EIP-7702
EIP-7702 არის შეთავაზება, რომლის მიზანია გარე მფლობელის ანგარიშების (EOA-ების) შესაძლებლობების გაუმჯობესება. EOA-ები წარმოადგენს
Ethereum ქსელის საბაზისო ანგარიშებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ტრანზაქციების განხორციელება და
სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედება. თუმცა ისინი არ არის აღჭურვილი კრიპტო საფულეების ზოგიერთი სხვა ფუნქციით, როგორიცაა ტრანზაქციების დაჯგუფება და
გაზის საკომისიოს დასპონსორება.
EIP-7702 შეთავაზების მიზანია EOA-ებს მიანიჭოს სმარტ კონტრაქტების ფუნქციები, რისთვისაც ხდება კონკრეტული დელეგირების მისამართის მითითება, რომლის კოდის აღსრულებაც უნდა მოხდეს. ეს ჰიბრიდული მიდგომა აერთიანებს EOA-ების სიმარტივეს და კონტრაქტზე დაფუძნებული ანგარიშების პროგრამირებადობის შესაძლებლობებს, რის შემდეგაც ანგარიში იძენს სმარტ კონტრაქტის საფულეების შესაძლებლობებს. EIP-7702 შეიქმნა
EIP-3074 შეთავაზებასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და იმ მახასიათებლების საპასუხოდ, რომლებიც კრიტიკის ობიექტად იქცა.
EIP-7702 იძლევა EOA-ების ფუნქციების გაუმჯობესების შესაძლებლობას, რისთვისაც ხდება ავტორიზაციის ხელმოწერის დამატება, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ დელეგირების მისამართთან. ეს დელეგირების მისამართი შეიცავს კოდს, რომლის აღსრულებაც სურს EOA-ს, რისი წყალობითაც იზრდება ამ ანგარიშის შესაძლებლობები, როგორიცაა ტრანზაქციების დაჯგუფება, გაზის დასპონსორება და ალტერნატიული ავთენტიფიკაცია.
ტრანზაქციის მომზადება
საწყის ეტაპზე ხდება ტრანზაქციის მომზადება მომხმარებლის მიერ, რაც მოიცავს სტანდარტული ინფორმაციის მითითებას, როგორიცაა დანიშნულების
მისამართი, გაზის ლიმიტი და სხვა ნებისმიერი გასაგზავნი მონაცემი. გარდა ამისა, ის ხელს აწერს ტრანზაქციის ავტორიზაციას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ დელეგირების მისამართთან. აღნიშნული დელეგირების მისამართი შეიცავს სმარტ კონტრაქტის კოდს, რაც დროებით ზრდის შესაბამისი EOA-ს შესაძლებლობებს.
ავტორიზაცია
ამის შემდეგ მომხმარებელი ხელს აწერს ტრანზაქციას. ამ ხელმოწერას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან მისი მეშვეობით ხდება ტრანზაქციის ავთენტიფიკაცია და ის მოიცავს ავტორიზაციის სიას. ეს სია დეტალურად აღწერს დელეგირების მისამართსა და პირობებს, რომელთა საფუძველზე უნდა მოხდეს მისი კოდის აღსრულება. არსებითად, მისი მეშვეობით ხდება EOA-სთვის დროებით მინიჭებული სმარტ კონტრაქტის კოდის ვერიფიკაცია და ავტორიზაცია.
აღსრულება
როდესაც ტრანზაქცია იგზავნება Ethereum-ზე, ქსელი ამუშავებს მას და აღასრულებს დელეგირების მისამართის კოდს. ეს EOA-ებს ანიჭებს დამატებით შესაძლებლობებს, რომლებიც მითითებულია დელეგირების კოდში, რომელთა შორისაა ტრანზაქციების დაჯგუფება და გაზის დასპონსორება.
ტრანზაქციების დაჯგუფება: შესაძლებელია რამდენიმე ოპერაციის ერთი ტრანზაქციის ფარგლებში განხორციელება, რაც გამორიცხავს სხვადასხვა ოპერაციისთვის, მაგალითად „დადასტურებისთვის“ და „სვოპისთვის“ ცალკეული ტრანზაქციების განხორციელების საჭიროებას.
გაზის დასპონსორება: შესაძლებელი ხდება ტრანზაქციების საკომისიოების გადახდა სხვა ანგარიშების მეშვეობით, რაც სასარგებლოა ისეთი ანგარიშებისთვის, რომელთა ბალანსზე არ არის ETH.
ალტერნატიული ავთენტიფიკაცია: ავტორიზაცია შესაძლებელი ხდება სმარტფონებში ინტეგრირებული აპარატურული უსაფრთხოების მოდულების (HSM-ების) მეშვეობით, passkey-ს ან მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ხარჯვის კონტროლის შესაძლებლობები: შესაძლებელი ხდება კონკრეტული აპლიკაციიდან ან საფულიდან ტოკენების ხარჯვის მაქსიმალური ლიმიტების დაწესება, რაც აუმჯობესებს უსაფრთხოებას.
აღდგენის მექანიზმები: მომხმარებლებს ეძლევათ საკუთარი აქტივების დაცვის სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების შესაძლებლობა ახალ ანგარიშზე მიგრაციის საჭიროების გარეშე.
EIP-7702 მოიცავს რამდენიმე უსაფრთხოების შემოწმების ფუნქციას, რაც აუმჯობესებს ქსელის უსაფრთხოებას:
კონკრეტულ ბლოკჩეინზე მოქმედი დელეგირებები: დელეგირებები ვალიდურია მხოლოდ კონკრეტული chain ID-ის მქონე ბლოკჩეინზე, რაც უზრუნველყოფს სხვა ქსელებზე მათი გამოყენების პრევენციას.
Nonce-ზე მიბმული დელეგირებები: ავტორიზაციის პროცესი მიბმულია ანგარიშის მიმდინარე nonce რიცხვზე, რისი წყალობითაც ავტორიზაცია ძალას კარგავს, როდესაც nonce-ის მნიშვნელობა იზრდება.
გაუქმების შესაძლებლობა: EOA-ს მფლობელს შეუძლია შექმნას ახალი ავტორიზაცია და გააუქმოს ან ჩაანაცვლოს არსებული დელეგირების კოდი, რაც თავიდან აგვაცილებს მუდმივი დაბლოკვის საფრთხეს პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში.
EIP-7702 აუმჯობესებს EOA-ების ფუნქციონირებას და უსაფრთხოებას სმარტ კონტრაქტების შესაძლებლობების ინტეგრირებით და ამავდროულად შენარჩუნებულია მომხმარებლის კონტროლი და უსაფრთხოება. ეს შეთავაზება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს Ethereum-ის ქსელში ანგარიშების აბსტრაქციის ფართო გავრცელებისკენ, რამაც შესაძლოა შეცვალოს მომხმარებლების ანგარიშებთან ურთიერთობის და მათ მიერ აქტივების მართვის მეთოდი.