გაზის ლიმიტი
გაზის ლიმიტი არის გაზის ერთეულების მაქსიმალური რაოდენობა, რომლის დახარჯვის უფლებასაც
კრიპტოვალუტის მომხმარებელი ანიჭებს ტრანზაქციას
Ethereum-ის ქსელში. Ethereum-ზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია, დაწყებული მარტივი გადარიცხვით და დამთავრებული კომპლექსურ
სმარტ კონტრაქტთან ურთიერთქმედებით, მოითხოვს გამომთვლელი რესურსის გარკვეულ რაოდენობას. ეს რესურსი იზომება
გაზის ერთეულებში.
გაზის ლიმიტი არ არის ფასი. ეს არის ზღვარი, თუ მაქსიმუმ რა მოცულობის სამუშაოს შესრულების უფლება აქვს ტრანზაქციას. ether-ის (ETH) სტანდარტული გადარიცხვა ჩვეულებრივ საჭიროებს 21 000 გაზს, სმარტ კონტრაქტის ფუნქციების შესრულებას კი შეიძლება ბევრად მეტი დასჭირდეს. ლიმიტის დაყენება უსაფრთხოების მექანიზმის როლს ასრულებს: ის მომხმარებელს იცავს გათვალისწინებულზე მეტი თანხის დახარჯვისგან, რაც შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტის კოდში აღმოჩნდება ბაგი ან გაუთვალისწინებელი ციკლი.
სასურველია ვიცოდეთ, თუ რით განსხვავდება ერთმანეთისგან ეს ორი ცნება. გაზის ლიმიტი არის გაზის ერთეულების მაქსიმალური რაოდენობა, რომლის გამოყენებაც ტრანზაქციას შეუძლია. გაზის ფასი არის თანხა, რომელსაც მომხმარებელი იხდის თითოეულ ერთეულში, რაც ჩვეულებრივ იზომება
gwei-ში (ETH-ის უმცირესი დენომინაცია). მთლიანი საკომისიო გამოითვლება გამოყენებული გაზის გამრავლებით გაზის ფასზე.
2021 წლის აგვისტოში
EIP-1559 განახლების გამოსვლის შემდეგ, Ethereum-ზე გაზის ფასი ორ ნაწილად გაიყო: საბაზისო საკომისიოდ (რომელიც იწვება) და არასავალდებულო პრიორიტეტის საკომისიოდ, რომელიც წარმოადგენს ვალიდატორებისთვის გადახდილ დამატებით გასამრჯელოს. გაზის ლიმიტი კვლავ განსაზღვრავს დახარჯული ერთეულების მაქსიმალურ ზღვარს, ხოლო საკომისიოს ეს კომპონენტები განსაზღვრავს თითოეული ერთეულის ღირებულებას.
საფულის ბევრი აპლიკაცია ავტომატურად ითვლის გაზის ლიმიტსა და გაზის ფასს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ხელით კორექტირების საშუალებასაც იძლევა. გაზის ლიმიტის ძალიან დაბალ ნიშნულზე დაყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტრანზაქციის გაზის ამოწურვა და მისი გაუქმება, ამასთან, უკვე დახარჯული გაზი უკან არ ბრუნდება. საჭიროზე მაღალი ლიმიტის დაყენება ზოგადად უსაფრთხოა, რადგან გამოუყენებელი გაზი ავტომატურად უბრუნდება გამომგზავნს.
მომხმარებლის მიერ არჩეული გაზის ფასი, როგორც წესი, უფრო დიდ გავლენას ახდენს ღირებულებასა და დადასტურების დროზე, ვიდრე ლიმიტი, რადგან ლიმიტი ძირითადად ზედა ზღვარს წარმოადგენს.
ქსელის მაღალი დატვირთვის პერიოდში საკომისიოები შეიძლება გაიზარდოს და უფრო დაბალი გაზის ფასის მქონე ტრანზაქციების დადასტურებას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს ან მოლოდინის რეჟიმში დარჩეს. გაგზავნამდე ქსელის არსებული მდგომარეობის შემოწმება მომხმარებლებს დაეხმარება ფასის ისეთი მნიშვნელობების არჩევაში, რაც დააბალანსებს ღირებულებასა და სიჩქარეს.