SRC-20 ტოკენები

განახლებული Sep 30, 2026

რა არის SRC-20 ტოკენები?

SRC-20 წარმოადგენს ჩანაცვლებადი ტოკენების სტანდარტს Bitcoin-ის ქსელზე, რომელიც მონაცემების UTXO-ების სახით სამუდამოდ შენახვის მიზნით Bitcoin Stamps პროტოკოლს იყენებს

აღნიშნული მიდგომა დეველოპერებს ჩანაცვლებადი აქტივების პირდაპირ Bitcoin ბლოკჩეინზე შექმნისა და გადატანის შესაძლებლობას აძლევს. სტანდარტი 2023 წლის მარტში Mike In Space-ის სახელით ცნობილმა დეველოპერმა გამოუშვა. იგი დაფუძნებულია Counterparty პროტოკოლზე, რომელიც თავდაპირველად 2014 წელს წარადგინეს, როგორც ერთ-ერთი პირველი ტოკენების პლატფორმა Bitcoin ქსელზე.
SRC-20 ტოკენებს ხშირად ადარებენ BRC-20 ტოკენებს, რადგან ორივე სტანდარტის მიზანია Bitcoin-ის ქსელის ფუნქციური შესაძლებლობების გაფართოება, თუმცა მათ შორის რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავება არსებობს.

როგორ მუშაობს SRC-20 ტოკენები?

SRC-20 ტოკენები ფუნქციონირებს ისეთი მონაცემების „STAMP:“ პრეფიქსის მქონე Base64 სტრიქონში ჩაწერის გზით, როგორიცაა ტოკენის სახელწოდება, მარაგი და გადატანის ინსტრუქციები. აღნიშნული სტრიქონი ინტეგრირებულია Bitcoin-ის ტრანზაქციების, უფრო კონკრეტულად კი სტანდარტული multisig ტრანზაქციების გამომავალ მონაცემებში. გამომდინარე იქიდან, რომ მონაცემები UTXO-ების სახით ინახება, ტრანზაქციების ვალიდაციის მიზნით აუცილებელია მათი შენახვა Bitcoin ქსელზე არსებული ყველა სრული ნოდის მიერ.
ტოკენის სასიცოცხლო ციკლი სამი ძირითადი ეტაპისგან შედგება: გაშვება, დამზადება და გადატანა.
  • თავდაპირველად მომხმარებელი ქმნის გაშვების ტრანზაქციას, სადაც მითითებულია ტოკენის სახელწოდება (ერთიდან ხუთ სიმბოლომდე), ჯამური მარაგი და სურვილისამებრ, წარმოდგენილია მეტამონაცემები.

  • შემდეგ სხვა მომხმარებლებს შეუძლიათ ტოკენების დამზადება იმ ტრანზაქციების წარდგენით, რომლებიც გაშვებაზე მიუთითებს.

  • ბოლო ეტაპზე, ტოკენების მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი SRC-20 ტოკენები Bitcoin-ის ახალი ტრანზაქციების მეშვეობით სხვა მისამართებზე გადაიტანონ.

გამომდინარე იქიდან, რომ მონაცემების შენახვა მოწმის მონაცემების ნაცვლად UTXO-ების სახით ხდება, ნოდების მიერ SRC-20 ტოკენთან დაკავშირებული ინფორმაციის შემოკლება შეუძლებელია, რაც ინსკრიპციებზე დაფუძნებულ სხვა მიდგომებთან შედარებით მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

SRC-20 და BRC-20

მიუხედავად იმისა, რომ როგორც SRC-20, ისე BRC-20 Bitcoin-ის ქსელზე მოქმედი სტანდარტებია, აუცილებელია მათ შორის არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებების გათვალისწინება.

BRC-20-ის შემთხვევაში, მონაცემთა ტრანზაქციების მოწმეთა განყოფილებაში შესანახად ორდინალების პროტოკოლი გამოიყენება, ხოლო SRC-20 მონაცემთა UTXO-ების სახით შენახვის მიზნით Bitcoin Stamps პროტოკოლს იყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია SRC-20 მონაცემების შემოკლება ნოდების მიერ, რაც უცვლელობის უფრო მაღალ დონეს უზრუნველყოფს, ხოლო მოწმეების განყოფილებაში შენახული BRC-20 მონაცემები გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება წაიშალოს.

SRC-20 მონაცემთა მოცულობასთან დაკავშირებით მეტ მოქნილობას უზრუნველყოფს, თუმცა აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ მონაცემთა მოცულობის გაზრდამ შესაძლოა ტრანზაქციის საკომისიოს ზრდა გამოიწვიოს. BRC-20 მონაცემთა მოცულობასთან დაკავშირებით გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს, რის შედეგადაც ტრანზაქციის ხარჯები შეიძლება უფრო პროგნოზირებადი იყოს.

რაც შეეხება გავრცელებას, BRC-20 ტოკენები მეტი მასშტაბურობით გამოირჩევა, რაც ცენტრალიზებულ ბირჟებზე (CEXs) ლისტინგებთან და მეტი პროტოკოლის მხარდაჭერასთანაა დაკავშირებული. SRC-20 ტოკენები ჯერ კიდევ განვითარების შედარებით ადრეულ ეტაპზეა და საფულეებსა და პლატფორმებთან მათი ინტეგრაცია უფრო შეზღუდულია.

SRC-20 და BRC-20 ტოკენებს შორის არსებული განსხვავებების შეჯამება

მახასიათებელი

SRC-20

BRC-20

მონაცემთა შენახვა

მონაცემები ინახება UTXO-ების სახით Bitcoin ბლოკჩეინზე

მონაცემები ინახება ტრანზაქციის მოწმეების განყოფილებაში

მონაცემთა შემოკლება

შეუძლებელია, რადგან მონაცემები ინახება UTXO-ების სახით

შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში, რადგან მონაცემები ინახება

ტრანზაქციების ხარჯები

შესაძლოა გაიზარდოს მონაცემთა მოცულობის გაზრდის შემთხვევაში

შედარებით დაბალი და მარტივად პროგნოზირებადი, რაც განპირობებულია მონაცემთა მოცულობასთან დაკავშირებული შეზღუდვებითა და შენახვის ადგილმდებარეობით

გავრცელება

სხვა პლატფორმებთან ინტეგრაცია ამჟამად შეზღუდულია

ფართოდ გავრცელებულ ცენტრალიზებულ სავაჭრო ბირჟებზე

გაიგეთ მეტი: რა არის Bitcoin Stamps?