მშპ-ს დეფლატორი
მშპ-ს დეფლატორი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ფასის იმპლიციტური დეფლატორი, გახლავთ საზომი ერთეული, რომლითაც აისახება ქვეყნის მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასის ცვლილება დროთა განმავლობაში. მისი მეშვეობით შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რა როლი ითამაშა ფასისა და წარმოების მაჩვენებლის ცვლილებამ
მშპ-ის ცვლილებაში.
მშპ-ს დეფლატორით იზომება
ინფლაციის დონე ეკონომიკაში. მშპ-ს დეფლატორი ასახავს ფასების დონის ცვლილებას, რისთვისაც ხდება ნომინალური მშპ-ის (რომელზეც გავლენას ახდენს ინფლაცია) და რეალური მშპ-ის (რომელიც კორექტირებულია ინფლაციის გათვალისწინებით) შედარება ერთმანეთთან.
გაანგარიშება
მშპ-ს დეფლატორი გამოითვლება შემდეგნაირად:
მშპ-ს დეფლატორი = (ნომინალური მშპ / რეალური მშპ) x 100, სადაც:
ნომინალური მშპ არის ქვეყნის ფარგლებში წარმოებული ყველა საქონლისა და მომსახურების ჯამური ღირებულება, მიმდინარე ფასების გათვალისწინებით.
რეალური მშპ არის ქვეყნის ფარგლებში წარმოებული ყველა საქონლისა და მომსახურების ჯამური ღირებულება, საბაზო წლის ფასების გათვალისწინებით.
ფასების საერთო დონის ცვლილება (%) გამოითვლება შემდეგნაირად:
ფასების საერთო დონის ცვლილება (%) = მშპ დეფლატორი - 100
ინტერპრეტაცია
მშპ-ს დეფლატორის გამოთვლის შედეგების ინტერპრეტაცია შემდეგნაირად ხდება:
როდესაც მშპ-ს დეფლატორის მაჩვენებელია 100, ეს მიუთითებს, რომ საბაზო წელიწადთან შედარებით ფასები არ არის შეცვლილი.
როდესაც მშპ-ს დეფლატორის მაჩვენებელი 100-ზე მეტია, ეს მიუთითებს, რომ საბაზო წელიწადთან შედარებით ფასების მთლიანი მაჩვენებელი გაზრდილია (ინფლაცია).
როდესაც მშპ-ს დეფლატორის მაჩვენებელი 100-ზე ნაკლებია, ეს მიუთითებს, რომ საბაზო წელიწადთან შედარებით ფასების მთლიანი მაჩვენებელი შემცირებულია (დეფლაცია).
მაგალითი
დავუშვათ, რომ 2024 წელს ქვეყნის ნომინალური მშპ არის 1,2 ტრილიონი აშშ დოლარი და მისი რეალური მშპ (2023 წლის საბაზო წლად გამოყენების შემთხვევაში) არის 1 ტრილიონი აშშ დოლარი. მშპ-ს დეფლატორი იქნება:
მშპ-ს დეფლატორი = (1,2 / 1) x 100 = 120
მშპ-ს დეფლატორი გვიჩვენებს, რომ 2023 წლის შემდეგ ქვეყანაში ფასების მთლიანი მაჩვენებელი გაიზარდა 20%-ით.
მიუხედავად იმისა, რომ მშპ-ს დეფლატორი არის ტრადიციულ ეკონომიკაში გამოყენებადი სასარგებლო ინსტრუმენტი, მისი
კრიპტოვალუტების სივრცეში გამოყენება არც ისე მარტივია. თუმცა, ეს კონცეფცია შეიძლება ისევ აქტუალური იყოს. მაგალითად, თუ ჩვენ გვსურს კრიპტო ბაზრის ზოგადი ზრდის მაჩვენებლის განსაზღვრა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ანალოგიური საზომი ინსტრუმენტი, რათა ვნახოთ თუ რამდენადაა ეს ზრდა გამოწვეული კრიპტოვალუტების ფასის ზრდით (ფასის ზრდა) და რამდენად
ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მზარდი გამოყენებით (რეალური ზრდა).
მშპ-ს დეფლატორი არის ინსტრუმენტი რომლითაც განისაზღვრება კონკრეტული ქვეყნის მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასის ინფლაცია. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ კრიპტოვალუტების სფეროში ის არ გამოიყენება, მისი კონცეფცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კრიპტო ბაზრის ზრდის რეალური მიზეზების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.