The Graph (GRT)

რა არის The Graph?

The Graph არის დეცენტრალიზებული პროტოკოლი რომელიც შექმნილია ბლოკჩეინის მონაცემებზე ეფექტური და სანდო წვდომის უზრუნველსაყოფად. ის დეველოპერებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ინდექსირება და მონაცემთა აღდგენა სხვადასხვა ბლოკჩეინიდან, განსაკუთრებით კი Ethereum-დან და IPFS-დან. on-chain მონაცემების ორგანიზების სტანდარტიზებული და მასშტაბირებადი მეთოდის შემოთავაზებით, The Graph მნიშვნელოვან როლს თამაშობს დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ები) მხარდაჭერაში ბლოკჩეინის დროული და ზუსტი ინფორმაციის მოწოდების მეშვეობით.

როგორ მუშაობს Graph?

ბლოკჩეინის მონაცემები კომპლექსურია, შესაბამისად, მათი განაწილებული და უცვლელი ბუნების გამო რთულია მათი პირდაპირ გამოთხოვა. The Graph აგვარებს ამ პრობლემას დეველოპერებისთვის ღია API-ების შექმნის და გამოქვეყნების შესაძლებლობის მინიჭებით, რომელთაც „subgraph-ები“ ეწოდება. ეს subgraph-ები განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იყოს ინდექსირებული და ორგანიზებული მონაცემები კონკრეტული კონტრაქტებიდან და მოვლენებიდან, რაც მონაცემების აღდგენის პროცესს უფრო ხელმისაწვდომსა და ეფექტურს ხდის.

პროტოკოლი გაშვებულია ქსელზე, რომლის თითოეული მონაწილე კონკრეტულ როლს ასრულებს:

  • ინდექსერები: ნოდის ოპერატორები, რომლებიც The Graph-ის ადგილობრივ ტოკენს, GRT-ს განათავსებენ სტეიკინგზე და იღებენ ინდექსირების და მოთხოვნის დამუშავების სერვისების შემოთავაზების უფლებას. ქსელის მუშაობაში მონაწილეობის სანაცვლოდ ისინი იღებენ ჯილდოებს, რომელთა ოდენობა მომსახურების ხარისხისა და მოთხოვნაზეა დამოკიდებული.
  • კურატორები: საზოგადოების წევრები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რომელი subgraph-ების ინდექსირება უნდა მოხდეს. ამ ფუნქციის შესრულების უფლების მოსაპოვებლად, ისინი ახდენენ GRT ტოკენების დეპონირებას. ეს პროცესი უზრუნველყოფს მოთხოვნადი მონაცემებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას.
  • დელეგატორები: ტოკენის მფლობელები, რომლებიც საკუთარ GRT-ს ინდექსერებს გადასცემენ და სანაცვლოდ იღებენ წილს ინდექსირების ჯილდოებიდან. ამგვარად, მათ არ ესაჭიროებათ საკუთარი ნოდების გაშვება.
  • მომხმარებლები: აპლიკაციები ან მომხმარებლები, რომლებიც მოითხოვენ ინდექსირებულ მონაცემებს The Graph-ის მიერ უზრუნველყოფილი GraphQL API-ების მეშვეობით.

ამ დეცენტრალიზებული მიდგომით, The Graph გამორიცხავს კრიტიკული სუსტი წერტილების არსებობას და ცენზურის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს ღია წვდომას ბლოკჩეინის მონაცემებზე.

რა არის GRT?

GRT არის The Graph პროტოკოლის ადგილობრივი utility ტოკენი. იგი ცენტრალურ როლს ასრულებს ქსელის წახალისებების მოდელში, სტეიკინგის, დელეგირების და კურირების პროცესების შემოთავაზებით. ტოკენის მფლობელები GRT-ს იყენებენ ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობის და მაღალი ხარისხის მონაცემების ინდექსირების სერვისების შემოთავაზების უფლების მისაღებად. ამის სანაცვლოდ, ისინი იღებენ ჯილდოებს GRT-ში მათი მონაწილეობისა და წვლილის პროპორციულად.

გამოყენების გზები და დანიშნულება

The Graph მხარს უჭერს ბლოკჩეინის აპლიკაციების ფართო სპექტრს, მათ შორის დეცენტრალიზებული ფინანსებს (DeFi), არაჩანაცვლებად ტოკენებს (NFT-ები) და დეცენტრალიზებულ ბირჟებს (DEX-ები). ბლოკჩეინის მონაცემებზე სწრაფი და მარტივი წვდომის უზრუნველყოფით, The Graph დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან უფრო აქტიური და ფუნქციურად მდიდარი DApp-ები, კომპლექსური ინდექსირების ინფრასტრუქტურის მართვის საჭიროების გარეშე.
პოპულარული პროექტები, როგორიცაა Uniswap, Synthetix და Decentraland იყენებენ The Graph-ის პროტოკოლს თავიანთი on-chain მონაცემების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

დასკვნა

The Graph არის ინფრასტურქტურის პროტოკოლი, რომელიც ამარტივებს ბლოკჩეინის მონაცემების ინდექსირების და მოთხოვნის პროცესს და აუმჯობესებს დეცენტრალიზებულ ეკოსისტემაში მომხმარებლის გამოცდილებას და დეველოპერების პროდუქტიულობას. მისი დეცენტრალიზებული ქსელის და GRT ტოკენის გამოყენების მეშვეობით, ის მონაწილეებს აძლევს სხვადასხვა ბლოკჩეინზე გაშვებული მონაცემების ინდექსირების ღია სერვისების შეთავაზების მოტივაციას.