რა არის Ankr (ANKR)?

რა არის Ankr (ANKR)?

განახლებული May 20, 2026
9m

მთავარი დეტალები

  • Ankr წარმოადგენს Web3 დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურის პლატფორმას, რომლის დანიშნულებაც ბლოკჩეინ-ეკოსისტემის მხარდაჭერაა; აღნიშნულს ის უზრუნველყოფს RPC ნოდების სერვისების, API ენდპოინტების, რამდენიმე ბლოკჩეინის მხარდაჭერის მქონე სტეიკინგის ინსტრუმენტებისა და ორგანიზაციული დონის ნოდების გაშვების შესაძლებლობის უზრუნველყოფის გზით.

  • ANKR სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, მათ შორისაა: RPC და API სერვისებთან დაკავშირებული გადახდები, დამოუკიდებლად მომუშავე ნოდების პროვაიდერების წახალისება მათ მიერ DePIN (დეცენტრალიზებული ფიზიკური ინფრასტრუქტურის ქსელი) მოდელის ფარგლებში გატარებული ტრაფიკის შესაბამისად, უზრუნველყოფა Ankr Earn ლიკვიდურობის სტეიკინგის პროდუქტებისთვის, ANKR DAO-ს მმართველობისა და ხმის მიცემის პროცესებში მონაწილეობა.

  • Heurist Chain Layer 2 - Asphere-ის, Ankr-ის ორგანიზაციული დონის სერვისების ჯგუფის მიერ შემუშავებული მეორე დონის ქსელი, რომელიც განკუთვნილია დეცენტრალიზებული ხელოვნური ინტელექტის ქლაუდ სისტემის კოორდინაციისთვის - Ankr-ს დეცენტრალიზებული ფიზიკური ინფრასტრუქტურის ქსელებისა (DePIN) და ბლოკჩეინზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის შემაერთებელ რგოლად აქცევს.

შესავალი

დეცენტრალიზებული აპლიკაციის (DApp) მეშვეობით საფულის ბალანსის ასახვის, სვოპის დამუშავების, ტრანზაქციების ისტორიის ასახვის, ან სხვა დავალებების შესრულების პროცესებში მთავარ როლს „კულისებს მიღმა“ მომუშავე RPC ნოდი თამაშობს. ეს გახლავთ სერვერი, რომელიც უზრუნველყოფს ბლოკჩეინ მონაცემების წაკითხვასა და აპლიკაციისთვის გაგზავნას. ამგვარი ნოდების მართვა ტექნიკურად რთული და ძვირადღირებული პროცესია, რადგან თითოეულ ბლოკჩეინს საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა, მეხსიერების რესურსი და ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდება. Ankr ამ პრობლემას ბლოკჩეინ-ნოდების დეცენტრალიზებული ქსელის მეშვეობით უმკლავდება, რომელზე წვდომაც დეველოპერებს მარტივი API მოთხოვნებით შეუძლიათ, რაც თითოეული პროექტის მიერ საკუთარი ინფრასტრუქტურის ფლობისა და განკარგვის საჭიროებას აღმოფხვრის. წინამდებარე სტატიაში განმარტებულია, თუ რა არის Ankr, როგორ ფუნქციონირებს ის, რა დანიშნულებით გამოიყენება ANKR ტოკენი და როგორ ცვლის მასთან დაკავშირებული გაუმჯობესებები (მაგალითად, RPCfi და Heurist Chain) პლატფორმის როლს Web3-ის ინფრასტრუქტურის სივრცეში.

რა არის Ankr?

Ankr არის 2017 წელს შექმნილი დეცენტრალიზებული Web3 ინფრასტრუქტურის პლატფორმა, რომელიც დეველოპერებისთვის უზრუნველყოფს ბლოკჩეინთან ურთიერთქმედებისთვის საჭირო საბაზისო კომპონენტებს, მათ მიერ საკუთარი ნოდების გაშვების საჭიროების გარეშე. პლატფორმის მთავარ პროდუქტს RPC ნოდების გლობალური ქსელი წარმოადგენს. ეს გახლავთ სერვერები, რომლებიც აპლიკაციებიდან მიღებულ მოთხოვნებს ამუშავებენ, მოიძიებენ საჭირო მონაცემებს ბლოკჩეინზე და პასუხს სტანდარტული API ენდპოინტების მეშვეობით აბრუნებენ.

Ankr, სერვერების ცენტრალიზებული კლასტერის მართვის ნაცვლად (როგორც ამას მისი კონკურენტები, Infura და Alchemy აკეთებენ Ethereum-ისთვის), საკუთარი ნოდების ინფრასტრუქტურას საერთაშორისო მასშტაბით არსებულ დამოუკიდებელ ოპერატორებზე ანაწილებს. ეს დეცენტრალიზებული არქიტექტურა უზრუნველყოფს ცენზურისადმი მდგრადობას, გეოგრაფიულ გადანაწილებასა და დაბალ დაყოვნებას 30-ზე მეტ ლოკაციაზე რეგიონული მარშრუტიზაციის წყალობით.

2026 წლის მონაცემებით, Ankr-ს 50-ზე მეტი ბლოკჩეინ ქსელის მხარდაჭერა გააჩნია, მათ შორისაა: Ethereum, Solana, BNB Smart Chain, Polygon და Avalanche. ორგანიზაციული დონის კლიენტებს შორისაა Microsoft და Tencent Cloud, ხოლო ისეთი dApp გუნდები, როგორიცაა SushiSwap და Chiliz, Ankr-ს ნოდებთან დაკავშირებული ყოველდღიური პროცესების ფარგლებში იყენებენ. დღესდღეობით Ankr არა მხოლოდ სტანდარტული RPC პროვაიდერია, არამედ წარმოადგენს ფართო ინფრასტრუქტურულ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა ლიკვიდურობის სტეიკინგი (Ankr Earn), ორგანიზაციული დონის ნოდების გაშვება და დეცენტრალიზებული AI კოორდინაციისთვის განკუთვნილი მე-2 დონის ბლოკჩეინები.

როგორ მუშაობს Ankr?

RPC ნოდების სერვისები

მომხმარებლის მიერ დეცენტრალიზებულ აპლიკაციაში ნებისმიერი მოქმედების შესრულებისას, იქნება ეს ტოკენების სვოპი თუ ბალანსის შემოწმება, ხდება აპლიკაციის front-end-ის მიერ ბლოკჩეინ ნოდზე მოთხოვნის გაგზავნა, რისთვისაც ძირითადად JSON-RPC სტანდარტი გამოიყენება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კითხვა: „რა არის X მისამართის ETH ბალანსი?“. ნოდი მონაცემებს ბლოკჩეინის სინქრონიზებულ ვერსიაში წაიკითხავს და აპლიკაციას გაუგზავნის პასუხს, ან ხელმოწერილ ტრანზაქციას მთელ ქსელში გაუშვებს.

რადგან რამდენიმე ბლოკჩეინზე სრული ნოდების გაშვება და ტექნიკური უზრუნველყოფა დიდ ხარჯებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული, ბევრი დეველოპერი საკუთარი ინფრასტრუქტურის მართვის ნაცვლად მესამე მხარის RPC პროვაიდერებს იყენებს. სწორედ აღნიშნული სერვისის უზრუნველყოფისთვის გამოიყენება Ankr. იგი API-ების მეშვეობით უზრუნველყოფს წვდომას ბლოკჩეინ RPC-ზე, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს, ქსელებს ნოდების დამოუკიდებლად მართვის გარეშე დაუკავშირდნენ.

DePIN და ნოდების დეცენტრალიზაცია

Ankr-ის ინფრასტრუქტურული მოდელი DePIN-ის (დეცენტრალიზებული ფიზიკური ინფრასტრუქტურის ქსელების) პრაქტიკული რეალიზაციაა: ნოდების დამოუკიდებელი ოპერატორები საკუთარ აპარატურაზე Ankr-თან თავსებად პროგრამულ უზრუნველყოფას ააქტიურებენ და გატარებული ტრაფიკის მოცულობის მიხედვით ჯილდოს ANKR ტოკენების სახით იღებენ. ეს „Ultra Sound Infrastructure“ მოდელი ქსელის გაფართოების ეკონომიკურ სტიმულს ქმნის - ბლოკჩეინ-მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნის ზრდის პარალელურად, უფრო მეტ ოპერატორს უჩნდება სურვილი, შეუერთდეს ქსელს და მიიღოს ANKR.

ნოდებთან დაკავშირებული პროცესების დეცენტრალიზაცია სისტემას უფრო საიმედოს ხდის: თუ ერთი ნოდი გაითიშება ან კონკრეტულ იურისდიქციაში ცენზურას დაექვემდებარება, ტრაფიკი ავტომატურად გლობალური ქსელის სხვა ნოდებზე გადამისამართდება. ეს არქიტექტურა Ankr-ს გამოარჩევს ისეთი ცენტრალიზებული კონკურენტებისგან, როგორებიცაა Infura და Alchemy. ეს გახლავთ კომპანიები, რომელთა ნოდების ინფრასტრუქტურასაც მხოლოდ ერთი სუბიექტი მართავს, რაც მომხმარებლებს შეფერხებებისა თუ ცენზურის მიმართ დაუცველს ხდის.

Ankr Earn და ლიკვიდურობის სტეიკინგი

RPC სერვისების გარდა, Ankr Ankr Earn-თან, რამდენიმე ბლოკჩეინის მხარდაჭერის მქონე ლიკვიდურობის სტეიკინგის პლატფორმასთან მიმართებაშიც გამოიყენება. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ საკუთარი ტოკენების სტეიკინგი Proof-of-Stake ქსელებში და სანაცვლოდ ლიკვიდურობის სტეიკინგის ჯილდოები მიიღონ. ზემოხსენებული წარმოადგენს სტეიკინგზე განთავსებული აქტივების ტოკენიზებულ ვერსიებს, რომლებიც DeFi სივრცეში გამოიყენება. მაგალითად, Ankr Earn-ის მეშვეობით ETH-ის სტეიკინგში მონაწილეობისთვის იქმნება ankrETH, რომლის დეპოზიტზე განთავსება, უზრუნველყოფის სახით გამოყენება ან ვაჭრობა ძირითადი ETH-ის სტეიკინგის ჯილდოების მოპოვების პარალელურადაა შესაძლებელი. ეს მიდგომა კაპიტალის ეფექტურობას ზრდის სტეიკინგში მონაწილე იმ პირებისთვის, რომელთაც, სხვა შემთხვევაში, არჩევანის გაკეთება მოუწევდათ სტეიკინგის მეშვეობით მიღებულ სარგებელსა და საკუთარი აქტივების DeFi სივრცეში გამოყენებას შორის. ლიკვიდურობის სტეიკინგის მეშვეობით კი, ხდება აღნიშნული შეზღუდვის აღმოფხვრა.

ბოლოდროინდელი გაუმჯობესებები

RPCfi: ინფრასტრუქტურის სარგებელი

RPCfi, რომელიც Neura-სთან პარტნიორობით გაეშვა, სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა Ankr-ის ისტორიაში. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ იგი ინფრასტრუქტურული ტოკენომიკის ფუნდამენტურ გამოწვევას პასუხობს: აქამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც ბლოკჩეინ-ინფრასტრუქტურის პროვაიდერის რეალურ ქსელის ტრაფიკს მისივე ტოკენის ღირებულებასთან დააკავშირებდა.

RPCfi ამ რეალობას ცვლის და Ankr-ის RPC მოთხოვნების ყოველთვიურ მოცულობას (თვეში ერთ ტრილიონზე მეტ მოთხოვნას) on-chain შემოსავლად გარდაქმნის, რომელიც ANKR ტოკენშია დენომინირებული. ნოდების ოპერატორები და ლიკვიდურობის პროვაიდერები სარგებელს ინფრასტრუქტურის რეალური გამოყენების შესაბამისად იღებენ. ამით იქმნება პირველი შემოსავლიანი აქტივი, რომელიც პირდაპირ Web3 ქსელის მასშტაბურ ტრაფიკზეა დაფუძნებული.

Heurist Chain: DePIN და AI ინტეგრაცია

Heurist Chain 2026 წლის პირველ კვარტალში Asphere-ის მიერ გაშვებული მე-2 დონის ბლოკჩეინია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დეცენტრალიზებული ქლაუდ სისტემის კოორდინაციისთვის შეიქმნა. ის Ankr-ს DePIN-ისა და ბლოკჩეინზე არსებული AI-ის შემაერთებელ რგოლად აქცევს, აღნიშნული კი, ბოლო წლებში კრიპტოინდუსტრიაში ყველაზე აქტიურ საინვესტიციო და დეველოპერულ მიმართულებებადაა მიჩნეული. თუ Ankr-ის ძირითადი RPC გამოყენება ბლოკჩეინ-მონაცემების მოთხოვნებთანაა დაკავშირებული, Heurist Chain აღნიშნულ მოდელს ხელოვნურ ინტელექტთან აკავშირებს: ის სხვადასხვა კომპიუტერის GPU და CPU სიმძლავრეებს აერთიანებს, რათა AI ამოცანები დეცენტრალიზებულად, რამდენიმე წყაროზე გადანაწილებით შესრულდეს.

მთავარი ლოგიკა ის არის, რომ Ankr უკვე მართავს ბლოკჩეინ-ნოდების დეცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურულ ქსელს. ამ მოდელის გადატანა AI-ის გამოთვლითი სიმძლავრეების ბაზარზე, რომელიც ბევრად აღემატება ბლოკჩეინ RPC-ის მასშტაბებს, Ankr-ისთვის ბაზრის მნიშვნელოვან გაფართოებასთან ასოცირდება. თუმცა, AI გამომთვლელი ინფრასტრუქტურის სექტორი საკმაოდ კონკურენტულია და ბაზარზე უკვე ოპერირებენ მსხვილი ფინანსების მქონე დეცენტრალიზებული ალტერნატივებიც, ასე რომ, Heurist Chain-ის რეალური წარმატება და გავრცელების ტემპი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ANKR ტოკენი

ANKR გახლავთ Ankr ეკოსისტემის ადგილობრივი კრიპტოვალუტა, რომელიც ოთხი ძირითადი დანიშნულებით გამოიყენება. პირველი: RPC და API სერვისებთან დაკავშირებული გადახდები. დეველოპერები ANKR-ზე დაფუძნებულ კრედიტებს ყიდულობენ, რომლებიც ყოველი API მოთხოვნის გაგზავნისას იხარჯება. კრედიტების ფასი ბლოკჩეინის მიხედვით განსხვავდება (მაგალითად, მონაცემებით შედარებით დატვირთული ქსელები, როგორიცაა Solana, თითო მოთხოვნის სანაცვლოდ შედარებით მეტ კრედიტს მოითხოვს). მეორე: ნოდების ოპერატორების წახალისება DePIN მოდელის ფარგლებში. ANKR ტოკენების გაცემა ნოდების ოპერატორების მიერ გატარებული ტრაფიკის მოცულობის მიხედვით ხდება.

მესამე: ANKR Ankr Earn-ის ლიკვიდურობის სტეიკინგის პროდუქტების უზრუნველყოფის სახით გამოიყენება და სტეიკინგის ინფრასტუქტურის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მეოთხე: ANKR-ის მფლობელები მონაწილეობენ ANKR DAO-ში, სადაც ერთი ტოკენი ერთ ხმას უდრის ისეთ წინადადებებთან დაკავშირებული პროცესების ფარგლებში, რომლებიც პროტოკოლის პარამეტრებს, ხაზინის განაწილებასა და ეკოსისტემის გრანტებს ეხება.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის RPC ნოდი და რისთვის სჭირდებათ ისინი ბლოკჩეინებს?

Remote Procedure Call (RPC) ნოდი გახლავთ სერვერი, რომელიც ბლოკჩეინის სრულ პროგრამულ უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი, ინახავს ტრანზაქციების სრულ ისტორიას, მიმდინარე მდგომარეობის მონაცემებს და აპლიკაციების მოთხოვნებზე რეაგირებს. RPC ნოდების პროვაიდერები, როგორიცაა Ankr, ნოდის მართვასთან დაკავშირებულ სირთულეებს სტანდარტული API-ების მეშვეობით უმკლავდებიან, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს ნებისმიერ მხარდაჭერილ ბლოკჩეინს მათთვის ნაცნობი მოთხოვნის ფორმატით დაუკავშირდნენ. RPC ინფრასტრუქტურის გარეშე, რამდენიმე ბლოკჩეინის მხარდაჭერის მქონე dApp-ის შესაქმნელად თითოეული ქსელისთვის ცალკეული სრული ნოდების გაშვება და შენახვა იქნებოდა საჭირო, რაც საკმაოდ რთული პროცესია და დიდი ალბათობით, გამოიწვევდა Web3 სივრცეში მონაწილე გუნდებისა და პროექტების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას.

რა განსხვავებაა Ankr-სა და ისეთი ცენტრალიზებული ნოდების პროვაიდერებს შორის, როგორიცაა Infura ან Alchemy?

ძირითადი განსხვავება არქიტექტურაშია. Infura და Alchemy ცენტრალიზებული ნოდების ინფრასტრუქტურას მართავენ: მათ სერვერებს მხოლოდ ერთი კომპანია ფლობს და ამუშავებს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები სისტემის გამართული მუშაობის, წარმადობისა და შეუფერხებელი წვდომის თვალსაზრისით ერთ კონკრეტულ ორგანიზაციაზე არიან დამოკიდებულნი. Ankr კი დამოუკიდებელი ნოდების დეცენტრალიზებულ ქსელთანაა დაკავშირებული, სადაც ოპერატორები ანაზღაურებას DePIN-ის წახალისების მოდელის საფუძველზე იღებენ. ნოდების ერთი, კონკრეტული ოპერატორის გათიშვის ან კონკრეტული ბლოკჩეინის მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, ქსელში ჩართული სხვა ოპერატორები მუშაობას ჩვეულებრივ განაგრძობენ, ხოლო ტრაფიკი ავტომატურად გადამისამართდება ხელმისაწვდომ ნოდებზე.

დეცენტრალიზაცია გეოგრაფიულ გადანაწილებასაც უზრუნველყოფს: 30-ზე მეტ რეგიონში განთავსებული ნოდებით Ankr-ს შეუძლია მოთხოვნები უახლოეს ხელმისაწვდომ სერვერზე გადაამისამართოს, რაც დაყოვნების დროს ამცირებს. თუმცა, აუცილებელია აღნიშნული მახასიათებლების უარყოფითი ასპექტების გათვალისწინებაც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ცალკეულ იშვიათ შემთხვევებში დეცენტრალიზებულმა ქსელმა შესაძლოა ოდნავ ნაკლებად სტაბილური წარმადობა აჩვენოს, ვიდრე მკაცრად ოპტიმიზებულმა ცენტრალიზებულმა კლასტერმა. თუმცა, Ankr-ის მასშტაბებიდან გამომდინარე, ნოდების გლობალურ ქსელში დატვირთვის გადანაწილება ამ პრობლემას მინიმუმამდე ამცირებს და დეცენტრალიზებული აპლიკაციების უმეტესობისთვის ის პრაქტიკულ დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

რა არის ლიკვიდურობის სტეიკინგი და როგორ მუშაობს Ankr Earn?

ლიკვიდურობის სტეიკინგი გახლავთ მექანიზმი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განათავსონ საკუთარი ტოკენები სტეიკინგზე Proof-of-Stake (PoS) ქსელის ფარგლებში, დაბლოკონ ისინი სტეიკინგის ჯილდოების მიღების მიზნით და პარალელურად, მიიღონ ლიკვიდური დერივატიული ტოკენი, რომლის გამოყენებაც DeFi სივრცეშია შესაძლებელი. Ankr Earn-ის მეშვეობით ETH-ის სტეიკინგზე განთავსებისას იქმნება ankrETH - ტოკენიზებული ერთეული, რომელიც დაკავშირებულია სტეიკინგზე განთავსებულ ETH-სა და დაგროვილ ჯილდოებთან. მომხმარებელს შეუძლია ankrETH უზრუნველყოფის სახით განათავსოს სესხის პროტოკოლში, დაამატოს იგი ლიკვიდურობის პულში ან გამოიყენოს ვაჭრობისთვის, ძირითადი ETH-ის მეშვეობით სტეიკინგის ჯილდოების მიღების პარალელურად. თუ მომხმარებელი სტეიკინგის დასრულებას გადაწყვეტს, იგი ankrETH-ს კვლავ ETH-ზე გადაცვლის და დაგროვილ სარგებელსაც შეინარჩუნებს (პროტოკოლის საკომისიოს გამოკლებით). ეს მიდგომა აღმოფხვრის სტეიკინგის მეშვეობით სარგებლის მიღებისა და კაპიტალის განთავსებას შორის არჩევნის გაკეთების აუცილებლობას.

რა არის RPCfi და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ANKR ტოკენისთვის?

RPCfi წარმოადგენს Ankr-ის მიერ Neura-სთან თანამშრომლობით გაშვებულ პროდუქტს, რომლის მეშვეობითაც ხდება Ankr-ის RPC ინფრასტრუქტურის ტრაფიკის (თვეში ერთ ტრილიონ მოთხოვნაზე მეტი) გარდაქმნა ANKR-ში ანაზღაურებად on-chain სარგებლად. იგი მიჩნეულია საკმაოდ მნიშვნელოვან გაუმჯობესებად, რადგან RPCfi-მდე არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც Ankr-ის რეალური ინფრასტრუქტურის გამოყენებას მისივე ტოკენის ღირებულებასთან დააკავშირებდა.

შეჯამება

Web3 ინფრასტრუქტურის ბაზარზე Ankr-ს გამორჩეული პოზიცია უკავია: მოთხოვნების მოცულობის თვალსაზრისით, ის დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ RPC სერვისების ერთ-ერთ უმსხვილეს პროვაიდერადაა მიჩნეული და ამასთანავე ფლობს ორგანიზაციული დონის პარტნიორულ შესაძლებლობებსა და ნდობას და ინსტიტუციურ ნდობას. გარდა ამისა, Ankr-ის ოპერაციულ მასშტაბსა და მისი ტოკენის საბაზრო კაპიტალიზაციას (რომელიც მცირე კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტად ითვლება) შორის არსებული სხვაობა იდეალურად ასახავს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ინფრასტრუქტურული ტოკენები დგანან, კერძოდ, როდესაც ქსელის აქტიური გამოყენება ავტომატურად არ ასახავს ტოკენის ღირებულებას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.