ტოკენის პირველადი შეთავაზება (ICO)

განახლებული Sep 25, 2026

რა არის ტოკენის პირველადი შეთავაზება?

ტოკენის პირველადი შეთავაზება (ICO) არის ფინანსების მოზიდვის მეთოდი, რომელსაც ძირითადად კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინის სტარტაპები იყენებენ. ICO-ს ფარგლებში პროექტი ქმნის ახალ ციფრულ ტოკენებს და გადასცემს ინვესტორებს ისეთი პოპულარული კრიპტოვალუტების სანაცვლოდ, როგორიცაა Bitcoin (BTC) ან Ether (ETH), ზოგჯერ კი ფიატ ვალუტის სანაცვლოდ.

ICO-ებს ხშირად ადარებენ ტრადიციული ფინანსების სფეროში გავრცელებულ აქციების პირველად საჯარო შეთავაზებას (IPO). თუმცა, IPO-სგან განსხვავებით, ICO-ს მონაწილეები არ იღებენ კომპანიის წილის ფლობის უფლებას. ამის ნაცვლად, ისინი იღებენ utility ან governance ტოკენებს, რომლებიც მათ სთავაზობს წვდომას სამომავლო პროდუქტზე ან სერვისზე. ინვესტორები მონაწილეობას ხშირად იმ იმედით იღებენ, რომ პროექტის წარმატების შემთხვევაში ტოკენის ღირებულება გაიზარდება, თუმცა ეს შედეგი არ არის გარანტირებული.

როგორ მუშაობს ICO-ები?

ჩვეულებრივ ICO იწყება იმით, რომ პროექტის გუნდი აქვეყნებს whitepaper-ს, რომელშიც აღწერილია პროექტი, მისი მიზნები, მის უკან არსებული ტექნოლოგია და ის, თუ როგორ იქნება გამოყენებული მოზიდული სახსრები. შემდეგ გუნდი ქმნის ტოკენებს, ხშირად Ethereum-ის ბლოკჩეინზე, ტოკენების გაყიდვის პროცესის ავტომატიზაციისთვის კი იყენებს სმარტ კონტრაქტებს.

გაყიდვების პერიოდში ინვესტორებს შეუძლიათ შეიძინონ ტოკენები პროექტის მიერ დადგენილ ფასად. ზოგიერთი ICO იყენებს ფიქსირებული ფასის მოდელს, ხოლო სხვა პროექტები - ჰოლანდიურ აუქციონს ან ბონუსების სისტემას, ადრეული მონაწილეების წახალისების მიზნით. ICO-ს დასრულების შემდეგ შესაძლოა განხორციელდეს მისი ტოკენის ლისტინგი კრიპტოვალუტის ბირჟებზე, სადაც მათი ფასი უკვე საბაზრო მოთხოვნის და მიწოდების საფუძველზე კორექტირდება.

პროექტის გუნდი მოზიდულ თანხებს იყენებს პლატფორმის განვითარებისთვის, საოპერაციო ხარჯების დასაფარად და whitepaper-ში გაწერილი მიზნების რეალიზაციისთვის. ტოკენის მფლობელებმა შესაძლოა მიიღონ სარგებელი, თუ პროექტი პოპულარობას მოიპოვებს და ტოკენზე მოთხოვნა გაიზრდება.

რატომ შემცირდა ICO-ების პოპულარობა?

ICO-ებმა ფართო საზოგადოების ყურადღება 2017 წელს მიიპყრეს, როდესაც ბლოკჩეინ-სტარტაპებმა ტოკენების გაყიდვით მილიარდობით დოლარი მოიზიდეს. თუმცა, პოპულარობის სწრაფმა ზრდამ თაღლითური პროექტებიც მიიზიდა. ბევრი ICO განხორციელდა ისეთი გუნდების მიერ, რომლებმაც მოიზიდეს სახსრები და გაუჩინარდნენ ისე, რომ რეალური პროდუქტი არც კი შეუქმნიათ. ამან გამოიწვია ინვესტორების მნიშვნელოვანი დანაკარგები და მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ზედამხედველობის გაძლიერება.

2018 წლის ბოლოსა და 2019 წლის დასაწყისისთვის, რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ ბევრ ICO ტოკენს ფასიანი ქაღალდების კლასიფიკაცია მიანიჭა, რამაც ისინი შესაბამისობის უფრო მკაცრ მოთხოვნებს დაუქვემდებარა. აღსრულების ღონისძიებების, ბაზრის ვარდნისა და თაღლითობის რისკების შესახებ საინფორმაციო კამპანიების კომბინაციამ ICO აქტივობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. შედეგად, პროექტებმა, რომლებიც დაფინანსების მოზიდვას ცდილობდნენ, მიმართეს ალტერნატიულ მოდელებს, როგორებიცაა პირველადი საბირჟო შეთავაზებები (IEO-ები), ფასიანი ქაღალდების ტოკენების შეთავაზებები (STO-ები) და შედარებით ახალი DEX-ის პირველადი შეთავაზებები (IDO-ები). ტოკენის პროექტისთვის ფინანსების მოზიდვის ღონისძიების შეფასების აუცილებელ კომპონენტად იქცა მისი ტოკენომიკის შესწავლა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ICO-ები დღეს ნაკლებად პოპულარულია, თავად კონცეფცია აქტუალობას ინარჩუნებს. ICO-ების ეპოქის გაკვეთილები, განსაკუთრებით სათანადო მოკვლევის ჩატარებისა და პროექტის გუნდების გამჭვირვალობის შეფასების აუცილებლობა, კვლავ აქტიურად გამოიყენება კრიპტო პროექტისთვის ფინანსების მოზიდვის ნებისმიერი ფორმის ღონისძიების შეფასებისას.

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.