ბლოკ-ვაჭრობა

განახლებული Sep 18, 2026

რა არის ბლოკ-ვაჭრობა?

ბლოკ-ვაჭრობა წარმოადგენს აქტივის ყიდვის ან გაყიდვის დიდი მოცულობის შეკვეთას, რომლის განთავსება და აღსრულებაც კონფიდენციალურ სივრცეში, საჯარო შეკვეთების წიგნის გვერდის ავლით ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ შეკვეთის შევსებისას არ ხდება მისი ღია ბაზარზე ასახვა, ბლოკ-ვაჭრობის მეშვეობით დიდი მოცულობით მოვაჭრე ტრეიდერებს ფასის არასასურველი მიმართულებით მოძრაობის ზეგავლენის თავიდან აცილების საშუალება ეძლევათ.

კრიპტოინდუსტრიაში ბლოკ-ვაჭრობით ძირითადად ისეთი ორგანიზაციები, ფონდები და მსხვილი ტრეიდერები სარგებლობენ, რომელთაც დიდი მოცულობის აქტივების ერთიანი ტრანზაქციების განხორციელება ესაჭიროებათ. ამ ტიპის ვაჭრობები, როგორც წესი, წარიმართება ბირჟის მიღმა არსებული (OTC) პლატფორმების, ბროკერების ან კოტირების მოთხოვნის (RFQ) სისტემების მეშვეობით. ზოგიერთი სავაჭრო ბირჟა, გარდა ამისა, მომხმარებლებს სთავაზობს ბლოკ-ვაჭრობის სპეციალურ ფუნქციებს, რომელიც უზრუნველყოფს ვაჭრობის შეკვეთების საჯარო წიგნის გვერდის ავლით განთავსების და სავაჭრო ბირჟაზე აღსრულებისა და ანგარიშსწორების შესაძლებლობებს.

რატომ იყენებენ ტრეიდერები ბლოკ-ვაჭრობას

მთავარი მიზეზი ფასის ცურვისა და ბაზარზე ზეგავლენის შემცირებაა. ტრეიდერის მიერ საჯარო სავაჭრო ბირჟაზე მეტისმეტად დიდი მოცულობის საბაზრო შეკვეთის განთავსების შემთხვევაში, შესაძლოა აღნიშნულმა შეკვეთამ ერთდროულად ფასის რამდენიმე დონე დაიკავოს, რაც შეკვეთის სრულად შევსებამდე ფასების მკვეთრ ზრდას ან შემცირებას გამოიწვევს. ბლოკ-ვაჭრობის შემთხვევაში შეკვეთის შევსება ერთი, წინასწარ შეთანხმებული ფასით ხდება, რაც საბოლოო ღირებულებას უფრო მარტივად პროგნოზირებადს ხდის.

გარდა ამისა, ბლოკ-ვაჭრობა უზრუნველყოფს ტრანზაქციის კონფიდენციალურობის შენარჩუნებას. დიდი მოცულობის შეკვეთის საჯარო პლატფორმაზე განთავსებით ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაცია ტრეიდერის სამომავლო გეგმების შესახებ, კერძო წესით განხორციელებული ვაჭრობა კი ამცირებს აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნების რისკებს.

როგორ მუშაობს ბლოკ-ვაჭრობა

პროცესი, როგორც წესი, რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ტრეიდერი ირჩევს აქტივს, მხარეს, ზომას და ანგარიშსწორების პირობებს, შემდეგ კი მოითხოვს კოტირებას ლიკვიდურობის ერთი ან რამდენიმე პროვაიდერისგან ან OTC პლატფორმისგან. თითოეული პლატფორმა წარადგენს საბოლოო ან სავარაუდო კვოტას, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, დაფუძნებულია მიმდინარე საბაზრო ფასზე და რომელსაც ემატება მცირე პრემია ან ფასდაკლება, შეკვეთის მოსალოდნელი შედეგების შესაბამისად. ტრეიდერის მიერ შესაბამის პირობებზე დათანხმების შემთხვევაში, ვაჭრობის აღსრულება მოხდება კონფიდენციალურ სივრცეში და მხოლოდ ამის შემდეგ გადავა დადასტურებისა და ანგარიშსწორების ეტაპზე, რომელიც შესაძლოა სპოტ ბაზარზე განხორციელდეს, ან მოიცავდეს დერივატივებს, პლატფორმის მახასიათებლებიდან გამომდინარე.

ბლოკ-ვაჭრობა და OTC ვაჭრობა

აღნიშნული ცნებები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, თუმცა იდენტური არ არის. OTC ვაჭრობა მოიცავს ნებისმიერ გარიგებას, რომელიც ღია შეკვეთების წიგნის გვერდის ავლით ხორციელდება. ბლოკ-ვაჭრობას კი, უპირველეს ყოვლისა, მისი მასშტაბი და აღსრულების პროცესის ოფიციალურობა გამოარჩევს. აღნიშნული პროცესები, როგორც წესი, სწორედ OTC მექანიზმს ეფუძნება, თუმცა ცალკეულ სავაჭრო ბირჟებს ბლოკ-ვაჭრობისთვის სპეციალური ფუნქციებიც გააჩნიათ. ამრიგად, ბლოკ-ვაჭრობა ყოველთვის მოიცავს დიდ მოცულობებს და მკაცრად განსაზღვრულ სტრუქტურას, თუმცა, ყველა OTC ტრანზაქცია არ არის იმხელა მოცულობის, რომ მას ბლოკ-ვაჭრობა ეწოდოს.

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.