რა არის Particle ქსელი (PARTI)?
მთავარი
სტატიები
რა არის Particle ქსელი (PARTI)?

რა არის Particle ქსელი (PARTI)?

განახლებული Mar 26, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • Particle ქსელი მომხმარებელს სთავაზობს რამდენიმე ქსელთან ერთი ანგარიშით დაკავშირების შესაძლებლობას, რაც გამორიცხავს რამდენიმე საფულის და აქტივების ერთი ბლოკჩეინიდან მეორეზე გადასატანად ხიდის გამოყენების საჭიროებას და ამარტივებს ბლოკჩეინთან მუშაობის პროცესს.

  • მისი ძირითადი მახასიათებლებია უნივერსალური ლიკვიდურობა და უნივერსალური გაზი, რაც მომხმარებლებს აძლევს რამდენიმე ბლოკჩეინზე განთავსებულ აქტივებზე წვდომის და ტრანზაქციის საკომისიოების ნებისმიერი ტოკენით გადახდის შესაძლებლობას.

  • Particle ქსელი წარმოადგენს პირველი დონის ბლოკჩეინს, რომელიც უზრუნველყოფს არსებულ DApp-ებთან თავსებადობას და მომხმარებელს სთავაზობს დეველოპერებზე მორგებულ სივრცეს.

შესავალი

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად შეიქმნა საკუთარი ეკოსისტემის მქონე უამრავი ქსელი. მიუხედავად იმისა, რომ ქსელების მრავალფეროვნება მომხმარებელს მეტ არჩევანს სთავაზობს, ეს ასევე დაკავშირებულია ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა ლიკვიდურობის დანაწევრება და ქსელებს შორის ურთიერთქმედების გართულება. Particle ქსელის შექმნის მიზანია ამ პრობლემების აღმოფხვრა, რისთვისაც ის გვთავაზობს ერთიან სისტემას, რომელიც ამარტივებს ბლოკჩეინებს შორის კომუნიკაციას.

რა არის Particle ქსელი?

Particle ქსელი წარმოადგენს პირველი დონის ბლოკჩეინს, რომლის მიზანია Web3-ში ურთიერთქმედებების გამარტივება და ინტეგრაცია. ის წარმოგვიდგენს კონცეფციას, სახელწოდებით ბლოკჩეინის აბსტრაქცია, რაც მომხმარებელს აძლევს რამდენიმე ბლოკჩეინთან ერთი ანგარიშის გამოყენებით ურთიერთქმედების შესაძლებლობას. ეს გამორიცხავს აქტივების ერთი ბლოკჩეინიდან მეორეზე ხიდის მეშვეობით გადატანის და რამდენიმე კრიპტო საფულის მართვის საჭიროებას.

რატომ შეიქმნა Particle ქსელი?

ასობით ქსელის გაჩენამ და მოდულური და კონკრეტული აპლიკაციისთვის განკუთვნილი ბლოკჩეინების რაოდენობის ზრდამ Web3 სივრცის დანაწევრება გამოიწვია. ამის გამო მოხდა ლიკვიდურობის ფრაგმენტაცია, რამაც მომხმარებლები აიძულა საკუთარი აქტივები სხვადასხვა ბლოკჩეინზე და საფულეზე გადაენაწილებინათ. გარდა ამისა, გაჩნდა გაზის და ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად რამდენიმე სხვადასხვა ტოკენის ფლობის საჭიროება.

Particle ქსელის შექმნის მიზანი სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრა იყო. ის გვთავაზობს ერთიან ეკოსისტემას, რაც აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და ხელს უწყობს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის და კრიპტოვალუტების პოპულარობის ზრდას.

როგორ მუშაობს Particle ქსელი?

Particle ქსელი წარმოგვიდგენს რამდენიმე ფუნქციას, რაც ამარტივებს რამდენიმე ქსელთან ერთდროულად მუშაობის პროცესს. ესენია უნივერსალური ანგარიშები, უნივერსალური ლიკვიდურობა და უნივერსალური გაზი.

1. უნივერსალური ანგარიშები

Particle-ის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტს ეწოდება უნივერსალური ანგარიშები. ის მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ქსელთან დაკავშირებისას საერთო მისამართის და ბალანსის გამოყენების შესაძლებლობას. ამის წყალობით მომხმარებელს არ უწევს ბლოკჩეინებს შორის გადართვა, რაც ამარტივებს ტრანზაქციების განხორციელებას და Web3 ეკოსისტემაში ნავიგაციას.

particle ქსელის უნივერსალური ანგარიში

უნივერსალური ანგარიში მომხმარებლებს სთავაზობს ერთიან მისამართს, რომლითაც შესაძლებელია რამდენიმე ბლოკჩეინთან დაკავშირება. ეს ანგარიში ახდენს სხვადასხვა ბლოკჩეინის ქსელთან სინქრონიზაციას, რის შემდეგაც მომხმარებელს შეუძლია დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან (DApp-ებთან) ურთიერთქმედება და აქტივების გადარიცხვა ერთი ქსელიდან მეორეზე გადართვის გარეშე. ამ სისტემის უპირატესობები მოიცავს შემდეგს:

  • მომხმარებლის გამოცდილების გამარტივება – არ არის საჭირო რამდენიმე საფულის მართვა.

  • უსაფრთხოების გაუმჯობესება – ამცირებს რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია რამდენიმე პირადი გასაღების მართვასთან.

  • DApp-ებთან ურთიერთქმედების გამარტივება – მომხმარებლებს შეუძლიათ ერთი ანგარიშის მეშვეობით მიიღონ წვდომა სხვადასხვა ბლოკჩეინზე განთავსებულ DApp-ებთან.

2. უნივერსალური ლიკვიდურობა

ბლოკჩეინის სივრცესთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ლიკვიდურობის ფრაგმენტაცია. ხშირად აქტივები დაბლოკილია ერთ კონკრეტულ ბლოკჩეინზე, რის გამოც ვერ ხერხდება მათი სხვა ქსელებზე გამოყენება. ამ პრობლემის გადასაჭრელად, Particle ქსელი იყენებს უნივერსალურ ლიკვიდურობას, რაც მომხმარებლებს აძლევს სხვადასხვა ბლოკჩეინზე არსებულ აქტივებთან წვდომის და მათი ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას.

ამისათვის გამოიყენება ატომური კროს-ჩეინ ტრანზაქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ვაჭრობების აღსრულება და ტრანზაქციების განხორციელება სხვადასხვა ბლოკჩეინზე გაშვებული ავტომატური პროცესების მეშვეობით შეუძლიათ.

3. უნივერსალური გაზი

ტრანზაქციების დასამუშავებლად, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ბლოკჩეინის მიერ განსაზღვრული გაზის საკომისიო. როგორც წესი, თითოეულ ბლოკჩეინს აქვს ადგილობრივი ტოკენი, რომლითაც უნდა მოხდეს გაზის საკომისიოს გადახდა, რაც მომხმარებელს აიძულებს საკუთარ ბალანსზე ქონდეს სხვადასხვა ქსელისთვის განკუთვნილი ტოკენები.

Particle ქსელი გვთავაზობს უნივერსალურ გაზს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ტრანზაქციის საკომისიო ნებისმიერი ტოკენით გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ბლოკჩეინზე ასრულებს ოპერაციებს. ეს სისტემა იყენებს Paymaster მექანიზმს, რაც ავტომატურად ახორციელებს ტოკენების კონვერტაციას გაზის საკომისიოს გადახდისთვის საჭირო ტოკენის მისაღებად.

უნივერსალური გაზის უპირატესობები:

  • არ არის საჭირო რამდენიმე გაზის ტოკენის შენახვა, რაც ტრანზაქციებს უფრო მოსახერხებელს ხდის.

  • ახალი მომხმარებლებისთვის წვდომის გამარტივება - მათ შეუძლიათ აღარ იფიქრონ გაზის საკომისიოებზე სხვადასხვა ბლოკჩეინთან დაკავშირების დროს.

  • ოპერაციების სიჩქარის გაუმჯობესება - მომხმარებლებს ტრანზაქციების განხორციელებისთვის აღარ ესაჭიროებათ ერთი აქტივის მეორეზე გადაცვლა.

პირველი დონის მოდულური ბლოკჩეინის დიზაინი

Particle ქსელი შეიქმნა, როგორც პირველი დონის მოდულური ბლოკჩეინი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მახასიათებლებია მოქნილობა და მასშტაბირებადობა. ის მოქმედებს, როგორც უნივერსალური ანგარიშების კოორდინაციის სისტემა, რომლითაც ხდება ბლოკჩეინებს შორის ტრანზაქციების ეფექტურად მართვა.

მოდულური დიზაინის ძირითადი მახასიათებლებია:

  • მდგომარეობის სინქრონიზაცია – უზრუნველყოფს მომხმარებლის ბალანსების და ანგარიშის მდგომარეობის უცვლელობას სხვადასხვა ბლოკჩეინზე გამოყენების დროს.

  • ვალიდაციის პროცესის და მონაცემთა საცავის აუთსორსინგი – ვალიდაციისთვის და მონაცემთა შენახვისთვის Particle ქსელი იყენებს გარე სერვისებს, რაც კიდევ უფრო ზრდის სისტემის ეფექტურობას.

  • აღსრულების მაღალეფექტური სისტემა – ქსელს აქვს Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერის (EVM) მხარდაჭერა, რისი წყალობითაც ის თავსებადია არსებულ DApp-ებთან და ბლოკჩეინის პროექტებთან.

PARTI და Binance HODLer Airdrop-ები

2025 წლის 25 მარტს Binance-მა განაცხადა, რომ Particle ქსელი (PARTI) იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის მე-13 პროექტი. მომხმარებლები, რომელთაც პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს PARTI ჯილდოების მიღების უფლება. ამ პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში გაიცა 30 მილიონი PARTI ტოკენი.

აღნიშნული airdrop-ის შემდეგ, Binance-მა განახორციელა PARTI -ს ლისტინგი Seed თეგით. ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Particle ქსელი წარმოდგენს ინოვაციურ ბლოკჩეინ-პროექტს, რომელიც ფოკუსირებულია Web3-ის ფრაგმენტაციის პრობლემებზე. უნივერსალური ანგარიშის, უნივერსალური ლიკვიდურობის და უნივერსალური გაზის შემოთავაზებით, ის ამარტივებს რამდენიმე ქსელზე ერთდროულად მუშაობის პროცესს, რისი წყალობითაც ბლოკჩინთან ურთიერთქმედება უფრო ეფექტური და მოსახერხებელი ხდება.

პირველი დონის მოდულური არქიტექტურის წყალობით, Particle ქსელი ბლოკჩეინის მომხმარებლებს და დეველოპერებს სთავაზობს მასშტაბირებად და მარტივ ეკოსისტემას. მისი მიზანია ქსელების ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესება და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

დამატებითი საკითხავი

წინამდებარე სტატია წარმოდგენილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.