TL;DR
Wordlcoin, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორი, სემ ალტმანია, დეცენტრალიზებული proof-of-personhood მექანიზმის შექმნას ისახავს მიზნად.
Proof-of-personhood ეფუძნება იდეას, რომ AI უამრავ რამეს შექმნის, თუმცა ამას მოჰყვება დიდი ოდენობის სპამი, ამიტომ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება იმის დამტკიცება, რომ საქმე გვაქვს რეალურ, უნიკალურ პიროვნებასთან.
Wordlcoin-ის ადგილობრივი კრიპტოვალუტა Worldcoin (WLD) ოფიციალურად 2023 წლის 24 ივლისს გაეშვა.
მომხმარებლები საკუთარი თვალის ფერადი გარსის სკანირებისთვის იყენებენ მოწყობილობას, სახელწოდებით Orb, რითიც Wordlcoin ადასტურებს, რომ საქმე აქვს უნიკალურ, რეალურ პიროვნებასთან. ამის შემდეგ მომხმარებლებს WLD ტოკენის მიღება შეუძლიათ.
Worldcoin-ის ხედვა ბევრს აღაფრთოვანებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამაში პოტენციურ რისკებს ხედავს.
ვინ შექმნა Worldcoin?
Worldcoin-ის შექმნის იდეა თანადამფუძნებლებს, სემ ალტმანსა და ალექს ბლანიას გაუჩნდათ. სემ ალტმანი ყველაზე მაღალი რანგის თანადამფუძნებელია და ამჟამად OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებს; ხელოვნური ინტელექტის კვლევის ლაბორატორიამ 2022 წლის მიწურულს ChatGPT გაუშვა. მანამდე ალტმანი Y Combinator-ის პრეზიდენტი, მცირე ხნით კი Reddit-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ბლანია ყოფილი AI მკვლევარია.
2021 წლის შემდეგ Wordlcoin-მა $100 მილიონზე მეტი მოიზიდა ინვესტორებისგან, როგორიცაა Andreessen Horowitz და Khosla Ventures. Wordlcoin-ის ადგილობრივი კრიპტოვალუტა Worldcoin (WLD) ოფიციალურად 2023 წლის 24 ივლისს გაეშვა.
რა არის Worldcoin?
Worldcoin-ის, როგორც AI სფეროში გამოცდილი თანადამფუძნებლების მიერ შექმნილი კრიპტოვალუტის მიზანი ხელოვნურ ინტელექტზე ფოკუსირდება. Worldcoin თავს AI ეპოქაში ადამიანების დამხმარე ციფრული ვინაობის პროტოკოლად წარმოიდგენს და მიზნად დეცენტრალიზებული proof-of-personhood გადაწყვეტის შექმნას ისახავს.
Proof-of-personhood ეფუძნება იდეას, რომ AI ბევრ რამეს შექმნის, რის პარალელურადაც გაჩნდება დიდი ოდენობით სპამი, ამიტომ საჭიროება დამტკიცდეს, რომ ვიღაც ნამდვილი, უნიკალური ადამიანია — და არა ბოტი, ან სხვა ადამიანი — უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
Worldcoin გეგმავს მთელ მსოფლიოში შესაბამისი მოწყობილობის, Orb-ის გავრცელებას, რომლის მეშვეობითაც ხდება თვალის ფერადი გარსის სკანირება და აპლიკაციის მეშვეობით იდენტიფიცირება. Worldcoin-ის თქმით ის იყენებს კონფიდენციალურობის დაცვის ტექნოლოგიას და დროთა განმავლობაში პროტოკოლის მმართველობის დეცენტრალიზებას აპირებს.
რატომ არის Worldcoin მნიშვნელოვანი?
Worldcoin და სხვა proof-of-personhood პროტოკოლები რეალურ სამყაროში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას ცდილობენ. მათ შორისაა:
ცენტრალიზებული proof-of-personhood სისტემები
იდენტიფიკაციის ბევრი სისტემა იმართება ცენტრალიზებული მთავრობის მიერ, რომელსაც ცენტრალიზებული სუბიექტები აკონტროლებენ. ამ ცენტრალიზებული სუბიექტები უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან, რომელთა შორისაა მონაცემების კონფიდენციალურობა ზოგჯერ კი შეზღუდული წვდომა.
სპამი და AI-ს გენერირებული კონტენტი
AI-ს მიერ ციფრული კონტენტის შექმნის შესაძლებლობები იზრდება და ადამიანისგან მისი გარჩევა რთულდება, ამიტომ აუცილებელია გვქონდეს შესაძლებლობა გავარჩიოთ, კონკრეტული კონტენტი ნამდვილმა ადამიანმა შექმნა თუ ხელოვნურმა ინტელექტმა. Proof-of-personhood მექანიზმს შეუძლია ბოტების მიერ გენერირებული სპამის პრობლემის მოგვარების გამარტივება, რაც ამჟამად არაერთ პლატფორმასა და მომხმარებელს აწუხებს.
როგორ მუშაობს Worldcoin?
Worldcoin რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება; World ID, WLD ტოკენები და World აპლიკაცია. World ID არის ID, რომელიც ენიჭება ერთ ნამდვილ ადამიანს და მისი ვინაობის მტკიცებულებას წარმოადგენს. Wordlcoin ტოკენი ქსელის მონაწილეებზე გაიცემა. ორივეზე წვდომა შესაძლებელია World აპლიკაციიდან, რომლის ჩამოტვირთვაც მომხმარებლებს ტელეფონში შეუძლიათ.
Worldcoin-ის მომხმარებლები აპლიკაციით პირადი და საჯარო გასაღებების გენერირებას ახდენენ. მომხმარებლები იყენებენ უახლოეს Orb-ს, ასკანერებენ თვალის ფერად გარსს და აპლიკაცია ადასტურებს, რომ ისინი ნამდვილი, უნიკალური ადამიანები არიან. ეს ნიშნავს, რომ თვალის ფერადი გარსის ანაბეჭდი უნდა ეკუთვნოდეს ნამდვილ ადამიანს, თანაც კონკრეტულ მომხმარებელს და არა სხვას.
ვერიფიკაციის შემდეგ მომხმარებლები Orb-ის მიერ ვერიფიცირებულ World ID-ს მიიღებენ. 2023 წლის მონაცემებით არსებობს Orb-ის მიერ ვერიფიცირებული ID, კომპანია კი მომდევნო თვეების განმავლობაში 35-ზე მეტ ქალაქში განთავსებული Orb-ების რაოდენობის 1500-მდე გაზრდას გეგმავს. რამდენიმე ქვეყანაში Worldcoin-ის მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ Worldcoin ტოკენები, იგივე WLD-ები.
როგორია Worldcoin-ის (WLD) ტოკენომიკა?
Worldcoin (WLD) არის ERC-20 ტოკენი, რომელიც გაშვებულია Ethereum Mainnet-ზე, უფლებამოსილი მომხმარებლები კი ტოკენებს Optimism Mainnet-ზე მიიღებენ.
WLD ტოკენის საწყისი მარაგი 15 წლის განმავლობაში 10 მილიარდი ტოკენი იქნება. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ქსელის მმართველობას შეუძლია გადაწყვიტოს ინფლაციის 1,5%-იანი განაკვეთის დაწესება და ახლად დამზადებული ტოკენების გადანაწილების მექანიზმის შექმნა.
საწყისი 10 მილიარდი ტოკენის გადანაწილება ასე მოხდება:
ტოკენების 75% გადანაწილდება მომხმარებლებზე, ეკოსისეტმის ფონდზე და ქსელის ოპერაციებზე, მათ შორის უმეტესობა მომხმარებლებს ერგებათ.
დაახლოებით 10% გადანაწილდება დამფუძნებელ გუნდზე, 13,5% ინვესტორებზე და 1,7% რეზერვებს მოხმარდება.
WLD-ის გაშვებამდე მომხმარებლებისთვის განკუთვნილი 7,5 მილიარდი ტოკენი უკვე შეიქმნება, მაგრამ მათი უმეტესობა მომდევნო 15 წლის განმავლობაში ეტაპობრივად განიბლოკება. ტოკენის განბლოკვის გრაფიკის მიხედვით, გაშვებისას WLD ტოკენების მარაგი იქნება 143 მილიონი, საიდანაც 43 მილიონი ვერიფიცირებულ მომხმარებლებს ერგებათ, 100 მილიონი კი არა-ამერიკელ მარკეტ-მეიკერებს სესხის სახით მიეცემათ.
Worldcoin-ის მიხედვით მისი ტოკენომიკა ისეა შექმნილი, რომ მომდევნო წლებში ტოკენების სრული უმრავლესობა ახალ და არსებულ მომხმარებლებს ერგოთ და რაც შეიძლება დიდი proof-of-personhood ქსელი შეიქმნას. ქსელში ახალი მომხმარებლების დამატების პარალელურად, WLD-ს ცირკულირებადი მარაგი თანდათან გაიზრდება.
ვინ მართავს Worldcoin-ს?
Worldcoin-ის მიზანია დეცენტრალიზებული proof-of-personhood მექანიზმის შექმნა, რაც ნიშნავს, რომ მისი მართვა საბოლოოდ დეცენტრალიზებული გახდება. პროტოკოლის პირველადი შემუშავება განახორციელა დელავერში დაფუძნებული კომპანიის დეველოპერების გუნდმა, რომლის სათაო ოფისი სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში მდებარეობს და რომლის სახელწოდებაა Tools for Humanity-ს (TFH). TFH-მა, გერმანულ შვილობილ კომპანიასთან ერთად პროტოკოლის მრავალწლიანი ბეტა ტესტირება აწარმოა და შექმნა Orb და World აპლიკაცია.
2022 წელს ქსელის მასშტაბირებისთვის და დეცენტრალიზებული მართვისკენ სვლის პროცესის დასაჩქარებლად დაფუძნდა არაკომერციული ორგანიზაცია Worldcoin Foundation. Worldcoin Foundation ამჟამად იმართება საბჭოს მიერ, რომელშიც შედის სამი დირექტორი და მრჩევლები, სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებული რაიმე აქტივობისთვის საჭიროა 6-დან 4 მრავალხელმოწერიანი საფულე. საბოლოოდ Worldcoin-ის პროტოკოლის მიზანია იმართეობდეს საზოგადოების მიერ და შემცირდეს დამფუძნებლების როლი.
რა შეზღუდვები და რისკები ახლავს Worldcoin-ს და WLD ტოკენს?
Worldcoin-ს დიდი მიზნები აქვს, თუმცა არსებობს შეზღუდვები და რისკები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ, თუ მის პროტოკოლებში მონაწილეობას ან მის ტოკენებში ინვესტირებას აპირებთ. მთავარ გამოწვევებს შორის არის:
Orb-ის უსაფრთხოება
Orb-ის უსაფრთხოება პოტენციურად დიდ რისკს წარმოადგენს, რადგან არ არსებობს 100%-ით დაცული აპარატი. Orb-ს აქვს დაუცველი მხარეები, რაც დაკავშირებულია თაღლითობასთან, სიზუსტესთან, ასევე მონაცემების გაჟონვასა და მოპარვასთან. სენსიტიურ ბიომეტრიულ ინფორმაციაზე წვდომის გამო Orb-ის უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა დამანგრეველი შედეგები დადგეს.
ტოკენის ფასების მერყეობა
WLD ტოკენის, ისევე როგორც სხვა კრიპტოვალუტების ფასები შესაძლოა მერყევი აღმოჩნდეს. ინვესტორებმა ტოკენში ინვესტიციის განხორციელებამდე სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და საკითხი კარგად გამოიკვლიონ.
მანიპულაციის რისკები
პოტენციურმა თაღლითებმა შესაძლოა სხვა ადამიანების World ID-ები გამოიყენონ. Worldcoin ცდილობს თითოეულ ადამიანს მხოლოდ საკუთარ World ID-ზე ჰქონდეს წვდომა, თუმცა მაინც არსებობს ალბათობა, რომ დამნაშავეები რამდენიმე World ID-ის მოპოვებას მაინც მოახერხებენ.
პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის საკითხი
მომხმარებელთა ნაწილი საკუთარ სენსიტიური ბიომეტრიული მონაცემების უსაფრთხოებაზე ღელავს. იმის მიუხედავად, რომ Worldcoin თვალის ფერადი გარსის მონაცემებს არ ინახავს და მხოლოდ ანაბეჭდის ჰეშებს იყენებს, მომხმარებლის თვალის სკანირება და მისი პერსონალური ინფორმაციის გაზიარება მაინც არაერთ რისკთან არის დაკავშირებული. Worldcoin-მა შესაძლოა დანერგოს სახის ამოცნობაც, რაც მონაცემების კონფიდენციალურობის რისკებს ზრდის.
ცენტრალიზაცია და ღია კოდი
Worldcoin-ის პროტოკოლის დიდი ნაწილი ღიაა, თუმცა მაგალითად Orb-ის firmware და სხვა ასპექტები ჯერ ღია არ არის. ამჟამად ცენტრალიზებულია Worldcoin-ის არაერთი ოპერაცია, მათ შორის მონაცემთა ცენტრები, სადაც თვალის ანაბეჭდის ჰეშები ინახება, ასევე Orb-ის წარმოება და დისტრიბუცია. იმის მიუხედავად, რომ Worldcoin-ის გრძელვადიანი მიზანი დეცენტრალიზაციაა, ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად მოხდება მისი დანერგვა.
გაურკვევლობა რეგულაციებთან დაკავშირებით
Worldcoin გლობალური პროტოკოლის შექმნას აპირებს, ამიტომ სავარაუდოდ მოუწევს შეხება რეგულაციურ გაურკვევლობებთან და შესაბამისობის საკითხებთან, როდესაც მთელ მსოფლიოში განსხვავებულ ადგილობრივ იურისდიქციასთან გადაიკვეთება. შესაძლოა ადგილობრივი რეგულაციები შეიცვალოს, რაც ოპერაციებზე დიდ გავლენას მოახდენს.
შეჯამება
Worldcoin ამბიციური პროექტია, რომელიც დიდი მიზნების მიღწევას ცდილობს. მისი ხედვით World ID არის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსალური საბაზისო შემოსავლის (UBI) კონკრეტული ფორმის შექმნას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ეპოაქში ყველა ადამიანს დაეხმარება. ეს ხედვა არაერთ ადამიანს აღაფრთოვანებს, მაგრამ სხვები პოტენციურ რისკებსა და გამოწვევებზე ღელავენ; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალის ანაბეჭდისა და ბიომეტრიული ინფორმაციის შენახვის საკითხები.
როგორც ყოველთვის, გამოიჩინეთ სიფრთხილე და გამოიკვლიეთ საკითხი, სანამ კრიპტო პროექტში ან მის ტოკენებში ინვესტიციას ჩადებთ. WLD ტოკენის ფასი დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა რეაქცია ექნებათ მომხმარებლებს Worldcoin-ის იდეაზე და შესაძლებელი იქნება თუ არა მასთან დაკავშირებული პრაქტიკული აპლიკაციებისა და ცოცხალი ეკოსისტემების შექმნა.
დამატებითი საკითხავი
ბლოკჩეინის გამოყენების გზები: ციფრული იდენტიფიკაცია
რა არის ტოკენომიკა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
რა არის კრიპტოვალუტის Whitepaper?
რა არის ICO (მონეტის პირველადი შეთავაზება)?
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.