TL;DR
ERC-1155 არის Ethereum-ის ტოკენის სტანდარტი, რომელიც შექმნილია კრიპტო აქტივების შექმნისა და მართვის ოპტიმიზაციისთვის.
მისი წყალობით შესაძლებელია ჩანაცვლებადი და არა-ჩანაცვლებადი ტოკენების ერთ სმარტ-კონტრაქტში გაერთიანება, ტრანზაქციების გამარტივება და ხარჯების შემცირება.
ERC-1155-ის უსაფრთხო გადარიცხვის მექანიზმი და უსაფრთხოების სხვა ფუნქციები აძლიერებს მომხმარებლის ნდობას და ყურადღებას ამახვილებს ტოკენების არასწორ მისამართებზე გაგზავნასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
შესავალი
Ethereum არის სწრაფად განვითარებადი ბლოკჩეინი, რომელმაც მსოფლიოს გააცნო სმარტ-კონტრაქტები და დეცენტრალიზებული აპლიკაციები (DApps). მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ეგრეთწოდებული ტოკენის სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს Ethereum-ზე შექმნილი აქტივებისა და პროდუქტების ერთმანეთთან თავსებადობას.
ERC-20-თან და ERC-721-თან ერთად, ERC-1155 არის Ethereum-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტოკენის სტანდარტი. ამ სიღრმისეული კვლევისას ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ERC-1155-ს, გავიგებთ თუ როგორ მუშაობს ის და მის მნიშვნელობას ბლოკჩეინის ეკოსისტემისთვის.
რა არის ERC-1155 ტოკენის სტანდარტი?
ERC-1155, არის „Ethereum Request for Comments 1155“-ის აბრევიატურა და წარმოადგენს სტანდარტების ერთობლიობას, რომელიც შექმნილია Ethereum ბლოკჩეინზე სმარტ-კონტრაქტებისა და ტოკენების მრავალფეროვნების გასაზრდელად. ბლოკჩეინის კონტექსტში, ტოკენები წარმოადგენს ციფრულ აქტივებს, რომლებიც შეიძლება იყოს ჩანაცვლებადი (იდენტური და ურთიერთჩანაცვლებადი) ან არა-ჩანაცვლებადი (როდესაც თითოეული ტოკენი უნიკალურია). ERC-1155-ის დანერგვამდე, ეს ორი ტიპის ტოკენი იმართებოდა განსხვავებული ტექნიკური სტანდარტებით, როგორიცაა ERC-20 ჩანაცვლებადი ტოკენებისთვის და ERC-721 არა-ჩანაცვლებადი ტოკენებისთვის (NFT-ები).
როგორ მუშაობს ERC-1155
ERC-1155-ის მნიშვნელობის გასაგებად, წარმოვიდგინოთ სცენარი, როდესაც თქვენ მონაწილეობთ ბლოკჩეინ თამაშში, რომელიც მოიცავს ნივთების მრავალფეროვან არჩევანს, როგორიცაა ხმლები, ფარები და თამაშში გამოსაყენებელი მონეტები. ERC-1155-ის დანერგვამდე, თითოეული ელემენტის გამოყენებას სჭირდებოდა სმარტ კონტრაქტში გაწერილი საკუთარი წესები. ERC-1155 ამარტივებს ამ პროცესს, რაც იძლევა ამ განსხვავებული ელემენტების ჰარმონიული თავსებადობის საშუალებას ერთი სმარტ-კონტრაქტის ფარგლებში. ამრიგად, თითოეული ციფრული ელემენტის ცალკეული კონტრაქტებით მართვის ნაცვლად, ERC-1155 აერთიანებს მათ და ამარტივებს სხვადასხვა ტოკენების მართვის პროცესს.
ERC-1155-ის ძირითადი უპირატესობები
მოკლედ რომ ვთქვათ, ERC-1155 გამოირჩევა ეფექტურობით, ადაპტირების უნარით, ზედმეტი რესურსების საჭიროების შემცირებით, უსაფრთხოების გაძლიერებული მახასიათებლებით და სხვადასხვა ტიპის ტოკენის მხარდაჭერით.
1. გაუმჯობესებული ეფექტურობის დონე
ERC-1155-ის წყალობით, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ტოკენის გადარიცხვა ერთი ტრანზაქციით. ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვნად აჩქარებს ტრანზაქციებს და ამცირებს მასთან დაკავშირებულ ხარჯებს. წარმოიდგინეთ, რომ მეგობარს უგზავნით ხმალს, ფარს და რამდენიმე ოქროს მონეტას – და ეს ყველაფერი ერთი მარტივი ტრანზაქციით ხდება.
2. გამოყენება თამაშების გარეთ
მიუხედავად იმისა, რომ ERC-1155 ძალიან სასარგებლოა თამაშის აპლიკაციებისთვის, მისი ადაპტირების უნარი მხოლოდ ამ სფეროთი არ შემოიფარგლება. მას შეუძლია უპრობლემოდ მართოს ნებისმიერი ტიპის ტოკენი, იქნება ეს ვალუტა, საკოლექციო ნივთი თუ სპეციალიზებული ბილეთები. ამ მრავალფეროვნების წყალობით, ERC-1155 წარმოადგენს სასარგებლო ინსტრუმენტს სხვადასხვა ინდუსტრიაში არსებული მრავალფეროვანი აპლიკაციებისთვის.
3. ზედმეტი რესურსების საჭიროების შემცირება
ERC-1155-ის დანერგვამდე, ტოკენის თითოეულ ტიპს სჭირდებოდა საკუთარი კონტრაქტი, რაც იწვევდა იდენტური ფუნქციების მქონე ზედმეტი ასლების შექმნას. ERC-1155 ამცირებს ზედმეტი რესურსების საჭიროებას, რისთვისაც ის აერთიანებს სხვადასხვა ტიპის ტოკენებს ერთ კონტრაქტში, ახორციელებს მონაცემების შენახვის ოპტიმიზაციას და ამარტივებს ტოკენის მართვის პროცესს.
4. უსაფრთხო გადარიცხვის მექანიზმი
ERC-1155-ის უსაფრთხოების ფუნქცია იძლევა ტოკენების დაბრუნების შესაძლებლობას მათი არასწორ მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას წინა ტოკენის სტანდარტებთან შედარებით, რაც აუმჯობესებს მომხმარებელთა უსაფრთხოების დონეს და ანიჭებს მათ სიმშვიდის განცდას.
5. სხვადასხვა ტიპის ტოკენის მხარდაჭერა
მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ERC-1155-ს აქვს არა მარტო ჩანაცვლებადი და არა-ჩანაცვლებადი ტოკენების, არამედ ასევე ნახევრად ჩანაცვლებადი ტოკენების მხარდაჭერა. ეს ტოკენები, ჩვეულებრივი კონცერტის ბილეთების მსგავსად, ურთიერთჩანაცვლებადია შოუს დაწყებამდე, მაგრამ შემდგომში გარდაიქმნება უნიკალურ საკოლექციო ნივთად.
ERC-20 vs. ERC-1155 vs. ERC-721
ქვემოთ მოცემულ მოკლე შედარების ცხრილში ხაზგასმულია ERC-20, ERC-1155 და ERC-721 ტოკენის სტანდარტებს შორის არსებული ძირითადი განსხვავებები.
როგორც ვხედავთ, ERC-20 გამოიყენება ურთიერთჩანაცვლებადი ტოკენებისთვის, როგორიცაა ციფრული ვალუტა, ხოლო ERC-721 გამოიყენება უნიკალური ტოკენებისთვის, როგორიცაა ციფრული ხელოვნების ნიმუში. ERC-1155 აერთიანებს ამ ფუნქციებს და გთავაზობთ ამ ორი სტანდარტის ფუნქციებს ერთი კონტრაქტის ფარგლებში.
ვინ იყენებს ERC-1155-ს?
ბევრი პროექტი იყენებს ERC-1155-ის უპირატესობებს. მაგალითად:
Enjin: ბლოკჩეინის პლატფორმა, რომელიც იყენებს ERC-1155-ს თავისი ციფრული აქტივებისა და ვირტუალური ეკონომიკის ეკოსისტემის მხარდაჭერის მიზნით. Enjin ორიენტირებულია NFT-ების და Web3 აქტივების შექმნაზე, რომლებიც გამოიყენება ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ თამაშებში.
OpenSea: NFT-ების პოპულარული სავაჭრო ბირჟა, რომელიც იყენებს ERC-1155-ს და იძლევა ერთ კონტრაქტში რამდენიმე კრეატორის ჩართვის საშუალებას, რითაც ხელს უწყობს თანამშრომლობისა და კრეატიულობის განვითარებას.
OpenZeppelin: ბლოკჩეინის უსაფრთხოების პროდუქტების მიმწოდებელი, რომელიც იყენებს ERC-1155 სტანდარტს, რაც ხაზს უსვამს მის მზარდ პოპულაროას ბლოკჩეინის ეკოსისტემის კრიტიკულ სფეროებში.
ERC-1155-ის სამომავლო პერსპექტივები
მისი რამდენიმეწლიანი ისტორიის მიუხედავად, ERC-1155 ჯერ კიდევ არ არის ისეთივე პოპულარული, როგორც ERC-20 და ERC-721 სტანდარდები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მისი შესაძლებლობების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის არსებობით, თუმცა რაც უფრო მეტი პროექტი გაეცნობა ERC-1155-ის მრავალფეროვან შესაძლებლობებს, მით უფრო მალე გახდება ამ სტანდარტზე მიგრაცია ბუნებრივი პროცესი.
Play-to-earn თამაშების გამოჩენამ, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ თამაშის დროს ტოკენების გამომუშავება, შეიძლება დააჩქაროს ERC-1155-ის სტანდარტის დანერგვის პროცესი. გარდა ამისა, ERC-1155 სტანდარტს ასევე იყენებენ დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციები (DAO-ები), განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ძირითადად მუშაობენ ბლოკჩეინზე და საჭიროებენ სხვადასხვა ტიპის ტოკენებს.
ERC-1155-ის თანდაყოლილი მოქნილობა იძლევა ამ სტანდარტის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების შესაძლებლობას, რომელთაგან ბევრი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ERC-1155 სტანდარტმა შეიძლება შეასრულოს გადამწყვეტი როლი Ethereum-ის ქსელში ციფრული აქტივების მომავლის ფორმირებაში.
ERC-1155-ის უპირატესობები
მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ტრანზაქციები: ERC-1155-ის ეფექტურობის წყალობით, მომხმარებლები ისარგებლებენ უფრო გამარტივებული და ხარჯთეფექტური ტრანზაქციებით განსაკუთრებით ტოკენის რამდენიმე ტიპის გამოყენების დროს.
DAO-ს გაფართოებული ფუნქციები: დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციებს (DAO-ებს) შეუძლიათ ისარგებლონ ERC-1155-ის სტანდარტის სხვადასხვა ტიპის ტოკენების მხარდაჭერით, რაც ხელს შეუწობს ბლოკჩეინის ოპერაციებს.
Play-to-earn: play-to-earn თამაშების გამოჩენამ შეიძლება ხელი შეუწყოს ERC-1155-ის დანერგვას, რაც მოთამაშეებს მისცემს თამაშის დროს ტოკენების მარტივად გამომუშავების შესაძლებლობას.
პროექტების მიერ ERC-1155-ის შესწავლისა და გამოყენების კვალდაკვალ, სულ უფრო ნათელი ხდება, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას მომხმარებლებისთვის, დეველოპერებისთვის და ბლოკჩეინის ფართო საზოგადოებისთვის.
შეჯამება
შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ERC-1155 სტანდარტმა საგრძნობლად გააუმჯობესა Ethereum-ის ეკოსისტემა, გაამარტივა ტოკენების მართვა, შეამცირა ზედმეტი რესურსების საჭიროება და შემოიტანა ახალი შესაძლებლობები. უკვე ნათლად ჩანს მისი ზეგავლენა სხვადასხვა პროექტებზე და ცნობადობის ზრდის პარალელურად, ERC-1155 სავარაუდოდ გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც Ethereum-ის ტოკენის სტანდარტების ქვაკუთხედი.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.