მთავარი დეტალები
Polymarket არის დეცენტრალიზებული პროგნოზირების ბაზარი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ივაჭრონ პოლიტიკის, სპორტის, ფინანსების და კულტურის სფეროებში დაფიქსირებული მოვლენების შედეგებზე ფსონის დადებით.
ეს პლატფორმა გაშვებულია Polygon ბლოკჩეინზე და იყენებს USDC სტეიბლკოინს. 2026 წელს ის გადავიდა საკომისიოებზე დაფუძნებული შემოსავლის მოდელზე.
2025 წლის დეკემბერში Polymarket-მა მიიღო CFTC-ის ნებართვა, რაც მას საშუალება მისცა 2022 წელს დაკისრებული შეზღუდვების შემდეგ დაბრუნებულიყო აშშ-ის ბაზარზე Designated Contract Market-ის რეგულირებული სტრუქტურის მეშვეობით.
რა არის Polymarket?
Polymarket არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს რალური სამყაროს მოვლენების შედეგებით ვაჭრობის შესაძლებლობას. კაზინოში ან ტოტალიზატორში ფსონის დადების ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ ივაჭროთ სხვა მომხმარებლებთან ერთად, თქვენ ირჩევთ შედეგს (ხშირად უბრალოდ ირჩევთ ვარიანტს დიახ ან არა) და ყიდულობთ აქციებს შედეგის დადგომის ალბათობის გათვალისწინებით.
მაგალითად, ბაზარზე შეიძლება დაისვას კითხვა „გაიმარჯვებს თუ არა არჩევნებში კონკრეტული კანდიდატი?“ ან „ასცდება თუ არა Bitcoin-ის ფასი კონკრეტულ დონეს ამ თვეში?“ ან „ეს გუნდი გახდება თუ არა ჩემპიონი?“. თუ თვლით, რომ პასუხი იქნება „დიახ“, თქვენ ყიდულობთ „დიახ“ აქციებს, ხოლო თუ თვლით, რომ პასუხი იქნება „არა“, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ „არა“ აქციები.
Polymarket ხშირად მოიხსენიება, როგორც „დეცენტრალიზებული“, რადგან ის იყენებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას. ეს ეხმარება მას იყოს უფრო გამჭვირვალე და ვაჭრობის ჩანაწერების წარმოებისას არ იყოს დამოკიდებული ტრადიციულ ბანკებზე ან ბროკერებზე.
Polymarket-ის გამოყენებისთვის, მომხმარებელთა უმეტესობა ამ პლატფორმასთან აკავშირებს კრიპტო საფულეს (როგორიცაა MetaMask ან Phantom), გადარიცხავს მასზე USDC-ს და ამის შემდეგ იწყებს ვაჭრობას.
რით განსხვავდება ეს ჩვეულებრივი ფსონების დადებისგან?
Polymarket უფრო ახლოსაა ფინანსურ ბაზრებთან, ვიდრე ტიპიურ აზარტული თამაშებთან. სტანდარტულ ტოტალიზატორებში ბუკმეკერები თავად განსაზღვრავენ კოეფიციენტებს, რაც უპირატესობას ტოტალიზატორს ანიჭებს. კაზინოს თამაშებში წესები ისეა დადგენილი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კაზინო ყოველთვის მოგებული რჩება. Polymarket-ზე თითოეული შედეგის „ფასი“ უმეტესწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენის გადახდა სურთ სხვა მომხმარებლებს.
პროგნოზირების ბაზრები შესაძლოა სასარგებლო იყოს, რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია დიდი რაოდენობით მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის თავმოყრა. როდესაც მომხმარებლები ფსონს დებენ გარკვეულ შედეგზე, ბაზრის ფასის მიხედვით შეიძლება მიახლოებით გამოვთვალოთ ამ მოვლენის შედეგის ალბათობა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ „დიახ“ აქციის ფასია 0,70 აშშ დოლარი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ შედეგის დადგომის ალბათობა არის დაახლოებით 70%.
რა თქმა უნდა, ეს ბაზრები არ არის იდეალური. ისინი შეიძლება გახდეს აჟიოტაჟის, ჭორების, ვაჭრობის მოცულობის ზრდის ან მოულოდნელი სიახლეების გავრცელების მიზეზი. თუმცა მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ფასების ცვლილებას განსაზღვრავს შემოთავაზება და მოთხოვნა და არა ერთი კომპანიის მიერ დადგენილი კოეფიციენტები.
როგორ მუშაობს Polymarket
იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს Polymarket, დავაკვირდეთ მის სამ ძირითად კომპონენტს:
როგორ ხორციელდება ვაჭრობა
როგორ გამოიყენება ბლოკჩეინი და USDC
როგორ განსაზღვრავს პლატფორმა საბოლოო შედეგს (რეზულტატს).
1) ვაჭრობა, შეკვეთების წიგნი და ფასები
Polymarket იყენებს საფონდო ბირჟის მსგავს სისტემას, რომელსაც ეწოდება ლიმიტ-შეკვეთების ცენტრალური წიგნი (CLOB). თქვენ შეგიძლიათ:
განათავსოთ შეკვეთა სასურველ ფასზე და დაელოდოთ, სანამ სხვა მომხმარებელი დაეთანხმება თქვენთან ვაჭრობას ან
აირჩიოთ არსებული შეკვეთა, რომელიც სხვა მომხმარებელმა უკვე განათავსა.
ბაზრების უმეტესობა დიახ/არა ტიპისაა. აქციების ფასები დაახლოებით 0,01-დან 1,00 აშშ დოლარამდეა.
განვიხილოთ მარტივი მაგალითი:
თქვენ ყიდულობთ „დიახ“ აქციას 0,65 აშშ დოლარად
თუ საბოლოო შედეგი იქნება „დიახ“, აქციის ღირებულება გახდება 1,00 აშშ დოლარი
თქვენი მოგება იქნება 1,00 - 0,65 = 0,35 აშშ დოლარი (თითოეულ აქციაზე)
თუ საბოლოო შედეგი იქნება „არა“, თქვენი „დიახ“ აქციის ღირებულება გახდება 0 აშშ დოლარი.
არ არის აუცილებელი დაელოდოთ მოვლენის დასრულებას. თუ თქვენი აქციის ფასი მოიმატებს, თქვენ შეგიძლიათ მოვლენის შედეგის დადგომამდე გაყიდოთ ის და მიიღოთ მოგება. თუ აქციის ფასი დაეცემა, ასევე შეგიძლიათ გაყიდოთ ის და შეამციროთ თქვენი ზარალი.
შეკვეთების წიგნში ნაჩვენებია მყიდველების მიერ შემოთავაზებული და გამყიდველებისთვის მისაღები ფასები. ტრეიდერები რეაგირებას ახდენენ ახალი ინფორმაციის გავრცელებაზე (სენსაციურ ახალ ამბებზე, ტრავმებზე, არჩევნების მიმდინარეობის ცვლილებებზე, შემოსავლების შესახებ ანგარიშებზე), რაც იწვევს აქციების ფასების ცვლილებას.
2) ბლოკჩეინის სტრუქტურა
Polymarket გაშვებულია Polygon ბლოკჩეინზე (მასშტაბირებადობის ქსელზე, რომელიც დაკავშირებულია Ethereum-თან) და სავაჭრო ვალუტად იყენებს USDC-ს (სტეიბლკოინს).
რადგან ვაჭრობები ბლოკჩეინზე ხორციელდება, მისი ჩანაწერები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და მათი შემოწმება ნებისმიერს შეუძლია. ბევრი მომხმარებელი ამას უპირატესობად თვლის, რადგან ეს აუმჯობესებს პროტოკოლის გამჭვირვალობას.
ამ სტრუქტურის უპირატესობებს შორისაა:
გამჭვირვალე ჩანაწერები: შესაძლებელია ბლოკჩეინზე შენახული ტრანზაქციების ვერიფიკაცია.
აქტივების განმკარგავი ცენტრალური ორგანიზაციის საჭიროების არარსებობა: მომხმარებლები თანხებს საკუთარ კრიპტო საფულეებში ინახავენ.
ჩანაწერების შეცვლის შეუძლებლობა: ბლოკჩეინზე ჩანაწერები მუდმივად ინახება.
თუმცა ამ სტრუქტურას ნაკლოვვანებების გააჩნია. რადგან მომხმარებლები თავად აკონტროლებენ საკუთარ საფულეებს, ისინი პასუხისმგებელნი არიან მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. თუ თქვენ დაკარგავთ საფულის გასაღებებს ან გახდებით ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი, თანხების დაბრუნების ძალიან მცირე შანსი დაგრჩებათ.
ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბლოკჩეინზე ტრანზაქციების განხორციელებისას საჭიროა გაზის საკომისიოების გადახდა. Polygon-ზე საკომისიოების ოდენობა ძალიან მცირეა, თუმცა ხშირი ვაჭრობის შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვანი ოდენობის საკომისიოების გადახდა მოგიწიოთ.
3) დროზე დაფუძნებული ბაზრები
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადახვა ბაზრებზე ვაჭრობა, რომელთა შედეგების დადგომის დროები განსხვავებულია და მერყეობს 5 წუთიდან რამდენიმე წლამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ მოკლევადიან ბაზრებზე (5-15 წთ) ვაჭრობისას. ისინი შეიძლება მიმზიდველად მოგეჩვენოთ, რადგან მათი შედეგი ძალიან მალე ხდება ცნობილი, თუმცა ისინი უფრო მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული. ფასები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, რაც ართულებს გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებას.
4) როგორ ხდება ბაზრის შედეგების მიღება (ვინ წყვეტს, თუ რომელია სწორი პასუხი?)
პროგნოზირების ბაზარს უნდა ჰქონდეს საბოლოო შედეგის განსაზღვრის მკაფიოდ ჩამოყალიბებული წესები. Polymarket იყენებს სისტემას, რომელიც აერთიანებს მონაცემთა წყაროებს და ადამიანის ჩართულობას და დაფუძნებულია UMA პროტოკოლის ოპტიმისტური oracle-ის გამოყენებაზე.
განვიხილოთ, თუ როგორ მუშაობს ის:
შემოთავაზების ფაზა: მოვლენის დასრულების შემდეგ რომელიმე მომხმარებელი წარმოადგენს შემოთავაზებულ რეზულტატს, რისთვისაც საჭიროა უზრუნველყოფის თანხის დეპონირება (ჩვეულებრივ, Polymarket-ზე ეს არის 750 USDC).
აქტიური პერიოდი: გასაჩივრებისთვის განსაზღვრულია დროის ფანჯარა (დაახლოებით ორი საათი), რომლის განმავლობაშიც ნებისმიერს შეუძლია განათავსოს შესაბამისი უზრუნველყოფის თანხა და გაასაჩივროს ეს შედეგი.
ავტომატური ანგარიშსწორება: საჩივრის არარსებობის შემთხვევაში ხდება შემოთავაზებული რეზულტატის დადასტურება და მომგებიანი აქციების მფლობელები ავტომატურად იღებენ 1,00 აშშ დოლარს თითოეულ აქციაზე.
დავის ესკალაცია: გასაჩივრების შემთხვევაში პროცესში ერთვება UMA-ს მონაცემთა ვერიფიკაციის მექანიზმი (DVM), სადაც UMA ტოკენის მფლობელები ხმას აძლევენ სწორ შედეგს, როემელიც გრძელდება 48-96 საათის განმავლობაში
საბოლოო რეზულტატი: საბოლოო შედეგის დამტკიცება ხმათა უმრავლესობით ხდება, ხოლო არასწორი შედეგისთვის ხმის მიმცემ პირებს ეკისრებათ ფინანსური ჯარიმები (სლეშინგი)
ძალიან მკაფიო კითხვების შემთხვევაში (როგორიცაა სპორტული მატჩების შედეგები ან ბაზრის დახურვის ფასები), რეზულტატის დადგენა, როგორც წესი, მარტივია. უფრო სუბიექტური კითხვების შემთხვევაში შედეგის განსაზღვრის პროცესი შეიძლება ძალიან გართულდეს, ამიტომ არის საჭირო დავის მოგვარების პროცესი.
როგორ გამოიმუშავებს Polymarket ფულს
ვაჭრობის ხარჯები
დიდი ხნის განმავლობაში, ბევრი სხვა პლატფორმისგან განსხვავებით, Polymarket-ს არ ჰქონდა დაწესებული პირდაპირი სავაჭრო საკომისიოები. მკაფიოდ განსაზღვრული „პლატფორმის საკომისიოს“ არარსებობის მიუხედავად, ტრეიდერებს მაინც უწევდათ გარკვეული თანხის გადახდა.
ბევრ ბაზარზე ყველაზე დიდი ხარჯი შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედთანაა დაკავშირებული:
შემოთავაზება არის მყიდველის მიერ მითითებული საუკეთესო ფასი.
მოთხოვნა არის გამყიდველის მიერ მითითებული საუკეთესო ფასი.
თუ შემოთავაზების საუკეთესო ფასი არის 0,64 აშშ დოლარი, ხოლო მოთხოვნის საუკეთესო ფასი არის 0,66 აშშ დოლარი, აქციის ყიდვის და მისი მაშინვე გაყიდვის შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ დაახლოებით 0,02 აშშ დოლარს თითოეულ აქციაზე. ეს სპრედი წარმოადგენს რეალურ ხარჯს, განსაკუთრებით მოკლევადიანი ვაჭრობის შემთხვევაში.
მოხმარებლები ასევე იხდიან ბლოკჩეინის საკომისიოებს სხვადასხვა მოქმედებების განხორციელებისას, როგორიცაა თანხის დეპონირება, გატანა ან ანგარიშსწორება. როგორც წესი, Polygon-ზე ეს საკომისიოები ძალია დაბალია, თუმცა არა ნულოვანი.
2026 წლის ცვლილება
2026 წელს Polymarket-მა შეცვალა მიდგომა და პირდაპირი საკომისიოების არმქონე მოდელიდან გადავიდა საკომისიოებზე დაფუძნებულ მოდელზე. ეს მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს და იმაზე მიანიშნებს, რომ პლატფორმამ აირჩია მომხმარებელთა აქტივობებიდან უფრო სტაბილური შემოსავლის მიღებაზე ფოკუსირება.
ფინანსირება, კომპანიის ღირებულება და განვითარება
Polymarket-ის განვითარება ინვესტორების მხრიდან დაინტერესების ზრდა გამოიწვია:
2025 წლის ოქტომბერი: გამოქვეყნდა ანგარიში, რომლის თანახმად, ICE-ის (Intercontinental Exchange, რომელიც დაკავშირებულია NYSE-თან) მხრიდან განხორციელდა 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია, კომპანიის ღირებულებამ შეადგინა 9 მილიარდი აშშ დოლარი.
2026 წლის იანვარი: გამოქვეყნდა მეორადი შეფასება, რომლის მიხედვითაც კომპანიის ღირებულებამ შეადგინა 11,6 მილიარდი აშშ დოლარი.
2026 წლის მარტი: გავრცელდა ინფორმაცია ინვესტიციებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შესახებ, შედეგად კომპანიის ღირებულება გახდა 20 მილიარდი აშშ დოლარი.
თუ ეს ციფრები ზუსტია, ეს მიანიშნებს პროგნოზირების ბაზრების მეინსტრიმად გარდაქმნის ტენდენციაზე. იგივე ანგარიშის თანახმად, Polymarket გეგმავს საჯარო კომპანიების სიაში მოხვედრას.
გარდა ამისა, სპორტული ღონისძებების ბაზრები განსაკუთრებით პოპულარულია და მათზე მოდის სავაჭრო აქტივობების 39%. 2026 წლის სუპერ თასის დროს შესაბამისი ბაზრების საერთო მოცულობა დაახლოებით 795 მილიონი აშშ დოლარი იყო.
არის თუ არა Polymarket უსაფრთხო?
სიტყვა „უსაფრთხო“ შეიძლება სხვადასხვა რამეს მოიაზრებდეს. ეს თაღლითობაა? თანხას მივიღებ? ჰაკერებისგან დაცულია? კანონიერია? შესაძლებელია ანგარიშის დაცვა?
გამჭვირვალობა და რეპუტაცია
Polymarket-ის ტრანზაქციები ბლოკჩეინზე იწერება, რაც იძლევა დამოუკიდებელი ვერიფიკაციის ჩატარების და იმის დადგენის შესაძლებლობას, ხდება თუ არა ბაზრის შედეგების სწორად განსაზღვრა და დაპირებული თანხების გადახდა.
პლატფორმის გაშვების დღიდან დამუშავდა მილიარდობით დოლარის ტრანზაქცია და დაფიქსირდა ათასობით ბაზრის შედეგი. მოვლენების შედეგების სწორად დაფიქსირების და მოგებების ბაზრის წესების შესაბამისად განაწილების წყალობით, მან მოიპოივა სანდო პლატფორმის რეპუტაცია.
უსაფრთხოების რისკები
Polymarket-ის მუშაობა დაფუძნებულია სმარტ კონტრაქტებზე, რომლებიც შეიძლება ბაგებს შეიცავდეს. პროექტი ხშირად ატარებს აუდიტებს, თუმცა ეს არ იძლევა სრული უსაფრთხოების გარანტიას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რისკი დაკავშირებულია საფულის უსაფრთხოებასთან. თუ არაკასტოდიალურ საფულეს იყენებთ, თქვენ თავად ასრულებთ ბანკის ფუნქციას, თუმცა ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ:
თუ დაკარგავთ seed ფრაზას, შესაძლოა თანხებზე წვდომა სამუდამოდ დაკარგოთ.
თუ თქვენს მოწყობილობაზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა ან არასწორ ტრანზაქციაზე მოაწერეთ ხელი, თქვენ დაკარგავთ საფულეში არსებულ თანხას.
რეგულაცია
2022 წელს Polymarket-ს პრობლემა შეექმნა CFTC-თან და მოუწია 1,4 მილიონი აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა სათანადო რეგისტრაციის გარეშე ოპერირების გამო. 2025 წლის დეკემბერში Polymarket-მა მიიღო აშშ-ის ბაზარზე დაბრუნების უფლება Designated Contract Market-ის რეგულირებული სტრუქტურის მეშვეობით (აშშ-ში Polymarket-ის ოპერირებას უზრუნველყოფს QCX LLC).
შეერთებული შტატების გარეთ სრულიად განსხვავებული წესები მოქმედებს. ზოგიერთ ქვეყანაში პროგნოზირების ბაზრები აკრძალულია ან მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზა ბუნდოვანია. ამ ბაზრებზე ვაჭრობამდე მომხმარებელი უნდა გაეცნოს ადგილობრივ კანონმდებლობას.
დაბალანსებული ხედვა
დღემდე, Polymarket მუშაობს გაცხადებული პრინციპების შესაბამისად: ადამიანები ვაჭრობენ, აკეთებენ პროგნოზებს და გამარჯვებულები იღებენ ჯილდოებს განსაზღვრული წესების შესაბამისად, თუმცა არსებობს გარკვეული რისკები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:
სმარტ კონტრაქტების პრობლემები
შეცდომები საფულის უსაფრთხოების სისტემაში
ცვალებადი საკანონმდებლო ბაზა
შესაძლო მანიპულაცია მსხვილი ტრეიდერების მიერ
მომხმარებლის დაცვის დაბალი დონე ტრადიციულ ფინანსებთან შედარებით.
შეჯამება
Polymarket წარმოადგენს ერთერთ ყველაზე პოპულარულ კრიპტოზე დაფუძნებულ პროგნოზირების ბაზარს. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს ივაჭროს რეალურ მოვლენებზე ფსონების დადებით P2P მეთოდის გამოყენებით. Polygon-ის და USDC-ის გამოყენებით, ის მიზნად ისახავს მომხმარებელს შესთავაზოს სწრაფი, იაფი და სტაბილური ვაჭრობა და ამავდროულად შეინარჩუნოს ბლოკჩეინის ჩანაწერების გამჭვირვალობა.
თუმცა ის სრულიად უსაფრთხო არ არის. ნებისმიერი პირი, რომელიც იყენებს Polymarket-ს უნდა იცნობდეს პროგნოზირების ბაზრის მუშაობის პრინცინციპებს, საკუთარი საფულის დაცვის ზომებს და ადგილობრივ რეგულაციებს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკების შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.