რა არის ხელოვნური ინტელექტის აგენტის ფრეიმვორკები?

რა არის ხელოვნური ინტელექტის აგენტის ფრეიმვორკები?

განახლებული Apr 9, 2026
6m

მთავარი დეტალები

  • ხელოვნური ინტელექტის აგენტის ფრეიმვორკები გვთავაზობს ინსტრუმენტების ნაკრებს და სამშენებლო ბლოკებს, რომელთა წყალობით აგენტების შექმნა გაცილებით მარტივია.

  • როგორც წესი, ისინი ციკლურად მუშაობს, რაც აგენტებს ეხმარება ზოგადი მიზნების პრაქტიკულ დავალებებად გარდაქმნაში, რომლებიც შესაძლებელია ეტაპობრივად შესრულდეს.

  • ფრეიმვორიკის არჩევისას საჭიროა გაითვალისწინოთ თქვენი ხელოვნური აგენტის დანიშნულება და ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ მისი გამოყენების სიმარტივეს და სხვა სისტემებთან თავსებადობას.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

ხელოვნური ინტელექტი უკვე აღარაა უბრალოდ ჩატბოტი. ისინი გარდაიქმნა სისტემებად, რომელთაც ავტონომიურად მოქმედება შეუძლიათ. ამ სისტემებს, რომელთაც ეწოდებათ ხელოვნური ინტელექტის აგენტები, შეუძლიათ დაგეგმვა, გადაწყვეტილებების მიღება და დავალებების შესრულება რეგულარული კონტროლის საჭიროების გარეშე. მათი პოპულარობის ზრდის პარალელურად, ასევე იზრდება მოთხოვნა ინსტრუმენტებზე, რომელთა წყალობით ეს პროცესი უფრო მარტივი და მართვადი გახდება. სწორედ ამისათვის არის საჭირო ხელოვნური ინტელექტის აგენტის ფრეიმვორკები.

რა არის ხელოვნური ინტელექტის აგენტის ფრეიმვორკები?

ხელოვნური ინტელექტის აგენტის ფრეიმვორკები წარმოადგენს ინსტრუმენტებს და ბიბლიოთეკებს, რომლებიც ამარტივებს ხელოვნური ინტელექტის აგენტების შექმნის, სწავლების და გაშვების პროცესს. ფრეიმვორკები დეველოპერებს სთავაზობს მზა კომპონენტებს, როგორებიცაა API-ები, შაბლონები და სხვა საბაზისო სამშენებლო ბლოკები, რომელთა წყალობით მათ აღარ უწევთ ყველაფრის ნულიდან დაწყება.

ხელოვნური ინტელექტის აგენტის ფრეიმვორკები რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

  • ანალიზის მოდული: მიზნებს ჰყოფს მცირე ზომის საფეხურებად და ირჩევს მომდევნო მოქმედებას ან ინსტრუმენტს.

  • მოქმედების ინტერფეისი: ასრულებს მოქმედებას და უკავშირდება API-ებს, რომლებიც საჭიროა მოთხოვნის შესასრულებლად. 

  • მეხსიერების სისტემა: ინახავს აგენტის მიერ გენერირებულ ინფორმაციას და მის მოქმედებებს, რაც საჭიროა მომდევნო დავალების კონტექსტის სწორად განსაზღვრისთვის.

  • შეფასების და ტესტირების მექანიზმები: იწერს თითოეულ მოქმედებას, რაც საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ თქვენი აგენტის ქცევა ან განსაზღვროთ მისი მოქმედების შედეგის ხარისხი.

  • კომუნიკაციის პროტოკოლები: საჭიროა რამდენიმე აგენტის კოლაბორაციისთვის, მისი საშუალებით ხდება აგენტებს შორის შეტყობინებების მიმოცვლა.

როგორ მუშაობს ისინი? 

ხელოვნური ინტელექტის აგენტის ფრეიმვორკი ახორციელებს ანალიზის, მოქმედების და განახლების უწყვეტი ციკლის კოორდინაციას, რაც აგენტს საშუალებას აძლევს ზოგადი მიზანი გარდაქმნას კონკრეტულ მოქმედებებად და შედეგებად. 

ქვემოთ მოცემულია მათი მუშაობის საფეხურები:

1. მიზნის ინიციალიზაცია

პროცესი იწყება მომხმარებლისგან ან სხვა სისტემისგან მიზნის ან ინსტრუქციების მიღებით. ამის მაგალითია დავალება, რომელიც შემდეგი სახითაა ფორმულირებული „მოამზადე ბაზრის სიახლეების შეჯამება და გაუგზავნე ჩემს გუნდს ელ. ფოსტის მეშვეობით. ამ მიზანზე დაფუძნებით, ფრეიმვორკი ახდენს აგენტის მდგომარეობის ინიციალიზაციას, რაც მოიცავს ნებისმიერ შესაბამის კონტექსტსა ან მეხსიერებას.

2. ანალიზი და დაგეგმვა

ანალიზის კომპონენტი, რომელიც მხარდაჭერილია ენის მოდელით, როგორიცაა GPT, განსაზღვრავს საფეხურებს, ინსტრუმენტებს და აღსრულების თანმიმდევრობას. შემუშავებული გეგმა შეიძლება იყოს თანმიმდევრული ან იტერაციული. 

3. ინსტრუმენტის შერჩევა და მოქმედების აღსრულება

ამის შემდეგ ეს დავალება ეგზავნება შესაბამის ინსტრუმენტს ან ფუნქციას. ეს შეიძლება მოიცავდეს API-ს გამოძახებას ან მონაცემთა ბაზის მოთხოვნას. ფრეიმვორკი ახდენს ამ ინსტრუმენტების გამოძახების პროცესის სტანდარტიზაციას, რათა აგენტმა შეძლოს გარე სისტემებთან სტაბილურად ურთიერთქმედება.

4. დაკვირვება და მდგომარეობის განახლება

აღსრულების შემდეგ ფრეიმვორკი აფიქსირებს შედეგს და ინახავს მას აგენტის მეხსიერებაში, რათა შემდგომი გადაწყვეტილებები დაფუძნებული იყოს წინა მოქმედების შედეგებზე.

5. იტერაციული აღსრულების ციკლი

ამ ციკლის გამეორებები გრძელდება მიზნის მიღწევამდე ან წყდება პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში (დროის ლიმიტის ან შეზდომების ზღვრის გათვალისწინებით). ეს იტერაციული სტრუქტურა აგენტს აძლევს მრავალსაფეხურიანი დინამიკური დავალებების შესრულების შესაძლებლობას და არ შემოიფარგლება ერთჯერადი ურთიერთქმედებებით.

6. ორკესტრაცია და კოორდინაცია

უფრო კომპლექსური დანიშნულებით გამოყენებისას, ფრეივორკებს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი ფუნქციების მხარდაჭერა:

  • დავალების დაშლა: დიდი ზომის დავალების მცირე ზომის საფეხურებად დაყოფა

  • აგენტებს შორის კოორდინაცია: აგენტებს შორის ფუნქციების გადანაწილება

  • ურთიერთდამოკიდებულებების განსაზღვრა: დავალებიების სწორი თანმიმდევრობით აღსრულება

7. შედეგის გამოტანა და დასრულება

როგორც კი ფრეიმვორკი დაადგენს, რომ მიზანი შესრულებულია, ის აგროვებს შედეგებს, ახდენს საბოლოო მონაცემების ფორმატირებას და უგზავნის მათ მომხმარებელს ან ააქტიურებს შემდგომ მოქმედებებს.

ხელოვნური აგენტის ფრეიმვორკის არჩევა

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ხელოვნური ინტელექტის აგენტის ფრეიმვორკის არჩევისას.

სირთულე

რა ტიპის დავალებების შესასრულებლად ქმნით ხელოვნური ინტელექტის აგენტს? რამდენად რთულია ეს დავალებები? ამის მეშვეობით თქვენ შეძლებთ განსაზღვროთ, მხოლოდ ერთი აგენტი გესაჭიროებათ თუ რამდენიმე აგენტისგან შემდგარი ეკოსისტემა. მაგალითად, თუ თქვენ ხელოვნური ინტელექტის აგენტს მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის ქმნით, რომლის დანიშნულებაა მომხმარებელთა პრობლემების ან საჩივრების სირთულის მიხედვით კლასიფიცირება, საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი აგენტი. 

ხოლო თუ თქვენ გსურთ შექმნათ სისტემა ინდუსტრიის ყოველკვირეული ანგარიშების მოსამზადებლად ადამიანის მინიმალური ჩარევით, შესაძლოა დაგჭირდეთ რამდენიმე აგენტი სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად: კვლევა, მონაცემების ანალიზი, მონაცემებიდან დასკვნების გამოტანა და ანგარიშების მომზადება.

მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

ფრეიმვორკის არჩევისას პრიორიტეტი უნდა იყოს მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. უნდა შეაფასოთ ფრეიმვორკის შესაძლებლობა შეზღუდოს მოქმედებები, შეამოწმოს შემავალი და გამომავალი მონაცემები და განსაზღვროს უფლებები ინსტრუმენტებისა და API-ებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგენტების შექმნისას, რომლებიც შეუძლიათ ტრანზაქციების შესრულება, შეტყობინებების გაგზავნა ან მონაცემების მოდიფიკაცია.

გამოყენების სიმარტივე

ფრეიმვორკის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ თქვენი, როგორც დეველოპერის გამოცდილება. ზოგიერთი ფრეიმვორკი გთავაზობთ ინტერფეისს, რომელიც არ საჭიროებს პროგრამირების ცოდნას (აგენტის სწრაფად გაშვების შესაძლებლობას და განკუთვნილია დამწყებთათვის). სხვები უფრო მეტ მოქნილობას და პროგრამირებაზე დაფუძნებულ პერსონალიზაციის შესაძლებლობას გთავაზობთ (თუ მეტი გამოცდილება გაქვთ ხელოვნური ინტელექტის შემუშავების სფეროში).

ინსტრუმენტები და ინტეგრაცია

საჭიროა შეაფასოთ, არის თუ არა ფრეიმვორკი შესაბამისობაში თქვენს არსებული მონაცემთა წყაროებთან, ინფრასტრუქტურასთან და ინსტრუმენტებთან. მაგალითად, შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ მომხმარებლის ინსტრუმენტების დამატების სიმარტივეს ან ფუნქციის გამოძახების მხარდაჭერას.

ეფექტურობა და მასშტაბირებადობა

შეაფასეთ არჩეული ხელოვნური ინტელექტის აგენტის ფრეიმვორკის ეფექტურობა და გაითვალისწინეთ მისი სავარაუდო ქცევა დატვირთვის დროს. უნდა გაითვალისწინოთ, თუ რა გავლენას მოახდენს რეაგირების დრო ან დაყოვნება რეალური დროის აპლიკაციებში გამოყენების დროს. ასევე უნდა შეაფასოთ, შემცირდება თუ არა ეფექტურობა დიდი მოცულობის მონაცემების ან რამდენიმე მოთხოვნის პარალელურად დამუშავებისას. ეს მნიშვნელოვანია პროტოტიპის ეტაპზე მყოფი აგენტის რეალურ გარემოში გადატანის წინ.

შეჯამება

ხელოვნური ინტელექტის აგენტების ფრეიმვორკები იმ სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელთა დანიშნულება კონკრეტული მიზნების ავტონომიურად შესრულებაა. ფრეიმვორკი საკუთარ თავზე იღებს მრავალეტაპიანი დავალებების შესრულებას, რაც დეველოპერებს უმარტივებს სამუშაოს და საშუალებას აძლევს კონცენტრირება მოახდინონ სამუშაო პროცესის დაგეგმვაზე.

სწორი ფრეიმვორკის არჩევა ყოველთვის მარტივი არაა. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ მისი მასშტაბირების შესაძლებლობა და უსაფრთხოება.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკების შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.