სამის წესი

რა არის სამის წესი?

სამის წესის მეშვეობით ხდება ისეთი შემთხვევების ამოცნობა, როდესაც ეკონომიკა გადადის რეცესიის ფაზაში, რისთვისაც გამოიყენება უმუშევრობის დონის მაჩვენებლის ცვლილებების მონაცემები. უფრო კონკრეტულად, სამის წესის თანახმად:
„მაღალია რეცესიის ალბათობა, თუ უმუშევრობის დონის 3 თვის საშუალო მაჩვენებელი გასული 12 თვის ყველაზე დაბალ მაჩვენებელთან შედარებით 0,50%-ით ან მეტით გაიზრდება.“ – კლაუდია სამი.
სამის წესი შეიქმნა კლაუდია სამის მიერ, პოლიტიკასთან დაკავშირებული შეთავაზების ფარგლებში, რეცესიის პერიოდებში მასტიმულირებელი გადახდების წახალისების მიზნით. დღესდღეობით მისი კონტროლი ხორციელდება ისეთი ერთეულების მიერ, როგორიცაა ფედერალური სარეზერვო ეკონომიკური მონაცემები (FRED), რომელიც გვთავაზობს რეალური დროის, გადამოწმებულ მონაცემებს.

როგორ მუშაობს სამის წესი?

სამის წესი ამოიცნობს პოტენციური რეცესიის საწყის ეტაპებს, უმუშევრობის დონის ანალიზის საფუძველზე. მისი გამოთვლის პროცესი სამი საფეხურისგან შედგება:

1. გასული სამი თვის უმუშევრობის საშუალო მაჩვენებლის გამოთვლა.

2. გასული 12 თვის ფარგლებში 3 თვის უმუშევრობის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებლის მოძიება.

3. ამ რიცხვების შედარება. სამის წესის თანახმად, ეკონომიკა გადადის რეცესიის ფაზაში, თუ ბოლო სამი თვის უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი სულ მცირე 0,50%-ით მეტია გასული წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელთან შედარებით.

მაგალითი

დავუშვათ, იანვრის, თებერვლის და მარტის უმუშევრობის მაჩვენებლებია 4,0%, 4,1% და 4,2%, შესაბამისი თანმიმდევრობით. ამ მონაცემების საფუძველზე გამოვთვალოთ გასული სამი თვის უმუშევრობის მაჩვენებლის მოძრავი საშუალო:

გასული სამი თვის მაჩვენებლის მოძრავი საშუალო = (4,0% + 4,1% + 4,2%) / 3 ​= 12,3% / 3 ​= 4,1%

დავუშვათ წინა წელს, სამი თვის განმავლობაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი იყო 3,5%. ახლა კი შევადაროთ ეს ციფრები:

  • ბოლო სამი თვის საშუალო მაჩვენებელი: 4,1%

  • გასული წლის სამი თვის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი: 3,5%

  • სხვაობა: 0,6%

  • რადგან 0,6% არის 0,5%-ზე მეტი, სამის წესის თანახმად, დიდია ალბათობა, რომ ეკონომიკა გადადის რეცესიის ფაზაში.

რამდენად ზუსტია სამის წესი?

სამის წესი ცნობილია მისი სიმარტივითა და სანდოობით. მან წარსულში არაერთხელ, სრული სიზუსტით იწინასწარმეტყველა რეცესიის ფაზაში გადასვლა​.

2024 წლის აგვისტოში, სამის წესის სიზუსტე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან გაიზარდა უმუშევრობის დონე. თუმცა, წესის ავტორი, კლაუდია სამი, არ მიიჩნევდა, რომ ეკონომიკა გადადიოდა რეცესიის ფაზაში. თუ კლაუდია დაამტკიცებს საკუთარ სიმართლეს მომდევნო თვეების განმავლობაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ვერ მოხერხდა ამ წესის გამოყენებით რეცესიის ფაზაში გადასვლის სწორად პროგნოზირება.

სამის წესი კრიპტოვალუტების კონტექსტში

მიუხედავად იმისა, რომ სამის წესი არ არის პირდაპირ კავშირში კრიპტოვალუტების ბაზრებთან, შესაძლებელია მისი იდეის მორგება სხვა მაჩვენებლებსა და ინდიკატორებზე. მაგალითად, თუ შევქმნით ბლოკჩეინ სივრცეში არსებული სამუშაო ადგილების რაოდენობის მონიტორინგის მოდელს, შეგვიძლია დავადგინოთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს მთლიანად ინდუსტრია. 
გარდა ამისა, ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა ვაჭრობის მოცულობა, ბაზრის კაპიტალიზაცია, ან აქტიური მისამართების რაოდენობა, შესაძლოა ასევე მიუთითებდეს კრიპტო ბაზრის „სიჯანსაღისა“ და აქტივობის დონეზე.

დასკვნა

სამის წესის მეშვეობით შესაძლებელია პოტენციური რეცესიის საწყისი ეტაპების ამოცნობა, უმუშევრობის დონის მაჩვენებლის ცვლილებების მონაცემების საფუძველზე. ის ადრეულ ეტაპზე გვაფრთხილებს, რომ საჭიროა ეკონომიკის რეგრესთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესი უფრო ხშირად გამოიყენება ტრადიციულ ბაზრებზე, შესაძლებელია სამის წესის კონცეფციის კრიპტო ბაზრებზე მორგებაც, მისთვის მახასიათებელ ძირითად ინდიკატორებზე დაკვირვებით.