მთავარი დეტალები
კრიპტო საფულე ინახავს პირად გასაღებებს, რომლის მეშვეობითაც თქვენ გაქვთ ბლოკჩეინზე არსებულ კრიპტოვალუტაზე წვდომა.
კრიპტო საფულეს, რომელსაც აქვს პირდაპირი წვდომა ინტერნეტთან, ეწოდება ცხელი საფულე. ცხელი საფულეები უფრო მოსახერხებელი და სწრაფია, თუმცა სარისკოა უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ცივი საფულეები პირად გასაღებებს ოფლაინ ინახავენ მოწყობილობების ან სხვა მეთოდების გამოყენებით, რაც უსაფრთხოების მხრივ ბევრად უკეთესია, მაგრამ ნაკლებად მოსახერხებელი.
თქვენზე მორგებული კრიპტო საფულის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად ვაჭრობთ, რამდენი კრიპტო გაქვთ და რა დონის უსაფრთხოება გსურთ რომ ჰქონდეს თქვენს საფულეს.
ბევრი ადამიანი ორივე ტიპის საფულეს იყენებს: ცივ საფულეს კრიპტოს შესანახად, ხოლო ცხელ საფულეს მის ხარჯვისას და ვაჭრობისას.
შესავალი
იმის მიუხედავად, ახალბედა ხართ თუ კრიპტოს გამოცდილი მომხმარებელი, ალბათ კარგად გესმით თქვენი ციფრული აქტივების უსაფრთხოების მნიშვნელობა. თუმცა კრიპტო საფულეების მრავალფეროვნების გამო, სწორი საფულის არჩევა ყოველთვის მარტივი არ არის.
არსებობს კრიპტო საფულეების ორი ძირითადი ტიპი: ცხელი საფულეები და ცივი საფულეები. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. საფულის არჩევანმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს როგორც თქვენი უსაფრთხოების დონეზე, ისე თანხების ხელმისაწვდომობაზე.
მოცემულ სტატიაში განვიხილავთ განსხვავებას ცივსა და ცხელ საფულეებს შორის და დაგეხმარებით თქვენს საჭიროებებზე მორგებული საფულის შერჩევაში.
რა არის კრიპტო საფულე?
რეალურად, მონეტები კრიპტოვალუტის საფულეში არ ინახება, როგორც ეს ფიზიკური საფულის შემთხვევაში ხდება. ამის ნაცვლად, ის ინახავს პირად გასაღებებს, რომლებიც წარმოადგენს ასოებისა და ციფრებისგან შემდგარ სტრიქონებს, რომელთა მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ ბლოკჩეინის ქსელში ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა. შეგახსენებთ, რომ თავად ბლოკჩეინი წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ლეჯერს, რომელიც შეიცავს ტრანზაქციების და ტოკენების ბალანსების ჩანაწერებს.
მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კრიპტო საფულე, როგორც გასაღებების ჯაჭვი, რომელზეც მიმაგრებულია თქვენი ციფრული სკივრის (თქვენი კრიპტოვალუტა) გასაღებები (პირადი გასაღები). ამ გასაღების გარეშე, ვერ შეძლებთ „სკივრის“ გახსნას და მონეტების გამოყენებას.
კრიპტო საფულეს ასევე შეუძლია ერთი ან მეტი „მისამართის“ შექმნა, რომელიც თქვენი ბანკის ანგარიშის ნომრის მსგავსად მუშაობს. თქვენი მისამართი საჯაროა და შესაძლებელია მისი გაზიარება სხვებთან (რათა მათ შეძლონ თქვენთვის კრიპტოს გადმორიცხვა). მაგრამ თქვენი პირადი გასაღები საიდუმლოდ უნდა შეინახოთ. პირადი გასაღებების დაკარგვა ნიშნავს თქვენს თანხებთან წვდომის დაკარგვას, შესაბამისად, მათი უსაფრთხოდ შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია.
რა არის ცხელი საფულე?
ცხელი საფულე წარმოადგენს პროგრამულ საფულეს, რომელსაც მუდმივად აქვს წვდომა ინტერნეტთან. მათთან წვდომა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ტელეფონის, პლანშეტის ან კომპიუტერის მეშვეობით. რადგანაც ცხელი საფულეები მუდმივად ინტერნეტთან არის დაკავშირებული, მათი გამოყენება მარტივია კრიპტოს სწრაფად გადასარიცხად, მისაღებად და ვაჭრობისთვის. მაგრამ, ამავდროულად, ისინი უფრო დაუცველია ჰაკერული თავდასხმის წინააღმდეგ.
ცხელი საფულის ტიპები
წარსულში ცხელ საფულეებს პლატფორმისა და მოწყობილობის მიხედვით განასხვავებდნენ, როგორც ეს ქვემოთაა ნაჩვენები:
მობილური საფულეები: სმარტფონებზე გასაშვები აპლიკაციები, რომლებიც გთავაზობს მარტივ წვდომას ნებისმიერ დროს.
დესკტოპ-საფულეები: ინსტალდება კომპიუტერებზე და გთავაზობთ მაღალი დონის ფუნქციებსა და სხვადასხვა აქტივების მხარდაჭერას.
ბრაუზერის საფულეები: ბრაუზერის გაფართოებები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება Ethereum-ისა და მასთან დაკავშირებული ბლოკჩეინებისთვის და უზრუნველყოფს დეცენტალიზებულ აპლიკაციებთან (DApp-ებთან) ურთიერთქმედებას.
ბირჟის საფულეები: კრიპტო ბირჟების მიერ უზრუნველყოფილი საფულეები, ხშირ შემთხვევაში კასტოდიალური, რაც ნიშნავს, რომ თქვენი გასაღები სავაჭრო ბირჟის განკარგულებაშია.
დღესდღეობით, საფულეების პროვაიდერების უმეტესობა უკვე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმატებში სხვადასხვა მოწყობილობებზე გასაშვებად. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ ნებისმიერი კრიპტო საფულე, რომელსაც აქვს მუდმივი და პირდაპირი წვდომა ინტერნეტთან, შეიძლება ჩაითვალოს ცხელ საფულედ.
ცხელი საფულის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ცხელი საფულის მთავარი დადებითი მხარეა მისი კომფორტულობა. თქვენს აქტივებზე წვდომა ნებისმიერ დროს და სწრაფად შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაუკავშირდეთ DeFi ვებსაიტებს და აპლიკაციებს, რომლებზე წვდომისთვისაც თქვენი საფულის გამოყენებაა საჭირო. ცხელი საფულეები უფრო მეტად არის მომხმარებელზე მორგებული.
ყველაზე დიდი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ცხელ საფულეებს თითქმის ყოველთვის აქვს წვდომა ინტერნეტთან, რაც მათ ჰაკერების თავდასხმისგან და თაღლითობებისგან ნაკლებად დაცულს ხდის. თუ თქვენს ცხელ საფულეს მავნე საიტთან დააკავშირებთ ან თუ თქვენი მოწყობილობა/სისტემა უსაფრთხო არაა, არსებობს თქვენი კრიპტოს დაკარგვის ალბათობა. ცხელი საფულეები საუკეთესოა მცირე ოდენობის კრიპტოს მქონე HODLer-ებისთვის ან აქტიური ტრეიდერებისთვის, ვინც დღეში რამდენიმე ტრანზაქციას ახორციელებს (მაგალითად სკალპ-ტრეიდერებისთვის).
რა არის ცივი საფულე?
ცივი საფულე თქვენს პირად გასაღებებს ოფლაინ ინახავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხელი საფულისგან განსხვავებით, მას არ აქვს მუდმივი წვდომა ინტერნეტთან. ამის წყალობით ის თაღლითებისა და ჰაკერებისგან უფრო მეტად არის დაცული.
ცივი საფულის ტიპები
USB აპარატურული საფულე: ის ჩვეულებრივი USB მეხსიერების მოწყობილობის მსგავსია, თუმცა ის შეიცავს უსაფრთხოების სპეციალურ კომპონენტებს. კრიპტოვალუტის გამოსაყენებლად საჭიროა მათი კომპიუტერთან დაკავშირება. მისი პოპულარული მაგალითებია Ledger და Trezor.
Smartcard აპარატურული საფულეები: საკრედიტო ბარათის ზომის საფულეებია. მათი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მოწყობილობებზე, როგორებიცაა კომპიუტერები და ტელეფონები, რადგან მათ აქვს NFC ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ზოგჯერ smartcard-ის ტექნოლოგია ინტეგრირებულია ისეთ ნივთებში, როგორებიცაა ბეჭდები და საათის სამაჯურები. პოპულარული მაგალითია Tangem.
Bluetooth აპარატურული საფულეები: ისინი თქვენს ტელეფონსა და კომპიუტერს უსადენოდ, Bluetooth-ის მეშვეობით უკავშირდება. მათი მუშაობისთვის საჭიროა ელემენტები და სინქრონიზაცია ზოგჯერ გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
Air-gapped აპარატურული საფულეები: ისინი არასოდეს უკავშირდება ინტერნეტს. მათი დახმარებით ტრანზაქციებზე ხელის მოწერა ოფლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. ვინაიდან ამ საფულეებს პირდაპირ პროგრამასთან ვერ დავაკავშირებთ, მათი ყოველდღიურად გამოყენება უფრო რთულია.
ქაღალდის საფულეები: თქვენი გასაღებების ამსახველი ამობეჭდილი ფურცელი. საფულის ეს ტიპი მარტივი, თუმცა სარისკო ვარიანტია, რადგან ფურცელი შეიძლება დაიკარგოს ან დაზიანდეს. არ არის რეკომენდებული დამწყებთათვის.
ცივი საფულეების დადებითი და უარყოფითი მხარეები
როგორც აღვნიშნეთ, ცივი საფულეები უზრუნველყოფს უკეთეს დაცვას, რადგან ისინი არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან. ისინი გამოიყენება დიდი ოდენობით კრიპტოს ხანგრძლივად შენახვისთვის.
მეორე მხრივ, ცივი საფულეები ნაკლებად მოსახერხებელია. თქვენი მონეტების გამოსაყენებლად, უნდა დააკავშიროთ საფულე მოწყობილობასთან და შეასრულოთ დამატებითი საფეხურები. აგრეთვე, ფიზიკური დაზიანება და დაკარგვა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, თუ არ გაქვთ სარეზერვო ასლი.
არჩევა ცხელსა და ცივ საფულეს შორის
კრიპტო საფულის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად ვაჭრობთ, რამდენი კრიპტო გაქვთ და რა დონის უსაფრთხოება გჭირდებათ.
თუ ხშირი ვაჭრობა ან DApp-ების გამოყენება გსურთ, რეკომენდებულია ცხელი საფულის გამოყენება მისი სისწრაფისა და ხელმისაწვდომობის გამო.
თუ ფლობთ კრიპტოს დიდ ოდენობას და გსურთ მონეტების სამომავლოდ უსაფრთხოდ შენახვა, ცივი საფულე უკეთესი არჩევანია.
ბევრი ორივეს იყენებს: მცირე ოდენობით სახარჯი აქტივები ცხელ საფულეში აქვთ, ხოლო ცივ საფულეს დანაზოგისთვის იყენებენ.
რეკომენდაციები თქვენი საფულეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
ყოველთვის გაკეთეთ აღდგენის ფრაზის (ე.წ. seed ფრაზა) ან პირადი გასაღების სარეზერვო ასლი და შეინახეთ ისინი უსაფრთხო ადგილას.
გამოიყენეთ რთული პაროლები და, ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ჩართეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA).
საფულეები ან აპლიკაციები ჩამოტვირთეთ მხოლოდ სანდო წყაროებიდან.
რეგულარულად განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფა და მოერიდეთ ფიშინგის ელ. წერილებს ან ყალბ ვებსაიტებს.
დიდი ოდენობის ჰოლდინგებისთვის გამოიყენეთ multi-signature საფულეები ან პროფესიონალური დონის კასტოდიალური სერვისი.
შეჯამება
საფულეები წარმოადგენს კრიპტო აქტივებზე წვდომის საშუალებას, რომლის შერჩევის დროსაც უნდა დაიცვათ ბალანსი უსაფრთხოებასა და კომფორტს შორის.
ცხელი საფულე ამარტივებს თქვენი კრიპტოს მართვას, თუმცა მას თან ახლავს დამატებითი რისკები. ცივი საფულეები გასაღებების შესანახად უფრო უსაფრთხოა, თუმცა მათი გამოყენება მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ხშირ შემთხვევაში, ცხელი და ცივი საფულეების კომბინაცია გთავაზობთ ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას შორის საუკეთესო ბალანსს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.