მთავარი დეტალები
ჩანაფიქრზე დაფუძნებული ტრანზაქციები საშუალებას გაძლევთ, დეცენტრალიზებულ ფინანსებში (DeFi) განსაზღვროთ სასურველი საბოლოო შედეგი და არა მის მისაღწევად საჭირო კონკრეტული ნაბიჯები.
ამ მოდელს ვაჭრობის აღსრულებასთან დაკავშირებული სირთულეები მომხმარებლიდან სპეციალიზებულ მესამე მხარის აგენტებზე გადააქვს, რომლებსაც სოლვერებს ან ფილერებს უწოდებენ და რომლებიც თქვენი მოთხოვნების საუკეთესო პირობებით აღსრულებას უზრუნველყოფენ.
აღნიშნული სისტემის წყალობით თქვენი ვაჭრობის გამოცდილება ხდება უფრო მარტივი, მცირდება ტრანზაქციების საკომისიოები და ხდება გარკვეული ტიპის სავაჭრო ბოტებისგან დაცვის უზრუნველყოფა.
თუმცა მათთან ასევე დაკავშირებულია გარკვეული შეზღუდვები, როგორიცაა ცენტრალიზაციის პოტენციური რისკები – იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე მსხვილი სოლვერი დომინირებს – და ტრადიციულ on-chain ტრანზაქციებთან შედარებით დაბალი გამჭვირვალობა.
2025 წელს, ჩანაფიქრზე დაფუძნებული ERC-7683 კროს-ჩეინ სტანდარტის დანერგვით, გაფართოვდა აღნიშნული სისტემის შესაძლებლობები და ნაცვლად მხოლოდ ერთ ბლოკჩეინზე ვაჭრობისა, შესაძლებელი გახდა კროს-ჩეინ გადარიცხვების განხორციელება და ბლოკჩეინ ხიდების გამოყენება.
შესავალი
განვითარების საწყის ეტაპზე, დეცენტრალიზებულ სავაჭრო ბირჟაზე (DEX) ვაჭრობა თავსატეხის ამოხსნას ჰგავდა. თქვენ უნდა გამოგეთვალათ გაზის საკომისიოები, აგერჩიათ თქვენი ვაჭრობის სწორი სტრატეგია და უნდა გაგეთვალისწინებინათ აღსრულების პროცესის მიმდინარეობისას ტრანზაქციის შეწყვეტის რისკი.
ჩანაფიქრზე დაფუძნებული ტრანზაქციები სწორედ ამ პროცესის გამარტივებისთვის შეიქმნა. ბლოკჩეინზე მოქმედების დეტალური გეგმის გაწერის ნაცვლად, თქვენ უბრალოდ აღწერთ სასურველ საბოლოო შედეგს. ამის შემდეგ მესამე მხარის ქსელის მონაწილეები (სოლვერები ან ფილერები) იწყებენ ერთმანეთთან შეჯიბრს თქვენი მოთხოვნის საუკეთესო პირობებით შესრულებისთვის.
ეს მიდგომა მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2024 წლიდან და დღესდღეობით უკვე კროს-ჩეინ ხიდებზეც ვრცელდება. აღნიშნულ შესაძლებლობას უზრუნველყოფს ERC-7683 სტანდარტი, რომელიც ჩანაფიქრზე დაფუძნებული პროტოკოლების რამდენიმე ბლოკჩეინზე ერთდროულად მოქმედების პროცესების საერთო ჩარჩოს ქმნის.
რა არის ჩანაფიქრი?
DeFi სივრცეში ჩანაფიქრი წარმოადგენს თქვენს მიზანს. სტანდარტული ტრანზაქციისგან განსხვავებით, რომელიც შეიცავს აღსრულების დეტალურ ინსტრუქციებს, ჩანაფიქრი უბრალოდ სასურველ შედეგს აღწერს.
მაგალითად, ტრადიციული მიდგომის შემთხვევაში, შესაძლოა მოთხოვნაში ეწეროს: „აიღე ჩემი ტოკენი, გადადი ამ კონკრეტულ პულში, განახორციელე სვოპი, გადაიხადე გაზის საკომისიო კონკრეტული ოდენობით და მიღებული ტოკენი ჩემს საფულეში გადაიტანე“. ჩანაფიქრზე დაფუძნებული მიდგომის შემთხვევაში კი, აქცენტი გაკეთებულია უშუალოდ შედეგზე: „მე მაქვს 1 ETH. მინდა მინიმუმ 2000 USDC. შეასრულე ამ შედეგის მიღწევისთვის საჭირო ყველა მოქმედება“.
ჩანაფიქრზე დაფუძნებული მიდგომა დეკლარაციულია: თქვენ განსაზღვრავთ სასურველ შედეგს და არა მისი მიღწევის გზებს. ეს გამორიცხავს აღსრულების ტექნიკურ დეტალებში სიღრმისეულად გარკვევის საჭიროებას და საშუალებას აძლევს სოლვერებს შეიმუშაონ ან მოიძიონ ბევრად უფრო ოპტიმალური მარშრუტები, ვიდრე ეს ხელით მართვისას იქნებოდა შესაძლებელი.
როგორ მუშაობს ჩანაფიქრზე დაფუძნებული სისტემები?
ჩანაფიქრზე ორიენტირებულ სისტემებში, ტრანზაქციის სასიცოცხლო ციკლი მნიშვნელოვნად განსხვავდება სტანდარტული DeFi-სგან. ქვემოთ წარმოდგენილია, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ჩვეულებრივ თქვენ მიერ ჩანაფიქრის ფორმულირებიდან – სმარტ კონტრაქტების მეშვეობით საბოლოო on-chain ანგარიშსწორებამდე:
მომხმარებლის ექსპრესია: მომხმარებელი ხელს აწერს შეტყობინებას (ჩანაფიქრს), სადაც განსაზღვრულია მისი კონკრეტული მიზანი, მაგალითად A ტოკენის გადაცვლა B ტოკენზე მინიმალურ ფასად. აღნიშნული შეტყობინება არ წარმოადგენს პირდაპირ on-chain ტრანზაქციას.
აუთსორსინგი: ეს ჩანაფიქრის შემცველი შეტყობინება ეგზავნება სოლვერების ქსელს, რომლებსაც ხშირად სერჩერებს ან ფილერებსაც უწოდებენ.
აღსრულება: სოლვერები ერთმანეთს ეჯიბრებიან აღსრულების ოპტიმალური მარშრუტის განსაზღვრაში. მოთხოვნის აღსრულების დროს მათ შეიძლება გამოიყენონ ლიკვიდურობის სხვადასხვა წყაროები, გააერთიანონ რამდენიმე შეკვეთა ან გამოიყენონ საკუთარი რესურსები.
ანგარიშსწორება: გამარჯვებული სოლვერი აღასრულებს ტრანზაქციას ბლოკჩეინზე. ხშირ შემთხვევაში, სოლვერი წინასწარ იხდის გაზის საკომისიოებს, რომელსაც იბრუნებს ვაჭრობის პროცესში.
სოლვერებს შორის კონკურენცია ის ძირითადი მექანიზმია, რომელიც მომხმარებლისთვის საბოლოო შედეგს აუმჯობესებს. ფიქსირებული, ერთადერთი აღსრულების მეთოდის ნაცვლად, მრავალი მხარე ცდილობს ოპტიმალური მარშრუტის მოძიებას.
ჩანაფიქრზე დაფუძნებული ტრანზაქციების უპირატესობები
მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება
ჩანაფიქრზე დაფუძნებული მეთოდი გამორიცხავს DeFi-სთან დაკავშირებული ტექნიკური სირთულეების ცოდნის საჭიროებას. მომხმარებლებს შეუძლიათ აღარ იფიქრონ გაზის ფასების მატებაზე, ტრანზაქციის წარუმატებლობის რისკებზე ან აქტივების სხვადასხვა ქსელებზე ხელით გადატანის საჭიროებაზე. ზოგიერთ პლატფორმაზე გაზის საკომისიოს გადახდა იმავე ტოკენითაც კი შეგიძლიათ, რომლის სვოპსაც ახორციელებთ, ქსელის ადგილობრივი ტოკენის ფლობის საჭიროების გარეშე.
MEV-ისგან დაცვა
ტრადიციული DeFi ტრანზაქციები არ არის მედეგი მაქსიმალური ამოღებადი ღირებულების (MEV)ტიპის შეტევების, მაგალითად წინმსწრები ვაჭრობის ან სენდვიჩ-შეტევების მიმართ. ჩანაფიქრზე დაფუძნებული სისტემები უზრუნველყოფს აღნიშნული რისკების შემცირებას, რისთვისაც იგი მიმართავს მეთოდს, რომლის ფარგლებშიც აღსრულების დეტალების გამჟღავნება არ ხდება მანამ, სანამ სოლვერი შეკვეთის შესრულების ვალდებულებას არ აიღებს.
ვინაიდან თქვენი ჩანაფიქრი საბოლოოდ მხოლოდ მაშინ დასტურდება, როდესაც სოლვერი მითითებულ პირობებს დააკმაყოფილებს, მესამე მხარეებს mempool-ში თქვენი ტრანზაქციით მანიპულირების ან ბოროტად სარგებლობის ნაკლები შესაძლებლობა რჩებათ.
უკეთესი ფასი კონკურენციის გზით
ერთსა და იმავე ჩანაფიქრთან დაკავშირებით რამდენიმე სოლვერის კონკურენციამ შესაძლოა ბევრად უკეთესი ფასები უზრუნველყოს, ვიდრე აღსრულების ერთადერთი გეგმის გამოყენებამ. შემსრულებლები ლიკვიდურობის წყაროებს როგორც on-chain, ისე off-chain სივრცეში ეძებენ და შეუძლიათ მსგავსი შეკვეთების გაერთიანებაც, რაც ფასის ცურვის ალბათობასა და ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ხარჯებს ამცირებს.
ჩანაფიქრზე დაფუძნებული DeFi პროტოკოლების მაგალითები
რამდენიმე DeFi პროტოკოლმა უკვე დაიწყო ჩანაფიქრზე დაფუძნებული მოდელების გამოყენება:
CoW Protocol: იყენებს ჯგუფურ აუქციონებს თანმხვედრი ვაჭრობების მოსაძებნად და მომხმარებლების MEV შეტევებისგან დასაცავად. თანმხვედრი შეკვეთების მოძიება off-chain სივრცეში ხდება, ანგარიშსწორება კი on-chain სივრცეში, ჯგუფურად მიმდინარეობს.
UniswapX: აერთიანებს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ლიკვიდურობას და გვთავაზობს სვოპებს გაზის გარეშე, რისთვისაც იყენებს ჰოლანდიური აუქციონის მექანიზმს. 2025 წელს მოხდა პროტოკოლში ERC-7683 სტანდარტის ინტეგრირება, on-chain ჩანაფიქრების განთავსების შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის.
1inch Fusion: მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განათავსონ შეკვეთები, რომელთა აღსრულება ხდება პროფესიონალი რესოლვერების მიერ, რომლებიც იხდიან გაზის საკომისიოებს. აღნიშნული ერთეულის 2025 წელს განხორციელებული განახლების შედეგად, მოხდა ERC-7683 კროს-ჩეინ ფუნქციონალის მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
Across Protocol: იყენებს ჩანაფიქრზე დაფუძნებულ სისტემებს სწრაფი და ხარჯეფექტური კროს-ჩეინ ვაჭრობების განხორციელების მიზნით. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ERC-7683 სტანდარტის შემუშავებაში.
ამ მაგალითებს საერთო კონცეფცია აერთიანებს: მომხმარებელი განსაზღვრავს მიზანს, ხოლო აღსრულების დეტალებს მესამე მხარეები უზრუნველყოფენ.
რისკები და გამოწვევები
ცენტრალიზაციის რისკი: თუ პროცესებში ჩართვა მხოლოდ მსხვილ, მაღალი კაპიტალის მქონე სოლვერების მცირე ჯგუფს შეეძლება, ქსელი შესაძლოა იმაზე ნაკლებად დეცენტრალიზებული გახდეს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს სფეროში არსებული ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა.
ბუნდოვანება: აღსრულების ნაწილი off-chain სივრცეში მიმდინარეობს, რაც ამცირებს იმის გადამოწმების შესაძლებლობას, მართლაც მოიძებნა თუ არა საუკეთესო ხელმისაწვდომი ფასი. მომხმარებლები სამართლიანი შედეგების მიღების თვალსაზრისით სოლვერების კონკურენციას ენდობიან.
პროტოკოლების ფრაგმენტაცია: ჩანაფიქრზე დაფუძნებული სხვადასხვა სისტემა განსხვავებულ ფორმატებსა და სოლვერების ქსელებს იყენებს. ERC-7683 სტანდარტი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად, თუმცა ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფის პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებული რისკები: როგორც ყველა DeFi-ის პროტოკოლში, ისე საბაზისო სმარტ კონტრაქტებში არსებულმა ხარვეზებმა თუ სუსტმა წერტილებმა შესაძლოა მომხმარებლების ფინანსები მნიშვნელოვანი რისკების ზემოქმედების ალბათობის წინაშე დააყენოს.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა განსხვავებაა ტრადიციულ DeFi ტრანზაქციასა და ჩანაფიქრზე დაფუძნებულ ტრანზაქციას შორის?
ტრადიციული ტრანზაქციების შემთხვევაში ხდება ბლოკჩეინზე მიმდინარე პროცესების დეტალური გეგმის შედგენა, ხოლო ჩანაფიქრზე დაფუძნებული ტრანზაქციების შემთხვევაში, აღწერილია მხოლოდ სასურველი საბოლოო შედეგი. უშუალოდ აღსრულებას სოლვერების ქსელი უზრუნველყოფს. აღნიშნული მიდგომა ამარტივებს პროცესებს მომხმარებლებისთვის, თუმცა წარმოშობს მესამე მხარისთვის ნდობის საჭიროებას.
ვინ არიან სოლვერები ჩანაფიქრზე დაფუძნებულ სისტემებში?
სოლვერები წარმოადგენენ მესამე მხარის სუბიექტებს, ფიზიკურ პირებს, ბოტებს, ან პროფესიონალურ კომპანიებს, რომლებიც აკონტროლებენ ჩანაფიქრებზე დაფუძნებული ტრანზაქციების ქსელებში მიმდინარე პროცესებს და ერთმანეთს უწევენ კონკურენციას მომხმარებელთა მოთხოვნების აღსრულების თვალსაზრისით. ისინი მოტივირებულნი არიან იპოვონ აღსრულების საუკეთესო გზა, ვინაიდან, როგორც წესი, ეფექტური მარშრუტიზაციით მიღებულ დამატებით ღირებულებას თავად იღებენ.
არის თუ არა ჩანაფიქრზე დაფუძნებული ტრანზაქცია დაკავშირებული გაზრდილ ხარჯებთან?
ხარჯების ოდენობა განსხვავდება პროტოკოლის მიხედვით. ჩანაფიქრზე დაფუძნებული სისტემების უმეტესობის შემთხვევაში, გაზის საკომისიოს გადახდა სოლვერის პასუხისმგებლობაა და ეს თანხები გათვალისწინებულია აღსრულების საერთო ღირებულებაში. შედეგად, მომხმარებელმა შესაძლოა თეორიულად დაშვებულ მაქსიმალურ რაოდენობაზე ოდნავ ნაკლები ტოკენი მიიღოს, თუმცა, ეს მიდგომა უზრუნველყოფს ტრანზაქციების წარუმატებლობისა და გაზის საკომისიოების უმიზნოდ ხარჯვის რისკების თავიდან აცილების შესაძლებლობას, რაც ძირითადად დამახასიათებელია აღსრულების ტრადიციული პროცესებისთვის.
რა არის ERC-7683 და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
ERC-7683 გახლავთ კროს-ჩეინ ჩანაფიქრების სტანდარტი, რომელიც Ethereum-ზე 2025 წელს საბოლოოდ დამტკიცდა. ის უზრუნველყოფს უნივერსალურ ფორმატს, რომლის გამოყენებითაც სხვადასხვა პროტოკოლს შეუძლია წარადგინოს და აღასრულოს ჩანაფიქრები მრავალ ბლოკჩეინს შორის. ERC-7683-ის ინტეგრირებამდე, თითოეული პროტოკოლი საკუთარ, ექსკლუზიურ ჩანაფიქრის ფორმატს იყენებდა, რაც სოლვერების ქსელების ურთიერთთავსებადობას ზღუდავდა.
უსაფრთხოა თუ არა ჩანაფიქრზე დაფუძნებული სისტემების გამოყენება?
ჩანაფიქრზე დაფუძნებული სისტემები ისეთივე ზოგად რისკებს მოიცავს, როგორსაც სხვა DeFi პროტოკოლები, მათ შორისაა სმარტ კონტრაქტების დაუცველობა და სოლვერების ცენტრალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სისტემებს MEV-შეტევების რისკის შემცირება შეუძლია, ისინი ვერ უზრუნველყოფენ პოტენციური საფრთხეების სრულად გამორიცხვას. შესაბამისად, როგორც ნებისმიერი DeFi აქტივობის შემთხვევაში, პროცესის დაწყებამდე მნიშვნელოვანია კონკრეტული პროტოკოლის შესახებ ინფორმაციის მოძიება და პირობების საფუძვლიანად გააზრება.
შეჯამება
ჩანაფიქრზე დაფუძნებული ტრანზაქციები წარმოადგენს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას DeFi-ს ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მომხმარებლის სურვილებისა და პროცესების განხორციელების მეთოდების გამიჯვნით, აღნიშნულ მოდელს შეუძლია შეამციროს ბარიერები და გააუმჯობესოს შედეგები მრავალი ტიპის ტრანზაქციისთვის.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე სრულად და ერთპიროვნულად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. Binance Academy არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.