სათაური
ბლოკის სათაური წარმოადგენს
ბლოკის შემაჯამებელ ნაწილს ბლოკჩეინზე, რომელიც ტრანზაქციების სრული სიის ნაცვლად ბლოკის ძირითად საიდენტიფიკაციო მონაცემებს შეიცავს.
სათაურში გაერთიანებულია ბლოკის მახასიათებლების
მეტამონაცემები: მისი შექმნის დრო, წინა ბლოკთან კავშირი და ცალკეული ჰეში, რომელიც მასში შემავალ ყველა ტრანზაქციას წარმოადგენს. არსებითად, ბლოკის სათაური მოიცავს ბლოკის შესახებ არსებულ ყველა მონაცემს, უშუალოდ ტრანზაქციების დაუმუშავებელი სიის გარდა.
Bitcoin-ის შემთხვევაში, ბლოკის სათაური წარმოადგენს 80-ბაიტიან ფიქსირებულ სტრუქტურას, რომელიც ექვსი ველისგან შედგება:
ვერსია: მიუთითებს, კონსენსუსის რომელ წესებს ემორჩილება ბლოკი და შეიძლება გამოყენებულ იქნას პროტოკოლის განახლებებთან დაკავშირებული მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით.
წინა ბლოკის ჰეში: წინა ბლოკის სათაურის
ჰეში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბლოკჩეინის სხვადასხვა ბლოკს.
მერკლის ფესვი: ბლოკში არსებული ყველა ტრანზაქციისგან მიღებული ერთიანი ჰეში, რომლის გენერირებაც ხდება
მერკლის ფესვის მეშვეობით, რის გამოც, ნებისმიერი ცვლილება ტრანზაქციაში იწვევს აღნიშნული მაჩვენებლის ცვლილებასაც.
დროის ნიშნული: აღრიცხავს ბლოკის შექმნის მიახლოებით დროს, რომელიც აისახება Unix-ის დროის ნიშნულის ფორმატში.
სირთულის სამიზნე მაჩვენებელი (nBits): განსაზღვრავს ზღვრულ მნიშვნელობას, რომელსაც ბლოკის სათაურის ჰეში არ უნდა აღემატებოდეს. ქსელის სირთულე გამოითვლება უშუალოდ ამ სამიზნე მაჩვენებლის საფუძველზე და არ ხდება მისი პირდაპირ შენახვა.
Nonce: ცვლადი, რომელსაც მაინერები ვალიდური ჰეშის ძიების პროცესში პერიოდულად ცვლიან
nonce ველის მეშვეობით.
ბლოკის სათაური წარმოადგენს სწორედ იმ მონაცემთა ერთობლიობას, რომლის ჰეშირებასაც ახორციელებენ მაინერები ბლოკის ვალიდურობის უზრუნველყოფის მიზნით. ვინაიდან სათაურის ზომა სულ რაღაც 80 ბაიტია, მისი ჰეშირება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ბლოკში არსებული თითოეული ტრანზაქციის ცალ-ცალკე ჰეშირება, რომელთა რაოდენობამაც შესაძლოა რამდენიმე ათასს მიაღწიოს. ბლოკის
მაინინგის პროცესში სათაური გაივლის ორმაგ SHA-256 ჰეშირებას, ხოლო მიღებული შედეგი ხდება თავად ბლოკის უნიკალური იდენტიფიკატორი.
ბლოკის სათაურების მცირე ზომა მათ განსაკუთრებით ეფექტურს ხდის შედარებით სუსტი კლიენტ-მოწყობილობებისთვისაც.
Bitcoin-ის სრული ბლოკჩეინის შენახვა მეხსიერების დიდ რესურსს მოითხოვს, მაშინ როდესაც მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ ბლოკის სათაურებს ინახავს, ამ მოცულობის მხოლოდ მცირედ ნაწილს იკავებს. ვინაიდან თითოეული სათაური მერკლის ფესვის მეშვეობით უზრუნველყოფს ტრანზაქციების ვალიდურობას, შედარებით სუსტ კლიენტ-მოწყობილობას შეუძლია მარტივად გადაამოწმოს, მოხვდა თუ არა კონკრეტული ტრანზაქცია ბლოკში - მთლიანი ბლოკჩეინის მონაცემების ჩამოტვირთვის საჭიროების გარეშე. აღნიშნული მიდგომა მონაცემების მისაღების მიზნით მესამე მხარეებისთვის ნაწილობრივი ნდობის საჭიროებას ითვალისწინებს, თუმცა უზრუნველყოფს ვერიფიკაციის გარკვეულ შესაძლებლობებს შეზღუდული რესურსების მქონე მოწყობილობებისთვის.