მთავარი დეტალები
სარგებლის ფარმინგი და სტეიკინგი მომხმარებელს აძლევს საკუთარი კრიპტო ჰოლდინგების მეშვეობით ჯილდოების გამომუშავების შესაძლებლობას აქტიური ვაჭრობის გარეშე.
სტეიკინგი მოიცავს ბლოკჩეინის Proof of Stake (PoS) მექანიზმში მონაწილეობას, ტრანზაქციების ვალიდაციას და ჯილდოების გამომუშავებას.
სარგებლის ფარმინგი ზოგადად მოიცავს აქტივების გასესხებას ან სტეიკინგზე განთავსებას ჯილდოების გამომუშავების მიზნით, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს საჭიროებს აქტივების მართვის პროცესში უფრო აქტიურ ჩართულობას.
სტეიკინგი გვთავაზობს სტაბილურობასა და დროის დაზოგვის შესაძლებლობებს, სარგებლის ფარმინგით მიღებული ჯილდოების ოდენობა კი უფრო მაღალია, თუმცა ეს უკანასკნელი დაკავშირებულია უფრო მეტ სირთულესთან და რისკთან.
პასიური ინვესტირების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ აქტიურ ვაჭრობასთან შედარებით ძალიან მცირე ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს პრემიები მხოლოდ მაშინ არის „ღირებული“, როდესაც ბაზრის ფასები სტაბილური რჩება ან იზრდება.
შესავალი
როდესაც ადამიანები კრიპტოვალუტებით ვაჭრობას იწყებენ, მათი საქმიანობა ფოკუსირებულია მონეტების ყიდვასა და გაყიდვაზე (სპოტ ვაჭრობა). გარკვეული დროის შემდეგ, ბევრი ინვესტორი იწყებს საკუთარი უმოქმედო აქტივების უფრო ეფექტურად გამოყენების გზების ძებნას.
სწორედ ამ დროს იქცევს ყურადღებას პასიური ინვესტირება. ეს კარგი არჩევანია, თუ არ ხართ დარწმუნებული, გსურთ თუ არა აქტიური ვაჭრობის დაწყება; ეს მეთოდი საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ თქვენი ჰოლდინგები ბაზარზე მუდმივი მონიტორინგის საჭიროების გარეშე.
კრიპტო სივრცეში პასიური შემოსავლის გენერირების ორი ყველაზე პოპულარული მეთოდია სტეიკინგი და სარგებლის ფარმინგი. ჯილდოების გამომუშავების შესაძლებლობას ორივე სტრატეგია გვაძლევს, თუმცა მათი მუშაობის პრინციპი და მათთან დაკავშირებული რისკები განსხვავებულია. წინამდებარე სტატიაში მოცემულია ამ ორი მეთოდის შედარება, რაც დაგეხმარებათ თქვენს საინვესტიციო სტილზე მორგებული ვარიანტის არჩევაში.
რა არის პასიური ინვესტირება?
პასიური ინვესტირება წარმოადგენს თქვენი კაპიტალის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ზრდის მეთოდს. ფასების საათში ერთხელ შემოწმების ან დიდი რაოდენობით ვაჭრობების განხორციელების ნაცვლად, თქვენ თანხას აბანდებთ აქტივებში და ელოდებით მათი ფასების ზრდას.
კრიპტო სამყაროში, ამის გაკეთების უამრავი გზა არსებობს. პოპულარულ მეთოდებს წარმოადგენს სტეიკინგი, სარგებლის ფარმინგი და სესხების გაცემა.
უპირატესობები
ჯილდოების გამომუშავება: თანხის გამომუშავება უბრალოდ აქტივების შენახვით შეგიძლიათ.
სტაბილურობა: ვაჭრობისგან განსხვავებით, რა დროსაც გადაწყვეტილებების მიღება რეგულარულად გიწევთ, პასიური ინვესტირების პროცესი სრულდება განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, რაც ჩვეულებრივ ფოკუსირებულია გრძელვადიან პერიოდზე.
დროის დაზოგვა: ეს მეთოდი იდეალურია მათთვის, ვინც უპირატესობას პასიურ მიდგომას ანიჭებს. აქტიური ვაჭრობისგან განსხვავებით, ის საჭიროებს გაცილებით ნაკლებ დროს და ძალისხმევას.
რისკები
პროცესებში ჩართვამდე, მნიშვნელოვანია გაეცნოთ პასიური ინვესტირების უარყოფით მხარეებს:
საბაზრო რისკი: რადგან თქვენს ფინანსებს აქტიურად არ მართავთ, შეიძლება ვერ შეძლოთ ბაზრის მერყეობაზე ან ვარდნაზე დროულად რეაგირება. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ზარალი ან ვერ მოახერხოთ ინვესტირებული თანხით სათანადო სარგებლის გამომუშავება.
თანხების დაბლოკვის რისკი: თქვენ მიერ არჩეული პროდუქტის მიხედვით, შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში არ გქონდეთ თქვენს ფულზე წვდომა.
კონცენტრაციის რისკი: ზოგიერთი პასიური სტრატეგია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული ტიპის აქტივზე. თუ ამ აქტივებს გარკვეული პრობლემები შეექმნება, ამან შეიძლება თქვენი ინვესტირებული კაპიტალის დაკარგვა გამოიწვიოს.
სტეიკინგი
სტეიკინგი წარმოადგენს კრიპტოვალუტების მეშვეობით პასიური შემოსავლის მიღების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდს. როდესაც მონაწილეობთ კრიპტო სტეიკინგში, თქვენი ჯილდოები დამოკიდებულია ბლოკჩეინის ვალიდატორების მუშაობის ეფექტურობაზე (რაც წარმოადგენს Proof of Stake (PoS) კონსენსუსის მექანიზმის ნაწილს).
როგორ მუშაობს ეს Binance-ზე
Binance გთავაზობთ მარტივ ვარიანტებს, როგორიცაა ETH სტეიკინგი, SOL სტეიკინგი და Soft სტეიკინგი. ყველაფერი საკმაოდ მარტივია: თქვენ ათავსებთ თქვენს კრიპტოს და ავტომატურად იღებთ პრემიებს.
მოქნილი და ფიქსირებული ვარიანტები: მოქნილი ვარიანტი იმას ნიშნავს, რომ თქვენი თანხის გატანა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ხოლო ფიქსირებული ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, თქვენი აქტივები იბლოკება ფიქსირებული პერიოდის განმავლობაში.
ლიკვიდურობის სტეიკინგი: ზოგიერთი აქტივის, მაგალითად ETH-ის და SOL-ის სტეიკინგზე განთავსების დროს, Binance გაძლევთ ტოკენებს (მაგალითად, BETH ან BNSOL), რომლებიც წარმოადგენს თქვენს სტეიკინგზე განთავსებულ აქტივებს. ეს დიდ უპირატესობას გთავაზობთ, რადგან, ჯილდოების გამომუშავების პარალელურად, თქვენ კვლავ შეგიძლიათ მისი გამოყენება, გაყიდვა ან გადარიცხვა (განსხვავებით ტრადიციული სტეიკინგისგან, რა დროსაც თქვენი ფული იბლოკება).
Soft სტეიკინგი: მარტივი და მოქნილი მეთოდი, რომელიც გთავაზობთ თქვენს Binance-ის სპოტ საფულეში განთავსებული აქტივებით პასიური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. თქვენ კვლავ გაქვთ შესაძლებლობა ივაჭროთ, გაიტანოთ თანხა ან გამოიყენოთ ის ნებისმიერი დანიშნულებით დაბლოკვის პერიოდების გარეშე. ჯილდოს ოდენობა დამოკიდებულია თქვენი საფულის საშუალო დღიურ ბალანსზე და მისი დარიცხვა ავტომატურად ხდება.
სარგებლის ფარმინგი
სარგებლის ფარმინგი არის სტრატეგია, რომელიც გამოიყენება დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სივრცეში, სადაც მომხმარებლები იღებენ პასიურ შემოსავალს საკუთარი აქტივების სმარტ კონტრაქტებში განთავსების მეშვეობით, რომელთაც ეწოდება ლიკვიდურობის პულები.
სტეიკინგისგან განსხვავებით, რომელიც უზრუნველყოფს ბლოკჩეინის ქსელის მუშაობის მხარდაჭერას, სარგებლის ფარმინგი ფოკუსირებულია დეცენტრალიზებული ბირჟებისთვის, სესხების გაცემის პლატფორმებისთვის და სხვა DeFi პროტოკოლებისთვის ლიკვიდურობის უზრუნველყოფაზე. პოპულარული ლიკვიდურობის პულების მაგალითებია Aave და Uniswap.
ლიკვიდურობის პროვაიდერები (LP-ები): როდესაც მონაწილეობთ სარგებლის ფარმინგში, თქვენ ირგებთ ლიკვიდურობის პროვაიდერის როლს. ამ დროს თქვენ განათავსებთ თანხებს სხვა მომხმარებლების მიერ განხორციელებული ვაჭრობის, სესხების გაცემის ან აღების პროცესის ხელშეწყობის მიზნით.
ჯილდოები: ჯილდოებს იღებთ თქვენი აქტივების „გასესხების“ სანაცვლოდ. ეს შეიძლება იყოს საპროცენტო სარგებელი, წილი ტრანზაქციის საკომისიოებიდან ან governance ტოკენები.
დროებითი ზარალი:: მას ასევე უწოდებენ დივერგენციულ ზარალს და ეს რისკი დაკავშირებულია კონკრეტულად სარგებლის ფარმინგთან. დროებით ზარალს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც თქვენ მიერ დეპონირებული აქტივების ფასი იცვლება მათი დეპონირების შემდეგ. ზოგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება უფრო მეტი მოგება მიიღოთ ტოკენების უბრალოდ საფულეში შენახვის შემთხვევაში.
სტეიკინგი და სარგებლის ფარმინგი
სტეიკინგთან შედარებით, სარგებლის ფარმინგი უფრო რთულ მეთოდს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი უმოქმედო აქტივებით ჯილდოების გენერირებას გულისხმობს, მათი მუშაობის მექანიზმი და მათთან დაკავშირებული რისკები განსხვავებულია.
მიზანი: სტეიკინგი უზრუნველყოფს ბლოკჩეინის (Proof of Stake) მუშაობის უსაფრთხოების და ტრანზაქციების ვალიდაციის მხარდაჭერას. სარგებლის ფარმინგის დროს ხდება DeFi აპლიკაციებისთვის ლიკვიდურობის უზრუნველყოფა, რაც სხვა მომხმარებლებს ვაჭრობის ან სესხის აღების შესაძლებლობას აძლევს.
სირთულე: ზოგადად, სტეიკინგი წარმოადგენს „განათავსე და დაივიწყე“ სტილის სტრატეგიას, ხოლო სარგებლის ფარმინგი ხშირად კაპიტალის უფრო აქტიურ მართვას მოითხოვს, რაც მოიცავს აქტივების სხვადასხვა პულებში გადატანას უფრო მაღალი შემოსავლის წყაროს მოძებნის მიზნით (ამ პროცესში შეგიძლიათ სარგებლის აგრეგატორები დაიხმაროთ).
რისკის პროფილი: სტეიკინგის რისკები უმეტესად დაკავშირებულია აქტივის ფასთან ან ვალიდატორის მუშაობასთან. გარდა ამისა, სარგებლის ფარმინგი მოიცავს დამატებით რისკებს, როგორიცაა სმარტ კონტრაქტის ხარვეზები rug pull-ები და დროებითი ზარალი.
მომგებიანობა: შემოსავლის ფარმინგი დაკავშირებულია უფრო მაღალ რისკთან და სირთულესთან, თუმცა ის სტეიკინგთან შედარებით უფრო მეტ მოგებას გთავაზობთ.
რომელია თქვენთვის უკეთესი?
მათ შორის არჩევანის გაკეთება დამოკიდებულია თქვენს გამოცდილებაზე, რისკის მისაღებ დონეზე და იმაზე, თუ რამდენად აქტიურად გსურთ იყოთ პროცესში ჩართული.
აირჩიეთ სტეიკინგი, თუ:
კრიპტო სფეროში ახალბედა ხართ.
უპირატესობას ანიჭებთ ჯილდოების გამომუშავების უფრო მარტივ მეთოდს.
ხართ 1-ელი დონის ბლოკჩეინის ტოკენის (მაგ., ETH-ის ან SOL-ის) გრძელვადიანი ჰოლდერი და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
გსურთ უფრო პროგნოზირებადი სარგებლის მიღება რთული DeFi სტრატეგიების გამოყენების გარეშე.
აირჩიეთ სარგებლის ფარმინგი, თუ:
გამოცდილი DeFi მომხმარებელი ხართ, რომელიც კარგად იცნობს სმარტ კონტრაქტებს და კრიპტო საფულეებს.
მზად ხართ უფრო დიდ რისკზე წასასვლელად უფრო დიდი ჯილდოების მიღების იმედით.
გაქვთ დრო თქვენი პოზიციების მართვისთვის და სხვადასხვა ლიკვიდურობის პულების შესახებ ინფორმაციის მოძიებისთვის.
გსურთ გამოიმუშაოთ კონკრეტული ტიპის governance ტოკენები ან მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი უმოქმედო აქტივებით მიღებული სარგებელი.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის მთავარი განსხვავება სტეიკინგსა და სარგებლის ფარმინგს შორის?
სტეიკინგი ხელს უწყობს ბლოკჩეინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას Proof-of-Stake კონსენსუსის მექანიზმში მონაწილეობის გზით. სარგებლის ფარმინგი უზრუნველყოფს DeFi პროტოკოლების ლიკვიდურობას ან გასესხების შესაძლებლობებს საკომისიოებისა და ტოკენების მიღების სანაცვლოდ. სტეიკინგი ზოგადად უფრო მარტივი და პასიური მეთოდია; სარგებლის ფარმინგი მოითხოვს პროცესში უფრო აქტიურ ჩართულობას და დაკავშირებულია დამატებით რისკებთან, როგორიცაა დროებითი ზარალი და სმარტ კონტრაქტების ხარვეზები.
არის თუ არა შემოსავლის ფარმინგი სტეიკინგზე უფრო მომგებიანი?
შემოსავლის ფარმინგს შეუძლია შესთავაზოს უფრო მაღალი პოტენციური სარგებელი, ვიდრე სტეიკინგს, თუმცა ეს გარანტირებული არ არის და უფრო მეტ რისკს უკავშირდება. სარგებელი განსხვავდება ბაზრის პირობების, თქვენ მიერ გამოყენებული პროტოკოლებისა და იმის მიხედვით, რამდენად აქტიურად მართავთ თქვენს პოზიციებს. სტეიკინგის პრემიები, როგორც წესი, უფრო პროგნოზირებადია, თუმცა საშუალოდ უფრო დაბალია.
რა არის დროებითი ზარალი სარგებლის ფარმინგისს პროცესში?
დროებითი ზარალი, რომელსაც დივერგენციულ ზარალსაც უწოდებენ, წარმოიქმნება მაშინ, როდესაც თქვენ მიერ განთავსებული აქტივების ფასი იცვლება მათი დეპოზიტზე შეტანის მომენტთან შედარებით. თუ ლიკვიდურობის წყვილში შემავალი ერთი აქტივის ფასი მეორესთან მიმართებით მნიშვნელოვნად გაიზრდება ან დაიკლებს, შესაძლოა მიიღოთ უფრო ნაკლები ღირებულება, ვიდრე უბრალოდ ორივე ტოკენის საფულეში შენახვის შემთხვევაში. ამ ტიპის ზარალს „დროებითი“ ეწოდება, რადგან ის შესაძლოა განულდეს, თუ ფასები თავდაპირველ თანაფარდობას დაუბრუნდება, თუმცა ეს ყოველთვის გარანტირებული არ არის.
შეუძლიათ თუ არა დამწყებ ტრეიდერებს სარგებლის ფარმინგში მონაწილეობა?
ზოგადად, სარგებლის ფარმინგი უფრო ეფექტურია იმ მომხმარებლების შემთხვევაში, რომელთაც აქვთ DeFi-სთან, სმარტ-კონტრაქტებსა და კრიპტო საფულეებთან მუშაობის გამოცდილება. დამწყებმა ტრეიდერებმა, რომელთაც ჯილდოების გამომუშავება სურთ, შესაძლოა სტეიკინგი უფრო მარტივად ხელმისაწვდომი საწყისი პროცესის სახით გამოიყენონ, რადგან ამ შემთხვევაში საჭიროა ნაკლები ეტაპის გავლა და არ არსებობს მუდმივი მართვის საჭიროება და ისეთი რისკების ზემოქმედების ალბათობა, როგორიცაა დროებითი ზარალი და პროტოკოლის ხარვეზები.
რა არის ლიკვიდურობის სტეიკინგი?
ლიკვიდურობის სტეიკინგი საშუალებას გაძლევთ განათავსოთ აქტივები სტეიკინგზე და სანაცვლოდ მიიღოთ წარმომადგენლობითი ტოკენი. მაგალითად, Binance-ის შემთხვევაში, ETH-ის სტეიკინგზე განთავსებისას იღებთ BETH-ს, რომელიც წარმოადგენს თქვენს სტეიკინგზე განთავსებულ ETH-ს და პარალელურად ინარჩუნებთ ჯილდოების გამომუშავების შესაძლებლობასაც. სტეიკინგის ტრადიციული მოდელისგან განსხვავებით, სადაც ხდება თქვენი თანხების დაბლოკვა, წარმომადგენლობითი ტოკენის გამოყენება ან გადარიცხვა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ეს უზრუნველყოფს მოქნილობას და ამავდროულად, საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ სტეიკინგის ჯილდოები.
შეჯამება
სტეიკინგი და სარგებლის ფარმინგი კრიპტოვალუტის ბაზარზე პასიური შემოსავლის გამომუშავების ეფექტურ მეთოდებს წარმოადგენს. სტეიკინგი გთავაზობთ უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად გზას, რის გამოც ის იმ დამწყებთათვის შესაფერის მეთოდად მიიჩნევა, რომელთაც სურთ რჩეული ბლოკჩეინის ქსელების მხარდაჭერა. სარგებლის ფარმინგი გთავაზობთ უფრო მაღალ მოგებას, თუმცა საჭიროებს DeFi ბაზრების უფრო საფუძვლიან ცოდნას და რისკის უკეთ მართვას.
მიუხედავად იმისა, თუ რომელ გზას აირჩევთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საჭიროა საკუთარი მოკვლევის ჩატარება და მხოლოდ იმ თანხის ინვესტირება, რომლის დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ. გარდა ამისა, უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების მიზნით გამოიყენეთ აპარატურული საფულეები და მოახდინეთ ინვესტიციების დივერსიფიკაცია.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.