რა არის ბლოკჩეინის აბსტრაქცია?
მთავარი
სტატიები
რა არის ბლოკჩეინის აბსტრაქცია?

რა არის ბლოკჩეინის აბსტრაქცია?

გამოქვეყნებული Jun 17, 2024განახლებული Jul 23, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • ბლოკჩეინის აბსტრაქცია წარმოადგენს იდეას, რაც გულისხმობს ბლოკჩეინის აპლიკაციების და სერვისების გამოყენების გამარტივებას მომხმარებლის გამოცდილების (UX) ტექნიკურ პროცესებთან დაკავშირებული სირთულეებისგან გათავისუფლების გზით.

  • ბლოკჩეინის აბსტრაქციას შეუძლია აპლიკაციები საბოლოო მომხმარებლებისთვის უფრო მიმზიდველი გახადოს, დეველოპერებს კი დაეხმაროს უფრო ეფექტური DApp-ების შექმნაში, კროს-ჩეინ ურთიერთქმედებების გამარტივების მიზნით.

  • ბლოკჩეინის აბსტრაქცია დაკავშირებულია გარკვეულ გამოწვევებთან, მათ შორის ცენტრალიზაციის რისკებთან, უსაფრთხოების რისკებთან და ურთიერთთავსებადობის პოტენციურ პრობლემებთან.

შესავალი

ბლოკჩეინზე ურთიერთქმედებები ხშირად დამაბნეველი და რთულია, განსაკუთრებით ახალბედებისთვის. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ბლოკჩეინის აბსტრაქციას, მისი მუშაობის პრინციპს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს და მასთან დაკავშირებულ მითებს.  

რა არის ბლოკჩეინის აბსტრაქცია?

ბლოკჩეინის აბსტრაქცია წარმოადგენს NEAR-ის მიერ შემოთავაზებულ იდეას, რომლის მიზანია მომხმარებლისთვის ბლოკჩეინზე ურთიერთქმედების პროცესის გამარტივება და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მომხმარებლის გამოცდილებისგან (UX) განცალკევება. მისი მეშვეობით მომხმარებლებს აღარ დასჭირდებათ იმის ცოდნა, თუ კონკრეტულად რომელ ბლოკჩეინთან ურთიერთქმედებენ ან შეიძლება სულაც ვერ გააცნობიერონ, რომ ბლოკჩეინს იყენებენ.

როგორ მუშაობს ბლოკჩეინის აბსტრაქცია?

ეფექტიანობა

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი iPhone-იდან შეტყობინებების გაგზავნა შეგიძლიათ მხოლოდ სხვა iPhone-ზე, Android სმარტფონებზე კი შეტყობინებებს ვერ აგზავნით. ეს არაეფექტური და არაპრაქტიკული იქნებოდა. ანალოგიურად, მომხმარებელს უნდა შეეძლოს დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) მეშვეობით სხვადასხვა ბლოკჩეინთან ზედმეტი სირთულეების გარეშე ურთიერთქმედება.

ბლოკჩეინის აბსტრაქციის მიზანია მომხმარებლის გათავისუფლება ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სიღრმისეული ცოდნის საჭიროებისგან, რაც მას საშუალებას აძლევს ფოკუსირება მოახდინოს მის მიერ გამოყენებული DApp-ების ფუნქციებსა და უპირატესობებზე. მაგალითად, თუ სარას სურს გამოიყენოს ახალი DApp, სახელწოდებით XYZ, მას არ დასჭირდება იმის ცოდნა, თუ რომელ ბლოკჩეინზეა ეს აპლიკაცია გაშვებული. ამ მომხმარებელს მხოლოდ ის აინტერესებს, რომ აპლიკაციამ გამართულად იმუშაოს და შეასრულოს თავისი ფუნქცია.

ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს ინტერნეტს, თუმცა მხოლოდ მცირე მათგანმა თუ იცის, თუ რა ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული და როგორ მუშაობს ის. საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს არ სჭირდება ინტერნეტის ფუნქციონირების ტექნიკური დეტალების საფუძვლიანი ცოდნა, მისთვის მთავარია, რომ ის მუშაობდეს და მომხმარებლისთვის სარგებლის მოტანა შეეძლოს.

ტრანზაქციები

წარმოიდგინეთ, რომ იყენებთ DApp-ს, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად განახორციელოთ ტრანზაქციები სხვადასხვა ქსელებს შორის და ისარგებლოთ სხვადასხვა სერვისებით. დავუბრუნდეთ სარას, რომელიც თავის სმარტფონში ხსნის XYZ აპლიკაციას, უკვეთავს ყავას და ეცნობა თავისი რჩეული ტანსაცმლის მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ ფასდაკლებებს. ის ყიდულობს ფეხსაცმელს და ამავდროულად გამოიმუშავებს ჯილდოებს Ethereum ქსელზე არსებული არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) მეშვეობით. მოგვიანებით ის აღმოაჩენს, რომ ჯილდოსთან ერთად მან მიიღო სპეციალური შემოთავაზება და ყიდულობს ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთს, რომელიც ასევე NFTs-ის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა ამჯერად BNB Smart Chain (BSC) ქსელზე.

ზემოთ აღწერილი ყველა ტრანზაქცია შეიძლება განხორციელდეს ერთი აპლიკაციის გამოყენებით, შედეგად სარას არ სჭირდება რამდენიმე საფულის მართვა, ქსელიდან ქსელზე გადართვა ან ტრანზაქციის საკომისიოების გადახდაზე თავად ზრუნვა. ბლოკჩეინის აბსტრაქციის მთავარ მიზანს კროს-ჩეინ ურთიერთქმედების სწორედ ამ დონემდე გამარტივება წარმოადგენს.

ბლოკჩეინის აბსტრაქციის უპირატესობები

ლიკვიდურობის დეფრაგმენტაცია

ლიკვიდურობა ხშირად ერთ კონკრეტულ ბლოკჩეინზეა იზოლირებული, რაც მომხმარებლებს და დეველოპერებს ურთულებს მასზე წვდომას და მის გამოყენებას. ბლოკჩეინის აბსტრაქციის მეშვეობით კი შესაძლებელი ხდება სხვადასხვა ბლოკჩეინებზე არსებულ ლიკვიდურობაზე წვდომა.

დავუშვათ ჯონს სურს გაასესხოს საკუთარი ტოკენები და გამოიმუშავოს პროცენტი. თუ ლიკვიდურობა იზოლირებულია, მას დასჭირდება მოძებნოს პლატფორმა, რომელიც განთავსებულია იმავე ბლოკჩეინზე, რომელზეც ინახება მისი ტოკენები. თუმცა ბლოკჩეინის აბსტრაქციის წყალობით, საკუთარი ტოკენების გასესხებისთვის ჯონს შეუძლია გამოიყენოს პლატფორმა, რომელიც იძლევა სხვადასხვა ბლოკჩეინებზე არსებული ლიკვიდურობის ინტეგრაციის შესაძლებლობას. შედეგად პლატფორმას მეტი მომხმარებელი გამოიყენებს და საპროცენტო განაკვეთებიც უფრო კონკურენტული იქნება.

აპლიკაციის შექმნის გამარტივება

ბლოკჩეინის აბსტრაქცია დეველოპერებს სთავაზობს მეტ მოქნილობას DApp-ების შექმნის დროს, რადგან მათ აღარ სჭირდებათ ერთი კონკრეტული ბლოკჩეინის არჩევა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებით მუშაობა. 

დეველოპერს შეუძლია გამოიყენოს Ethereum-ის სმარტ კონტრაქტების შესაძლებლობები და ამავდროულად ისარგებლოს Polygon-ის ხარჯთეფექტურობით. მაგალითად Decentraland იყენებს Polygon-ის ქსელს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოითხოვონ, იყიდონ, გაყიდონ ან გაცვალონ საკუთარი ავატარის აქსესუარები ტრანზაქციის საკომისიოების გარეშე. უნდა აღინიშნოს, რომ Decentraland იყენებს რამდენიმე ფუნქციის კომბინაციას, რაც იძლევა საკომისიოების გადახდისგან მომხმარებლების სრულად განთავისუფლების შესაძლებლობას. Polygon-ზე ტრანზაქციებისთვის დაწესებული საკომისიო მცირეა, თუმცა ნულოვანი არ არის.

ბლოკჩეინის აბსტრაქციასთან დაკავშირებული გამოწვევები

ცენტრალიზაციასთან დაკავშირებული რისკები

ბლოკჩეინის აბსტრაქციის დანერგვისთვის შესაძლებელია შეიქმნას ერთიანი ინტერფეისი, რომელიც მომხმარებლებს მისცემს ყველა სახის ბლოკჩეინ-აპლიკაციებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობას, რაც გააუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას. თუმცა არსებობს იმის საფრთხე, რომ ეს ინტერფეისი გახდეს კრიტიკული სუსტი წერტილი.

უსაფრთხოების რისკები

თითოეული ბლოკჩეინი იყენებს საკუთარ უსაფრთხოების პროტოკოლებს. ერთიან ინტერფეისში გაერთიანების შემთხვევაში, შეიძლება გართულდეს ყველა უსაფრთხოების ზომის შეთანხმებული მუშაობა. ბლოკჩეინის აბსტრაქციის ახალი ინტერფეისის შექმნა სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან არსებობს რისკი, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს ინდივიდუალური ბლოკჩეინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ურთიერთთავსებადობის პრობლემა

კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის თავსებადობის უზრუნველყოფა. თითოეული ბლოკჩეინი იყენებს განსხვავებულ კონსენსუსის ალგორითმებს და სმარტ კონტრაქტის ენებს, რაც ართულებს ისეთი ინტერფეისის შექმნას, რომელიც ყველა ქსელთან ხარვეზების გარეშე იმუშავებს. მაგალითად, Ethereum-ის ქსელისთვის შექმნილი სმარტ კონტრაქტის პირდაპირ Solana-ზე გაშვება შეუძლებელია, რადგან განსხვავებულია მათი პროგრამირების ენები და საბაზისო ტექნოლოგიები.

გავრცელებული მითები ბლოკჩეინის აბსტრაქციის შესახებ

ბლოკჩეინის აბსტრაქცია აქრობს ბლოკჩეინებს შორის განსხვავებებს

ბლოკჩეინის აბსტრაქციის მეშვეობით მარტივდება კროს-ჩეინ ურთიერთობები, თუმცა ეს გავლენას არ ახდენს ბლოკჩეინების უნიკალურ მახასიათებლებზე. მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით ბლოკჩეინის აბსტრაქცია ამარტივებს ტექნიკურ პროცესებს და ახდენს მათ ავტომატიზაციას, თუმცა არ ცვლის უშუალოდ ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურას.

ბლოკჩეინის აბსტრაქცია მხოლოდ კროს-ჩეინ ტრანზაქციებისთვისაა

სხვადასხვა ბლოკჩეინებს შორის ტრანზაქციების გამარტივება მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, თუმცა არა ერთადერთი. ბლოკჩეინის აბსტრაქცია ასევე ამარტივებს სხვადასხვა ბლოკჩეინებზე არსებული DApp-ების გამოყენებას, სმარტ კონტრაქტების გაშვებას და მონაცემებზე წვდომას.

შეჯამება

ბლოკჩეინის აბსტრაქცია გულისხმობს სხვადასხვა ბლოკჩეინის ქსელს შორის ურთიერთქმედების გამარტივებას. ბლოკჩეინის აბსტრაქციის უპირატესობებია ლიკვიდურობის დეფრაგმენტაცია და აპლიკაციების შექმნის პროცესის გამარტივება. მასთან ასევე დაკავშირებულია გამოწვევები, როგორებიცაა ცენტრალიზაციის და უსაფრთხოების რისკები, ასევე ურთიერთთავსებადობის პოტენციური პრობლემები. მიუხედავად ამისა, მას აქვს პოტენციალი ხელი შეუწყოს ბლოკჩეინის ურთიერთთავსებადი და მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემის შექმნას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს მოსაზრებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ რაიმე ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.