EIP-1559

რა არის EIP-1559?

EIP-1559 წარმოადგენდა Ethereum-ის ტრნზაქციის საკომისიოების სისტემის განახლებას. ეს განახლება, რომელიც იყო 2021 წლის აგვისტოში გაშვებული Ethereum-ის London hard fork-ის ნაწილი, შეცვალა Ethereum-ის ქსელზე ტრანზაქციის საკომისიოების (გაზის საკომისიოების) გამოთვლის და მართვის მეთოდები.

EIP-1559 განახლებამ გააუმჯობესა საკომისიოების პროგნოზირებადობა და შეამცირა ფასების რყევა. მან ასევე წარმოადგინა დეფლაციური მექანიზმი ether-ის (ETH) მარაგის კონტროლის მიზნით.

როგორ მუშაობს EIP-1559?

საბაზისო საკომისიოს მექანიზმი

EIP-1559-ის გამოშვებამდე, Ethereum იყენებდა მარტივი აუქციონის პროცესს, რა დროსაც მომხმარებლები ვალიდატორებს სთავაზობდნენ გარკვეული ოდენობის გაზის საკომისიოებს საკუთარი ტრანზაქციების ბლოკებში დამატების მიზნით, რის გამოც, ქსელის დატვირთულობის პერიოდებში, ეს საკომისიოები არაპროგნოზირებადი და ძალიან მაღალი იყო. EIP-1559-მა წარმოადგინა საბაზისო საკომისიოები, რაც გვთავაზობს ფასების განსაზღვრის უფრო დინამიურ და ამავდროულად კონტროლირებად მექანიზმს.

საბაზისო საკომისიოების ოდენობა განისაზღვრება პროტოკოლის მიერ და იცვლება ქსელის დატვირთვის დონის შესაბამისად. როდესაც ქსელი გადატვირთულია, საბაზისო საკომისიოს ოდენობა იზრდება; როდესაც ქსელზე მოთხოვნა იკლებს, საბაზისო საკომისიოც მცირდება. ფასების განსაზღვრის ადაპტირებადი სისტემა გვეხმარება გაზის ფასის რყევის შემცირებაში, რაც ტრანზაქციის ხარჯების უკეთ პროგნოზირების შესაძლებლობას გვაძლევს.

საკომისიოების წვა

EIP-1559-ის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ ელემენტს წარმოადგენს საბაზისო საკომისიოების წვის პროცესი. იმის ნაცვლად, რომ საკომისიოები სრულად გადაეცეს ვალიდატორებს, ხდება საბაზისო საკომისიოების სამუდამოდ დაწვა, რაც ხელს უწყობს დროთა განმავლობაში ETH-ის საერთო მარაგის შემცირებას.

პრიორიტეტის საკომისიო (გასამრჯელო)

საბაზისო საკომისიოები სრულად იწვება, თუმცა მომხმარებლებს შეუძლიათ დამატებით გადაიხადონ ეგრეთწოდებული პრიორიტეტის საკომისიო, ანუ „გასამრჯელო“, რაც ვალიდატორებს მისცემს ამ მომხმარებლების ტრანზაქციების დროულად დამუშავების სტიმულს. ეს გასამრჯელო არ არის სავალდებულო და მომხმარებელს შეუძლია ის საბაზისო საკომისიოს დაამატოს. ეს თანხა პირდაპირ იმ ვალიდატორს ერიცხება, რომელიც ამ ტრანზაქციას ბლოკში დაამატებს. ამ სისტემის წყალობით, მომხმარებლებს შეუძლიათ დააჩქარონ საკუთარი ტრანზაქციების დამუშავება, ვალიდატორები კი კვლავ მიიღებენ ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ.

დასკვნა

EIP-1559-მა დაამატა რამდენიმე მნიშვნელოვანი განახლება, რის შემდეგაც შეიცვალა Ethereum-ზე ტრანზაქციის საკომისიოების დამუშავების პროცესი. მან წარმოადგინა საბაზისო საკომისიო, რომლის ოდენობა იზრდება ან იკლებს ქსელის დატვირთვის ცვლილების შესაბამისად. საბაზისო საკომისიო იწვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება ETH-ის გარკვეული რაოდენობის ამოღება მიმოქცევიდან, რაც ხელს უწყობს მისი საერთო მარაგის შემცირებას. 

თუ მომხმარებელს სურს, რომ მისი ტრანზაქცია სწრაფად დამუშავდეს, მას შეუძლია ვალიდატორებს გადაუხადოს დამატებითი გასამრჯელო. ამ განახლების წყალობით, ვალიდატორებს კვლავ რჩებათ ჯილდოების გამომუშავების შესაძლებლობა, მომხმარებლები კი უკეთ აკონტროლებენ საკუთარი ტრანზაქციის დამუშავების სიჩქარეს.