მთავარი დეტალები
კონფიდენციალური ტრანზაქციებისთვის (CT) გამოიყენება კრიპტოგრაფიის მოეთოდები, რაც უზრუნველყოფს ბლოკჩეინზე გადარიცხული თანხების ოდენობის დაფარვას და ამავდროულად ქსელის მონაწილეს ეძლევა იმის გადამოწმების საშუალება, რომ არ ხდება ახალი მონეტების შექმნა. აღნიშნული პროცესები ხელს უწყობს ჩანაცვლებადობის შენარჩუნებას და უზრუნველყოფს ტრანზაქციების ღირებულებების ანალიზის პრევენციას.
ამ ტიპის ტრანზაქციების ფარგლებში გამოყენებული ძირითადი მექანიზმი ეფუძნება პედერსენის ვალდებულებებს (შეკრებითი ჰომომორფული დაშიფვრა) და Buletproof დიაპაზონის მტკიცებულებებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება თანხების დადებითი მნიშვნელობის დადასტურება, რეალური ოდენობის გამჟღავნების გარეშე.
დღესდღეობით კონფიდენციალური ტრანზაქციების მოდელი აქტიურად ინერგება Bitcoin-ის ისეთ საიდჩეინებზე, როორიცაა Liquid; მისი მეშვეობით ხდება ამ კონცეფციის „კონფიდენციალურ აქტივებთან“ მიმართებაში გამოყენებაც, რაც გულისხმობს გადარიცხული ტოკენის ტიპის მონაცემების დაფარვის შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
CT-ზე დაფუძნებული მოდელების ფარგლებში ხშირია ტრნაზაქციების ზომასთან და ვერიფიკაციის ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემები, სწორედ ამიტომ ხდება მათი განთავსება სპეციალურ საიდჩეინებზე, ან მასშტაბირებადობის სხვა ტექნოლოგიებთან ერთად გამოყენება, ნაცვლად პირდაპირ Bitcoin-ის mainnet-ზე განთავსებისა.
შესავალი
იმისათვის, რომ ნებისმიერმა ბლოკჩეინმა შეძლოს გამართულად ფუნქციონირება, უმნიშვნელოვანესია სისტემის გამჭვირვალობა. ქსელში მომუშავე ყოველ ნოდს შეუძლია ლეჯერის ასლის შენახვა და წესებთან შესაბამისობის დადასტურება. განაწილებული ლეჯერების უმეტესობის შემთხვევაში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ბლოკების, ტრანზაქციების და მისამართების მოძიება ბლოკ-ექსპლორერის მეშვეობით.
კონფიდენციალურობის საკითხთან მიმართებაში, ზემოხსენებული გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საკითხი შესაძლოა გარკვეული პრობლემების გამომწვევიც კი გახდეს. Bitcoin-ისა და სხვა მსგავსი სისტემების ფარგლებში, შესაძლებელია ნებისმიერი ტრანზაქციის დაკავშირება მის წინამორბედ ტრანზაქციასთან. ტექნიკურად, მონეტები არ არის ჩანაცვლებადი, რადგან შესაძლებელია თითოეული მათგანის კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირება. არ არსებობს რაიმე საშუალება, რომელიც Bitcoin-ის გაგზავნის შესაძლებლობას შეგიზღუდავთ, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც მიმღები მხარე უარს აცხადებს ტრანზაქციის მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ წარსულში აღნიშნული მონეტები დაკავშირებული იყო შავ სიაში შეტანილ მისამართთან.
Bitcoin-ის კონტექსტში კონფიდენციალურობას შესაძლოა საჭიროზე დიდი მნიშვნელობაც კი ენიჭებოდეს. მომხმარებლები ხშირად იყენებენ ფსევდონიმებს (საჯარო მისამართებს, ნაცვლად რეალური სახელებისა), თუმცა ანალიზის ეფექტური მეთოდების მეშვეობით მაინც არის შესაძლებელი ქსელის მონაწილეების ვინაობის ამოცნობა მისამართების მონაცემების გაერთიანების გზით. სწორედ აღნიშნული შემთხვევების თავიდან აცილების და ტრანზაქციების მაქსიმალური კონფიდენციალურობის უზრუნველყოფისთვის გამოიყენება ჩვენ მიერ წინამდებარე სტატიაში განხილული ტექნიკა - კონფიდენციალური ტრანზაქციები.
რა არის კონფიდენციალური ტრანზაქციები?
კონფიდენციალური ტრანზაქციები (CT) პრველად Blockstream-ის აღმასულებელმა დირექტორმა, ადამ ბეკმა აღწერა 2013 წელს, მოგვიანებით კი ეს იდეა Bitcoin-ის დეველოპერმა, გრეგორი მაქსველმა განავრცო. მაქსველმა ხაზი გაუსვა კონფიდენციალურობასთან და ჩანაცვლებადობასთან დაკავშირებულ ზემოხსენებულ პრობლემებს და წარმოადგინა მათი გადაჭრის საშუალება: საჭირო იყო გადარიცხული თანხების მონაცემების დაფარვა ქსელის მონაწილეებისგან, რათა მხოლოდ ტრანზაქციაში მონაწილე მხარეებს ჰქონოდათ ინფორმაცია გაგზავნილი თანხის ოდენობის შესახებ.

სტანდარტულ პირობებში, ნოდებს ყოველგვარი სირთულის გარეშე შეუძლიათ გაგზავნილი თანხის მიღებულ თანხასთან შესაბამისობის დადასტურება. მაგალითად, თუ ელისს სურს ბობს გადაურიცხოს 0,3 BTC, ამისთვის ის გამოიყენებს ტრანზაქციის დაუხარჯავ გამომავალ მონაცემებს (მაგალითად, 1 BTC), გაყოფს მათ ორ ნაწილად: 0,3 BTC-ს გაუგზავნის ბობს და 0,69 BTC-ს თავად დაიტოვებს ხურდის სახით (დარჩენილი ნაწილი კი ჩამოიჭრება მაინინგის საკომისიოს სახით).
ეს სხვა ნოდებისთვის უმარტივესად ამოსახსნელ ამოცანას წარმოადგენს: 1 = 0,3 + 0,69, ციფრული ხელმოწერები სწორია, ელისის შემავალი მონაცემები სხვა მიზნით, სხვაგან არ დახარჯულა, შესაბამისად - ტრანზაქცია ვალიდურია. თუმცა, თანხის ოდენობის დაფარვისას, ვერიფიკაციის განხორციელება ბევრად რთულდება. როგორ დაადგენს ნოდი იმ თანხების შესაბამისობას ან შეუსაბამობას, რომელთა ოდენობაც მისთვის ცნობილი არ არის?
გამოყენებული კრიპტოგრაფიული ტექნიკების მიმოხილვა
სასურველი მონაცემების დაფარვისთვის საჭიროა დაშიფვრა. თუმცა, დაშიფვრის ტრადიციული მეთოდების გამოყენება შეგვიძლია დოკუმენტების სეიფში მოთავსებას შევადაროთ, აღნიშნულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემების გამოყენება შეუძლებელია მათი სეიფიდან ამოღებამდე. შესაბამისად, კონფიდენციალურ ტრანზაქციებს გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭიროა ე.წ. ციფრული სეიფი, რომლის შიგთავსიც გაუმჟღავნებელი დარჩება, თუმცა მახასიათებლების გადამოწმება შესაძლებელი იქნება გარეშე პირის მიერ.
პედერსონის ვალდებულებები
ძირითადი მეთოდი, რომელიც ზემოხსენებული შედეგების მისაღწევად გამოიყენება, გახლავთ ჰომომორფული დაშიფვრა, კონკრეტულად კი პედერსონის ვალდებულებების სახელით ცნობილი სქემა. აღნიშნული სქემა გარეშე პირებს დაშიფრული მონაცემების (რომლებიც მათთვის ხილული არ არის) შესაბამისობის დადასტურების მიზნით მათემატიკური ოპერაციების განხორციელების საშუალებას აძლევს.
იმ მონაცემებთან მიმართებაში, რომელთა გამჟღავნებაც მოგვიანებითაა დაგეგმილი, სტანდარტული ჰეში გამოიყენება. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ თქვენ მიერ გაკეთებული პროგნოზის ჰეში და შემდეგ დაადასტუროთ მისი სისწორე საწყისი შემავალი მონაცემების გამჟღავნებით. თუმცა, თუ შესაძლო ვარიანტების რაოდენობა მცირეა, ბოროტმოქმედს შეუძლია უბრალოდ ყველა მათგანი მოსინჯოს, სანამ შესაბამის ვარიანტს არ იპოვის. ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ხდება ჰეშში დამატებითი მონაცემის დამატება, რომელსაც „შენიღბვის ფაქტორს“ ეძახიან.
პედერსონის ვალდებულებები ამ მონაცემებზე არითმეტიკული ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ფორმალურად, v მნიშვნელობის ვალდებულება C, რომლის შენიღბვის ფაქტორია r, შეიძლება გამოითვალოს შემდეგი ფორმულით: C = vG + rH, სადაც G და H ელიფსური მრუდის გენერატორის წერტილებია. ძირითადი მახასიათებელია შეკრებითი ჰომომორფიზმი:
C(v1, r1) + C(v2, r2) = C(v1 + v2, r1 + r2)
ეს იმას ნიშნავს, რომ ნოდებს შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ვალდებულებების შემავალი მონაცემების ჯამი ტოლია ვალდებულებების გამომავალი მონაცემების ჯამისა რეალური მნიშვნელობების ცოდნის გარეშე.
დიაპაზონის მტკიცებულებები და Bulletproof-ები
პედერსენის ვალდებულებებს ერთი სუსტი წერტილი აქვს: რადგან ისინი მოდულურ არითმეტიკას ეფუძნება, მომხმარებელს შეუძლია შეიყვანოს უარყოფითი მნიშვნელობა და გამოიყენოს ჰომომორფული თვისება, რათა ფაქტობრივად არაფრიდან შექმნას მონეტები. ამ პრობლემის მოგვარება დიაპაზონის მტკიცებულებების მეშვეობითაა შესაძლებელი, რა დროსაც გამოიყენება ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ თანხა ვალიდურ დიაპაზონშია, რეალური ოდენობის გამჟღავნების გარეშე.
Bulletproof-ები წარმოადგენს კონფიდენციალური ტრანზაქციების სისტემებში გამოყენებული დიაპაზონის მტკიცებულებების თანამედროვე სტანდარტს. მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ ადრინდელ მიდგომებთან შედარებით: მტკიცებულების ზომა იზრდება ლოგარითმულად და არა ხაზოვნად დიაპაზონის ზომასთან მიმართებით; რამდენიმე დიაპაზონის მტკიცებულება შეიძლება გაერთიანდეს ერთ კომპაქტურ მტკიცებულებად; ისინი არ საჭიროებს სანდო გარემოს (ზოგიერთი SNARK-ზე დაფუძნებული სისტემისგან განსხვავებით). პრაქტიკაში, ყოველი ტრანზაქციის გამოსავალი მონაცემი შეიცავს Bulletproof-ს, რომელიც ქსელის ნებისმიერ ნოდს საშუალებას აძლევს დაადასტუროს, რომ შეყვანილი თანხა არ არის უარყოფითი და დასაშვებ დიაპაზონშია. ეს უზრუნველყოფს მონეტების მთლიანი რაოდენობის უცვლელობას, ხოლო ტრანზაქციის თანხები კონფიდენციალურად რჩება.
კონფიდენციალური ტრანზაქციები პრაქტიკაში
მიუხედავად იმისა, რომ კონფიდენციალური ტრანზაქციების სისტემა არ არის ინტეგრირებული Bitcoin-ის mainnet-ზე, ამჟამად ის აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სპეციალიზებულ ქსელზე:
Liquid საიდჩეინი
Blockstream-ის Liquid Network არის Bitcoin-ის ფედერირებული საიდჩეინი, რომელშიც კონფიდენციალური ტრანზაქციები და „კონფიდენციალური აქტივები“ ძირითადი ფუნქციების სახითაა წარმოდგენილი. კონფიდენციალური ტრანზაქციების მეშვეობით ხდება გადარიცხული თანხის ოდენობის დამალვა, რისთვისაც გამოიყენება პედერსენის ვალდებულებები და Bulletproof დიაპაზონის მტკიცებულებები. კონფიდენციალური აქტივები დამატებით იძლევა გადარიცხული აქტივის ტიპის შენიღბვის შესაძლებლობას, რათა უცხო პირმა ვერ შეძლოს იმის განსაზღვრა, თუ რომელ აქტივებთანაა დაკავშირებული ეს ტრანზაქცია: L-BTC-თან, ტოკენიზებულ ფასიან ქაღალდებთან თუ სხვა სახის აქტივებთან.
Liquid გვთავაზობს ბირჟებს, OTC დესკებსა და სავაჭრო კომპანიებს შორის ინსტიტუციური ანგარიშსწორების შესაძლებლობას, სადაც კომერციული კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია. მონაწილეთა ჯგუფი (ფედერაცია) მართავს peg-in/peg-out პროცესს და ბლოკების ხელმოწერას, რაც უზრუნველყოფს სიჩქარის და კონფიდენციალურობის ფუნქციების გაუმჯობესებას დეცენტრალიზაციის დონის შემცირების ხარჯზე.
სხვა იმპლემენტაციები
კონფიდენციალურ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ მეთოდებს რამდენიმე სხვა პროტოკოლიც იყენებს. MimbleWimble გვთავაზობს კონფიდენციალურ ტრანზაქციების და გრაფის მონიმიზაციის კომბინაციას, რისთვისაც იყენებს პროცესს, სახელწოდებით „cut-through“, რომელიც შლის ხარკვის შუალედურ მონაცემებს და ახდენს ბლოკჩეინის მდგომარეობის კომპრესიას. Monero იყენებს RingCT-ს (წრიული ხელმოწერების და კონფიდენციალური ტრანზაქციების კომბინაციას) და ფარულ მისამართებს, რომელიც უზრუნველყოფს ერთდროულად გამგზავნის და მიმღების მისამართების და ტრანზაქციის თანხის ოდენობის დამალვას.
შერჩევითი გამჟღავნება და დათვალიერების გასაღებები
კონფიდენციალური ტრანზაქციების (CT) თანამედროვე იმპლემენტაციები სულ უფრო მეტად უჭერს მხარს შერჩევითი გამჟღავნების მექანიზმებს. ტრანზაქციის მონაწილეებს შეუძლიათ აუდიტორებს, შესაბამისობის პროვაიდერებს ან რეგულატორებს გაუზიარონ შენიღბვის გასაღები ან სპეციალური დათვალიერების გასაღებები. ეს იძლევა კონკრეტული ტრანზაქციების კერძო აუდიტის განხორციელების საშუალებას ისე, რომ მონაცემები საჯაროდ ბლოკჩეინზე არ გამოჩნდეს, რაც ქმნის „ფართო საზოგადოებისთვის დაფარულ, თუმცა ავტორიზებული მხარეებისთვის გამჭვირვალე“ სისტემის მოდელს.
რეგულირების გარემო და შესაბამისობაზე ორიენტირებული კონფიდენციალურობა
ბლოკჩეინის კონფიდენციალურობის მარეგულირებელი გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა. ევროკავშირის კრიპტო აქტივების ბაზრების (MiCA) რეგულაცია და FATF-ის „Travel Rule“ კრიპტოაქტივების სერვისის პროვაიდერებს (CASPs) აკისრებს ვალდებულებებს შეაგროვონ და გამგზავნისა და მიმღების ინფორმაცია და გააგზავნონ ტრანზაქციებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგულაციები ეხება სერვისის პროვაიდერებს და არა თავად კრიპტოგრაფიულ პრიმიტივებს, ისინი ირიბად ახდენს ზეწოლას მაღალი კონფიდენციალურობის მქონე აქტივებზე.
რეგულირებულ იურისდიქციებში მოქმედმა ბირჟებმა დაიწყეს იმ აქტივების დელისტინგი ან შეზღუდვა, რომლებთან დაკავშირებითაც შეუძლებელია ეფექტური AML (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა) მონიტორინგის განხორციელება. ეს განსაკუთრებით შეეხო კონფიდენციალურ მონეტებს, სადაც ხდება ტრანზაქციების გრაფის სრული შენიღბვა. რეგულატორები ზოგადად უფრო ტოლერანტულნი არიან იმ სისტემების მიმართ, რომლებიც კომერციულ მონაცემებს მალავენ საჯარო სივრცეში, თუმცა მათ სთავაზობენ რეგულირებული სუბიექტების არჩევით გამჭვირვალობას.
ბოლო წლებში დომინანტურ ტენდენციად იქცა „შესაბამისობაზე მორგებული კონფიდენციალურობა“, რომელიც აერთიანებს ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებს და იდენტობის მტკიცებულებებს. მომხმარებლებს შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ გაიარეს KYC ვერიფიკაცია ან არ იმყოფებიან სანქციების სიაში ისე, რომ ბლოკჩეინზე მათი იდენტობის დეტალები არ გაამჟღავნონ. CT ტიპის დიზაინები და დათვალიერების გასაღებები ბუნებრივად ერწყმის ამ სტრუქტურას: ნაგულისხმევად კონფიდენციალურია, თუმცა სამართლებრივი საჭიროების შემთხვევაში ვერიფიცირებადი.
რისი გაკეთებაა შესაძლებელი კონფიდენციალური ტრანზაქციების მეშვეობით?
კონფიდენციალური ტრანზაქციების დანიშნულებაა რამდენიმე პრაქტიკული პრობლემის გადაჭრა:
კომერციული კონფიდენციალურობა: ბიზნესებს შეუძლიათ ტრანზაქციები განახორციელონ საჯარო ბლოკჩეინებზე ისე, რომ კონკურენტებს არ გაუმჟღავნონ ვაჭრობის მოცულობები, გადახდების თანხები ან ხაზინის ზომა.
ჩანაცვლებადობა: როდესაც თანხის ოდენობა დაფარულია, ბლოკჩეინის ანალიზს არ შეუძლია განსაზღვროს კონკრეტული მონეტების ისტორია ან მონიშვნა“, რაც ყველა ერთეულს პრაქტიკულად ურთიერთჩანაცვლებადს ხდის.
წინმსწრები შეკვეთების რისკის შემცირება: DeFi-სა და ვაჭრობის კონტექსტში, თანხების დამალვა გარეშე პირს არ აძლევს მომლოდინე ტრანზაქციების აღმოჩენის და მათზე მანიპულაციების განხორციელების შესაძლებლობას.
რეგულაციებთან შესაბამისობა: სრულად ანონიმური სისტემებისგან განსხვავებით, CT და დათვალიერების გასაღებები გვაძლევს აუდიტთან და რეგულაციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილების და ამავდროულად კონფიდენციალურობის შენარჩუნების საშუალებას.
რაც შეეხება საკითხს, მოხდება თუ არა კონფიდენციალური ტრანზაქციების პირდაპირ Bitcoin-ის mainnet-ში ინტეგრირება, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ნაკლებად სავარაუდოა. CT ტრანზაქციები სტანდარტულ ტრანზაქციებთან შედარებით მნიშვნელოვნად დიდი ზომისაა, რადგან თითოეულ გამომავალ მონაცემს თან ერთვის Bulletproof დიაპაზონის მტკიცებულებები. Bitcoin-ის ბლოკის ზომის ლიმიტისა და პროტოკოლის ცვლილებების მიმართ კონსერვატიული მიდგომის გათვალისწინებით, მათი დანერგვა ძირითადად საიდჩეინებსა და სპეციალიზებულ ქსელებზე ხდება, რაც უფრო პრაქტიკულ გზად არის მიჩნეული.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის Bulletproof-ები და რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი კონფიდენციალური ტრანზაქციებისთვის?
Bulletproof-ები წარმოადგენს დიაპაზონის ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულების ტიპს, რომელიც ადასტურებს, რომ მითითებული მნიშვნელობა არის დასაშვებ დიაპაზონში (არ არის უარყოფითი ან ზედმეტად დიდი), თავად მნიშვნელობის გამჟღავნების გარეშე. ისინი მნიშვნელოვანია, რადგან კომპაქტურია (მტკიცებულების ზომა იზრდება ლოგარითმულად), არ საჭიროებს სანდო გარემოს და შესაძლებელია რამდენიმე გამომავალი მონაცემის ერთ საერთო მტკიცებულებად გაერთიანება, რაც კონფიდენციალური ტრანზაქციების პრაქტიკულად გამოყენების საშუალებას იძლევა.
რით განსხვავდება კონფიდენციალური ტრანზაქციები Zcash-ის მსგავსი ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულების სისტემებისგან?
კონფიდენციალური ტრანზაქციები (CT) თანხის ოდენობის დამალვისთვის იყენებს პედერსენის ვალდებულებებს და დიაპაზონის მტკიცებულებებს, რა დროსაც მისამართები ხილული რჩება. ნულოვანი ინფორმაციის სისტემებს, როგორიცაა Zcash-ის shielded pools, შეუძლია ერთდროულად დამალოს გამგზავნის და მიმღების მისამართი და თანხის ოდენობა, რისთვისაც იყენებს უფრო რთულ ZK სქემებს (როგორიცაა Groth16 ან Halo2). CT უფრო სპეციალიზებული კრიპტოგრაფიული პრიმიტივია, რომელიც ფოკუსირებულია მხოლოდ მნიშვნელობის კონფიდენციალურობაზე, ხოლო shielded სისტემები უზრუნველყოფს უფრო ფართო ანონიმურობას, თუმცა ის დაკავშირებულია გამომთვლელი სიმძლავრის უფრო მაღალ ხარჯთან.
არის თუ არა კანობიერი კონფიდენციალური ტრანზაქციები?
იურისდიქციების უმეტესობაში თავად კრიპტოგრაფიული მეთოდები აკრძალული არ არის. რეგულაციები, როგორიცაა MiCA და Travel Rule ეხება არა საბაზისო კრიპტოგრაფიულ მეთოდებს, არამედ სერვისის პროვაიდერებს (ბირჟებს, კასტოდიალურ ორგანიზაციებს). თუმცა სერვისის პროვაიდერები, რომლებიც ახორციელებენ CT ტიპის კონფიდენციალურობის ფუნქციის მქონე აქტივების ლისტინგს, შეიძლება დაეკისროთ შესაბამისობასთან დაკავშირებული უფრო მეტი ვალდებულება, განსაკუთრებით ტრანზაქციების მონიტორინგისა და ანგარიშგების კუთხით..
რატომ არ დაემატა კონფიდენციალური ტრანზაქციები Bitcoin-ის mainnet-ს?
დაბრკოლებები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა: CT ტრანზაქციები Bitcoin-ის სტანდარტულ ტრანზაქციებთან შედარებით გაცილებით დიდი ზომისაა, რადგან მათზე დამატებულია დიაპაზონის მტკიცებულებები, რის გამოც პრობლემას წარმოადგენს მისი ჩატევა შეზღუდული ზომის ბლოკში. CT-ის დანერგვა ასევე საჭიროებს პროტოკოლის ცვლილებებს კონსენსუსის დონეზე (soft fork-ს ან hard fork-ს), ამისათვის კი საჭიროა საზოგადოების წევრებს შორის შეთანხმება. Bitcoin-ის განვითარების მიმართ კონსერვატიული მიდგომის და ბლოკის ზომასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო უპირატესობა საიდჩეინების გამოყენებას ენიჭება.
რა არის დათვალიერების გასაღებები და როგორ უზრუნველყოფს ისინი შესაბამისობას?
დათვალიერების გასაღებები წარმოადგენს კრიპტოგრაფიულ გასაღებებს, რომლებიც უფლებამოსილ მესამე მხარეებს (აუდიტორებს, რეგულატორებს, შესაბამისობის პროვაიდერებს) საშუალებას აძლევს გაშიფრონ კონფიდენციალურ ტრანზაქციებში დაფარული თანხები ისე, რომ საჭირო არ გახდეს ბლოკჩეინის მონაცემების საჯაროდ გამჟღავნება. ტრანზაქციის მონაწილეებს შეუძლიათ ეს გასაღებები შერჩევითად გააზიარონ, რაც უზრუნველყოფს აუდიტის ჩატარების შესაძლებლობას ზოგადი კონფიდენციალურობის შენარჩუნებით. ეს მექანიზმი გვთავაზობს ბალანსს ბლოკჩეინის კონფიდენციალურობის დაცვასა და რეგულაციების მოთხოვნების შესრულებას შორის.
შეჯამება
კრიპტოგრაფიული ტრანზაქციები წარმოადგენს ბლოკჩეინის ტრანზაქციების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის კარგად შესწავლილ კრიპტოგრაფიულ მიდგომას, რომელიც გვთავაზობს მონაცემების დაფარვის და ამავდროულად ქსელის ვერიფიცირების შესაძლებლობებს. პედერსენის ვალდებულებების და Bulletproof დიაპაზონის მტკიცებულებების მეშვეობით, კრიპტოგრაფიული ტრანზაქციები ნოდებს საშუალებას აძლევს დაადასტურონ ტრანზაქციის ვალდებულება გადარიცხული თანხის ოდენობის ცოდნის გარეშე.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.