Fully Diluted Valuation (FDV)

როგორ გამოიყენება FDV კრიპტოვალუტების სივრცეში?

FDV იშიფრება, როგორც Fully Diluted Valuation. ეს გახლავთ საზომი, რომლის მეშვეობითაც ვიგებთ, თუ რა იქნებოდა კონკრეტული კრიპტოვალუტის პროექტის სავარაუდო საბაზრო ღირებულება იმ შემთხვევაში, თუ მოცემული მომენტისთვის შესაძლებელი იქნებოდა ამ პროექტის ყველა ტოკენით ვაჭრობა. FDV მაჩვენებლის მისაღებად, ტოკენის მიმდინარე ფასი უნდა გავამრავლოთ იმ ტოკენების მაქსიმალურ რაოდენობაზე, რომელიც შესაძლოა ოდესმე არსებობდეს ამ პროექტის ფარგლებში.

მაგალითად, თუ ტოკენის მიმდინარე ფასია 5$, ხოლო პროექტის ტოკენების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 100 მილიონ ტოკენს, ამ პროექტის FDV იქნება 500 მილიონი აშშ დოლარი. FDV-ის მეშვეობით შესაძლებელია პროექტის მაქსიმალურ შესაძლო ღირებულებასთან დაკავშირებული ზოგადი სურათის უკეთ აღქმა.

რატომ არის FDV მნიშვნელოვანი?

FDV-ის მეშვეობით შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული პროექტის ღირებულება მომავალში, ტოკენების გამოშვების შედეგად. ხშირ შემთხვევაში ხდება ტოკენების დაბლოკვა ან ეტაპობრივად გამოშვება სტეიკინგის ჯილდოების სახით ან გუნდის წევრებისთვის განკუთვნილი ვესტინგის განრიგის შესაბამისად.

FDV ინვესტორებს მოვლენების შესაძლო განვითარების წინასწარ განსაზღვრაში ეხმარება. თუ FDV ბევრად აღემატება პროექტის მიმდინარე შემოთავაზებას, მაღალია ისეთი რისკების არსებობის ალბათობა, როგორიცაა ტოკენების ღირებულების შემცირება მომავალში.

FDV და საბაზრო კაპიტალიზაცია

მიუხედავად იმისა, რომ როგორც FDV, ისე საბაზრო კაპიტალიზაცია დაკავშირებულია ტოკენის ღირებულებასთან, ისინი სრულიად განსხვავებულ მაჩვენებლებს წარმოადგენს:
  • საბაზრო კაპიტალიზაცია: მოიცავს მხოლოდ იმ ტოკენებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ვაჭრობისთვის მიმდინარე მომენტში.
  • FDV: გახლავთ საზომი, რომელიც მიუთითებს პროექტის ღირებულებაზე იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ამ პროექტის ყველა ტოკენის გამოშვება.

მაგალითად, იმ პროექტის საბაზრო კაპიტალიზაცია, რომლის ცირკულაციაში არსებული ტოკენების რაოდენობაც შეადგენს 10 მილიონ ტოკენს, ხოლო თითოეული ტოკენის ღირებულებაა 5$, გახლავთ 50 მილიონი აშშ დოლარი. თუმცა, ამ პროექტის ტოკენების მაქსიმალური მარაგის 100 მილიონ ტოკენამდე გაზრდის შემთხვევაში, FDV-ც გაიზრდება 500 მილიონ აშშ დოლარამდე. საბაზრო კაპიტალიზაციისა და FDV-ის მაჩვენებლებს შორის არსებული დიდი სხვაობა მიუთითებს იმაზე, რომ დაბლოკილი ტოკენების რაოდენობა ჯერ კიდევ დიდია, რაც შესაძლოა ბაზრის მკვეთრი ცვლილებების გამომწვევ მიზეზად იქცეს მომავალში.

ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ FDV-ის გამოყენებისას

FDV არ წარმოადგენს იდეალურ საზომს და ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა მოგაწოდოთ არასწორი ინფორმაცია პროექტის ღირებულებასთან დაკავშირებით. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ FDV-ის გამოყენებისას:

  • ტოკენების გამოშვება: მოიპოვეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და როდის მოხდება დაბლოკილი ტოკენების გაშვება ცირკულირებად მარაგში. დროის მოკლე მონაკვეთში დიდი ოდენობით ტოკენების გაშვება ბაზარზე ზრდის ტოკენების ფასის შემცირების ალბათობას.
  • მზარდი მოთხოვნა: იდეალურ შემთხვევაში, მომხმარებელთა კრიპტოვალუტის პროექტებით დაინტერესების დონის შენარჩუნების პარალელურად უნდა მოხდეს ტოკენის გამოყენების ახლებური გზების აღმოჩენა და დანერგვა და მოთხოვნის დონის გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს მარაგში ახალი ერთეულების დამატებით გამოწვეული პროცესების დაბალანსებას.
  • პროექტის საფუძვლები: მაღალი FDV ზოგიერთ შემთხვევაში სულაც არ წარმოადგენს უარყოფით მაჩვენებელს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პროექტს გააჩნია ეფექტური გეგმა, გამოირჩევა ინოვაციურობითა და განვითარების მაღალი პოტენციალით გრძელვადიან პერსპექტივაში.

FDV მაჩვენებლის რაციონალურობის განსაზღვრაში პროექტის სამომავლო გეგმების ზოგად სურათზე დაკვირვებაც დაგეხმარებათ.

რა უნდა გაითვალისწინოთ:

FDV მაჩვენებლის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული ტოკენის ფასების შესაძლო ცვლილება ახალი ტოკენების გამოშვების შემთხვევაში, რაც არც თუ ისე ეფექტურ მიდგომას წარმოადგენს. როგორც იცით, კრიპტოვალუტის ბაზრები გამოირჩევა მერყეობის მაღალი დონით, გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში მკვეთრად იცვლება ტოკენების უმეტესობის ღირებულებაც. გრძელვადიან პერსპექტივაში, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი არ ექნება ტოკენის მარაგთან დაკავშირებული მოთხოვნის ზრდას, ეს დიდი ალბათობით გამოიწვევს ფასების შემცირებას.

გარდა ამისა, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ისეთი მაჩვენებლების მეშვეობით, როგორიცაა საბაზრო კაპიტალიზაცია და FDV, შესაძლოა ვერ მოხდეს შედარებით მცირემასშტაბიანი პროექტების ან meme მონეტების ღირებულების განსაზღვრა, რომელთა ტოკენების მარაგიც უკიდურესად დიდი ოდენობის ერთეულებისგან შედგება.

ამიტომ, უმჯობესია არ იხელმძღვანელოთ მხოლოდ FDV ან რაიმე სხვა მაჩვენებლით. მოიპოვეთ ინფორმაცია სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით, როგორიცაა პროექტის გუნდი, ტოკენომიკა, ვაჭრობის მოცულობა, ტოკენების გავრცელების დონე - ეს დაგეხმარებათ პროექტის სამომავლო პოტენიალის უკეთ განსაზღვრაში.

დასკვნა

FDV დაგეხმარებათ პროექტის სამომავლო პოტენციალის განსაზღვრაში, თუმცა ის მხოლოდ ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს თქვენთვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების ფართო ასორტიმენტიდან. პროექტის უკეთ შეფასების და რისკების შემცირების მიზნით პროექტის შეფასებისას უმჯობესია FDV მაჩვენებელთან ერთად ისეთი საზომების გამოყენება, როგორიცაა საბაზრო კაპიტალიზაცია.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.