OTC (არასაბირჟო) ვაჭრობა

განახლებული Sep 14, 2026

რა არის OTC ვაჭრობა?

OTC, ანუ არასაბირჟო ვაჭრობა, არის ორ მხარეს შორის აქტივებით პირდაპირ, შეკვეთების წიგნის გარეშე ვაჭრობა.

ბირჟაზე ვაჭრობისგან განსხვავებით, სადაც ვაჭრობა ხორციელდება საჯაროდ გამოქვეყნებული შეკვეთების თანხვედრის მეშვეობით, OTC ვაჭრობა ხორციელდება პირისპირ, როგორც წესი, ბროკერის ან OTC დესკის მეშვეობით. ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება ტრადიციულ ფინანსებში ობლიგაციებით, ვალუტებით და დერივატივებით ვაჭრობისთვის, თუმცა ის ასევე გამოიყენება კრიპტო ბაზრებზე დიდი მოცულობებით ვაჭრობისას.

როგორ მუშაობს OTC ვაჭრობა კრიპტო სფეროში

კრიპტო სივრცეში OTC ვაჭრობა, როგორც წესი, ხორციელდება სპეციალიზებული OTC დესკების მეშვეობით, რომლებიც იმართება კრიპტო ბირჟების, სავაჭრო ფირმების ან მარკეტ-მეიკერების მიერ. მყიდველი და გამყიდველი ფასზე პირდაპირ თანხმდებიან, ხშირად ციფრული აქტივის ფიქსირებული რაოდენობისთვის. ანგარიშსწორება მოიცავს საფასურის გადახდის შემდეგ აქტივების პირდაპირ გადაცემას, ბირჟის შეკვეთების წიგნის საჭიროების გარეშე.
OTC ვაჭრობის მთავარი უპირატესობაა ფასზე მინიმალური გავლენა. ბირჟაზე დიდი ზომის შეკვეთების განთავსებამ შეიძლება გამოიწვიოს ფასის ცვლილება ტრეიდერისთვის არასასურველი მიმართულებით, ეს გავლენა განსაკუთრებით დიდია დაბალი ლიკვიდურობის მქონე აქტივებით ვაჭრობისას. OTC დესკს შეუძლია გარიგების მეორე მხარის მოძებნა სავაჭრო ბირჟის გარეთ, ამიტომ დიდი მოცულობის ყიდვა ან გაყიდვა ბაზრის ფასზე მცირე ან საერთოდ არანაირ გავლენას ახდენს.

ვინ იყენებს OTC ვაჭრობას?

OTC ვაჭრობას ძირითადად იყენებენ ინსტიტუციური ინვესტორები, საოჯახო ინვესტიციების მართვის ოფისები, მსხვილი კერძო კაპიტალის მქონე პირები და ფონდები, რომელთაც სურთ დიდი რაოდენობით კრიპტოს გადატანა ბაზარზე გავლენის მოხდენის გარეშე. ის ასევე გამოიყენება რთული ტრანზაქციებისთვის, როგორიცაა ბლოკ-ვაჭრობა, კრიპტო კომპანიების შერწყმა და შეძენა, და ტოკენების გაყიდვა აკრედიტებულ მყიდველებზე.

ინდივიდუალური ტრეიდერები იშვიათად იყენებენ OTC დესკებს, რადგან მათი შეკვეთების ზომები ძალიან მცირეა იმისთვის, რომ ვაჭრობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ფასებზე.

ანგარიშსწორება და აქტივების განკარგვა

OTC გარიგებები მოიცავს შემხვედრი მხარის რისკს: რომელიმე მხარემ პირველმა უნდა განახორციელოს აქტივების მიწოდება ან საფასურის გადახდა. სანდო დესკები ამ რისკების შემცირებისთვის იყენებენ ესქრო სერვისებს, ეტაპობრივ ანგარიშსწორებას ან აქტივების განკარგვის წინასწარ შეთანხმებულ სქემებს. ზოგი დესკი ასევე გთავაზობთ ცივი საფულით ანგარიშსწორებას, რაც მოიცავს დიდი ოდენობის აქტივების გადატანას პირდაპირ ოფლაინ საფულეებს შორის, რაც ამცირებს ჰაკერული თავდასხმის რისკებს.

არასაბირჟო და საბირჟო ვაჭრობა

ძირითადი განსხვავებებია გამჭვირვალობა, სიჩქარე და ფასი. საბირჟო ვაჭრობა, მაგალითად სპოტ ვაჭრობა გამოიყენება მცირე შეკვეთების გამჭვირვალედ და სწრაფად აღსრულებისთვის, თუმცა დიდი შეკვეთებით ვაჭრობა შესაძლოა არ იყოს რეკომენდებული ფასის ცურვის გამო. 

OTC ვაჭრობა სრულდება პირისპირ, შესაძლებელია ფასზე მოლაპარაკება და რეკომენდებულია დიდი ზომის შეკვეთების აღსრულებისთვის, თუმცა ის დაკავშირებულია შემხვედრი მხარის მოძიების სირთულესთან და ანგარიშსწორების რისკთან. ბევრი მსხვილი კრიპტო გარიგება სწორედ OTC-ის მეშვეობით ხორციელდება, რაც ამცირებს ბირჟაზე ფასის ზეგავლენასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

OTC ბაზრები, როგორც წესი, ნაკლებად რეგულირდება, ვიდრე სავაჭრო ბირჟის ბაზრები, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასები ნაკლებად გამჭვირვალეა და დიდი მნიშვნელობა აქვს OTC დესკის რეპუტაციას. მყიდველებმა და გამყიდველებმა ვაჭრობამდე უნდა გადაამოწმონ შემხვედრი მხარე და კარგად გაიაზრონ ანგარიშსწორების პირობები.

Binance OTC

Binance OTC გთავაზობთ დესკს მსხვილი ან კომპლექსური ვაჭრობებისთვის, რომლებიც სრულდება საჯარო შეკვეთების წიგნის გარეშე. ის ძირითადად შექმნილია ინსტიტუციური და მაღალი მოცულობით მოვაჭრე კლიენტებისთვის, რომლებსაც სურთ დიდი რაოდენობით კრიპტოს გადატანა ბაზარზე გავლენის გარეშე.

დესკი უზრუნველყოფს ერთიან შეთავაზებულ ფასს მთლიანი შეკვეთისთვის, რამაც შეიძლება შეამციროს ფასის ცურვა, ხოლო ანგარიშსწორება პირდაპირ ტრეიდერის Binance Spot ანგარიშზე ხდება. ის ლიკვიდურობას სხვადასხვა წყაროდან იღებს, აქვს კრიპტოს, სტეიბლკოინების და ფიატ-ვალუტების ფართო სპექტრის მხარდაჭერა და გთავაზობთ აღსრულების მოქნილ ინსტრუმენტებს მსხვილი ან არალიკვიდური შეკვეთებისთვის, მათ შორის კოტირების მოთხოვნას (RFQ) და ალგორითმულ სტრატეგიებს, როგორიცაა TWAP.

უფლებამოსილ კლიენტებს მასზე წვდომისთვის შეუძლიათ გამოიყენონ Binance-ის VIP და ინსტიტუციური პორტალი, Binance აპლიკაციის Pro ვერსია ან OTC დესკთან პირდაპირი დაკავშირება. შეკვეთის მინიმალური ზომები და საკომისიო სტრუქტურები დროთა განმავლობაში შეიძლება იცვლებოდეს, ამიტომ ტრეიდერებმა ვაჭრობამდე უნდა შეამოწმონ მიმდინარე პირობები.