ავტორიზაციის რეკვიზიტები
ავტორიზაციის რეკვიზიტები არის ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ვინაობის დადასტურებისთვის ან სისტემაზე, ანგარიშზე ან სერვისზე წვდომის მისაღებად. მისი გავრცელებული მაგალითებია მომხმარებლის სახელი, პაროლი, ელ. ფოსტის მისამართი, ვერიფიკაციის კოდი ან ციფრული გასაღები. მოკლედ რომ ვთქვათ, ავტორიზაციის მონაცემები არის ის, რასაც სისტემა ამოწმებს, რათა დაადასტუროს თქვენი ვინაობის ავთენტურობა.
კომპიუტერულ სისტემებსა და ონლაინ სერვისებში ავტორიზაციის რეკვიზიტები „მცველის“ როლს ასრულებს. ანგარიშზე შესვლისას თქვენ შეგყავთ თქვენი რეკვიზიტები, ხოლო სისტემა მათ ადარებს შენახულ ჩანაწერებს. დამთხვევის შემთხვევაში შედიხართ სისტემაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება წვდომის უარყოფა.
არსებობს ავტორიზაციის რეკვიზიტების რამდენიმე ფორმა. თანამედროვე სისტემების უმრავლესობა აერთიანებს რამდენიმე მათგანს უფრო ძლიერი დაცვის უზრუნველსაყოფად. ყველაზე გავრცელებული ტიპებია:
ცოდნაზე დაფუძნებული ავტორიზაციის რეკვიზიტები: მაგალითად, პაროლი ან PIN კოდი.
ფლობაზე დაფუძნებული ავტორიზაციის რეკვიზიტები: მაგალითად, ტელეფონის ნომერი, სადაც იღებთ ერთჯერად კოდს ან აპარატურული უსაფრთხოების გასაღებს.
ბიომეტრიაზე დაფუძნებული ავტორიზაციის რეკვიზიტები: მაგალითად, თითის ანაბეჭდი ან სახის სკანირება.
კრიპტოვალუტების სამყაროში ავტორიზაციის რეკვიზიტებს დამატებითი მნიშვნელობა აქვს.
პირადი გასაღები არის ძლიერი ავტორიზაციის რეკვიზიტი, რომელიც ადასტურებს თანხებზე საკუთრების უფლებას და გამოიყენება ტრანზაქციების ავტორიზაციისთვის.
seed ფრაზა არის დაკავშირებული ავტორიზაციის რეკვიზიტი, რომლითაც შესაძლებელია არაკასტოდიალურ საფულეზე წვდომის აღდგენა. ეს კრიპტოგრაფიული ავტორიზაციის რეკვიზიტები ეფუძნება
საჯარო გასაღების კრიპტოგრაფიას, სადაც პირადი გასაღებით ხდება მონაცემებზე ხელმოწერა, ხოლო შესაბამისი საჯარო გასაღები სხვებს აძლევს ამ ხელმოწერის გადამოწმების საშუალებას.
ავტორიზაციის რეკვიზიტები ინტერნეტში ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ცენტრალური კომპონენტია. პლატფორმების უმეტესობაზე ავტორიზაციის საბაზისო რეკვიზიტებს წარმოადგენს მომხმარებლის სახელი და პაროლი. ბევრი სერვისი იყენებს უსაფრთხოების დამატებით ფენას, მაგალითად
ორფაქტორიან ავთენტიფიკაციას (2FA), რომელიც პაროლის გარდა მოითხოვს დამატებით ავტორიზაციის რეკვიზიტს, მაგალითად დროებით კოდს.
გარდა ამისა, რეგულირებული პლატფორმები ზოგჯერ იყენებენ პროცედურას, სახელწოდებით
Know Your Customer (KYC), რაც გულისხმობს ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას, როგორიცაა პასპორტი ან მართვის მოწმობა.
რადგან ავტორიზაციის რეკვიზიტების მეშვეობით ხდება თქვენს ანგარიშებსა და თანხებზე წვდომის კონტროლი, მათი დაცვა აუცილებელია. ხშირად ბოროტმოქმედები ცდილობენ ავტორიზაციის რეკვიზიტების მოპარვას
ფიშინგის მეშვეობით. ამ დროს ისინი იყენებენ ყალბ შეტყობინებებს ან ვებსაიტებს, რათა მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანონ და აიძულონ საკუთარი ავტორიზაციის მონაცემების გაზიარება. ამ რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ძლიერი, უნიკალური პაროლების გამოყენება, 2FA-ის გააქტიურება და ავტორიზაციის რეკვიზიტების გაზიარებისგან თავის შეკავება.
კრიპტო სივრცეში ეს რისკები ბევრად უფრო მაღალია. ნებისმიერს, ვინც მოიპოვებს წვდომას თქვენს პირად გასაღებზე ან Seed ფრაზაზე, შეუძლია მიითვისოს თქვენი თანხები, მსგავსი ტრანზაქციები კი, როგორც წესი, შეუქცევადია. სწორედ ამიტომ, ეს მონაცემები უნდა შეინახოთ ოფლაინ და არასოდეს გაუზიაროთ სხვა პირებს.