ქლაუდ-სისტემა
ქლაუდ-სისტემა წარმოადგენს გამომთვლელი რესურსების, მათ შორის მონაცემთა შენახვისა და დამუშავების სიმძლავრეების ერთობლიობას, რომელზე წვდომაც მომხმარებელს ინტერნეტის მეშვეობით, მოთხოვნის საფუძველზე შეუძლია.
პროგრამული უზრუნველყოფის ცალკეულ ლოკალურ მოწყობილობაზე გაშვების ან ფაილების მასზე შენახვის ნაცვლად, მომხმარებლები სარგებლობენ პროვაიდერის მიერ მართული დისტანციური სერვერებით. აღნიშნული რესურსების სწრაფი მასშტაბირება - გაზრდა ან შემცირება - მარტივადაა შესაძლებელი ცვალებადი საჭიროებების შესაბამისად, რაც დღესდღეობით ყოველდღიური გამოყენების სხვადასხვა სერვისში ქლაუდ-სისტემის ინტეგრირების ერთ-ერთი მთავარ მიზეზს წარმოადგენს.
ქლაუდ გამოთვლები, როგორც წესი, სერვისის სამ მოდელზე ნაწილდება, რომელთაგან თითოეული კონტროლის განსხვავებულ დონეს გვთავაზობს:
IaaS (Infrastructure as a service): უზრუნველყოფს საბაზისო რესურსებს, როგორიცაა გამომთვლელი სიმძლავრე, მონაცემთა შენახვა და ქსელის ინფრასტრუქტურა. მაგალითად, Amazon EC2 და Microsoft Azure.
PaaS (Platform as a service): უზრუნველყოფს მზა სამუშაო გარემოს, სადაც დეველოპერებს აპლიკაციების შექმნა და გაშვება საბაზისო აპარატურის მართვის საჭიროების გარეშე შეუძლიათ. მაგალითად, Heroku და Google App Engine.
SaaS (Software as a service): მომხმარებელს ინტერნეტის მეშვეობით სრულიად მზა აპლიკაციებს აწვდის, ხოლო მათ ტექნიკურ გამართულობასა და მართვას მთლიანად პროვაიდერი უზრუნველყოფს. მაგალითად, Google Docs და Slack.
როგორც წესი, რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადიხართ, მით ნაკლები კომპონენტის მართვა გიწევთ დამოუკიდებლად. ამასთან, ქლაუდ სერვისები განსხვავდება
დეცენტრალიზებული საცავისგან, სადაც მონაცემები ერთი პროვაიდერის მიერ კონტროლის ნაცვლად, მთლიან ქსელშია გადანაწილებული.
სერვისის მოდელების გარდა, ქლაუდ-ტექნოლოგიის გაშვება რამდენიმე ფორმითაა შესაძლებელი - იმის მიხედვით, თუ ვის ეკუთვნის ინფრასტრუქტურა და ვის აქვს მასზე წვდომა:
საჯარო ქლაუდ-სერვერი: იმართება მესამე მხარის პროვაიდერის მიერ და ხელმისაწვდომია მომხმარებელთა ფართო წრისთვის, რაც ხშირად შედარებით დაბალ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
კერძო ქლაუდ-სერვერი: განკუთვნილია ერთი კონკრეტული ორგანიზაციისთვის, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა და უსაფრთხოების კონტროლის მეტ შესაძლებლობას.
საზოგადოებრივი ქლაუდ-სერვერი: გამოიყენება იმ ორგანიზაციების ჯგუფის მიერ, რომელთაც საერთო მიზნები ან შესაბამისობასთან დაკავშირებული მოთხოვნები აერთიანებთ.
ჰიბრიდული ქლაუდ-სერვერი: ზემოთ ჩამოთვლილი ორი ან მეტი მოდელის კომბინაცია, რომელიც მოქნილობასა და კონტროლს შორის ბალანსს უზრუნველყოფს.
კრიპტოინდუსტრიაში ქლაუდ-ინფრასტრუქტურა ხშირად უზრუნველყოფს ისეთ სერვისებს, როგორიცაა
ნოდების ჰოსტინგი, მონაცემთა ანალიზი და
მაინინგის ოპერაციები, თუმცა მხოლდო ერთი, კონკრეტული პროვაიდერის გამოყენება შესაძლოა
ცენტრალიზაციასთან დაკავშირებული რისკების გამომწვევ მიზეზად იქცეს.