მთავარი დეტალები
BlackRock-ის iShares Bitcoin Trust (IBIT) გახლავთ სპოტ Bitcoin ETF, რომელიც ინვესტორებს Bitcoin-ის ფასის ცვლილებებით მოგების მიღების საშუალებას აძლევს, BTC-ის უშუალოდ ფლობის საჭიროების გარეშე.
ფონდში Bitcoin-ის განთავსება ცივი შენახვის მეთოდით, Coinbase Prime-ის მეშვეობით ხდება, ხოლო უშუალოდ ერთეულები წარმოდგენილია NASDAQ სავაჭრო ბირჟის სიაში.
IBIT გვთავაზობს მაღალ ლიკვიდურობას, გამოყენების სიმარტივეს და რეგულირდება შესაბამისი პროცედურებით. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ერთეულის ეფექტურობაზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს Bitcoin-ის ფასის მერყეობამ და მართვასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა.
2024 წლის ნოემბერში IBIT გახდა პირველი სპოტ Bitcoin ETF, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობდა სავაჭრო ბირჟის სიაში დამატებული ერთეულებით ვაჭრობის შესაძლებლობას, რის გამოც მან ფართო აღიარება მოიპოვა იმ ინვესტორებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ ჰეჯირებისა და ლევერიჯით ვაჭრობის სტრატეგიების შესაძლებლობების მოძიებასა და გამოყენებას.
რა არის Spot Bitcoin ETF?
საბირჟო საინვესტიციო ფონდი (ETF) გახლავთ ინვესტირების ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ხდება ინვესტორებისგან მიღებული თანხების გამოყენება პორტფოლიოს აქტივების, მაგალითად აქციების, ობლიგაციების, საქონლის ან ციფრული აქტივების ყიდვისა და შენახვის მიზნით. ETF-ებით ვაჭრობა ბირჟაზე მთელი დღის განმავლობაშია შესაძლებელი, რაც უზრუნველყოფს ლიკვიდურობის, გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მაღალ დონეს. მათი მეშვეობით ინვესტორებს შეუძლიათ სხვადასხვა ბაზარზე ფასებს შორის სხვაობით სარგებლის მიღება, უშუალოდ საბაზისო აქტივების ფლობის საჭიროების გარეშე.
Bitcoin სპოტ ETF-სა და თავად Bitcoin-ის კონცეფცია ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ტრადიციული აქტივების ფლობის ნაცვლად, აღნიშნული ერთეულები მიბმულია Bitcoin-ის ფასზე და ინვესტორებს ბაზარზე მიმდინარე პროცესებში რეგულირებული ფინანსური პლატფორმების მეშვეობით ჩართვის საშუალებას აძლევს.
ცნობილია Bitcoin ETF-ების ორი ტიპი:
სპოტ ETF-ები: უზრუნველყოფილია რეალური Bitcoin-ით მის ფასზე მიბმის მიზნით.
ფიუჩერსების ETF-ები: რეგულირებულ ბირჟებზე ვაჭრობისთვის გამოყენებული Bitcoin-ის ფასების კონტროლი, უშუალოდ Bitcoin-ის ფლობის საჭიროების გარეშე.
სპოტ Bitcoin ETF-ის თითოეული წილი პირდაპირაა მიბმული ფონდში არსებული Bitcoin-ის ფასთან, რომელიც ინახება აქტივების განმკარგავი ორგანიზაციის მიერ. თითოეული წილის ფასი Bitcoin-ის საბაზრო ღირებულების პირდაპირპროპორციულად იცვლება, რაც ინვესტორებს Bitcoin-ის ფასის ცვლილებით სარგებლის მათთვის კარგად ცნობილი და ეფექტური გზით მიღების საშუალებას აძლევს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სპოტ Bitcoin ETF-ების მარეგულირებელი პროცედურების შესაბამისად გამოშვების ნებართვა 2024 წლის იანვარში გაიცა, რაც უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენდა ციფრული აქტივების ტრადიციულ ფინანსებში ინტეგრირების პროცესების ფარგლებში. აღნიშნული ერთეულების პირდაპირი მიბმა Bitcoin-ის ფასთან და შესაბამისი მარეგულირებელი პროცესების გამოყენება გახლავთ ის მიზეზი, რატომაც საცალო და ორგანიზაციული დონის ინვესტორები, რომელთაც სურთ Bitcoin-ში ინვესტირების მარტივად და ყველა მითითების დაცვით განხორციელება, ხშირად ინტერესდებიან აღნიშნული ერთეულებით.
რა არის BlackRock?
BlackRock გახლავთ აქტივების განმკარგავი საერთაშორისო კომპანია, რომლის სათაო ოფისიც ნიუ-იორკში მდებარეობს, აღნიშნული კომპანია 1988 წელს დაარსდა და მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო პროდუქტების ფართო არჩევანს, რაც მოიცავს ETF-ებს, ურთიერთდახმარების ფონდებს და პორტფოლიოს მართვის ინსტრუმენტებს. კომპანია მუშაობს სხვადასხვა ბაზარზე მოქმედ ორგანიზაციული დონის და ინდივიდუალურ კლიენტებთან და მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიად საერთაშორისო საინვესტიციო ინდუსტრიაში.
BlackRock-ის iShares Bitcoin Trust
iShares Bitcoin Trust (IBIT) არის BlackRock-ის მიერ გამოშვებული სპოტ Bitcoin ETF. 2024 წლის 11 იანვარს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) გასცა IBIT-ის გაშვების ნებართვა, რის შემდეგაც, საკმაოდ მოკლე დროში დაიწყო აღნიშნული ერთეულით ვაჭრობა NASDAQ-ზე, რომელიც წარმოადგენს აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს საფონდო ბირჟას. აღნიშნული მოვლენების ერთიანობამ ინვესტორებს მიანიჭა შესაძლებლობა, მიეღოთ სარგებელი Bitcoin-ის ფასების ცვლილებით, აქციების სტანდარტული საბროკერო ანგარიშების მეშვეობით ყიდვისა და გაყიდვის გზით.
BlackRock-მა SEC-ში განაცხადი 2023 წლის 13 ივნისს შეიტანა, თუმცა ნებართვის გაცემა მხოლოდ 7 თვის შემდეგ მოხდა. SEC-ის აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას როგორც კრიპტო, ისე ტრადიციული ფინანსების სფეროსთვის. ამავე დღეს, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, მოხდა 11 სპოტ Bitcoin ETF-ის გაშვებაც.
IBIT-ის გამოშვების შემდეგ ყოველდღიურად იზრდებოდა მისი პოპულარობის და ინვესტორების მხრიდან დაინტერესების დონე. ფონდში არსებული აქტივების ჯამურმა ღირებულებამ, ვაჭრობის პირველი კვირის ფარგლებში, 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და IBIT გახდა ყველაზე მსხვილი Bitcoin ETF მსოფლიოში. 2026 წლის აპრილის მონაცემებით IBIT-ის წილი წარმოადგენს დაახლოებით 789 000 BTC-ს, რაც Bitcoin-ის მთლიანი მარაგის 3.8%-ია.
როგორ მუშაობს IBIT
სტრუქტურა და მართვის პრინციპი
IBIT Bitcoin-ის ფასთან მაქსიმალური მიახლოების შენარჩუნების მიზნით შექმნისა და გატანის სისტემას იყენებს. ინვესტორების მიერ IBIT-ის შესაბამისი წილის შეძენის პარალელურად, ხდება ახალი წილის გამოშვება, ხოლო მოგება Bitcoin-ის დამატებითი ოდენობის შესაძენად გამოიყენება.
ინვესტორების მიერ აღნიშნული ერთეულების გაყიდვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს ფონდში არსებული Bitcoin-ების ნაწილის გაყიდვა ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით. ეს პროცესი ხელს უწყობს ETF-ის საბაზრო ღირებულების საბაზისო Bitcoin-ზე მიბმის შენარჩუნებას. ოპერაციული და ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვის მიზნით ფონდი აწესებს მართვის საკომისიოს, რომელიც სრული თანხის 0.25%-ს შეადგენს.
განკარგვა და უსაფრთხოება
BlackRock ფონდის Bitcoin-ების შენახვის მიზნით თანამშრომლობს Coinbase Custody Trust Company-სთან, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Coinbase Prime. აქტივების შენახვა ცივი მეთოდით ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სრულად ოფლაინ სივრცეში ინახება, ჰაკერული თავდასხმისა და არაავტორიზებული წვდომის რისკების მინიმუმამდე შემცირების მიზნით.
IBIT-ის Bitcoin ინახება Coinbase-ის ჰოლდინგებისგან განცალკევებულ საფულეში, რაც უზრუნველყოფს მფლობელობის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას. თითოეული საფულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება multi-signature ავტორიზაციის მეთოდით, რაც გულისხმობს რამდენიმე დადასტურების საჭიროებას ნებისმიერი გადარიცხვის განხორციელებისთვის. გარდა ამისა, ტარდება კიბერუსაფრთხოების სტანდარტული აუდიტები ფონდის აქტივების ერთიანობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
IBIT აქციების მფლობელ ინვესტორებს არ მოეთხოვებათ Bitcoin-ის პირადი გასაღებების მართვა ან პირდაპირ შენახვა, რადგან ETF-ის განმკარგავი ორგანიზაცია თავად აკონტროლებს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და აღდგენის პროცედურებს.
საორიენტაციო ფასები
Bitcoin-ის ღირებულებასთან ზუსტი მიბმის შენარჩუნების მიზნით, IBIT იყენებს CME CF Bitcoin-ის საორიენტაციო ფასს (BRR). აღნიშნული გახლავთ Bitcoin-ის რამდენიმე მსხვილ ბირჟაზე დაფიქსირებული ფასების საშუალო მაჩვენებელი. ამ მონაცემის მეშვეობით ხდება ცალკეულ ბირჟაზე მიმდინარე ფასების დროებითი მერყეობის ან ცვალებადობის ETF-ის საერთო ღირებულებაზე ზემოქმედების თავიდან არიდება.
ძირითადი მახასიათებლები
ხელმისაწვდომობა: IBIT ტრადიციული საბროკერო ანგარიშების მფლობელ ინვესტორებს Bitcoin-ის ფასის ცვლილებით სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს, საფულეების და კრიპტოვალუტების უშუალოდ ფლობის საჭიროების გარეშე.
ლიკვიდურობა: IBIT, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სავაჭრო Bitcoin ETF გვთავაზობს მაღალ ლიკვიდურობას და შეკვეთების საუკეთესო ფასებით აღსრულების შესაძლებლობებს.
რეგულირებული ინფრასტრუქტურა: IBIT, რომელსაც მართავს BlackRock და რომელიც რეგულირდება SEC პროცედურების შესაბამისად, მუშაობს მაქსიმალური გამჭვირვალობითა და მოქმედ მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობით. აღნიშნული ერთეულების განმკარგავ ორგანიზაციას კი Coinbase წარმოადგენს.
განკარგვა და უსაფრთხოება: Bitcoin-ზე მიბმული თითოეული IBIT ინახება ოფლაინ რეჟიმში, Coinbase Custody-ის მიერ, ცივი შენახვის მეთოდით. აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ცალკეული საფულეების, multi-signature ავტორიზაციის მეთოდის და რეგულარული ინტერვალებით განხორციელებული უსაფრთხოების აუდიტების მეშვეობით ხდება.
IBIT ოფციონები
2024 წლის 19 ნოემბერს IBIT გახდა პირველი სპოტ Bitcoin ETF, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობდა სავაჭრო ბირჟის სიაში გამოქვეყნებული ოფციონებით ვაჭრობის შესაძლებლობას Nasdaq-ზე. IBIT-ის ოფციონების მეშვეობით ინვესტორებს შეუძლიათ იყიდონ ან გაყიდონ აქციები წინასწარ განსაზღვრულ ფასად, კონკრეტულ თარიღში, რაც ჰეჯირების სტრატეგიების და ლევერიჯით ვაჭრობის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს, Bitcoin-ის უშუალოდ ფლობის საჭიროების გარეშე.
გამოშვების დღეს განხორციელდა ვაჭრობა IBIT ოფციონების 353 716 კონტრაქტით, რომელთა ნომინალური ღირებულება 445 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებდა. აღნიშნულმა განაპირობა ის, რომ IBIT მოხვდა ტოპ ოფციონების პროდუქტების 1%-ს და 5 ყველაზე აქტიურ ETF-ს შორის. თანდათანობით გაიზარდა IBIT-ის მიმართ ორგანიზაციული დონის ინვესტორების დაინტერესების დონეც, რომელთაც ახლა უკვე შეეძლოთ ოფციონების გამოყენება პორტფოლიოებთან დაკავშირებული რისკების მართვის, Bitcoin-ის ფასების პროგნოზირების და შესაბამისი სტრატეგიების მეშვეობით შემოსავლის მიღების მიზნით.
IB1T-ის მეშვეობით უზრუნველყოფილი საერთაშორისო წვდომის შესაძლებლობები
ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით მიღწეული წარმატების შემდეგ, უფრო და უფრო გაიზარდა საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება რეგულირებული კრიპტო აქტივების მიმართ და BlackRock-მაც, შესაბამისად დაიწყო ზრუნვა Bitcoin შეთავაზებების საერთაშორისო ბაზრებზე გავრცელებაზე. 2025 წლის მარტში მოხდა iShares Bitcoin ETP-ის (IB1T) წარდგენა ევროპაში, 2025 წლის ოქტომბერში კი განხორციელდა ლისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE).
ETP უზრუნველყოფილია რეალური Bitcoin-ით და დენომინირებულია აშშ დოლარში, რაც ევროპასა და დიდ ბრიტანეთში არსებულ, სტანდარტული საბროკერო ანგარიშების მქონე ინვესტორებს Bitcoin-ის ფასის ცვლილებით სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს, რეგულირებული პროცედურების ფარგლებში. აღნიშნული უზრუნველყოფს Bitcoin-ზე წვდომის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს როგორც საცალო, ისე ორგანიზაციული დონის ინვესტორებისთვის და უფრო მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთთან ტრადიციული ფინანსებისა და ციფრული აქტივების ეკოსისტემას.
რისკები და გასათვალისწინებელი დეტალები
მიუხედავად იმისა, რომ IBIT მიჩნეულია Bitcoin-ის ფასის ცვლილებით სარგებლის მიღების ალტერნატიულ, რეგულირებულ საშუალებად, აუცილებელია აღნიშნულ ერთეულთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებაც:
ბაზრის მერყეობა: Bitcoin გამოირჩევა მაღალი მერყეობით, შესაბამისად, ETF ინვესტორებს ხშირად უწევთ ფასის ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავება.
მარეგულირებელი პროცესების ცვლილებები: კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან ფინანსური რეგულაციების ცვლილებამ შესაძლოა მოახდინოს ზეგავლენა Bitcoin ETF-ების მუშაობასა და საგადასახადო სისტემაზე.
განკარგვასთან და შემხვედრ მხარეებთან დაკავშირებული რისკები: Bitcoin-ზე მიბმული თითოეული IBIT ინახება Coinbase Custody-ს მიერ. მიუხედავად მარეგულირებელი და უსაფრთხოების მოქმედი პროცედურების არსებობისა, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ არც ერთი სისტემა არ არის სრულად დაცული მოსალოდნელი რისკებისგან.
გადასახადები: IBIT-ის გაყიდვით მიღებულ მოგებასთან დაკავშირებით შესაძლოა დაწესდეს გარკვეული გადასახადები, როგორც ეს Bitcoin-ის პირდაპირი ფლობის შემთხვევაში ხდება. გადასახადებისადმი ზუსტი მიდგომა განისაზღვრება თითოეულ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების და შესაბამისი იურისდიქციის მიხედვით.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა არის BlackRock-ის IBIT ETF?
BlackRock-ის iShares Bitcoin Trust (IBIT) გახლავთ Nasdaq-ის სიაში გამოქვეყნებული სპოტ Bitcoin ETF, რომელიც სტანდარტული საბროკერო ანგარიშების მქონე ინვესტორებს აძლევს საშუალებას, მიიღონ მოგება Bitcoin-ის ფასების ცვლილებებით. Bitcoin-ის შენახვა ხდება Coinbase Custody-ს მეშვეობით, ცივი შენახვის მეთოდით. მართვის ყოველწლიური გადასახადი შეადგენს სრული თანხის 0.25%-ს. დღესდღეობით IBIT წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ Bitcoin ETF-ს მართული აქტივების თვალსაზრისით.
რით განსხვავდება IBIT-ის ფლობა უშუალოდ Bitcoin-ის ფლობისგან?
IBIT აქციების ფლობა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სარგებელი Bitcoin-ის ფასის ცვლილებით რეგულირებული ფონდის მეშვეობით, კრიპტო საფულის, პირადი გასაღებებისა და განკარგვის მოდელის უშუალოდ ფლობის საჭიროების გარეშე. Bitcoin-ის პირდაპირი ფლობის შემთხვევაში თქვენ მოიპოვებთ BTC-ის პირდაპირი მართვის შესაძლებლობებს, თუმცა, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება, რომ თავად წარმართოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შენახვის პროცედურები. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ IBIT-ის შემთხვევაში საჭიროა მართვის საკომისიოს გადახდა, რის საჭიროებაც, პირდაპირი ფლობის შემთხვევაში არ არსებობს.
რა არის და ვისთვისაა შექმნილი IBIT ოფციონები?
IBIT ოფციონები წარმოადგენს სავაჭრო ბირჟის სიაში დამატებულ კონტრაქტებს, რომლებიც მფლობელს ანიჭებს უფლებას, თუმცა არა ვალდებულებას, იყიდოს ან გაყიდოს IBT აქციები წინასწარ განსაზღვრულ ფასად, განსაზღვრულ დროს. IBIT-ის გაშვება Nasdaq-ზე მოხდა 2024 წლის 19 ნოემბერს და ამის შემდეგ IBIT იქცა პირველ სპოტ Bitcoin ETF-ად სავაჭრო ბირჟაზე არსებულ სიაში დამატებული ოფციონებით. აღნიშნული ერთეულები ძირითადად ორგანიზაციული დონის ინვესტორების მიერ გამოიყენება, ჰეჯირების, რისკების მართვის და ვაჭრობის მაღალი დონის სტრატეგიების შემუშავების მიზნით.
არის თუ არა IBIT ხელმისაწვდომი ამერიკის შეერთებული შტატების გარდა სხვა ქვეყნებში?
IBIT დამატებულია Nasdaq-ის სიაში და ძირითადად ხელმისაწვდომია აშშ-ში მყოფი, საბროკერო ანგარიშების მქონე ინვესტორებისთვის. ევროპის ქვეყნებში და დიდ ბრიტანეთში მყოფი ინვესტორებისთვის BlackRock-მა სპეციალურად გამოუშვა iShares Bitcoin ETP (IB1T), ცალკეული, თუმცა მოთხოვნებთან შესაბამისი პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფილია რეალური Bitcoin-ით და დამატებულია ევროპის, მათ შორის ლონდონის სავაჭრო ბირჟის სიაში 2025 წლის ოქტომბრიდან.
შეჯამება
BlackRock-ის iShares Bitcoin Trust (IBIT) ერთმანეთთან აკავშირებს ტრადიციული ფინანსებისა და ციფრული აქტივების სივრცეებს. ETF საშუალებას აძლევს ინვესტორებს მიიღონ სარგებელი Bitcoin-ის ფასის ცვლილებებით, ტრადიციული საბროკერო ანგარიშების მეშვეობით, პირადი გასაღებებისა და ციფრული საფულეების მართვის საჭიროების გარეშე.
მუხედავად იმისა, რომ IBIT და მსგავსი პროდუქტები უზრუნველყოფს Bitcoin-ში ინვესტირების შედარებით ეფექტურ შესაძლებლობებს, აღნიშნულ ერთეულებთან ასოცირებულია ისეთი რისკები, როგორიცაა Bitcoin-ის ფასის მერყეობა და ბაზრის პირობების ცვალებადობა. ნებისმიერი თანხის ინვესტირებამდე, მნიშვნელოვანია მოიძიოთ საჭირო ინფორმაცია სპოტ Bitcoin ETF-ების მუშაობის პრინციპთან და გადასახადებთან დაკავშირებით, რათა უკეთ განსაზღვროთ რამდენად შეესაბამება აღნიშული ერთეული თქვენს საინვესტიციო სტრატეგიასა და მიზნებს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე სრულად და ერთპიროვნულად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. Binance Academy არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ის პირობებს.