რა არის რეიპოთეკაციის რისკი კრიპტო სესხების სფეროში?

რა არის რეიპოთეკაციის რისკი კრიპტო სესხების სფეროში?

განახლებული Dec 16, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • რეიპოთეკაციის დროს, სესხების გამცემი მომხმარებლის უზრუნველყოფის აქტივებს იყენებს საკუთარი სესხების უზრუნველყოფისთვის ან სარგებლის გენერირებისთვის მესამე მხარის სერვისების მეშვეობით.

  • მიუხედავად იმისა, რომ ეს ზრდის პლატფორმების ლიკვიდურობას და აძლევს მას შესაძლებლობას მომხმარებელს შესთავაზოს უფრო მაღალი საპროცენტო სარგებელი, ეს ასევე იწვევს ფინანსური დამოკიდებულებების რთული ჯაჭვის ჩამოყალიბებას.

  • რეიპოთეკაციის მთავარი რისკი დაკავშირებულია შემთხვევასთან, როდესაც მესამე მხარის მსესხებელი ვალდებულებებს ვერ ასრულებს, რის შედეგადაც ძირითადი სესხის გამცემი გადახდისუუნარო ხდება და დეპოზიტორებს აღარ შეუძლიათ საკუთარი თანხების გატანა.

  • ამ რისკების შემცირება ინვესტორებს შეუძლიათ საკუთარი აქტივების თავად შენახვის მეშვეობით. ასევე მნიშვნელოვანია იცნობდეთ მომსახურების პირობებს და დაიცვათ ბალანსი მოგების ოდენობასა და უსაფრთხოებას შორის.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

კრიპტო სესხების გაცემის პლატფორმების მეშვეობით პასიური შემოსავლის მიღება პოპულარულ სტრატეგიად იქცა. მომხმარებლები საკუთარ ციფრულ აქტივებს განათავსებენ პლატფორმებზე და სანაცვლოდ იღებენ წლიურ საპროცენტო სარგებელს (APY), რაც ძალიან ჰგავს შემნახველი ანაბარის გახსნას. თუმცა, ტრადიციული საბანკო სისტემისგან განსხვავებით, ამ სარგებლის გენერირება ხშირად დაკავშირებულია რეიპოთეკაციის სახელით ცნობილ პრაქტიკასთან.

რეიპოთეკაცია სტანდარტული ფინანსების (TradFi) სფეროში გამოყენებულ სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს, თუმცა მისი გამოყენება კრიპტო სექტორში ნაკლებად არის რეგულირებული. ამ კონცეფციის ცოდნა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინვესტორისთვის, რომელიც საკუთარ აქტივებს ანდობს ცენტრალიზებულ ბირჟას (CEX) ან სესხების გაცემის პლატფორმას.

განსხვავება იპოთეკაციასა და რეიპოთეკაციას შორის

იპოთეკაცია არის აქტივების დეპონირება სესხის უზრუნველყოფის სახით, მაგალითად, როდესაც თქვენ იღებთ იპოთეკურ სესხს, ბანკი ახორციელებს თქვენი სახლის იპოთეკაციას. თქვენ ამ სახლის მფლობელად რჩებით, თუმცა გადახდისუუნარობის შემთხვევაში ბანკმა შეიძლება მისი გადაცემა მოგთხოვოთ. კრიპტო სფეროში ამის მაგალითია Bitcoin-ის დაბლოკვა სტეიბლკოინის დამზადების ან სესხის ნაღდი ფულით გამოტანის სანაცვლოდ.

რეიპოთეკაციას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენი უზრუნველყოფის აქტივების განმკარგავი ორგანიზაცია (ბანკი ან კრიპტო პლატფორმა) იღებს ამ უზრუნველყოფის აქტივებს და იყენებს საკუთარი მიზნებისთვის, როგორც წესი, საკუთარი ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის ან მესამე მხარისთვის სესხის გაცემისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ასესხებთ ფულს პლატფორმას, პლატფორმა კი იმავე ფულს ასესხებს სხვა პირს.

როგორ მუშაობს რეიპოთეკაცია კრიპტო სფეროში

რეიპოთეკაციაზეა დაფუძნებული უამრავი მაღალშემოსავლიანი კრიპტო ანგარიში. ქვემოთ მოცემულია თანხების განკარგვის პროცესი:

  1. დეპონირება: დავუშვათ სესხების გაცემის ცენტრალიზებულ პლატფორმაზე, რომელიც გთავაზობთ 5% APY-ს, განათავსეთ 1 BTC.

  2. ხელახლა გასესხება: პლატფორმა იღებს 1 BTC-ს და გაასესხებს მას ინსტიტუციურ მსესხებელზე (მაგალითად ჰეჯ-ფონდზე ან მარკეტ-მეიკერზე) 8%-იანი საპროცენტო სარგებლით.

  3. სპრედი: პლატფორმა თქვენ გიხდით 5%-ს, თავად კი იტოვებს 3%-ს.

თუ პლატფორმის პერსპექტივიდან შევხედავთ, ეს პროცესი კაპიტალის ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდას უზრუნველყოფს, თუმცა ეს ნიშნავს, რომ თქვენი Bitcoin პლატფორმის „ცივ“ საცავში კი არ ინახება, არამედ მესამე მხარის ხელშია.

რეიპოთეკაციასთან დაკავშირებული ძირითადი რისკები

აქტივების რეიპოთეკაციის შემდეგ, დეპოზიტორი დგება შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკის ქვეშ, ეს ქმნის „ბანქოს სახლის“ ტიპის სცენარის განვითარების ალბათობას, რა დროსაც ერ-ერთი მხარის წარუმატებლობა მთლიანი სტრუქტურის ჩამოშლას იწვევს.

1. შემხვედრი მხარის გადახდისუუნარობა

თუ ჰეჯ-ფონდი (მსესხებელი B) წარუმატებელი ვაჭრობის შედეგად დაკარგავს BTC-ს, რომელიც მან ისესხა თქვენი პლატფორმიდან (გამსესხებელი A), ის ვეღარ შეძლებს სესხის დაფარვას, შედეგად ვერც გამსესხებელი A შეძლებს თქვენთვის ვალის დაბრუნებას. ამ შემთხვევაში თქვენ დამოკიდებული ხართ იმ ორგანიზაციის ფინანსური სისტემის სიჯანსაღეზე, რომლის შესახებაც შესაძლოა არც გსმენიათ.

2. ბანკიდან თანხის მასიური გატანა

ბაზრის არასტაბილურობის პერიოდებში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბევრი მომხმარებელი ერთად გადაწყვეტს საკუთარი თანხების გატანას. თუ პლატფორმას საკუთარი მომხმარებლების თანხების დიდი ნაწილი დაბანდებული აქვს არალიკვიდურ საინვესტიციო ინსტრუმენტებში ან გრძელვადიან სესხებში, სავარაუდოდ ის ვერ შეძლებს ყველა მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნებას. ჩვეულებრივ, ამას მოსდევს თანხების გაცემის შეჩერება და პოტენციური გაკოტრება.

3. არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სტატუსი

ტრადიციულ საბროკერო ანგარიშებში (მაგ., აშშ-ში), რეიპოთეკაციისთვის დაწესებულია მაქსიმალური ლიმიტი (ჩვეულებრივ ეს არის მთლიანი სესხის ბალანსის 140%) და მსგავსი სესხები დაზღვეულია (SIPC). კრიპტო სივრცეში მსგავსი რეგულაციები კვლავ შემუშავების პროცესშია. სესხების გაცემის პლატფორმების დიდ ნაწილს საკუთარ მომსახურების პირობებში გაწერილი აქვს, რომ აქტივების დეპონირებით, თქვენ მათზე მფლობელობის უფლებას გადასცემთ ამ პლატფორმას. გაკოტრების შემთხვევაში, დეპოზიტორები ხშირად მიიჩნევიან არაუზრუნველყოფილ კრედიტორებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თანხის მიმღებთა რიგის ბოლოს დგანან.

მაგალითები: 2022 წლის ლიკვიდურობის კრიზისი

რეიპოთეკაციასთან დაკავშირებული რისკები რეალობად 2022 წლის კრიპტო ბაზრის კრახის დროს იქცა. რამდენიმე მსხვილი პლატფორმა გაკოტრდა აგრესიული რეიპოთეკაციის სტრატეგიების გამოყენების გამო:

  • Celsius Network: პლატფორმა ახორციელებდა მომხმარებლის თანხების რეიპოთეკაციას DeFi პროტოკოლებსა და სესხებში. ბაზრის ვარდნის შემდეგ მათი ლიკვიდურობა საკმარისი არ აღმოჩნდა მომხმარებლებისგან მიღებული თანხის გატანის მოთხოვნების დროულად დასაკმაყოფილებლად.

  • Voyager Digital: Voyager-ს მომხმარებლების კუთვნილი ასობით მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები გაცემული ჰქონდა ერთ ჰეჯ-ფონდზე - Three Arrows Capital-ზე (3AC). 3AC-ის გაკოტრების შემდეგ, Voyager გადახდისუუნარო აღმოჩნდა.

რეიპოთეკაცია CeFi-ში და DeFi-ში

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა განსხვავებაა ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ ფინანსებს შორის. ხშირ შემთხვევაში CeFi-ს ოპერაციები უფრო მეტად გაუმჭვირვალეა. მომხმარებლები საკუთარი თანხების დეპონირებას „შავ ყუთში“ ახორციელებენ, რა დროსაც არ არის ცნობილი შემხვედრი მხარის ვინაობა და გამოყენებული ლევერიჯის ოდენობა.

რეიპოთეკაცია DeFi სფეროშიც გამოიყენება (ხშირად ლიკვიდურობის სტეიკინგის ან შეფუთვის მეშვეობით), თუმცა როგორც წესი, ეს პროცესი გამჭვირვალეა. მომხმარებლებს შეუძლიათ ბლოკჩეინზე შეამოწმონ, თუ სად მოხდა მათი თანხების დაბანდება. DeFi-სთან დაკავშირებულია სმარტ კონტრაქტების რისკი, რაც გულისხმობს კონტრაქტის კოდში არსებული ბაგებით გამოწვეული ზარალის ალბათობას.

როგორ შევამციროთ რეიპოთეკაციასთან დაკავშირებული რისკი

  1. თავად მართეთ თქვენი აქტივები: რეიპოთეკაციასთან დაკავშირებული რისკის შემცირების ყველაზე ეფექტურ გზას წარმოადგენს საკუთარი აქტივების არაკასტოდიალურ კრიპტო საფულეში შენახვა. თუ თქვენ თავად მართავთ პირად გასაღებებს, თქვენი აქტივების გასესხებას სხვები ვერ შეძლებენ.

  2. წაიკითხეთ წვრილი შრიფტით დაწერილი ტექსტი: სესხების გაცემის ცენტრალიზებული პლატფორმის გამოყენებამდე, წაიკითხეთ მათი მომსახურების პირობები. ყურადღება მიაქციეთ პუნქტებს, რომლებიც ეხება „უფლებების გადაცემას“ ან პლატფორმის მიერ თქვენი აქტივების „დაბანდების, განმეორებით დაბანდების ან იპოთეკაციის უფლებებს“.

  3. შეამოწმეთ შემოთავაზებული სარგებელი: სკეპტიკურად მიუდექით მაღალი სარგებლის მიღების შემოთავაზებებს. თუ პლატფორმის მიერ შემოთავაზებული სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს ბაზრის საშუალო მაჩვენებელს, ხშირად ეს იმის ნიშანია, რომ სარგებლის გენერირებისთვის ისინი სარისკო რეიპოთეკაციის სტრატეგიებს იყენებენ.

  4. განცალკევებული ანგარიშები: ზოგიერთი ინსტიტუციური კასტოდიალური სერვისი გვთავაზობს განცალკევებულ ანგარიშებს, სადაც კლიენტის აქტივები კომპანიის აქტივებისგან იზოლირებულად ინახება.

შეჯამება

რეიპოთეკაციის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ ის გვთავაზობს ბაზრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ლიკვიდურობას და მომხმარებელს აძლევს უმოქმედო აქტივებით სარგებლის გამომუშავების შესაძლებლობას, მეორე მხრივ კი ის დაკავშირებულია სისტემურ რისკებთან, რის გამოც bear ბაზრის პერიოდებში შესაძლოა თქვენი კაპიტალი სრულად დაკარგოთ.

ინდივიდუალურმა ინვესტორებმა გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა გაითვალისწინონ მათთვის მისაღები რისკის დონე. გავიხსენოთ ძველი გამოთქმა: „თუ გასაღები არ გაქვთ, არც მონეტები გაქვთ“. თუ თქვენს აქტივებს თავად აკონტროლებთ, თქვენ დაცული იქნებით რეიპოთეკაციის რისკებისგან.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.