BscScan

განახლებული Aug 28, 2026

მთავარი დეტალები

  • BscScan არის BNB Smart Chain-ის ოფიციალური ბლოკ ექსპლორერი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თვალი ადევნოს ქსელზე არსებულ ტრანზაქციებს, საფულის მისამართებს, ტოკენებსა და სმარტ კონტრაქტებს.
  • BscScan-ის ძირითად ინსტრუმენტებს შორისაა ტრანზაქციების ექსპლორერი, გაზის საკომისიოს ტრეკერი, სმარტ კონტრაქტების ვერიფიკატორი და ტოკენებისა და on-chain აქტივობის მონაცემთა დიაგრამები.

  • BscScan არ საჭიროებს საფულეზე წვდომას და არ გააჩნია თანხების თქვენს ნაცვლად განკარგვის შესაძლებლობა, რაც მას უსაფრთხოს ხდის ბლოკჩეინ მონაცემების მხოლოდ სანახავად გამოყენებისთვის.

რა არის BscScan?

BscScan გახლავთ BNB Smart Chain (BSC)-ის ოფიციალური ბლოკ ექსპლორერი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ, თვალი ადევნონ და გადაამოწმონ BSC ქსელზე დაფიქსირებული ნებისმიერი საჯარო აქტივობა, მათ შორის, ტრანზაქციები, საფულის მისამართები, ტოკენები და სმარტ კონტრაქტები. BscScan შექმნილია Etherscan-ის გუნდის მიერ და გვთავაზობს სანდო, ნაცნობ ინტერფეისს BSC ეკოსისტემაში ნავიგაციისთვის. 2025 წლის მონაცემებით, BNB Chain ყოველდღიურად დაახლოებით 31 მილიონ ტრანზაქციას ამუშავებდა 700 მილიონზე მეტ უნიკალურ მისამართზე, ტრანზაქციის საშუალო საკომისიო კი დაახლოებით 0,01 აშშ დოლარს შეადგენდა.

BscScan-ის ძირითადი ფუნქციები

1. ტოკენებისა და ტრანზაქციების ტრეკინგი

BscScan ამარტივებს ნებისმიერი ტოკენის სახელწოდების ან კონტრაქტის მისამართის მეშვეობით მოძიების პროცესს. გარდა ამისა, აღნიშნული ინსტრუმენტის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ შეამოწმონ კონკრეტული ტრანზაქციის სტატუსი, გაზის საკომისიო და ღირებულება როგორც BNB-ში, ისე აშშ დოლარში. გარდა ამისა, ტოკენების ტრეკერი ერთ სივრცეში აერთიანებს BEP-20 ტოკენებსა და NFT-ებს.

2. გაზის საკომისიოებზე მონიტორინგი

BscScan-ის გაზის საკომისიოების ტრეკერი BNB Smart Chain-ზე გაზის საკომისიოების მონაცემებს რეალურ დროში ასახავს. BSC, როგორც წესი, გამოირჩევა დაბალი საკომისიოებით, თუმცა ქსელის გადატვირთვის პერიოდებში აღნიშნული ინსტრუმენტი მომხმარებლებს ტრანზაქციის განხორციელებისთვის ოპტიმალური დროის განსაზღვრასა და დამატებითი ხარჯების თავიდან აცილებაში ეხმარება.

3. სმარტ კონტრაქტების ვერიფიკაცია

დეველოპერებს შეუძლიათ BscScan-ზე ატვირთონ სმარტ კონტრაქტის საწყისი კოდი, რათა დაამტკიცონ, რომ გაშვებული კოდი გამოქვეყნებულ ვერსიას ემთხვევა. კონტრაქტის გვერდზე მოცემული მწვანე ნიშანი ვერიფიცირებულ საწყის კოდზე მიუთითებს, რაც მასთან უშუალოდ ინტერაქციამდე მოქმედი ლოგიკის აუდიტის განხორციელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ეს მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია ისეთი პოტენციური რისკების გამოსავლენად, როგორიცაა rug pull-ები ან ფარული ფუნქციები.

4. On-chain მონაცემების ვიზუალიზაცია

BscScan-ის დიაგრამები ვიზუალურად ასახავს ტოკენების ფასებს, ტრანზაქციების მოცულობასა და ქსელის ძირითად მაჩვენებლებს. ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტენდენციების ამოცნობისა და BNB Smart Chain-ზე მიმდინარე საერთო აქტივობის გაანალიზების თვალსაზრისით.

5. დეველოპერების ხელსაწყოები

BscScan BNB Smart Chain-ზე მომუშავე დეველოპერებს API ინტერფეისებსა და სმარტ კონტრაქტის ინსტრუმენტებით სარგებლობის შესაძლებლობებს სთავაზობს. აღნიშნული მოიცავს კონტრაქტის მონაცემთა წაკითხვა-ჩაწერის ინტერფეისებსა და მოვლენათა ჟურნალზე წვდომას, რაც დეველოპერებს on-chain მონაცემებთან უშუალოდ BscScan-ის ინტერფეისის მეშვეობით ინტერაქციის საშუალებას აძლევს.

როგორ გამოვიყენოთ BscScan

ტრანზაქციის ან ტოკენის მოსაძებნად BscScan-ის საძიებო ველში შეიყვანეთ კონტრაქტის მისამართი, ტრანზაქციის ჰეში, საფულის მისამართი ან ტოკენის დასახელება. ძიების შედეგებში მოცემული იქნება დეტალური ინფორმაცია გამგზავნის, მიმღების, თანხის ოდენობის, გაზის საკომისიოსა და ტრანზაქციის მიმდინარე სტატუსის შესახებ.
სმარტ-კონტრაქტის ვერიფიკაციისთვის გადადით კონტრაქტის მისამართის გვერდზე და საწყისი კოდის გადასაგზავნად აირჩიეთ ფუნქცია „ვერიფიკაცია და გამოქვეყნება“. ვერიფიკაციის შემდეგ, კონტრაქტის გვერდზე ბლოკჩეინის ბაიტკოდთან ერთად წაკითხვადი საწყისი კოდიც გამოჩნდება, რაც DApp-ებთან ინტერაქციამდე მათი ლოგიკის გადამოწმებასა და აუდიტის განხორციელებას გაგიადვილებთ.

არის თუ არა BscScan უსაფრთხო?

ზოგადად, BscScan უსაფრთხო ინსტრუმენტადაა მიჩნეული. მისი გამოყენებისას არ არის საჭირო საფულის დაკავშირება და თქვენი ფინანსების განკარგვის უფლების მინიჭება. BscScan-ის შესაძლებლობები მხოლოდ ბლოკჩეინზე არსებული საჯარო მონაცემების წაკითხვით შემოიფარგლება. მიუხედავად ამისა, ფიშინგის ვებსაიტებზე მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, რომლებიც BscScan-ის ინტერფეისს აკოპირებენ, გამოყენებამდე ყოველთვის გადაამოწმეთ, იმყოფებით თუ არა ოფიციალურ მისამართზე (bscscan.com).

ხშირად დასმული კითხვები

რა სახის ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი BscScan-ის მეშვეობით?

BscScan-ის მეშვეობით შეგიძლიათ მოიძიოთ ნებისმიერი ტრანზაქცია მისი ჰეშით, ნებისმიერი საფულის მისამართი და მისი ბალანსის ისტორია, ნებისმიერი ტოკენი დასახელებითა თუ კონტრაქტის მისამართით, აგრეთვე BNB Smart Chain-ზე განთავსებული თითოეული სმარტ-კონტრაქტი. გარდა ამისა, BscScan ასახავს ბლოკების მონაცემებს, ვალიდატორების შესახებ ინფორმაციას, გაზის საკომისიოების ისტორიასა და ქსელის სტატისტიკას რეალურ დროში.

რა განსხვავებაა BscScan-სა და Etherscan-ს შორის?

BscScan მუშაობს BNB Smart Chain-ზე, ხოლო Etherscan - Ethereum-ის ქსელზე. ორივე მათგანი შექმნილია ერთი და იმავე გუნდის (Etherscan Ltd) მიერ და თითქმის იდენტურ ინტერფეისსა და ფუნქციებს გვთავაზობს. ძირითადი განსხვავება მათ საბაზისო ბლოკჩეინებშია: BSC-ზე განხორციელებული ტრანზაქციები და კონტრაქტები მხოლოდ BscScan-ზე აისახება, ხოლო Ethereum-ის აქტივობები - მხოლოდ Etherscan-ზე. გარდა ამისა, BSC-ზე გაშვებული ტოკენები BEP-20 სტანდარტზეა დაფუძნებული, ხოლო Ethereum-ის ტოკენები ERC-20 სტანდარტს ეფუძნება.

შეუძლია თუ არა BscScan-ს ჩემს საფულეზე ან თანხებზე წვდომა?

არა. BscScan მხოლოდ წაკითხვის რეჟიმით მომუშავე ბლოკ-ექსპლორერია. მისი გამოყენებისას არ არის საჭირო საფულის დაკავშირება და თქვენი ფინანსების განკარგვის უფლების მინიჭება. შესაბამისად, საჯარო მისამართებისა თუ ტრანზაქციების გადამოწმება თქვენი ჰოლდინგებისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. ფიშინგის ფარგლებში შექმნილი იმიტირებული ერთეულების გამოყენების თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის დარწმუნდით, რომ ოფიციალურ bscscan.com დომენზე იმყოფებით.

შეჯამება

BscScan წარმოადგენს უნივერსალურ ინსტრუმენტს, რომლით სარგებლობაც BNB Smart Chain-ზე მოქმედ ნებისმიერ პირს შეუძლია ისეთი მოქმედებების განხორციელების მიზნით, როგორიცაა ტოკენის შემოწმება ინვესტიციის განხორციელებამდე ან გაშვებული კოდის ხარვეზების აღმოფხვრა. მისი მხოლოდ წაკითხვის რეჟიმზე დაფუძნებული არქიტექტურა მისი სრულიად უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფს, თქვენი საფულისა თუ სახსრების რისკის ქვეშ დაყენების გარეშე.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.