მთავარი
ლექსიკონი
თაღლითობის მტკიცებულება

თაღლითობის მტკიცებულება

ბლოკჩეინის ტექნოლოგიის კონტექსტში, თაღლითობის მტკიცებულება არის კრიპტოგრაფიული მტკიცებულება, რომელსაც ვერიფიკატორები აგზავნიან ტრანზაქციის ვალიდურობის დასამტკიცებლად. დეველოპერები თაღლითობის მტკიცებულებებს ხშირად იყენებენ ბლოკჩეინების მასშტაბირებადობის უზრუნველსაყოფად, on-chain მონაცემების სიზუსტისა და ხელმისაწვდომობის შენარჩუნების პარალელურად.

ძირითად შემთხვევაში, ეს მტკიცებულებები ითავსებს უსაფრთხოების მექანიზმის ფუნქციას, ქსელის მდგომარეობის არასწორი ცვლილების წინააღმდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ მათი გააქტიურება ხდება მხოლოდ შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება ენერგიის დაზოგვაც, შესაბამისად, ეს ფენომენი იდეალურია ისეთი სივრცისთვის, სადაც უმთავრესი პრიორიტეტი მასშტაბირებადობას ენიჭება. 

მაგალითად, თაღლითობის მტკიცებულებები უმნიშვნელოვანესია ოპტიმისტურ როლაფებში არასწორი ტრანზაქციების ამოცნობისა და შესაბამისად მოქმედებისთვის. ტრანზაქციის დადასტურების შემდეგ, დგება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ნებისმიერ პირს შეუძლია შეიტანოს საჩივარი არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, თაღლითობის სათანადო მტკიცებულების წარდგენით. თუ კონკრეტული პირი შეძლებს ტრანზაქციის თაღლითურობის დამტკიცებას ამ პერიოდის განმავლობაში, ტრანზაქცია გაუქმდება და ქსელი დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას.

ეს სისტემა მოქმედებს კეთილსინდისიერი მოქმედების წახალისების მიზნით. თუ ქსელზე მოხდება როლაფების სათანადოდ, კონსენსუსით განსაზღვრული წესების შესაბამისად განხორციელება, დაინტერესებული მხარეები მიიღებენ ფინანსურ ჯილდოს. თუმცა, არასწორი ტრანზაქციის დადასტურების შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ ფულადი ჯარიმები და ჩამოერთმევათ თაღლითობის მტკიცებულება. ჯილდოების და ჯარიმების ამ ორმხრივი მიდგომის მეშვეობით, ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ როლაფები ინარჩუნებს ხელმისაწვდომ ღირებულებას, სისწრაფეს და ხდება დეცენტრალიზებული აპლიკაციების ფუნქციონირების ეფექტურობის დონის გაუმჯობესება ბლოკჩეინზე.

თუმცა, თაღლითობის მტკიცებულებებს გააჩნია საკუთარი უარყოფითი მხარეები. საჭიროა მუდმივი კომუნიკაცია სხვადასხვა მხარეს შორის. ამ უწყვეტმა პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს შეფერხებები სისტემაში და გასაქანი მისცეს არაკეთილსინდისიერ ქმედებებსა და სხვა მავნე საქმიანობებს.

კიდევ ერთი უარყოფითი მხარეა ის, რომ არსებობს ვარაუდო, რომ ბლოკის ყველა მონაცემი ხელმისაწვდომია. თუ მაინერი წარმოადგენს მხოლოდ ბლოკის სათაურს, ზუსტი კონტენტის გარეშე, შეუძლებელი იქნება მისი სისწორის დადგენა. მიუხედავად იმისა, რომ თაღლითობის მტკიცებულებების მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა პრობლემის გადაჭრა, მათ თან ახლავს გარკვეული გამოწვევებიც, რომელთა გადალახვაც არც ისე მარტივია.