Fakeout არის ტექნიკურ ანალიზთან (TA) დაკავშირებული ტერმინი, რომელიც გულისხმობს ფასის ისეთ მოძრაობას, რაც ერთი შეხედვით სავაჭრო სიგნალს ქმნის, თუმცა მალევე მკვეთრად იცვლის მიმართულებას.
Fakeout-ს ზოგჯერ ყალბ გარღვევასაც უწოდებენ. აღნიშნულ მოვლენას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც აქტივის ფასი სცდება გრაფიკულ მოდელს ან ფასის განსაზღვრულ დონეს, თუმცა მალევე იცვლის მიმართულებას, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს იმ ტრეიდერებზე, რომლებმაც საწყის მოძრაობაზე დაყრდნობით ვაჭრობა გადაწყვიტეს.
როგორ მუშაობს Fakeout
მრავალი სავაჭრო სტრატეგია ეფუძნება ფასის მიერ ძირითადი, მაგალითად მხარდაჭერისა და რეზისტენტობის დონის გარღვევას. ტრეიდერმა შესაძლოა გახსნას სავაჭრო პოზიცია იმ მოლოდინით, რომ ფასის მოძრაობა გარღვევის მიმართულებით გაგრძელდება.
Fakeout-ის შემთხვევაში, ფასის მოძრაობის აღნიშნული მიმართულებით გაგრძელება არ ხდება. ფასი დროებით კვეთს აღნიშნულ დონეს, შემდეგ ისევ საწყის დიაპაზონში ბრუნდება, რასაც ხშირად საპირისპირო მიმართულებით მკვეთრი შებრუნება მოჰყვება.
ტრეიდერები, რომლებიც გარღვევისას გახსნიან საავჭრო პოზიციას, შესაძლოა ზარალის მომტან პოზიციაში აღმოჩნდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში, სულ რამდენიმე წუთშიც კი შეიძლება მოხდეს. საწყისი ცვლილებების შემდეგ სავაჭრო მოცულობის შესუსტება ან შემცირება შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ გარღვევა პოზიციას ვერ შეინარჩუნებს.
Fakeout-თან დაკავშირებული რისკების მართვა ტრეიდერების მიერ
გამომდინარე იქიდან, რომ fakeout-ები შესაძლოა მოულოდნელი ზარალის გამომწვევ მიზეზად იქცეს, მრავალი ტრეიდერი, სავაჭრო პოზიციის გახსნისას, წინასწარ ამზადებს ამავე პოზიციის დახურვის გეგმას. Stop-loss შეკვეთის წინასწარ განთავსების მეთოდი ხშირად გამოიყენება რისკების მართვის ეფექტური პრაქტიკის სახით.
ტრეიდერები ასევე ცდილობენ შეზღუდონ კაპიტალის ის ოდენობა, რომლითაც ცალკეული ვაჭრობის ფარგლებში რისკავენ; ბევრი მათგანი, აღნიშნული რისკების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, მთლიანი დეპოზიტის მხოლოდ გარკვეულ პროცენტულ ნაწილს იყენებს. 1%-ით ვაჭრობის წესი ამის საუკეთესო მაგალითია: იგი გულისხმობს თითოეული ვაჭრობის იმგვარად დაგეგმვას, რომ stop-loss შეკვეთის ამოქმედების შემთხვევაში, ზარალმა თქვენი ანგარიშის მთლიანი ღირებულების 1%-ს არ გადააჭარბოს. საკითხის უფრო ღრმად შესასწავლად შეგიძლიათ გაეცნოთ Academy-ს გზამკვლევს სავაჭრო პოზიციების ზომის განსაზღვრა.
კიდევ ერთი გავრცელებული მეთოდია ვაჭრობის დაწყებამდე რამდენიმე ტექნიკური ინდიკატორის დადასტურების ან ფასის მიერ გარღვეული დონის ხელახლა შემოწმების მოლოდინი. ცალკეული სიგნალი შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი, თუმცა ერთი და იმავე მიმართულების მაჩვენებელი რამდენიმე ინდიკატორი უფრო საფუძვლიანი სავაჭრო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, fakeout-ის პროგნოზირების უშეცდომო მეთოდი ჯერ კიდევ არ არსებობს.
Fakeout-ები კრიპტოვალუტების ბაზრებზე
Fakeout ნებისმიერ ბაზარზე შეიძლება შეგვხვდეს, თუმცა კრიპტოვალუტების ბაზრების შემთხვევაში, ის განსაკუთრებული სიხშირით გამოირჩევა. ფასების მაღალმა მერყეობამ, ცალკეული სავაჭრო წყვილების დაბალმა ლიკვიდურობამ და ბაზრის განწყობის სწრაფმა ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს აქტივის ფასის მიერ რეზისტენტობის დონის ხანმოკლე დროით გარღვევა, რის შემდეგაც, მოკლე დროში, პროცესი საპირისპირო მიმართულებით შებრუნდება. მოულოდნელმა სიახლეებმა თუ დიდი მოცულობის შეკვეთებმა ასევე შეიძლება განაპირობოს ისეთი ხანმოკლე ცვლილებები, რომლებიც პოზიციას ვერ ინარჩუნებს - სწორედ ამიტომ ცდილობს ტრეიდერების უმეტესობა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე გარკვეული გარღვევების დაფიქსირების დროს.